Facebook Twitter

საქმე №ას-214-2023 19 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ო“, უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ოს“ საქართველოს ფილიალი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.გ.წ.კ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ომ“ და უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ოს“ საქართველოს ფილიალმა (შემდეგ - მოსარჩელეები, აპელანტები, მენარდე, კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ს.გ.წ.კ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, შემკვეთი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვეს, მოპასუხეს დაეკისროს 1 513 558.1 ლარი (დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 1 434 746.85 ლარი და დავალიანება - 78 811.76 ლარი), ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით - 353 136 ლარი და 09.06.20 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 12 612 ლარი და დარიცხვა გაგრძელდეს ძირითადი თანხის (1 513558.61 ლარის) სრულად დაფარვამდე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანიც - 260 068.70 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 78811.76 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, აპელანტთა (მოსარჩელეთა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 1 434 746.85 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629.1 და 631-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს საზღაურის ოდენობა - 3 884 690.21 ლარი, რომელიც შემკვეთს უნდა გადაეხადა მენარდისათვის შესრულებულ სამუშაოში, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა. ამ შემთხვევაში, მენარდეს შეეძლო, ესარგებლა სსკ-ის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და მოეთხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, თუმცა მას ასეთი უფლებით არ უსარგებლია, რისი გათვალისწინებითაც, გადახარჯვის ანაზღაურების (1 434 746.85 ლარის) თაობაზე მენარდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ამასთან, მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტიკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის დამატებითი სამუშაოს შესრულებისა და აღნიშნულის საფუძველზე ხარჯთაღრიცხვის გაზრდის თაობაზე წერილობით შეთანხმებას.

6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაც და, სსკ-ის 128-ე-140-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 29 იანვრიდან წარმოეშვა მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება. ამ უკანასკნელმა სარჩელით რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს (სასამართლოს მიერ ყოველ ჯერზე უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე), მათ შორის, მესამე სასარჩელო განცხადებით - 2020 წლის 25 ივნისს (რაზეც სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით ასევე უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე), ხოლო მეოთხე სასარჩელო განცხადებით - 2021 წლის 3 თებერვალს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ არ დაიცვა სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადა, რომელიც 2020 წლის 25 დეკემბერს ამოიწურა, 2021 წლის 3 თებერვალს სასამართლოში წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა - 1 434 746.85 ლარის ნაწილში ხანდაზმულია.

7. სააპელაციო სასამართლომ განსჯით, ვინაიდან არ არსებობს დამატებით შესრულებული შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, არც მიუღებელი შემოსავლის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. რაც შეეხება მესამე სასარჩელო მოთხოვნას (რომლის თანახმად, კასატორი მხარე განმარტავდა, რომ პროექტი (დაკვეთა) დასრულებულ იქნა 2017 წლის ბოლოს, ინსპექტირების ანგარიშისა და ფორმა №2-7-ის შესაბამისად, მოპასუხე მხარეს დღემდე არ გაუსწორებია საბოლოო ანგარიში, რის გამოც, მოსარჩელე მხარე იძულებულია, ამ პროექტის ფარგლებში შეინარჩუნოს მენეჯერისა და მისი ასისტენტის თანამდებობებზე დასაქმებული პირები ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელფასო განაკვეთებით, შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით ჯამში ხელფასის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 260068.70 ლარი, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს), სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ამდენად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს თანამშრომლების ხელფასსაც, შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

9. კასატორთა მითითებით, 2017 წლის 22 მაისის წერილით მოპასუხის დირექციას თავად ტექნიკურ საკითხებში ამავე კომპანიის დირექტორის მოადგილემ მიმართა და შეატყობინა, რომ მშენებლობის პროცესში მიმართეს კერძო პირებმა, რომლებსაც საკუთარ ნაკვეთებზე აღებული აქვთ მშენებლობის ნებართვა და აპირებენ საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, ამასთან, ნაწილს უკვე აშენებული აქვს უძრავი ქონება და მოითხოვეს წყალმომარაგების ქსელზე დაერთება და ამისათვის დამატებითი ახალი განშტოებების მოწყობა, რა ხარჯებიც მიმდინარე პროექტში გათვალისწინებული არ იყო. გარდა ამისა, ერთ-ერთ ნაკვეთზე დაიწყო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და საჭიროებამ მოითხოვა არსებული მილების გადატანისათვის დამატებითი სამუშაოების შესრულება, რაც გასათვალისწინებელია მიმდინარე პროექტში. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 17 მაისის №5041/1 წერილით მისწერა, რის პასუხადაც მოსარჩელემ თავისი იმავე წლის 22 მაისის №1/152-13 წერილით გამოთქვა მზადყოფნა მის შესრულებაზე და აქვე აცნობა მოპასუხეს, რომ ახალი ქსელების აბონენტებთან გადაერთება მოითხოვდა დამატებით ხარჯებსა და დროს, რაც განიხილა მოპასუხემ და გასცა ნებართვა მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე, ხოლო დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით კი დაევალა შესაბამისი გაანგარიშება მოპასუხის კომპანიის ლოჯისტიკისა და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტს. ამასთან, აღნიშნული საკითხები დამატებითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით განიხილეს და დამტკიცდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2017 წლის 2 აგვისტოს ტექნიკური საბჭოს სხდომაზეც.

10. ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის არსებობდა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც კონტრაქტის თანახმად გადაიხედებოდა საჭიროების მიხედვით. დამატებითი სამუშაოების წარმოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე თანხმდებოდა დამკვეთთან და სრულდებოდა თავად დამკვეთის მოთხოვნით, ცალსახად მეტყველებს მხარეთა ზემოხენებული მიმოწერები და მასთან დაკავშირებული ანგარიშგებები. გამომდინარე აქედან, სასამართლოს ზემოხსენებული მსჯელობა და შესაბამისი დასკვნები მოკლებულია სწორ ანალიზსა და სამართლებრივ შეფასებებს, შესაბამისად, დამატებით შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

11. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დამატებითი სამუშაოების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებაც და განმარტავს, რომ 2020 წლის 25 ივნისიდან ექვსთვიანი ვადა არ ამოწურულა 2020 წლის 25 დეკემბერს, ვინაიდან ამ სარჩელის წარმოებაში უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს მიღებული აქვს 2020 წლის 30 ივნისს, რაც მოსარჩელეს ფაქტობრივად ჩაბარებული აქვს ორი თვის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 1 434 746.85 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერების შესახებ (შესრულებული სამუშაოების ღირებულების დავალიანების - 78 811.76 ლარის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებულია, რაც მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, იგი საკასაციო განხილვის საგანი ვერ გახდება), რასაც კასატორი იმ გარემოებაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ დამატებით შესრულებული სამუშაოები თანხმდებოდა და სრულდებოდა შემკვეთის მოთხოვნით, ამასთან, მხარეთა შორის არსებობდა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ხელშეკრულების თანახმად გადაიხედებოდა საჭიროებისდა მიხედვით, რისი გათვალისწინებითაც, მოპასუხისათვის დამატებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების - დაკისრების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს უარი, დაუსაბუთებელია.

17. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური. ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი (მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით). მითითებული ნორმის გამოყენებისათვის სასამართლომ, უპირველესად, უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა მხარეთა შეთანხმება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა განსაზღვრავს სწორედ მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი ისაა, რომ, თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც შემკვეთი მენარდისაგან მიიღებს შეტყობინებას მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შესახებ, მას შეუძლია, მოითხოვოს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება, თუ იგი თანახმაა, გადაიხადოს გაზრდილი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ მოისურვებს გაზრდილი ანაზღაურების გადახდას, მას შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. მყარი ხარჯთაღრიცხვა კი მაშინ ვლინდება, როდესაც ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის. მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-888-834-2012, 30 დეკემბერი, 2013 წელი; №ას-397-381-2016, 1 ივლისი, 2016 წელი; № ას-1096-1053-2016, 24 ოქტომბერი, 2017 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად (რომლის საგანს წარმოადგენდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვა), ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განსაზღვრული იყო 4 490 678 ლარით დღგს გათვალისწინებით. უდავოა, რომ 2016 წლის 4 ნოემბერს გაფორმებულ (GT-072503) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საბოლოოდ განისაზღვრა 3 884 690.21 ლარით (დღგს ჩათვლით) და ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა მხარეთა შორის შეთანხმებული ხარჯთაღრიცხა (იხ. ტ.1, ს.ფ 43-59), სადაც დეტალურად არის მითითებული შესასრულებელი სამუშაოები და ასანაზღაურებელი ხარჯი. აღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ მხარეთა მიერ ზუსტად იყო განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, კერძოდ, ისინი შეთანხმებული იყვნენ მყარი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებით, ამ გარემოების გათვალისწინებით კი, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მიახლოებითი ხარჯთაღრიცხის გაზრდის შემთხვევაში, მენარდეს შეეძლო, ესარგებლა მხოლოდ სსკ-ის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და მოეთხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. ასეთი უფლებით მას არ უსარგებლია, შესაბამისად, გადახარჯვის ანაზღაურების (1 434 746.85 ლარის) თაობაზე მენარდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

19. საკასაციო პალატის მითითებით, კასატორის პრეტენზიის ფარგლებში, რომც მივიჩნიოთ, რომ ზემოხსენებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, გადახარჯვის ანაზღაურების თაობაზე მენარდის მოთხოვნა მაინც დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება დამატებითი სამუშაოებისა და აღნიშნულის საფუძველზე ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ მხარეთა შეთანხმება. ამ ნაწილში საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას მხარეთა მიმოწერასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ 2017 წლის მაისის წერილებით სადავო გარემოება არ დგინდება, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილების/დამატების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რაზეც მიუთითებს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ელექტრონული ტენდერის წესის დამტკიცების შესახებ №12 ბრძანების 36-ე მუხლი (ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით), ასევე, თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტი (ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე). ასევე, ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მენარდემ ვერ წარმოადგინა მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება დამატებითი სამუშაოებისა და აღნიშნულის საფუძველზე ხარჯთაღრიცხვის გაზრდის შესახებ, მისი მოთხოვნა მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის პირობებშიც კი, უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, არ იკვეთება.

20. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ რაკი მოსარჩელემ დამატებითი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა 2018 წლის 23 იანვარს, რაზეც მოპასუხის წერილობითი უარი 2018 წლის 29 იანვარს ჩაჰბარდა, ამ თარიღიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა, რომელზეც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული 3-წლიანი ვადა ვრცელდება (საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სახელშეკრულებო ვალდებულება (სსკ-ის 623-ე მუხლი), რომლის დაბრუნების მოთხოვნაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება).

21. უდავოა, რომ მოსარჩელემ პირველად სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბერს მიმართა, რაზეც 2019 წლის 4 ნოემბერის განჩინებით უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე. იგივე სამართლებრივი ბედი გაიზიარეს განმეორებით - 2020 წლის 11 თებერვალს და 2020 წლის 25 ივნისს აღძრულმა სარჩელებმა. ამ უკანასკნელს სარჩელს უარს ეთქვა წარმოებაში მიღებაზე სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით. ამის შემდგომ, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მეოთხედ - 2021 წლის 3 თებერვალს მიმართა, რომელიც წინამდებარე განსჯის საგანია.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 138-ე მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, კერძოდ: ასეთი საშუალებებია სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად (სსკ-ის 140-ე მუხლი); განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა და სარჩელზე უარის შედეგები 138-ე მუხლის მიზნებისათვის განისაზღვრება სსკ-ის 139-140-ე მუხლებით.

23. სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან სასამართლო კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

24. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ თავდაპირველი და შემდგომი სარჩელების აღძვრის ქრონოლოგია და დროის შუალედი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მესამე და მეოთხედ აღძრულ სარჩელებს შორის დარღვეულია სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაწესი (გასულია 6 თვეზე მეტი), ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სსკ-ის 140-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში სარჩელის ხანდაზმულობის დენა არ შეწყვეტილა და 2021 წლის 3 თებერვალს წარდგენილი განცხადება 1 434 746.85 ლარის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია, რაც ამართლებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას, როგორც ვალდებულ პირს, სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეუძლია, უარი განაცხადოს შესრულებაზე.

25. საკასაციო პალატა არ იზიარებს ამ საკითხზე კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, ვინაიდან მან 2020 წლის 25 ივნისს აღძრულ სარჩელზე წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინება ორი თვის შემდეგ ჩაიბარა სასარჩელო მოთხოვნა ზემოაღნიშნულ ნაწილში არ არის ხანდაზმული და მიუთითებს, რომ სამართლებრივად უმნიშვნელოა კასატორის მიერ განჩინების ჩაბარების დრო, მას წინამდებარე სარჩელი წინა სარჩელის წარდგენიდან (2020 წლის 25 ივნისს) 6 თვის ვადაში უნდა აღეძრა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება, რისი გათვალისწინებითაც მისი პრეტნზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.

26. კასატორთა მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლისა და მიყენებული ზიანის სახით მოპასუხისათვის 260 068.70 ლარის დაკისრების შესახებ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საკასაციო პალატა და მიუთითებს, რომ ამ კუთხით საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს/პრეტენზიას, რისი გათვალისწინებითაც გასაზიარებელია ამ საკითხებზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და არგუმენტები.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-433-416-2016, 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება; საქმე №ას-888-834-2012, 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინება; საქმე №ას-1096-1053-2016, 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-397-381-2016, 2016 წლის 1 ივლისის განჩინება).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ოსა“ და უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ოს“ საქართველოს ფილიალის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ოსა“ (.......) და უცხოური კომპანია სს „კ.ი.ს–ოს“ საქართველოს ფილიალის (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება 1678776826 / გადახდის თარიღი 15.03.2023), 70% - 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე