საქმე №ას-268-2023 19 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.ფ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ს.კ. „ა–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.ფ–ამ“ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ს.კ.„ა–ას“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების - 10 120 ლარისა და 2018 წლის 26 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 2.024 ლარის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 799.1, 820-ე, 417-ე-418-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ არ დასტურდება, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი საპირისპირო ზოლში გადავიდა დაღვრილი ნავთობის ფრაქციაზე ავტომობილის მოცურების გამო, რისი თავიდან აცილებაც მას არ შეეძლო.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაკი დამზღვევმა ვერც ავტომანქანის მოცურების ფაქტი ვერ დაამტკიცა და ვერც ის, რომ საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში გადასვლა გამოიწვია მესამე პირის სიცოცხლის და/ან ქონების გადარჩენის აუცილებლობამ, აღნიშნული შემთხვევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ საგამონაკლისო პირობას წარმოადგენს, რომელიც, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ეს გარემოება კი, ათავისუფლებს მზღვეველს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისგან, რადგან სსკ-ის 799.1 მუხლის მიხედვით, მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობა გამორიცხავს მზღვევლის პასუხისმგებლობასა და, შესაბამისად, დამზღვევის სარჩელის დაკმაყოფილებას.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. კასატორის მითითებით, ცალსახად იკვეთება მხარეთა შეთანხმებული ნება, ანაზღაურებას დაექვემდებაროს ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მძღოლის ბრალეული ქმედება. შემსყიდველი ორგანიზაციის მძღოლის ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანის დაზღვევა, გარდა განზრახი ქმედებისა, იმთავითვე მოიაზრებოდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში, როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული სადაზღვევო რისკი, რისი გათვალისწინებითაც, სადაზღვევო კომპანიის უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, უკანონოა.
8. კასატორის მითითებით, სასამართლოს ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მძღოლს არ გადაუჭარბებია სიჩქარისათვოს, რაც კიდევ ერთი ფაქტორია იმის დასადასტურებლად, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოცურდა გზაზე არსებული ნავთობის ფრაქციის გამო. ნავთობის არსებობის დამადასტურებელი ფოტომასალა ერთვის თავად სადაზღვევო კომპანიის მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნას, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციაც, რომლითაც დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გზის სავალი ნაწილი ნამდვილად მორეცხეს. ამასთან, მოცურების შესახებ უთითებდა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე მძღოლი, შესაბამისად, მოსარჩელე კომპანიის მძღოლი კი არ გადავიდა საწინააღმდეგო ზოლში, არამედ მოცურდა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ. მოცურება კი გამოიწვია გზაზე არსებულმა ნავთობის ფრაქციამ.
9. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზა დაგვიანებით ჩაატარდა, დაახლოებით 3 თვის შემდეგ. ექსპერტმა მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით დაადგინა, რომ თითქოსდა ნავთობის ფრაქციის არსებობას შესაძლოა გავლენა არ მოეხდინა ავტოსაგზაო შემთხვევაზე. სადაზღვევო კომპანიის უარი ეყრდნობა მხოლოდ მათი სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არაკვალიფიციური, ტენდენციური და დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა დამზღვევს უარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
15. მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლებიდან, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მუხლი.
16. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას კასატორი იმ გარემოებაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი საპირისპირო სამოძრაო ზოლში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადავიდა გზაზე დაღვრილი ნავთობის ფრაქციაზე ავტომობილის მოცურების გამო, რისი თავიდან აცილებაც მას არ შეეძლო. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობას უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის შემთხვევაშიც ითვალისწინებდა, შესაბამისად, მზღვევლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა.
17. საკასაციო პალატის მითითებით, ხელშეკრულება მოიცავს მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელ იმ დებულებებს, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი, სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლიც (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი), რომლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ უკანასკნელთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები, კერძოდ, ხელშეკრულების №3 დანართით - სადაზღვევო რისკს მიეკუთვნება და ანაზღაურებას ექვემდებარება ზიანი, რომელიც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით (არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვისი მიზეზით). ამასთან, ხელშეკრულება მოიცავს იმ სტანდარტული გამონაკლისების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხება, კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.3.23 პუნქტისა და ამავე ხელშეკრულების №4 დანართის 22-ე პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევა არ არის და სტანდარტულ გამონაკლისად მიიჩნევა შემთხვევა, როცა დაზღვეული ავტომობილის მძღოლი საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდება, გარდა იმისა, როდესაც ეს გამოწვეულია მესამე პირის სიცოცხლის და/ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით. ამრიგად, ნათელია, რომ მხარეებმა, სახელშეკრულებო პირობით, გამორიცხეს მზღვევლის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევისას, როდესაც მძღოლი საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდება (გარდა იმ გამონაკლისისა როდესაც აღნიშნული ხორციელდება მესამე პირის სიცოცხლის და/ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით), რისი გათვალისწინებითაც, თუ ზემოაღნიშნული შემთხვევა გამოვლინდება, აღნიშნული მოექცევა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო წესებში, რაც მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას, ზიანის ანაზღაურებაზე განაცხადოს უარი, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ ნებისმიერ, მათ შორის, მძღოლის ბრალეული ქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს და გაზიარებული ვერ იქნება.
19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. სადავოა, აღნიშნული გამოწვეული იყო თუ არა დაღვრილი ნავთობის ფრაქციაზე ავტომობილის მოცურების გამო.
20. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის დაუსაბუთებელ პრეტენზიას გზაზე ნავთობის ფრაქციისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაადგინა, რომ არ დგინდება არც გზაზე ნავთობის ფრაქციის არსებობის ფაქტი და არც ის, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოცურდა, კერძოდ, მოსარჩელე სადავო გარემოებას ადასტურებს 2018 წლის 29 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით (რომლის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ანუ ავტომობილის მოცურება გამოიწვია სავალ ნაწილზე დაღვრილმა ნავთობის ფრაქციამ, მაშინ ავტომობილ ,,შკოდა ფაბიას“ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება), თუმცა ნიშანდობლივია, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გარემოება, რომლის თანახმად, „რაც შეეხება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილ „შკოდა ფაბიას“ მოცურებას, აღნიშნული ტექნიკურად შესაძლოა, გამოეწვია საავტომობილო გზაზე დაღვრილ ნავთობის პრაქციას, თუმცა, მოცემულ სქემაზე და საავტომობილო გზის ფოტოსურათზე ნავთობის ფრაქციის არსებობა დაფიქსირებული არ არის“. ამდენად, მართალია, ამ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელად ჩაითვალა გზაზე დაღვრილი ნავთობის გამო ავტომანქანის მოცურების შესაძლებლობა, მაგრამ, ამავე დასკვნით ირკვევა, რომ ნავთობის ფრაქციის არსებობა არ ფიქსირდება. ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული არ დასტურდება საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი შემთხვევის სქემითაც. ამასთან, გზაზე დაღვრილი ნავთობის ფრაქციაზე თავიანთ ახსნა-განმარტებაში არ მიუთითებენ არც ავტოსატრანსპორტო შეჯახებაში მონაწილე მძღოლები.
21. ნავთობის კვალის არარსებობაზე მიუთითებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნაც, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ გზის ზედაპირზე არსებულმა, სავარაუდოდ, ნავთობის ფრაქციის სითხის ფენამ რა გავლენა მოახდინა ავტომობილის გადაადგილებაზე, ძნელი დასადგენია. ამასთან, ნავთობის ფრაქციის კვალი გარეგნულად არ ჩანს დაზიანებული ავტომობილის საბურავებზე, ასევე, შემთხვევის სქემის არარსებობა და ავტომობილის სრიალის შესახებ ნაკვალევის სახით მითითებული არ არის. ექსპერტის მითითებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია არა ავტომობილის მოცურებით, როგორც მძღოლი აღნიშნავს, არამედ აღნიშნული გამოწვეულია მოსახვევში მოძრაობისას საგზაო პირობების შეუსაბამო სიჩქარით მოძრაობისა და მართვის ხერხების არასწორი გამოყენებით (ექსპერტი ასევე მიუთითებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებითა და შესწავლით, მძღოლის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის სქემით, დაზიანებული ავტომობილების დათვალიერებით და შესწავლით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალით, საპატრულო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის სქემით, ექსპერტის მიერ ჩამოყალიბებულ იქნა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი: ავტომობილის მოძრაობისას მისი ტრაექტორია იცვლება მძღოლის უშუალო მოქმედებით ან უმოქმედობით. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლმა ავტომობილის მაღალი სიჩქარით მართვისას უხეშად დაარღვია გასათვალისწინებელი პირობების თავსებადობა - საგზაო პირობები და მოძრაობის სიჩქარე. სახიფათო მოსახვევში იმოძრავა დასაშვებ კრიტიკულ სიჩქარეზე მეტით. მოსახვევში შესვლისას, მარჯვნიდან მარცხნივ და იქიდან გამოსვლის დროს მარცხნიდან მარჯვნივ სამოძრაო ზოლის სიმრუდის რკალთან სრულად ვერ მოუხვია. ავტომობილმა დაიწყო გამწევი ძალის უკნიდან წინ და ნაწილობრივ მარჯვნიდან მარცხნივ აჩქარებით გადაადგილება, სავარაუდოდ, საპირისპირო ზოლში გადასვლა. ავტომობილს მაღალი სიჩქარიდან გამომდინარე მძღოლმა მისი გაჩერება დროულად ვერ შეძლო. სახიფათო მოსახვევში დასაშვებ კრიტიკულ სიჩქარეზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას, მძღოლის მიერ ავტომობილის გადაადგილების დამუხრუჭებით შეჩერებისას, ავტომობილის წინა მარცხენა თვალი სიმძიმის ძალის ზემოქმედებით გადახრილი უმნიშვნელოდ მარჯვნიდან მარცხნივ გახოხდა წინ (აღნიშნულზე მეტყველებს დაზიანებული საბურავის ზედაპირზე ცვეთის კვალი) და შეეჯახა სავალი გზის გამყოფი ხაზის მიღმა საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილ ,,ტოიოტა ქამრის“. ავტომობილის სხვა თვლებზე, ავტომობილის მაღალი სიჩქარიდან გამომდინარე, გახოხების ნაკვალევი არ აღინიშნა დროის მოკლე პერიოდში ავტომობილის წონის გადანაწილებით დატვირთვის შემცირების გამო)).
22. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2018 წლის 26 თებერვალს თერჯოლის რაიონის, სოფელ ....... გამავალ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (№ელ 901451), რომელიც არ გასაჩივრებულა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას დაეთანხმა, კერძოდ, მძღოლმა მანევრირების წესების დარღვევით იმოქმედა და ასკ-ის 125.10-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდა.
23. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით, ცხადია, არ დგინდება გზაზე ნავთობის ფრაქციის არსებობის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოცურების ფაქტი. ამასთან, კასატორს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს გააბათილებდა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. რაც შეეხება გზაზე ნავთობის ფრაქციის არსებობის დამადასტურებელ ფოტომასალას, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად და ამ საკითხე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, გზაზე ნავთობის ფრაქციის თუნდაც არსებობა თავისთავად, არ ნიშნავს ავტომანქანის გარდაუვალად მოცურებას. ეს საფრთხე შეიძლება არაერთ გარემოებაზე იყოს დამოკიდებული (მაგალითად, გზის საფრის მდგომარეობაზე, ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარეზე, გზის განათებაზე, გზაზე დაღვრილი ნავთობის ფრაქციის ოდენობაზე, ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობაზე და სხვა), შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო გარემოება მხოლოდ ექსპერტის დასკვნით შეიძლება დადგინდეს. ასეთი დასკვნა კი მოსარჩელეს არ წარუდგენია.
24. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ დამზღვევმა ვერც ავტომანქანის მოცურების ფაქტი ვერ დაამტკიცა და ვერც ის, რომ საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში გადასვლა გამოიწვია მესამე პირის სიცოცხლის და/ან ქონების გადარჩენის აუცილებლობამ, რაც იმ საგამონაკლისო პირობას წარმოადგენს, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
25. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-216-2021, 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-630-2022, 2022 წლის 30 ივნისის განჩინება; საქმე №ას-1279-2022, 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ს.ფ–ას“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 616.80 ლარის (საგადახდო დავალება №167 / გადახდის თარიღი 24.03.2023), 70% - 431.76 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე