Facebook Twitter

საქმე №ას-23-2021 20 მაისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - მ.დ–ი, თ.გ–ია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ჩ–ძე (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და მ.დ–ი (შემდგომ - პირველი მოპასუხე, გამყიდველი, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი), 2006 წლის 29 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 2009 წლის 27 იანვარს შეეძინათ შვილი - ნ.დ–ი.

2. 2014 წლის 18 ივნისს, მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. 2005 წლის 21 მარტს, პირველმა მოპასუხემ მცხეთაში, სოფელ ........ მდებარე 1500 კვ.მ (ს/კ №........) და 1000 კვ.მ ფართის (ს/კ №.........) მიწის ნაკვეთები 10 000 ლარად იყიდა.

4. პირველ მოპასუხესა და თ.გ–იას (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მყიდველი, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) შორის, 2011 წლის 1 აპრილს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხისგან წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით (ს/კ №....) 50 000 ლარად იყიდა, იმავე თარიღის ნასყიდობის ხელშეკრულებით 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ს/კ №.....) კი - 20 000 ლარად.

5. საჯარო რეესტრის 2011 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებებით, მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოება სადავო უძრავ ნივთებზე შეჩერდა და განმცხადებელს 30 დღის ვადა განესაზღვრა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარსადგენად, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამავე წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

6. 2013 წლის 11 დეკემბერს, მეორე მოპასუხის მიერ პირველი მოპასუხეზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ამ უკანასკნელმა საჯარო რეესტრს მიმართა, მცხეთაში, სოფ. ........ მდებარე უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. 2013 წლის 17 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მეორე მოპასუხე წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების მესაკუთრედ აღირიცხა.

7. შპს „ი–ის“ 2014 წლის 4 აპრილის უძრავი ქონების აუდიტორული შეფასების საექსპერტო დასკვნით, მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები 700 000 ლარად შეფასდა.

8. ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონება 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთია, რომელზეც განთავსებულია №1, №2, №3 შენობა-ნაგებოები, ასევე - 1000 კვ.მ ფართობის მისი ნაკვეთი მასზე მდებარე №1 შენობით. №1 შენობა წარმოადგენს კაპიტალურ საცხოვრებლ სახლს - საერთო ფართობით 236.25 კვ.მ, №2 შენობა მიშენებულია №1 შენობაზე და წარმოადგენს ერთსართულიან კაპიტალურ ნაგებობას და მისი ფართობი შეადგენს 137 კვ.მ-ს, №3 ნაგებობა დამხმარე ნაგებობას და მისი ფართობი 34 კვ.მ-ია. ეზოში მოწყობილია დიდი საცურაო აუზი, ერთსართულიანი ნაგებობა ,,ბუნგალო“, საშხაპე, შადრევანი, დაუმთავრებელი ერთსართულიანი ნაგებობა, ეზო მაღალი კაპიტალური გალავნითაა შემოღობილი.

9. 2012 წლის 6 დეკემბერს, პირველმა მოპასუხემ სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ საანაბრე ანგარიშზე 100 000 ლარი შეიტანა, ხოლო 2013 წლის 6 დეკემბერს 108 273 ლარი გაიტანა. თანხა გატანილი იქნა მეუღლეთა თანაცხოვრების, საერთო მეურნეობისა და ბიუჯეტის წარმოების შეწყვეტის პერიოდში - 2013 წლის დეკემბერს და მეუღელეთა დაშორებამდე არ გახარჯულა.

10. პირველ მოპასუხეს სს „ს.ბ–ში“ პერიოდულად შეჰქონდა თანხები, რომელთა მეშვეობით სხვადასხვა გადახდებს აწარმოებდა. 2013 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, ამ ანგარიშზე ნაშთმა 145.56 აშშ დოლარი შეადგინა.

11. პირველმა მოპასუხემ ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES BENZ E350 (VIN:WDDH8JBXCA563528), გამოშვების წელი - 2011, მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინა, რისთვისაც, 2012 წლის 27 დეკემბერს, შპს „ა.მ–ის“ ანგარიშზე 37041.81 ლარი გადარიცხა. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება 2013 წლის 20 აპრილამდე პირველი მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა, 2015 წლის 23 აპრილს კი - 7250 აშშ დოლარად გაასხვისა.

სარჩელის საფუძვლები:

12. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1158-ე და 1163-ე მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა და ამ ნაწილში მოპასუხეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა; თბილისში, ..... მდებარე, პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (ს/კ №......) 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა; პირველ მოპასუხესა და შპს „ა. ..-ს“ შორის, 2013 წლის 18 ივნისს, გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 750 ლარის დაკისრება; მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში, სს „კ.ს.ბ–ში“, სს „ლ.ბ–ში“, სს „ს.ბ–სა“ და შპს „ს.კ.ს–ში“ პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხებიდან 1/2 წილის მიკუთვნება, კერძოდ, 67318.50 ლარისა და 15171.30 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრება; პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A5 კუპეს (სახ.ნომერი ...., სარეგისტრაციო მოწმობა AL0100699, გამოშვების წელი 2012, საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი WAULFAFR...) 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა; ქ. ბათუმში, .... გაგრძელებაზე მრავალფუნქციური სახლის მშენებლობაში ჩადებული და შემდეგ დაბრუნებული თანხის - 29000 აშშ დოლარის 1/2-ის - 14500 აშშ დოლარისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების MERCEDES BENZ E350 ღირებულების 1/2-ის - 25000 ლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხეთა პოზიცია:

13. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნეს.

14. პირველი მოპასუხის განმარტებით, სასწრაფოდ ესაჭიროებოდა სამკურნალოდ თანხები, რის გამოც, 2011 წლის 1 აპრილს, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ........ მდებარე უძრავი ქონება მეორე მოპასუხეზე გაასხვისა. გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ნაწილი მის მკურნალობას მოხმარდა, ხოლო დარჩენილი საოჯახო წვრილმან დეტალებს. ამასთან, მოსარჩელე და პირველი მოპასუხე, როგორც მიწის ნაკვეთის შეძენის, ასევე - საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.

15. პირველი მოპასუხის მითითებით, 2012 წლის 6 დეკემბერს, სს ,,ლ.ბ–ის“ ანგარიშზე 100 000 ლარი განათავსა, თუმცა თანხა შემდგომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ერთობლივად განიკარგა.

16. ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES BENZ E350-თან დაკავშირებით, პირველმა მოპასუხემ განმარტა, რომ იგი მის საკუთრებას არ წარმოადგენს, ამასთან, მისი შეფასება არარეალურია, ვინაიდან ავტოსატრანსპორო საშუალება დღეის მონაცემებით, დაშლილი და ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარია.

17. პირველმა მოპასუხემ AUDI A5 კუპეს 1/2-ის მესაკუთრედ მოსარჩელისათვის მიკუთვნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო.

18. მეორე მოპასუხის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას, საჯარო რეესტრმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან უძრავი ქონების მდებარეობა სხვა მიწის მდებარეობას ემთხვეოდა. გამყიდველისგან მიიღო სიტყვიერი დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში პრობლემას მოაგვარებდა. გამყიდველმა დაზუსტებული აზომვითი ნახაზი 2013 წლის დეკემბერში შეადგინა და მყიდველს მის სახელზე მინდობილობის გაცემა სთხოვა, რათა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მყიდველის სახელზე უზრუნველეყო.

19. მეორე მოპასუხის განმარტებით, პირველ მოპასუხესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, ჰყავთ არაერთი საერთო ნაცნობი და მეგობარი. პირველი მოპასუხესთან საუბრისას შეიტყო, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მკურნალობა, რომელიც სოლიდრულ თანხებთან იყო დაკავშირებლი, რის შედეგად სადავო უძრავი ქონება შეიძინა.

20. მოპასუხეთა შეთანხმებიდან გამოდმინარე, პირველმა მოპასუხემ ვალდებულება იკისრა 2-3 სეზონის განმავლობაში მეორე მოპასუხის ხარჯებით უზრუნველეყო საცურაო აუზის და გარკვეული შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულება, ასევე - აგარაკზე მიმდინარე სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ორგანიზება, სანაცვლოდ, მყიდველმა გამყიდველს უფლება მისცა აგარაკის მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების სრულად დასრულებამდე, სადავო უძრავი ქონებით თავისუფლად ესარგებლა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

21. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების 1/2-ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები; სასარჩელო მოთხოვნა თბილისში, ...... მდებარე პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ისევე როგორც მოსარჩელის მოთხოვნა პირველ მოპასუხესა და შპს „ა....-ს“ შორის, 2013 წლის 18 ივნისს, გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხისათვის ყოველთვიურად 750 ლარის დაკისრების მოთხოვნით; მოთხოვნა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხებიდან მოსარჩელისათვის 1/2 წილის მიკუთვნების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს 54136.50 ლარი და 72.78 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; სასარჩელო მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A5 კუპეს თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ცნობილ იქნა პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომერი ...., სარეგისტრაციო მოწმობა AL0100699, გამოშვების წელი 2012, საიდენტიფიკაციო, ძრავის, შასის ნომერი WAULFAFR8...) 1/2-ის მესაკუთრედ; მოთხოვნა პირველი მოპასუხისათვის 14500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES BENZ E350-ის 1/2 წილის ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა - ნაწილობრივ და პირველ მოპასუხეს 3625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

22. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მცხეთაში, სოფ. ........ მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2005 წლის აპრილში დაიწყო და სახლი შავი კარკასის მდგომარეობაში იქნა მოყვანილი 2006 წლის დასაწყისში იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში. შავი კარკასის ქვეშ იგულისხმება - სახლის კედლები აშენებული, შიდა და გარე ტიხრები დასრულებული, გადახურული, გაულესავი, იატაკი მოუჭიმავი, კომუნიკაციების გარეშე (გ.ს–ძის ჩვენება 25.11.2014 წ.).

25. პირველი მოპასუხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთებზე სახლის მშენებლობა და სახლის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელესთან ქორწინების შემდეგ გრძელდებოდა, კერძოდ, ჩატარდა ისეთი სამუშაოები, როგორიცაა: გალესვა, კარ-ფანჯრების ჩასმა, მოპირკეთება, სამღებრო სამუშაოები, იატაკის დაგება, ეზოში აუზის მოწყობა, დამხმარე ნაგებობების, გალავნის აშენება, შესაბამისად, სახლი ზემოაღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად ვარგისად იქცა მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში.

26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების, მათ შორის, თავად პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი მოწმეების, ნ.ვ–ის, გ.ს–ძის, ვ.პ–ის, ჯ.მ–ძის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2006 წლის გაზაფხულზე, ე.ი. ქორწინების რეგიტრაციამდე მოპასუხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთებზე აშენებული იყო მხოლოდ სახლი და იყო ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში. მოპასუხის მიერ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ ქორწინების რეგისტრაციამდე სახლი მოყვანილი იყო საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, მათ შორის დასრულებული იყო შელესვა, იატაკის დაგება და ფანჯრების ჩასმა, არცერთი მოწმის ჩვენებით არ დადასტურდა. მოწმე ვ.პ–ის ჩვენებით დგინდება, რომ მოპირკეთების სამუშაობი 2006-2007 წლებში გრძელდებოდა, თავად მოწმემ 2010 წელს შეასრულა ქვის მოპირკეთების სამუშაობი, მანვე განმარტა, რომ ფანჯრები ჩაისვა 2006 წლის ზაფხულში.

27. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისად იქცა სწორედ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში.

28. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-7-მე-8 პუნქტებში მითითებულ გარემოებაზეც მიუთითა და დაასკვნა, რომ ქორწინების განმავლობაში წარმოებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სადავო უძრავი ნივთები მეუღლეთა თანასაკუთრებად, სსკ-ის 1163-ე მუხლის საფუძველზე.

29. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, პირველი მოპასუხის განმარტებითაც დასტურდება, რომ 2011 წლის აპრილის ე.ი. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების შემდეგ, მცხეთაში, სოფ. ........ მდებარე უძრავი ქონების გასხვისების შემდგომ, პირველი მოპასუხე აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს აღნიშნული ქონების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, აუზისა და სხვა დამხმარე ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო მისი მეუღლე და შვილი პერიოდულად სადავო აგარაკზე ისვენებდნენ. ამასთან, 2012-2013 წლებში სადავო სახლში თავს იყრიდნენ როგორც მოსარჩელის, ასევე პირველი მოპასუხის სტუმრები. უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე, როგორც მოსარჩელისათვის, ასევე ოჯახის ახლობლებისთვის უცნობი იყო.

30. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის, ეზოს და აუზის კეთულმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა მყიდველის ხარჯით - გამყიდველისათვის გადაცუმლი 30 000 აშშ დოლარით.

31. სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მეორე მოპასუხემ პირველ მოპასუხეს 70 000 აშშ დოლარი ასესხა, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 201-ე, 219.2 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ საქმის მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები, იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ღირებულებაში ჩაითვალა ასევე ხელშეკრულების დადებამდე პირველი მოპასუხისათვის სესხად გადაცემული 70 000 აშშ დოლარი, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე მითითებული არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო ამ გარემოებებს მხედველობაში ვერ მიიღებდა, მით უმეტეს, რომ ამ გარემოებთა დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გარდა მოპასუხეთა ახსნა-განმარტებისა, წარდგენილი არ ყოფილა.

32. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ პირველ მოპასუხეს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისთვის ფინანსური პრობლემები ჰქონდა და იმის გამო, რომ ესაჭიროებოდა ძვირადღირებული მკურნალობა, იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი გაესხვისებინა.

33. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის დისშვილის მეგობარია. მოპასუხეებს აქვთ ახლო მეგობრული ურთიერთობა, ჰყავთ არა ერთი საერთო ნაცნობი და მეგობარი, იგი კარგად იცნობს მოსარჩელეს და მის შვილსაც, სადავო ხელშეკრულების დადებამდე და შემდეგაც სადავო საცხოვრებელ სახლში მოსარჩელესთან ერთად ისვენებდა, მიუხედავად ამისა, მას არ მიუწოდებია ინფორმაცია მოსარჩელისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და ნივთის შეძენის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ მოპასუხეები ურთიერთშეთანხმებით ცდილობდნენ არ გაეხმაურებინათ სადავო ხელშეკრულების დადება.

34. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 56-ე, 477-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელემ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს წარმოუდგინა საკმარისი მტკიცებულებები სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დასამტკიცებლად, ამასთან, როდესაც დადგენილია, რომ სადავო ქონება მხოლოდ ფორმალურად, მოსაჩვენებლად გასხვისდა, შემძენის კეთილსინდისიერება სადავო ქონების გასხვისების მიმართ იმთავითვე გამორიცხულია.

35. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ სადავო ქონებაზე გარიგებები მოჩვენებით რომც არ დადებულიყო და შემძენს მართლაც ჰქონოდა სადავო ქონების შეძენის ნება, განსახილველ შემთხვევაში, მას მაინც დაეკისრებოდა სადავო ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულება სსკ-ის 1160-ე, 185-ე, 312-ე მუხლების საფუძვლით.

36. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სადავო ავტომანქანა შეძენილია გ.ლ–ის დავალებითა და მისივე თანხით. სასამართლოს განმარტებით, პირველმა მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სარწმუნო მტკიცებულებები საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად და იმ გარემოების დასადგენად, რომ მოპასუხე სადავო ავტომანქანის შეძენისას მოქმედებდა მესამე პირის დავალებითა და ხარჯით.

37. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, მოპასუხის ანგარიშებზე არსებული თანხა, რომელიც ანგარიშებზე შეტანილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინებისა და ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და ექვემდებარება მეუღლეთა შორის გაყოფას. ამასთან, ვინაიდან პირველმა მოპასუხემ სადავო 54136.50 ლარი ანგარიშიდან თანაცხოვრების, საერთო მეურნეობისა და ბიუჯეტის წარმოების შეწყვეტის პერიოდში - 2013 წლის დეკემბერში გაიტანა და მეუღელეთა დაშორებამდე არ გახარჯულა, პირველი მოპასუხე ვალდებულია დაუბრუნოს მოსარჩელეს მისი კუთვნილი წილი თანასაკუთრებიდან. ასევე მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის გადახდა სსკ-ის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

38. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

39. კასატორთა განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გადაანაწილა. ამასთან, სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ პირველი მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გადიდდა.

40. კასატორთა განმარტებით, იმ დაშვებითაც, რომ სადავო ქონების ღირებულება ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გადიდებულიყო, ამ შემთხვევაში ეს გარემოება ავტომატურ რეჟიმში არ აქცევს ამ ქონებას მეუღეთა თანასაკუთრებად. თუკი კანონმდებელს სურდა ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის ასე მოწესრიგება, მაშინ შესაბამისი დებულება უნდა ასახულიყო სამოქალაქო კოდექსში ისეთივე მკაფიოდ და იმპერატიული ნორმით, როგორც ეს ჩამოყალიბებულია ამავე ტიპის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ სსკ-ის 1158-ე მუხლში. სსკ-ის 1163-ე მუხლი კი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი არ არის.

41. კასატორთა მითითებით, მოსარჩელეს საკუთარი შემოსავლის წყარო არც ქორწინების პერიოდში და არც მანამდე არ ჰქონია, შესაბამისად, მას არ მიუღია მონაწილეობა სადავო ქონების კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის აუცილებელ ხარჯებში.

42. კასატორთა მტკიცებით, ........ არსებული უძრავი ქონების ღირებულების შემქმნელი ძირითადი სამუშაოები, მათ შორის - რკინა-ბეტონის ღობე, ეზოს მოსწორება, სახლის საძირკველი, მონოლითური კარკასი, სახურავი, ოთახის შიდა კედლები, გარე და შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯარა, იატაკი და ა.შ მოსარჩელესთან ქორწინების რეგისტრაციამდე - 2006 წლის გაზაფხულამდე დასრულდა, შესაბამისად, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ჩატარებული კოსმეტიკური რემონტი, მოპირკეთებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გადიდებად არ შეიძლება ჩაითვალოს. არარელევანტურია 2014 წლის 4 აპრილის აუდიტორული დასკვნაც, რომელიც მხოლოდ იმ თარიღისთვის ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს და არა იმას, რომ ქორწინების პერიოდში ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა.

43. პირველი კასატორი სწორედ მეორე კასატორის დავალებითა და ხარჯით აწარმოებდა ამ უკანასკნელის მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე სხვადასხვა სამუშაოებს, რომლის დასტურიც, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გაცემული მინდობილობაა. მართალია მინდობილობა სადავო გარემოებების დადებიდან 2 წლის შემდეგ გაფორმდა, მაგრამ სსკ-ის 709-ე მუხლით გათვალისწინებულ დავალების ურთიერთობა ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს და დაშვებულია მისი ზეპირი ფორმით დადება.

44. კასატორთა განმარტებით, მხოლოდ მეგობრული და ახლო ურთიერთობა უპირობოდ, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების გარეშე შემძენს ავტომატურად არაკეთილსინდისიერად არ აქცევს. შემძენის არაკეთილსინდისიერების ფაქტი და სადავო გარეგებების მოჩვენებითობა არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

45. კასატორთა მითითებით, 2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული სადავო გარიგებების მხარეებს მოჩვენებით რომ ემოქმედათ, ლოგიკურად მათ მაშინვე უნდა გადაეფორმებითათ უძრავი ქონება მეორე კასატორის სახელზე საჯარო რეესტრში. ამის ნაცვლად, პირველმა კასატორმა მეორე კასატორს მხოლოდ ორ წელზე მეტი ვადის შემდეგ, 2013 წლის 11 დეკემბერს გადაუფორმა შეძენილი უძრავი ქონება.

46. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირველი კასატორის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის მეუღლეთა თანასაკუთრებად შეფასებისა და სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვიდან მიღებული თანხის მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

47. საკასაციო პალატა საქმის შესწავლისა და მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

48. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორებს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვთ წარმოდგენილი.

49. საკასაციო პალატის შეფასების საგანია პირველი მოპასუხის მიერ მხარეთა ქორწინებამდე შეძენილი უძრავი ქონების 1/2 წილზე, ქორწინების პერიოდში შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 1/2-ისა და პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების 1/2 წილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების მართლზომიერება.

50. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და ძირითადი საკვლევი გარემოებები სსკ-ის 992-ე მუხლის (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე მუხლის (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 მუხლის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) წინაპირობების შემოწმებით უნდა განხორციელდეს.

51. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ: ა) სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა; ბ) მოპასუხეებმა ურთიერთშეთანხმებით, სადავო ქონება განკარგეს მოსაჩვენებლად, იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს კუთვნილი წილი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ვერ მიეღო.

52. საქმეზე დადგენილია, რომ მხარეები (მოსარჩელე და პირველი მოპასუხე) 2006 წლის 29 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ხოლო პირველმა მოპასუხემ მცხეთაში, სოფელ ........ მდებარე 1500 კვ.მ (ს/კ .....) და 1000 კვ.მ (ს/კ .....) მიწის ნაკვეთები, მხარეთა ქორწინებამდე, 2005 წლის 21 მარტს 10 000 ლარად შეიძინა.

53. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სადავო უძრავი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, სწორედ მეუღლის (პირველი მოპასუხის) ინდივიდუალური საკუთრების თანაზიარად გადაქცევას, ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციას ეხება იმ საფუძვლით, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (სსკ-ის 1163-ე მუხლი), რასაც პირველი კასატორი იმაზე მითითებით არ ეთანხმება, რომ სადავო უძრავი ქონება მან ქორწინებამდე შეიძინა და სადავო სახლიც ქორწინებამდე აშენდა, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ჩატარებული კოსმეტიკური რემონტი, მოპირკეთებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გადიდებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

54. საკასაციო პალატის მითითებით, ოჯახში მეუღლეთა ქონებას შეიძლება ინდივიდუალური საკუთრება წარმოადგენდეს, როგორიცაა მაგალითად ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე, თუმცა შესაძლებელია, მეუღლეთა განცალკევებული ქონების საერთო თანასაკუთრებად ტრანსფორმაცია (სახეცვლილება) მოხდეს. აღნიშნული სსკ-ის 1163-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ქონების რემონტი ან განსაკუთრებით დიდი თანხების დაბადება ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებას იწვევს, იგი შეიძლება ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური ქონების საერთო თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. ცხადია სადავო ქონების მხოლოდ მიმდინარე რემონტი, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის, არ შეიძლება ქონების საერთო საკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. ქონების რემონტი ან თანხების დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

55. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

56. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. იმავე კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას - განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

57. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს, კერძოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

58. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 2017 წლის 2 მარტი).

59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავს მოსარჩელის მიერ სსკ-ის 1163-ე მუხლიდან გამომდინარე ქონების სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით მითითებული გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად სადავო ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

60. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2014 წლის 25 ნოემბრის, 2015 წლის 29 იანვარსა და იმავე წლის 17 მარტის სასამართლო სხდომებზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მათ შორის, მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ 2006 წლის გაზაფხულზე ე.ი. ქორწინების რეგისტრაციამდე, მოპასუხის მიერ ........ შეძენილ მიწის ნაკვეთზე აშენებული იყო სახლი, რომელიც იყო შავკარკასულ მდგომარეობაში და საცხოვრებლად ვარგისი არ იყო. ასევე, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, სახლის მშენებლობა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოსარჩელესთან ქორწინების შემდეგ გრძელდებოდა, კერძოდ, ჩატარდა ისეთი სამუშაოები როგორიცაა: გალესვა, ფანჯრების, კარებების ჩასმა, მოპირკეთება, სამღებრო სამუშაოები, იატაკის დაგება, ეზოში აუზის მოწყობა, დამხმარე ნაგებობებისა და გალავნის აშენება. მოწმე ვ.პ–ის ჩვენების თანახმად, მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2006-2007 წლებში გრძელდებოდა, ფანჯრები 2006 წლის ზაფხულში ჩაისვა, ხოლო ქვის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მან 2010 წელს შეასრულა.

61. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ........, პირველი მოპასუხის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შავკარკასულ მდგომარეობაში ჩატარებული სამუშაოების მაშტაბების გათვალისწინებით, სადავო უძრავი ქონება საცხოვრებლად ვარგისად იქცა სწორედ მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და ქორწინების განმავლობაში წარმოებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შედეგად ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა, რასაც შპს ,,ი–ის“ 2014 წლის 4 აპრილის უძრავი ქონების აუდიტორული შეფასებაც ადასტურებს, რომლის თანახმად, 10 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (რომელიც მხარეთა ქორწინებამდე შავკარკასულ მდგომარეობაში იყო) 700 000 ლარად შეფასდა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის საპირისპირო მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა).

62. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტი, რომ პირველი მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრების საგანი გარდაიქმნა მეუღლეთა თანასაკუთრებად, მათი ქორწინების პერიოდში, ვერ გააბათილა პირველმა კასატორმა. მარტოოდენ პრეტენზიის გაცხადება, სამართლებრივად წონადი მტკიცებულებების არქონის პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალწარმოებისას, პირველმა მოპასუხემ, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ვერცერთი მოწმის, არათუ საექსპერტო დასკვნის წარდგენა ვერ შეძლო რომელიც მის სასარგებლო სადავო გარემოებას დაადასტურდება, ისევე როგორც, დასაბუთებული არგუმენტების წარდგენა შესაგებელში, საკასაციო პალატას არწმუნებს, რომ მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, პირველმა მოპასუხემ საქმის განხილვის ვერცერთ სტადიაზე ვერ მოახდინა კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება (სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები), ვერ დაძლია მოწინააღმდეგის არგუმენტები და ვერ დაამტკიცა, რომ 2005 წლის 21 მარტს 10 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთები მხარეთა ქორწინებამდე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 700 000 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებად გარდაიქმნა, რისი გათვალისწინებითაც, სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად უნდა იქნეს მიჩნეული.

63. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, იმ დაშვებითაც, რომ სადავო ქონების ღირებულება ქორწინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გადიდებულიყო, ამ შემთხვევაში ეს გარემოება ავტომატურ რეჟიმში არ აქცევს ამ ქონებას მეუღეთა თანასაკუთრებად. თუკი კანონმდებელს სურდა ზემოაღნიშნული სამართალურთიერთობის ასე მოწესრიგება, მაშინ შესაბამისი დებულება უნდა ასახულიყო სამოქალაქო კოდექსში ისეთივე მკაფიოდ და იმპერატიული ნორმით, როგორც ეს ჩამოყალიბებულია ამავე ტიპის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ სსკ-ის 1158-ე მუხლში. სსკ-ის 1163-ე მუხლი კი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი არ არის.

64. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 1163-ე მუხლის დანაწესში მითითებული წინაპირობები, კერძოდ, ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდება ავტომატურად გარდაქმნის ინდივიდუალურ საკუთრებას მეუღლეთა თანასაკუთრებად. სსკ-ის 1163-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელებასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ-ები №ას-72-2019, 19.04.2019წ.; №ას-7-7-2016, 16.03.2016წ.)

65. შემდეგი საკითხი, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, ისაა, თუ რამდენად კანონერად გასხვისდა მოსარჩელის კუთვნილი 1/2 წილი მეორე მოპასუხის სახელზე.

66. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ).

67. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებათა ანალიზით იქნება დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, მოპასუხეების მიერ ურთიერთშეთანხმებით მოქმედების შესახებ, იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს სადავო ქონებიდან თავისი კუთვნილი წილი ვერ მიეღო. ამ დასკვნას ამყარებს, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების შემდეგ, მყიდველს ნასყიდობის საგანი არ გადასცემია და მას გამყიდველი და მისი ოჯაის წევრები ფლობდნენ. გამყიდველი სადავო უძრავი ქონების გაუმჯობესებას აგრძელებდა და ატარებდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ, აუზისა და დამხმარე ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამუშაოებს. მოწმეთა ჩვენებით, პირველი მოპასუხე სადავო საცხოვრებლი სახლისა და ეზოს გასაუმჯობესებლად სამომავლო გეგმებს სახავდა და ახორციელებდა კიდეც მათ. ამასთან, უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ, მოსარჩელე და მისი შვილი პერიოდულად სადავო აგარაკზე ისვენებდნენ, ასევე, 2012-2013 წლებში სადავო უძრავ ქონებაში, როგორც პირველი მოპასუხის, ასევე - მოსარჩელის სტუმრები იყრიდნენ თავს და როგორც მოსარჩელისათვის, ასევე ოჯახის ახლობლებისათვის უცნობი იყო უძრავი ქონების გასხვისების შესახებ.

68. უდავოა, რომ მყიდველი გამყიდველის დისშვილის მეგობარია და მათ ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ჰყავთ არაერთი საერთო ნაცნობი და მეგობარი. მყიდველის განმარტებით, კარგად იცნობს მოსარჩელესაც და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებამდე და შემდეგაც სადავო საცხოვრებელ სახლში მოსარჩელესთან ერთად ისვენებდა და მიუხედავად ამისა, არც მას და არც პირველ მოპასუხეს სადავო გარიგებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არც მოსარჩელისათვის და არც ოჯახის ახლობლებისათვის არ მიუწოდებიათ. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოპასუხეები ურთიერთშეთანხმებით ცდილობდნენ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ დამალვას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის გადაცემა საქმის მასალებით არ დასტურდება.

69. საკასაციო პალატის მითითებით, მეუღლეთა შორის ურთიერთობა შვილის დაბადების, ანუ 2009 წლის 27 იანვრის შემდეგ იძაბებოდა, შესაბამისად, სადავო გარიგებათა დადების დროისათვის - 2011 წლის აპრილშიც მეუღლეთა შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. მოპასუხეებს 2011 წლის მაისიდან - საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტიდან 2013 წლის დეკემბრამდე შეძენილი ქონების მეორე მოპასუხის სახელზე აღრიცხვისათვის რაიმე ზომები არ მიუღიათ და მხოლოდ 2013 წლის დეკემბერში, როცა მეუღლეთა შორის კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა, რომ შეუძლებელი გახდა მეუღლეთა თანაცხოვრება, მაშინ განხორციელდა მეორე მოპასუხის სახელზე სადავო უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

70. საკასაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოპასუხეთა დადებული გარიგებები არ ასახავდა კონტრაჰენტთა ნამდვილ ნებას და ფორმალურად, მხოლოდ იმ მიზნით დაიდო, რათა მოსარჩელეს წართმეოდა თანასაკუთრებიდან წილის მიღების შესაძლებლობა.

71. საკასაციო პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონება მისი მკურნალობისათვის გასხვისდა და ნასყიდობის თანხის ნაწილიც მის მკურნალობას მოხმარდა და მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება. სადავო გარიგებების დადების დროს, პირველ მოპასუხეს მკურნალობის კურსი დამთავრებული ჰქონდა, ამასთან, 2009 წლიდან 2013 წლამდე ჩატარებული გამოკვლევების ღირებულებამ ჯამში 1510.30 ლარი შეადგინა, ხოლო მოხმარებული პრეპარატების ღირებულებამ 734.12 ლარი, შესაბამისად, არ იკვეთება პირველი კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

72. საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების 41-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც სსკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე, სამართლებრივად უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

73. რაც შეეხება კასატორთა წინამდებარე განჩინების 43-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოპასუხეთა შორის დავალების ხელშეკრულების არსებობის ლოგიკური დასაბუთება შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მით უფრო, როცა მეორე მოპასუხე საკუთარ შესაგებელში მინდობილობის გაცემის სხვა საფუძველზე მიუთითებდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი).

74. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის კანონიერებას ზოგადად შემძენის კეთილსინდისიერებას უკავშირებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც გამორკვეულია, რომ სადავო ქონება მხოლოდ ფორმალურად, მოსაჩვენებლად გასხვისდა, შემძენის კეთილსინდისიერება სადავო ქონების გასხვისების მიმართ იმთავითვე გამორიცხულია. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების დროს, მეორე მოპასუხისათვის კარგად იყო ცნობილი, ერთი მხრივ, მეუღლეთა გამწვავებული ურთიერთობის, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ქონებაზე მოსარჩელის თანასაკუთრების უფლების არსებობის შესახებ აღნიშნულიც გამორიცხავს შემძენის (მეორე მოპასუხის) კეთილსინდისიერებას.

75. საკასაციო პალატის შეფასებით, დასტურდება მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედება - მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფა, ზიანი - ქონებრივი დანაკლისი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის - მიღებული ზიანი მოპასუხეთა მოქმედების უშუალო შედეგია, ზიანის მიმყენებლის ბრალი - მოპასუხეებმა შეგნებულად, სადავო გარიგებების გაცნობიერებულად დადებით, ხელი შეუწყეს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას, შესაბამისად, გამოკვეთილია წინამდებარე განჩინების 50-ე პუნქტში მითითებული მუხლებით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა.

76. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 1/2-ისა და პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის ნახევრის მოსარჩელისათვის მიკუთვნებას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს სსკ-ის 1158-ე მუხლი (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი) განსაზღვრავს და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე შემდეგია: მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება.

77. საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველმა მოპასუხემ ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES BENZ E350 (VIN:WDDH8JBXCA563528), გამოშვების წელი - 2011, მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინა, რისთვისაც 2012 წლის 27 დეკემბერს შპს „ა.მ–ის“ ანგარიშზე 37041.81 ლარი გადარიცხა. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება 2013 წლის 20 აპრილამდე პირველი მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა, შემდგო კი, 2015 წლის 23 აპრილს - 7250 აშშ დოლარად გასხვისდა.

78. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობით მეუღლის ქონებრივი უფლების რეალიზაცია - სადავო მატერიალური სიკეთის, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტზეა დამოკიდებული. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა არაა, რომ ქონება, რომლის ღირებულების თანამესაკუთრედ ცნობაზეც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას, მეუღლეთა ქორწინების პერიოდშია შეძენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქონება მეუღლეების - მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებაა, შესაბამისად, ამ ქონების ღირებულების 1/2 მოსარჩელეს ეკუთვნის, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად იმსჯელა.

79. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურება ის გარემოება, რომ პირველმა მოპასუხემ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება მესამე პირის დავალებითა და თანხით შეიძინა. ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება მოწმის ჩვენება - ურთიერთსაწინააღმდეგოა და მისი გაზიარების საფუძველს გამორიცხავს, სხვა მტკიცებულება კი, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის.

80. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, კანონიერია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხების გაყოფის შესახებაც, ვინაიდან, პირველი მოპასუხის ანგარიშზე თანხა შეტანილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინებისა და ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში, მოპასუხემ თანხა ანგარიშიდან თანაცხოვრების პერიოდში გაიტანა და მეუღლეთა დაშორებამდე არ გახარჯულა.

81. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

82. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

83. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

84. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.დ–ისა და თ.გ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. ლ.ჩ–ძეს დაუბრუნდეს 2021 წლის 31 მარტის განცხადებაზე დართული დოკუმენტები 12 ფურცლად (ტ. IV, ს.ფ. 537-548);

4. კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე