Facebook Twitter

29 მაისი 2023 წელი

საქმე №ას-1269-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ჯ.

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.ჯ–მ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ჯ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 13 300 ლარის გადახდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-მა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-მა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 665 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელ ვ.ჩ–ს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 153-155) ორჯერ გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მაგრამ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ კასატორის წარმომადგენელი არცერთ ჯერზე მისამართზე არ იმყოფებოდა და მასთან ტელეფონით დაკავშირებაც ვერ მოხერხდა. (იხ. უკუგზავნილები ტ.1, ს.ფ. 284; 287)

10. აღნიშნულის შემდეგ, განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორი კომპანიის მისამართზე, მაგრამ საფოსტო უკუგზავნილის თანახმად კასატორი კომპანიის მოძიება ვერ მოხერხდა (იხ. სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტი ტ.1, ს.ფ. 290).

11. 2023 წლის 10 მაისს სასამართლო მოხელე დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ ვ.ჩ–ს, რომელსაც ეცნობა საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესახებ. ვ.ჩ–მა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აღარ წარმოადგენს შპს „ჰ.თ.კ“-ს და მისთვის არ არის ცნობილი კასატორის სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, გარდა საკასაციო საჩივარში მითითებულისა. ვ.ჩ–ს დამატებით განემარტა, რომ შ.პ.ს. „ჰ.თ.კ“-ს კიდევ ერთხელ გაეგზავნებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუ აღნიშნული არ ჩაბარდებოდა ადრესატს ან/და განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კასატორი არ შეავსებდა ხარვეზს, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი ტ.1, ს.ფ. 293).

12. 2023 წლის 10 მაისს კასატორს განმეორებით გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება. აღნიშნული დოკუმენტის კასატორისათვის ჩაბარება კვლავ ვერ მოხერხდა და 2023 წლის 11 მაისს შედგენილი საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, მითითებულ მისამართზე კასატორი კომპანიის მოძიება ვერ მოხერხდა (იხ. სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტი ტ.1, ს.ფ. 295).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კასატორს მიეცა 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

15. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათ დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩითვლება.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

19. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. „ჰ.თ.კ“-ის საკასაციო საჩივარს ხელს აწერს შ.პ.ს. „ჰ.თ.კ“-ის წარმომადგენელი ვ. ჩ–ი (რწმუნებულება #221103143. 26.08.2022, გაცემულია განუსაზღვრელი ვადით, ს.ფ. 266-267) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ორჯერ გაეგზავნა ვ.ჩ–ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მაგრამ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ კასატორის წარმომადგენელი არცერთ ჯერზე მისამართზე არ იმყოფებოდა და მასთან ტელეფონით დაკავშირებაც ვერ მოხერხდა. (იხ. უკუგზავნილები ტ.1, ს.ფ. 284; 287)

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ასევე ორჯერ გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორი კომპანიის მისამართზე, მაგრამ საფოსტო უკუგზავნილის თანახმად კასატორი კომპანიის მოძიება ვერ მოხერხდა (იხ. სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტი ტ.1, ს.ფ. 290, 295).

21. 2023 წლის 10 მაისს სასამართლო მოხელე დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ ვ.ჩ–ს, რომელსაც ეცნობა საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესახებ. ვ.ჩ–მა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აღარ წარმოადგენს შპს „ჰ.თ.კ“-ს და მისთვის არ არის ცნობილი კასატორის სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, გარდა საკასაციო საჩივარში მითითებულისა. ვ.ჩ–ს დამატებით განემარტა, რომ შ.პ.ს. „ჰ.თ.კ“-ს კიდევ ერთხელ გაეგზავნებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუ აღნიშნული არ ჩაბარდებოდა ადრესატს ან/და განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კასატორი არ შეავსებდა ხარვეზს, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი ტ.1, ს.ფ. 293).

22. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლზე, რომელიც ავალდებულებს ადვოკატს, საადვოკატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აცნობოს როგორც სასამართლოს, ასევე _ მხარეს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, მისთვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევას განაპირობებს (სუსგ №ას-803-803-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ არის კასატორის წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

23. მიუხედავად აღნიშნულისა, დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე უშუალოდ კასატორს ორჯერ გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, მაგრამ კასატორი მოძიებული ვერ იქნა. ვინაიდან, ბოლო აქტი, კასატორის მოუძიებლობის შესახებ, კურიერის მიერ შედგენილია 2023 წლის 11 მაისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სასამართლო გზავნილს მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს 2023 წლის 11 მაისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 12 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 22 მაისს (ვადის უკანასკნელი დღე - 21 მაისი დაემთხვა უქმე დღეს) ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ჰ.თ.კ.“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი