საქმე №ას-183-2023 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 10 765.13 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი", რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 15 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
3. მოსარჩელეს, მოპასუხესა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა ორი მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება (2017 წლის 27 აპრილს სესხის ID 8892911 და 2017 წლის 27 ნოემბერს სესხის ID 9336927) სესხები გაიცა 275 კვ.მ ფერმის მშენებლობისა და მოწყობისთვის.
4. პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენს უძრავი ნივთის (შენობა-ნაგებობის) მშენებლობა, მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება აღნიშნული მიზნობრიობის განხორციელება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში ან მიწის ნაკვეთზე უნდა არსებობდეს შესაბამისი სარგებლობის უფლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები.
5. ხელშეკრულების პირობების (მე-3 მუხლის 3.1.2 ქვეპუნქტი) შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, განახორციელოს კომერციული ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
6. მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა მოპასუხის მიერ გაცემული სესხების მონიტორინგი და დადგინდა, რომ მოპასუხემ სესხები გასცა ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ, 2017 წლის 27 აპრილს სესხი ID 8892911 გაიცა საკადასტრო კოდზე ...... ფერმის მშენებლობის მიზნობრიობით, ხოლო 2017 წლის 27 ნოემბერს ID 9336927 ამავე ფერმის მშენებლობის დასრულების მიზნობრიობით. პირველი სესხის გაცემის მომენტისთვის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა ფერმის მშენებლობა არ წარმოადგენდა ბენეფიციარის საკუთრებას და რეგისტრირებული იყო სხვა პირთა თანასაკუთრებად. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2017 წლის 27 აპრილს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა ბენეფიციარმა სხვა პირთან მიწაზე, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მის საკუთრებაში. მის საკუთრება ზემოაღნიშნულ მიწაზე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ დარეგისტრირდა 2017 წლის 10 მაისს. ამასთან, წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა 5 წლის ვადით, შესაბამისად, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის თანახმად, ექვემდებარებოდა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ რეგისტრაციას, რაც არ განხორციელებულა. 2017 წლის 27 ნოემბერს სესხის ID 9336927 გაიცა ამავე ფერმის მშენებლობის დასრულებისთვის, ზემოაღნიშნულ დარღვევებს დაემატა ის, რომ ზემოაღნიშნული ქირავნობის მოქმედების დარჩენილი ვადა სესხის გაცემისას იყო სესხის ვადაზე ნაკლები.
7. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად, კომერციულ ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგ ოდენობას. შესაბამისად, სესხზე ID 9336927 მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგი ოდენობით - 2 097.52 ლარი. (თანადაფინანსების თანხის 1 048.76 ლარის ორმაგი ოდენობა). ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხა აღემატება 2 500 ლარს, პირგასამტეხლოს თანხა დაითვლება შემდეგნაირად: თანადაფინანსების თანხას დამატებული 2 500 ლარი. შესაბამისად, სესხზე ID 8892911 მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 8 658.61 ლარი (თანადაფინანსების თანხას - 6 158.61 ლარს დამატებული 2 500 ლარი).
8. მოსარჩელემ 2018 წლის 19 ივლისის N1/1313 წერილით აცნობა მოპასუხეს სესხებზე (ID 8892911 და ID 9336927) პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რომელიც დაეკისრა მას ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად. მოპასუხემ დაარღვია პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ხელშეკრულების დანართი №1, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე ს/კ .... ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 27 აპრილს, 5 წლის ვადით და სესხის ID 8892911 გაცემისას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ არ ყოფილა რეგისტრირებული. ამასთან, გამქირავებელი ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის ს/კ ...... მესაკუთრეს.
9. მოპასუხემ დაარღვია პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ხელშეკრულების №1 დანართი. მიწის ნაკვეთზე ს/კ ….. ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 5 წლის ვადით და სესხის გაცემისას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ არ ყოფილა რეგისტრირებული. ამასთან, ვინაიდან ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 5 წლის ვადით, 2017 წლის 27 აპრილს, მისი მოქმედების დარჩენილი ვადა სესხის ID 9336927 გაცემისას იყო სესხის ვადაზე ნაკლები.
10. სააგენტოს პროექტების/პროგრამების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიამ 2018 წლის 6 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს, სულ - 10 756.13 ლარის დაკისრების შესახებ (იხ. ს.ფ.5-11).
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულება დაიდო არა 5 წლით, არამედ 5 წლითა და 8 თვით. ამასთან, მართალია, სადავო უძრავი ნივთზე საკუთრება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოგვიანებით, თუმცა მოპასუხისათვის ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ. მოპასუხემ ასევე სადავო გახადა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა (იხ. ს.ფ.78-82).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ID8892911 სესხზე - 8 658.61 ლარის, ID9336927 სესხზე კი 2 097.52 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა (იხ. ს.ფ.112-120). ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 149-155).
13. 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინება მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით (იხ. ს.ფ. 249-265) მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაუქმდა და საქმე, მისი მომზადების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ ძირითადად ემყარება იმ გარემოებას, რომ მან არასწორად მოინიშნა სასამართლო სხდომის თარიღი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა. აპელანტის მითითებით, აღნიშნული განმარტება საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს საპატიო მიზეზად, რაც საფუძვლად დაედება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
16. პირველ რიგში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება 2022 წლის 23 მაისს დანიშნული სხდომის თაობაზე მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2022 წლის 7 აპრილს. შესაბამისად, მოპასუხის სასამართლოს სხდომის თაობაზე ინფორმირების საკითხი მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის.
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკითხის სწორი შეფასებისათვის მხოლოდ ფორმალური მიდგომა საკმარისი არ არის და აპელანტის პოზიციის საფუძვლიანობის შემოწმებისთვის, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს საქმის განხილვის პროცესში მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებები და ზოგადად საქმის ფაქტობრივი მოცემულობა, რათა დადგინდეს მოპასუხის დამოკიდებულება საქმის მიმართ, რაც შემდგომ სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, შეაფასოს აპელანტის არგუმენტის საფუძვლიანობა.
18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე, 241-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარდა 2021 წლის 15 მაისს და განესაზღვრა 10-დღიანი ვადა შესაგებლის წარსადგენად. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხემ წარადგინა კვალიფიციური შესაგებელი, რითაც სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა შესაბამისი დასაბუთებით. აღნიშნულის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2022 წლის 23 მაისს, 13:00 საათზე. მოპასუხე მხარეს უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე იგი არ გამოცხადებულა. მოპასუხის გამოუცხადებლობის შედეგად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა, რაც არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საკითხის სწორად შეფასების მიზნით, საჭიროა იმის გარკვევა, ასეთ შემთხვევაში რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
19. სსსკ-ის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (იხ. სუსგ საქმე №ას-306-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).
20. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად ცნობისთვის, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი მოცემულობის ერთობლიობაში შეფასებით, სასამართლოს უნდა გაუჩნდეს შინაგანი რწმენა იმისა, რომ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უარი განაცხადა მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე, ან, მეორე მხრივ, არაკეთილსინდისიერად იყენებს აღნიშნულ უფლებას, რაც გამოიხატება საქმის წარმოების პროცესის გაჭიანურების მცდელობაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელის საპასუხოდ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა კვალიფიციური შესაგებელი, შემდგომ საჩივრითა და სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად მოპასუხემ საქმის საწყის ეტაპზევე და შემდგომაც დააფიქსირა მისი ინტერესი დავის მიმართ. ამასთან, მოპასუხის გამოუცხადებლობა განხორციელდა სასამართლოს მიერ ჩანიშნულ პირველ, მოსამზადებელ სხდომაზე, რაც ვერ იქნება შეფასებული საქმის გაჭიანურების მცდელობად. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც, რომ უწყების ჩაბარებამდე ორი კვირით ადრე მოპასუხის წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელი იყო წინამდებარე საქმის წარმოებაზე, დაუდგინდა კოვიდ-19 ვირუსი (რაც საზოგადოდ ცნობილია, რომ გავლენას ახდენს პირის კონცენტრაციასა და მეხსიერებაზე). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს მართლაც შეცდომით მოენიშნა სასამართლო სხდომის თარიღი, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდიდა მისი მხრიდან სხდომაზე გამოცხადებას, ან სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არსებობს რეალური ეჭვი, რომ მხარემ დაუშვა შეცდომა სხდომის თარიღის მონიშვნისას და საქმის მასალებიდან არ დგინდება მისი უპასუხისმგებლო ქმედების, ან საქმისადმი ინტერესის დაკარგვის გარემოება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სანქციის სახით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. პალატამ მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს და მისი შეზღუდვის ლეგიტიმურობა სარწმუნოდ უნდა იქნეს დადასტურებული, რაც მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, სახეზე არ გვაქვს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, შესაბამისად, არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლის შემადგენლობა, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. პალატამ აქვე მიუთითა, რომ ვინაიდან დადგინდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობის არსებობა, სააპელაციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული გამართულობის საკითხს აღარ შეაფასებს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია, ეფუძნება არა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორ შეფასებას, არამედ სააპელაციო სასამართლოს სუბიექტურ აღქმას, რადგან შეუძლებელია საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს იურიდიული პირის წარმომადგენლის გულმავიწყობა წარმოადგენდეს. მხარეთა არასაპატიო გამოუცხადებლობის შედეგი ასახულია როგორც მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, რომელიც გამოუცხადებლობის მიზეზების შეფასების მაღალ სტანდარტს აწესებს. გასაჩივრებული განჩინებით სრულიად უგულებელყოფილია კასატორის ინტერესი.
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 230-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი, რადგან მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ყველა ის წინაპირობა, რაც განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლომ 3.06.2016წ. №ას-152-148-2016 განჩინებაში.
25. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 233-ე მუხლიც, რადგან აღნიშნული ნორმის პირველ ნაწილში ასახული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებანი განსახილველ საქმეზე არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული ნორმის განმარტებასა და შემდგომ ფაქტების შეფასებას შორის არავითარი ლოგიკური ჯაჭვი არ არის.
26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 215-ე მუხლის განმარტებისას არ გაითვალისწინა, რომ, მართალია, დასახელებული ნორმა იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა შეიცავს სავალდებულო დათქმას, რომ მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული, ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. დადგენილია, რომ მხარე ავად არ ყოფილა, ახლო ნათესავი არ გარდაცვლია, განსაკუთრებულ, ობიექტურ გარემოებად კი გულმავიწყობა და დატვირთული სამუშაო რეჟიმი ვერ შეფასდება. ამასთან, აპელანტის სამართლებრივი სტატუსი აკისრებს მეტ პასუხისმგებლობას. იურიდიულ პირს, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია (იხ. სუსგ 25.06.2021წ. საქმე №1318-2020). შესაბამისად, ისეთი კომპანიისაგან, როგორიც მოპასუხეა, სააპელაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, თუკი გულმავიწყობა და გადაღლა სასამართლოსათვის გონივრულ არგუმენტებად იქნება მიჩნეული, მაშინ გადასახედი გახდება ყველა გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელედ მოპასუხე კომპანიაა, ხოლო მოპასუხე - ნებისმიერი მოპასუხის მოვალე ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა გამოტანილი.
27. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მორგებულია მოპასუხის ინტერესებზე და არ ითვალისწინებს, რომ კომპანიას არაერთი იურისტი ჰყავს. თუ ერთი თანამშრომელი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, შეუძლია სხვა პირს გადასცეს საქმე. ასევე, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, რადგან ერთი მხარის უპასუხისმგებლო ქცევის გამო, შეიძლება კეთილსინდისიერი მხარე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდეს.
28. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია რომელ მტკიცებულებას ეფუძნება სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ კოვიდის გადატანიდან ორი თვის მანძილზე მოპასუხის წარმომადგენელს ჰქონდა პოსტკოვიდური მეხსიერების დაბინდვა. მოპასუხე კომპანიისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომების ინტერნეტ გვერდის შესახებ და არაერთი თანამშრომლის არსებობის პირობებში, რთულად დასაჯერებელია, რომ ერთი თვის მანძილზე მხარემ არცერთხელ არ გადაამოწმა სხდომის თარიღი. საპატიო გამოუცხადებლობის სარწმუნო მტკიცებულებას არ წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მითითებული, ავერსის ელექტრონულ გვერდზე ატვირთული ინფორმაცია კოვიდის ჰიპოთეტური გართულებების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და ელექტრონული გვერდის მტკიცებულებად განხილვა ყველა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენებას გამოიწვევს.
29. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის არგუმენტი, რომ მოპასუხემ საკუთარი ინტერესი დავის მიმართ დაადასტურა. მისი მითითებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომელიც არასაპატიოდ მიიჩნევს არა მხოლოდ პოსტკოვიდურ ჰიპოთეტურ და დაუსაბუთებელ გარემოებებს, არამედ თვითიზოლაციაში ყოფნასა და რიგ სხვა შემთხვევებს, როდესაც ამგვარი გარემოებანი არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება (იხ. სუსგ 22.09.2022წ. საქმე №ას-801-2022).
30. კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოპასუხეს საქმის განხილვა არ გაუჭიანურებია და, ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი შეტანილ იქნა 2021 წლის 27 აპრილს, სხდომა კი ჩაინიშნა ერთ წელზე მეტის შემდეგ - 2022 წლის 23 მაისს. სხდომის დღეს კი მოპასუხე არ გამოცხადდა, რადგან არასწორად მოინიშნა სხდომის დღე. ამჟამად კასატორს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ელოდა პროცესის ჩანიშვნას, უწევს იმის მტკიცება, რომ მოპასუხის ქმედება სწორედ საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურებოდა, ხოლო სააპელაციო პალატამ უგულებელყო როგორც კანონი, ისე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, იმსჯელა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და 2023 წლის 11 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იგევე სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
34. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1. მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
35. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინების კანონიერება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე– მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
37. დაუსწრებელი გადაწყეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებელ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( თეორია და პრატიკა), თბილისი, 2022, გვ. 181).
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები [სსსკ-ის 233.1. მუხლი].
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ -ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).
42. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020წელი).
43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით ( იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).
44. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
46. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე. (შდრ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018).
47. მართალია, სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არაა ვალდებული, გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. (შდრ. სუსგ №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას - 678-649-2016, 16 დეკემბერი, 2016).
48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
49. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით (იხ. გვ.98-99) საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2022 წლის 23 მაისს, 13 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ს მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს სასამართლოს უწყება გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე. საქმეში განთავსებული საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა ბანკის უფლებამოსილ პირს 2022 წლის 07 აპრილს. შეტყობინების ბარათი დამოწმებულია მოპასუხის ბეჭდით (იხ. ს.ფ.102-103). დადგენილია, რომ მოპასუხეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სსსკ-ის 230-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ (იხ. ს.ფ.112-120).
50. მოპასუხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი წარადგინა 2022 წლის 30 მაისს, სადაც მიუთითა, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, შესაბამისად არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საჩივარში მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო, როგორც სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, აგრეთვე ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც დადგებოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუმცა საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ვერ მოახერხა ჯეროვნად შესრულება, კერძოდ, გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, სხდომის ჩატარების თარიღის მონიშვნა მოხდა არასწორად - ნაცვლად 2022 წლის 23 მაისისა, მონიშნული იქნა 2022 წლის 25 მაისი. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საჩივრის ავტორს 2022 წლის 23 მარტს მეორედ დაუფიქსირდა covid 19 ვირუსი, ხოლო უწყების მიღება მოხდა ამ დროიდან 15 დღის შემდეგ. აღნიშნული ვირუსი კი საყოველთაოდ ცნობილია, რომ იწვევს არაერთ მნიშვნელოვან გართულებას, მათ შორის მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაკარგვას, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ადამიანის შრომისუნარიანობაზე. ამის დასტურად საჩივრის ავტორმა მიუთითა რამდენიმე ონლაინ ლინკი და აღნიშნა, რომ მის მიერ ტექნიკური ხასიათის შეცდომის დაშვება, განაპირობა სწორედ კოვიდის შემდგომ გართულებამ, შესაბამისად, აღნიშნული შეცდომა, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც მოპასუხე ბანკის მხრიდან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება (იხ. ს.ფ.123-124).
51. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ და აღნიშნავს, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 215-ე მუხლის განმარტებისას არ გაითვალისწინა, რომ, მართალია, დასახელებული ნორმა იმპერატიული არ არის და საპატიო მიზეზების აბსოლუტურ ჩამონათვალს არ განსაზღვრავს, თუმცა შეიცავს სავალდებულო დათქმას, რომ მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას ან/და სხვა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საფუძვლად განსაკუთრებული, ობიექტური გარემოება უნდა დაედოს. დადგენილია, რომ მხარე ავად არ ყოფილა, ახლო ნათესავი არ გარდაცვლია, განსაკუთრებულ, ობიექტურ გარემოებად კი გულმავიწყობა და დატვირთული სამუშაო რეჟიმი ვერ შეფასდება. ამასთან, აპელანტის სამართლებრივი სტატუსი აკისრებს მეტ პასუხისმგებლობას. იურიდიულ პირს, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია (იხ. სუსგ 25.06.2021წ. საქმე №1318-2020). შესაბამისად, ისეთი კომპანიისაგან, როგორიც მოპასუხეა, სააპელაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, თუკი გულმავიწყობა და გადაღლა სასამართლოსათვის გონივრულ არგუმენტებად იქნება მიჩნეული, მაშინ გადასახედი გახდება ყველა გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელედ მოპასუხე კომპანიაა, ხოლო მოპასუხე - ნებისმიერი მოპასუხის მოვალე ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა გამოტანილი. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მორგებულია მოპასუხის ინტერესებზე და არ ითვალისწინებს, რომ კომპანიას არაერთი იურისტი ჰყავს. თუ ერთი თანამშრომელი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, შეუძლია სხვა პირს გადასცეს საქმე. ასევე, უსაფუძვლოა მოპასუხის მითითება სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, რადგან ერთი მხარის უპასუხისმგებლო ქცევის გამო, შეიძლება კეთილსინდისიერი მხარე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდეს. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია რომელ მტკიცებულებას ეფუძნება სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ კოვიდის გადატანიდან ორი თვის მანძილზე მოპასუხის წარმომადგენელს ჰქონდა პოსტკოვიდური მეხსიერების დაბინდვა. მოპასუხე კომპანიისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომების ინტერნეტ გვერდის შესახებ და არაერთი თანამშრომლის არსებობის პირობებში, რთულად დასაჯერებელია, რომ ერთი თვის მანძილზე მხარემ არცერთხელ არ გადაამოწმა სხდომის თარიღი. საპატიო გამოუცხადებლობის სარწმუნო მტკიცებულებას არ წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მითითებული, ავერსის ელექტრონულ გვერდზე ატვირთული ინფორმაცია კოვიდის ჰიპოთეტური გართულებების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და ელექტრონული გვერდის მტკიცებულებად განხილვა ყველა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენებას გამოიწვევს (იხ. საკასაციო საჩივარი).
52. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ამ ნაწილში წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტეზია შემდეგ გარემოებათა გამო:
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.
54. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა. (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 02 ნოემბერი, 2018).
55. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარში მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო, როგორც სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, აგრეთვე ის სამართლებრივი შედეგები, რომელიც დადგებოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუმცა საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მან ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ვერ მოახერხა ჯეროვნად შესრულება, კერძოდ, გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, სხდომის ჩატარების თარიღის მონიშვნა მოხდა არასწორად - ნაცვლად 2022 წლის 23 მაისისა, მონიშნული იქნა 2022 წლის 25 მაისი. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საჩივრის ავტორს 2022 წლის 123 მარტს მეორედ დაუფიქსირდა covid 19 ვირუსი, ხოლო უწყების მიღება მოხდა ამ დროიდან 15 დღის შემდეგ. აღნიშნული ვირუსი კი საყოველთაოდ ცნობილია, რომ იწვევს არაერთ მნიშვნელოვან გართულებას, მათ შორის მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაკარგვას, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ადამიანის შრომისუნარიანობაზე. ამის დასტურად საჩივრის ავტორმა მიუთითა რამდენიმე ონლაინ ლინკი და აღნიშნა, რომ მის მიერ ტექნიკური ხასიათის შეცდომის დაშვება განაპირობა სწორედ კოვიდის შემდგომ გართულებამ (იხ. ს.ფ.124).
56. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განჩინებით (იხ. ს.ფ.98-99) საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2022 წლის 23 მაისს, 13 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ს მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს სასამართლოს უწყება გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე. საქმეში განთავსებული საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა ბანკის უფლებამოსილ პირს 2022 წლის 07 აპრილს. შეტყობინების ბარათი დამოწმებულია მოპასუხის ბეჭდით (იხ. ს.ფ.102-103). სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.
57. საკასაციო პალატის განხილვის საგანია მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.
58. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ( იხ. ს.ფ.102-103), შესაბამისად, ასეთ პირობებში, არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ადეკვატურად აღიქვა და დაიმახსოვრა სასამართლო შეტყობინების შინაარსი, რისი გამაქარწყლებელი რაიმე რელევანტური მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც საჩივრის ავტორს წარმოუდგენია. საკასაციო პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საქმის განხილვის თარიღის არასწორად ჩანიშვნა არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და სადავო საპროცესო მოქმედების – სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას გაამართლებს. (შდრ: სუსგ-ები №ას-1440-1360-2017, 26 ოქტომბერი, 2018წ.; №ას-274-2021, 07 ივლისი, 2021წ;).
59. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ „განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ასახელებს კომპანიის მიერვე წარმოებულ პროგრამაში სხდომის თარიღის არასწორად მითითებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კომპანიის პროგრამაში სხდომის თარიღის არასწორად დაფიქსირება არ იყო გამოწვეული სასამართლო შეტყობინებაში სხდომის თარიღის არასწორად მითითებით. იმ პირობებში, როდესაც მხარეს წერილობით ჩაბარდა შეტყობინება და ეცნობა სხდომის ჩატარების თარიღი, თავად აპელანტის მიერ სასამართლო შეტყობინებაში დაფიქსირებული თარიღის არასწორად მონიშვნა ვერ იქნება განხილული სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის ობიექტურ, აპელანტისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეულ გარემოებად (შდრ: სუსგ №ას-917-2022, 30 სექტემბერი, 2022 წ.). საპატიო გამოუცხადებლობის სარწმუნო მტკიცებულებას არ წარმოადგენს ასევე სააპელაციო პალატის მიერ მითითებული, ელექტრონულ გვერდზე ატვირთული ინფორმაცია კოვიდის ჰიპოთეტური გართულებების შესახებ, რადგან იგი არ აკამყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცების სტანდარტს.
60. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლები ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ მოპასუხის ინტერესებს იცავდა რამდენიმე წარმომადგენელი. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელში (იხ. ს.ფ. 78-82.) მითითებულია ორი წარმომადგენელი. შესაგებელს ხელს აწერს მეორე წარმომადგენელი - თ.მ–ი.( იხ. ს.ფ. 89). მოპასუხის მიერ 2021 წლის 20 იანვარს მინდობილობა გაცემულია 8 რწმუნებულზე, მათ შორის თ.მ–ზე (იხ. ს.ფ.92-93). მინდობილობა ი.ლ–ზე გაცემულია 2021 წლის 4 აპრილს (იხ. ს.ფ.94). მინდობილობა ი.ლ–ზე და რ.ქ–ზე გაცემულია 2021 წლის 21 ოქტომბერს (იხ. ს.ფ.131).
61. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ინტერესებს მინიმუმ ორი წარმომადგენელი იცავდა. (შდრ: სუსგ №ას-738-2019, 19 დეკემბერი, 2019 წ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ შესაგებელი სასამართლოში წარადგინა მოპასუხის მეორე წარმომადგენელმა (იხ. ს.ფ.89; შდრ: სუსგ №ას-800-2020, 12 ნოემბერი, 2020, პ.37). 2022 წლის 23 მაისის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის (რომელზეც გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ოქმში აღნიშნულია, რომ მოპასუხის ინტერესებს იცავდა ორი წარმომადგენელი (იხ. ს.ფ.106). სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. წინამდებარე შემთხვევაში, უტყუარადაა დადგენილი, რომ მოპასუხეს, მეორე რწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე წერილობით არ უცნობებია სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესით. ამდენად, არ დასტურდება მოპასუხესა და მის მეორე წარმომადგენელს შორის ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა (შდრ. სუსგ-ები: №ას-331-2021, 15 თებერვალი, 2022 წ; №ას-738-2019, 19 დეკემბერი, 2019 წ; №ას-165-165-2018, 03 აპრილი, 2018წ; №ას-614-573-2017, 30 ივნისი, 2017წ; №ას-376-350-2017, 02 მარტი, 2017წ).
62. საკასაციო პალატა მიუთითებს მყარად დაგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში, იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. (იხ. სუსგ-ები: №ას-331-2021, 15 თებერვალი, 2022 წ; №ას-274-2021, 07 ივლისი, 2021 წ; №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წელი;№ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).
63. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება.ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ ჰყავდა სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის განმახორციელებელი სხვა პირი. საქმეში წარმოდგენილია რწმუნებულება, რომლის თანახმად, წარმომადგენელს სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე ბანკის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მიანიჭა ბანკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, რომელსაც, თავის მხრივ, აღნიშნული უფლებამოსილება მიანიჭა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და, რომელსაც ასევე წარმატებით შეეძლო წარმოედგინა ბანკის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე. ისეთ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ბანკს უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია“ (შდრ: სუსგ №ას-780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წ.).
64. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 23 მაისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა ვერ იქნება მიჩნეული საპატიოდ და ამ მხრივ, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
65. საკასაციო პალატა ყურადღებას გამახვილებს მეორე მნიშვნელოვან საკითხზეც, რომელიც შეეხება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას, კერძოდ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
66. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018.)
67. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14 ივლისი, 2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (შდრ: სუსგ-ები: №ას-273-2020, 29 იანვარი, 2021 წ.; №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023 წ.; №ას-1416-2022, 7 თებერვალი, 2023 წ.; №ას-1440-2022, 2 მარტი, 2023 წ.).
68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400).
69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებლი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია [სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი) (შდრ: სუსგ-ები: №ას-274-2021, 07 ივლისი, 2021 წ; №ას780-780-2018, 22 ოქტომბერი, 2019 წ.).
71. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
72. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი არასაპატიოა და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების წრე და მისცეს მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება. სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუ აღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატა მივა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სახეზე იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
73. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი