Facebook Twitter

საქმე №ას-417-2022 29 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შ.ი–ო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.ი–ომ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ა–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 13 000 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 3 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სარჩელი დარჩენილ, 10000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

აპელანტის მოთხოვნა:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა სამოქალაქო საქმისწარმოება საქმეზე №2ბ/6210-20, მოსარჩელის მიერ აღძრულ სხვა (საქმე №2/27146-21) სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე საქმისწარმოება უნდა შეჩერებულიყო, რადგან სააპელაციო პალატა იხილავდა სარჩელს თანხის დაკისრების ნაწილში, რომელიც გამომდინარეობდა 2019 წლის 25 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ამასთან, როგორც შუამდგომლობიდან და თანდართული მასალებიდან ირკვეოდა, მოსარჩელემ 2021 წლის 19 ოქტომბერს ახალი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებად მიუთითა წინამდებარე საქმის მოპასუხე, ასევე, კ.კ–ო და მოითხოვა 2019 წლის 25 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის (იმავე ხელშეკრულების), როგორც მოტყუებით დადებული ხელშეკრულების, ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება. ახალი სარჩელის პირობებში მოსარჩელე უთითებს, რომ 2021 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით, შესაბამისად, ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს.

7. პალატამ განმარტა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ახალი სარჩელით მოსარჩელე თავად ხელშეკრულების ნამდვილობაზე დავობდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ერთმნიშვნელოვნად შეეძლო, ზეგავლენა მოეხდინა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის გადაწყვეტაზე, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღარ იარსებებდა 2019 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულება, როგორც ბათილი ხელშეკრულება. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს გამოეცლებოდა დავის საგანი და საქმის შემდგომი განხილვა შეუძლებელი გახდებოდა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

9. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, უდავოა, რომ ზემოაღნიშნული ორი დავის საფუძვლები სრულიად განსხვავებულია. ერთ შემთხვევაში, მხარე მიუთითებს, რომ 2019 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულება ბათილია, მეორე შემთხვევაში კი - მის ნამდვილობაზე მიუთითებს და ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების დამტკიცებას ცდილობს. შესაბამისად, წინამდებარე საქმეს და ახლად აღძრულ სარჩელს გადაკვეთის წერტილი არ აქვთ. საქმის შეჩერებით მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა, კვლავ ცადოს პირველი ინსტანციის სასამართლოში ბედი და წარუმატებლობის შემთხვევაში, დაუბრუნდეს მიმდინარე საქმეს სააპელაციო სასამართლოში, რაც აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს.

10. ამასთან, ცხადია, არ არსებობდა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი, რადგან საქმეებს შორის კავშირი არ არსებობს და ორივე მათგანის განხილვა შესაძლებელი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ნორმის მითითება საქმის განხილვის შეუძლებლობაზე გულისხმობს იმგვარ ობიექტურ შეუძლებლობას, რომ სხვა გადაწყვეტილების მიღების გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს, ხოლო მომავალში შესაძლოა, აღარ არსებობდეს დავის საგანი, ცხადია, არ შეიძლება გახდეს საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებია საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმისწარმოების შეჩერების კანონიერება. სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ნორმის დანაწესიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან გამომდინარე, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ - №ას-624-591-2015, 22.07.2015წ.).

13. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნებზე გაამახვილოს ყურადღება, რათა დადგინდეს, რამდენად მჭიდრო კავშირი არსებობს ამ ორ საქმეს შორის და შეჩერების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად, შეუძლებელია თუ არა წინამდებარე საქმის განხილვა.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 2019 წლის 25 თებერვალს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ.ა–ძემ (შემდგომ ასევე პირველი გამყიდველი) და კ.კ–ომ მოსარჩელეს (შემდგომ - მეორე გამყიდველი) შპს „ო.ე.კ–ის“ წილები მიჰყიდეს; პირველი გამყიდველი მყიდველს გადასცემდა 10% წილს 26 600 ლარის სანაცვლოდ, ხოლო მეორე გამყიდველი 5% წილს 13 300 ლარის სანაცვლოდ. ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის 15% წილი აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. განსახილველი და უკვე შეჩერებული საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნაა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ხოლო მოგვიანებით (ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდგომ) წარდგენილი სარჩელის მოთხოვნაა - იმავე ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. მოსარჩელე პირველ სარჩელში, რომელიც აღძრულია მხოლოდ პირველი გამყიდველის წინააღმდეგ, მიუთითებს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 13000 აშშ დოლარის გადახდა, რადგან მოსარჩელემ თანხა სრულად პირველ გამყიდველს გადასცა, კერძოდ, მოპასუხეს პირად ანგარიშზე გადაურიცხა 12500 აშშ დოლარი, ხოლო 2500 აშშ დოლარი გადასცა ხელზე. ეს თანხა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე უნდა შესულიყო კომპანიის კაპიტალში, რათა გახსნილიყო კაფე-რესტორანი. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ვერ მოხერხდა კაფე-რესტორნის გახსნა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ თანხის უკან დაბრუნება. მოპასუხემ მას დაუბრუნა მხოლოდ 2 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, ამ უკანასკნელს უნდა დაჰკისრებოდა 13 000 აშშ დოლარი (15000-2000=13000). მოსარჩელემ მეორე სარჩელში, მართალია, მოპასუხედ პირველ გამყიდველთან ერთად მეორე გამყიდველიც დაასახელა, თუმცა მოითხოვა იმავე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე მოპასუხისათვის (პირველი გამყიდველისათვის) ჩარიცხული (12500 აშშ დოლარი) და ხელზე გადაცემული (2 500 აშშ დლარი) ნასყიდობის საფასურის 15 000 აშშ დოლარის სრულად დაკისრება (სასარჩელო მოთხოვნა: „მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნონ 15 000 აშშ დოლარი, რომელიც გადაეცა პირველ გამყიდველს“ - ს.ფ. 249) მოსარჩელის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოტყუებით და ბათილია.

15. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს, რომ, უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განმარტების თანახმად, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. სააპელაციო სასამართლომაც მითითებული განმარტებით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ექნებოდა მის მიერ შეჩერებული საქმის მიმართ, რაც არასწორი დასკვნაა.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები სხვა დავის მიმდინარეობისას ვერც მხარეებმა ვერ გახადონ სადავოდ და არც სასამართლომ არ დაადგინოს ხელმეორედ, არსებობს სსსკ-ის 266-ე მუხლით დადგენილი წინაპირობა - გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იყოს იმავე მხარეებს შორის, რამდენადაც გადაწყვეტილებას არა აქვს ფართო ფარგლები და იგი ვრცელდება მხოლოდ საქმეში მონაწილე პირებსა და მათ უფლებამონაცვლეებზე. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ - №ას-508-475-2017, 12.09.2017წ.) განმარტა, გადაწყვეტილების მატერიალურ კანონიერ ძალას აქვს კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები). წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ (შდრ სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015 წ.; №ას-58-56-2016, 26.02.2016წ.). განსახილველ დავაში არ მონაწილეობენ იგივე მხარეები, კერძოდ, არ მონაწილეობს მეორე დავაში მოპასუხედ დასახელებული მეორე გამყიდველი, რის გამოც ამ უკანასკნელ დავაზე გამოტანილ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები განსახილველი საქმისათვის პრეიუდიციული ვერ იქნება. გადაწყვეტილება შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. შესაბამისად, ამ კუთხით სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვა სხვა საქმის განხილვამდე შეუძლებელი არ არის. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა ისიც, რომ „სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერება დაკავშირებულია მითითებულ საქმეზე გამოსაკვლევი იდენტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან“ (იხ. სუსგ №ას-1062-1002-2015, 27.04.16 წ.). ამ კუთხითაც პალატა მიუთითებს, რომ მითითებულ ორ დავაზე საკვლევი ფაქტობრივი გარემოებები იდენტური არ არის.

17. თუმცა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესუალური თვალსაზრისით ერთ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მეორე დავის მიმართ პრეიუდიციული ვერ იქნება, პალატა მიიჩნევს, რომ მატერიალურსამართლებრივად მოსარჩელის ორივე სასარჩელო მოთხოვნა (იხ. პუნქტი 16) ერთ მიზანზეა მიმართული, მიკუთვნებითი მოთხოვნა ორივე შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის უკან დაბრუნებაა. ამასთან, ერთი მიზნის დაკმაყოფილება მეორის განხორციელებით დასახული შედეგის მიღებას გამორიცხავს. ერთი და იმავე მოთხოვნის რამდენჯერმე განხორცილება კი, დაუშვებელია. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მეორად მოთხოვნას - ხელშეკრულებიდან გასვლასა და მოტყუების გამო შეცილების უფლების შედეგად წარმოშობილ მოთხოვნას შორის არსებობს „, რომლის დროსაც მყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი სურვილით აირჩიოს მისთვის უფრო ხელსაყრელი მოთხოვნა (შდრ. იხ. ჩაჩავა ს., „მოთხოვნების და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია“, თბილისი, 2011, 36-37). რაკი ხელშეკრულების ბათილად მიჩნევა გამორიცხავს ხელშეკრულების ნამდვილობას და მოსარჩელისათვის გასვლის უფლების მინიჭებას, მოსარჩელეს შეეძლო, მათი თანმიმდევრობით განხორცილება, თავისი ინტერესების შესაბამისი ლოგიკური რიგითობით, კერძოდ, თავდაპირველად მოეთხოვა ხელშეკრულების ბათილობა, ხოლო სასამართლოს მიერ მისი დაუკამყოფილებლობისა და ხელშეკრულების ნამდვილად მიჩნევის შემთხვევაში, ექნებოდა შესაძლებლობა, წარედგინა ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეების მიერ დავის საგნის განსაზღვრა დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვერ შეცვლის სარჩელის საგანსა და საფუძველს. მათ განსაზღვრავს მხოლოდ მოსარჩელე, რომელიც თავად წყვეტს, თუ რომელ გარემოებებსა და ფაქტებს წარადგენს სასამართლოში. მოსარჩელემ დისპოზიციურობისა (სსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის ფარგლებში (სსსკ-ის მე-4 მუხლი) აირჩია მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთი წინაპირობა მხარეთა შორის ნამდვილი ხელშეკრულების არსებობაა (შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017; 1 დეკემბერი, 2017. პ.34). შესაბამისად, რაკი მოსარჩელემ თავად მიიჩნია ხელშეკრულება ნამდვილად, მისი მოთხოვნა საქმისწარმოების შეჩერების შესახებ იმ მოტივით რომ ჯერ ხელშეკრულების ბათილობის საკითხი გადაწყდეს (იმ პირობებში, როდესაც ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ და გასაჩივრებულია მხარეთა მიერ), დაუსაბუთებელია. ამდენად, მართალია, ერთი და იმავე მიზანზე მიმართული რამდენიმე მოთხოვნის პარალელურად განხორციელება დაუშვებელია, თუმცა აღნიშნული საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი მაინც ვერ გახდება, რამდენადაც პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად ალტერნატიული მოთხოვნებიდან თავად მოსარჩელემ აირჩია წარედგინა მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების შეჩერებისას, მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას №2/27146-21 სამოქალაქო საქმეზე განხილვის დასრულებამდე. შესაბამისად, საკასაციო პალატა აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას და, სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საქმეს უბრუნებს იმავე სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერების შეასახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად. ზემოხსენებულ მსჯელობათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ, უნდა განიხილოს მოსარჩელის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ა–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერების შეასახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე