საქმე №ას-270-2023 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ.ჩ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „კ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჩ–ს (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა №192814547604GYD საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 10 000 ლარი 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0-%-ით, კრედიტის გაცემის საკომისიო განისაზღვრა 15.3 %-ით, რომელიც აისახა გადახდის გრაფიკში და გადანაწილდა ყოველთვიურ გადახდებზე. მოვალეს გადაეცა კრედიტის გადახდის გრაფიკი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვა.
3. საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა საბანკო კრედიტის პირობები, კერძოდ, კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კლიენტს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე) და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
4. 2020 წლის 28 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება (მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია), რომლის შესაბამისადაც, ზუსტად განისაზღვრა 2020 წლის 28 სექტემბრისთვის დარჩენილი დავალიანება - 11946,22 ლარი. ცვლილება შევიდა საპროცენტო განაკვეთის ოდენობაში და წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 19%-ით. ასევე, დადგინდა მსესხებლის საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევა და გადახდის გრაფიკში აისახა სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელების გადახდის ვალდებულება, რომელიც გადაეცა მსესხებელს.
5. 2020 წლის 28 სექტემბრის შემდეგ მოპასუხეს, მისთვის მიცემული საშეღავათო პერიოდის მიუხედავად, განახლებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა ჯეროვნად არ გადაუხდია.
6. მოსარჩელის მითითებით, სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე მოპასუხის მიმართ მიმდინარეობდა გამარტივებული საქმის წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რისთვისაც მოსარჩელემ გადაიხადა სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი, ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 300 ლარი, იძულებითი სააღსრულებო წარმოების დაწყებისთვის საგარანტიო თანხა - 384.7 ლარი. გამარტივებული საქმის წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნულ ბიუროში რესპოდენტის/მოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა პროტესტი, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გარემოება გახდა სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.
7. მოპასუხესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების 6.5 მუხლის თანახმად, დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ სასამართლოს და თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის N192814547604GYD საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე: 20415.37 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 11946,22 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 4119,86 ლარი - პროცენტი (2499,75 ლარი სარჩელის შეტანის დღისთვის დარიცხული პროცენტი, ხოლო 1620,11 ლარი - გადახდის გრაფიკის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 3793,81 ლარი - დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა, ხოლო 555,48 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოების პროცესში გადახდილი 400 ლარის და საგარანტიო თანხის ნახევრის -192,35 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსარულებლად მიქცევა ( იხ. ტ.1.ს.ფ.7-8).
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 20415.37 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 11946.22 ლარი, პროცენტი - 4119.86 ლარი, პირგასამტეხლო - 3793.81 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 555.48 ლარი, მასვე დაეკისრა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოების პროცესში გადახდილი 400 ლარისა და საგარანტიო თანხის 192.35 ლარის გადახდა. ამასთან, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ( იხ. ტ.1.ს.ფ.83-89.). ამავე სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა( იხ. ტ.1.ს.ფ.120-124), რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.( იხ. ტ.1.ს.ფ.127-133).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით( იხ. ტ.2.ს.ფ.43-52) მოპასუხის სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ, დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის მასალების შესაბამისად, მოპასუხეს/აპელანტს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა პირადად - 2021 წლის 25 დეკემბერს (ტომი 1, ს.ფ. 82). მოპასუხე მხარე გაფრთხილებულ იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10-დღიან ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) XXVI თავის თანახმად, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
13. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, მას შესაგებელი უნდა წარედგინა 2021 წლის 25 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღის ვადაში. ამასთან, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადდა უქმე დღეები, მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სასამართლოში 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტის განმარტება სასამართლოს მიერ შესაგებლის წარდგენის ვადის დაანგარიშებასთან დაკავშირებით.
14. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო 2022 წლის 17 თებერვალს და ამ დრომდე მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია. ამდენად, აპელანტის მიერ ზემოთ მითითებული გარემოებები პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
15. აპელანტის განმარტებით, ბანკმა არაკეთილსინდისიერად, ვითომდა კლიენტის სასარგებლოდ განახორციელა 2019 წლის 8 ოქტომბრის სესხის რესტრუქტურიზაცია, თითქოს აუმჯობესებდა სესხის პირობებს, ამით ბოროტად და არაგულისხმიერად გამოიყენა დომინანტური მდგომარეობა, არ გამოიყენა ეროვნული ბანკის ბრძანება, საქართველოს კანონი „საბანკო საქმიანობის შესახებ“ და დღეის მდგომარეობით მოითხოვა კანონსაწინააღმდეგოდ დიდი თანხა. გაიცა არა სესხი, არამედ თევზის საკვები პროდუქტი განვადებით, რომელიც აღმოჩნდა უხარისხო და იგი მაღაზიამ აღარ დაიბრუნა, რის გამოც ზიანი მიადგა მოპასუხეს. გადაწყვეტილების უზუსტობაა თანხის იმ ნაწილშიც, რომელიც ეხება გამარტივებულ წარმოებას, რადგან ბანკის მიერ გამოხატული ნება არსებობდა მორიგების შესახებ, რომელიც შემდგომ უარყოფილ იქნა.
16. ზემოაღნიშნული პოზიცია სააპელაციო პალატა არ გაიზიარა და განმარტა, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, 2019 წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N#192814547604GYD, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 10000 ლარი 12 თვით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0%-ით, კრედიტის გაცემის საკომისიო - 15.3%-ით, რომელიც აისახა გადახდის გრაფიკში და გადანაწილდა ყოველთვიურ გადახდებზე. მოვალეს გადაეცა კრედიტის გადახდის გრაფიკი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვა.
17. საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა საბანკო კრედიტის პირობები, კერძოდ, რომ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში დასაფარი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კლიენტს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე) და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით. 2020 წლის 28 სექტემბერს განხორციელდა საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა (მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია), რომლის შესაბამისადაც, ზუსტად განისაზღვრა 2020 წლის 28 სექტემბრისთვის დარჩენილი დავალიანება 11946,22 ლარის ოდენობით, ამასთან, ცვლილება შევიდა საპროცენტო განაკვეთის ოდენობაში და წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 19%-ის ოდენობით. ასევე, აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრა მსესხებლის საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევა და, შესაბამისად, გადახდის გრაფიკში აისახა სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელების გადახდის ვალდებულება, რომელიც გადაეცა მსესხებელს.
18. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმდა არა სესხის ხელშეკრულება, არამედ თევზის საკვები პროდუქტი განვადებით, რომელიც აღმოჩნდა უხარისხო, რის გამოც ზიანი მიადგა მოპასუხეს, ხოლო ამასთან, სესხის მიზნობრიობა არ წარმოადგენს მიღებული სესხის დაფარვაზე უარის თქმის საფუძველს.
19. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება არის იგივე ვალის აღიარება და თავისი არსით იგი ახალი გარიგებაა. გარიგების გაფორმებისას მხარეს ჰქონდა შეუზღუდავი შესაძლებლობა, გაცნობოდა მასში მითითებულ პირობებს (მათ შორის, იყო თუ არა ხელშეკრულებაში ასახული პირობა მოვალის მიერ ძველი დავალიანების გადაფარვის შესახებ) და გამოეხატა მასზე თანხმობის ნება (სუსგ №ას-1532-1452-2017, 19.09.018 წელი). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ/აპელანტმა გამოხატა ნება და შეთანხმებაში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა. ამასთან, მითითებული არ ყოფილა იმგვარი გარემოების არსებობის თაობაზე, რამაც მსესხებელს ხელი შეუშალა შეთანხმების გაცნობასა და აღქმაში. ამდენად, მხარის მიერ ხელმოწერით დადასტურებულად ითვლება სესხის რესტრუქტურიზაციის შედეგად ხელშეკრულების ახალი პირობები, შესაბამისად, მოპასუხის აპელირება, სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გაზრდილი თანხის მითითების თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
20. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმის წარმოების პროცესში გადახდილი 400 ლარისა და საგარანტიო თანხის - 192.35 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა გამომდინარეობს სარჩელის აღძვრამდე მოპასუხის მიმართ მიმდინარე გამარტივებული საქმის წარმოებიდან, კერძოდ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოსარჩელემ გადაიხადა სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი, ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 300 ლარი და იძულებითი სააღსრულებო წარმოების დაწყებისთვის საგარანტიო თანხა - 384.7 ლარი. ვინაიდან გამარტივებული საქმის წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნულ ბიუროში რესპოდენტის/მოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა პროტესტი, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელეს დაუბრუნდა საგარანტიო თანხის ნახევარი, რის გამოც სარჩელით მოთხოვნილ იქნა საგარანტიო თანხის ნახევარი - 192.35 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოცემულ საქმეზე გაწეულ ხარჯებს, რომელიც დაკმაყოფილდა სსსკ-ის 37-ე და 53-ე მუხლის შესაბამისად.
21. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, ვინაიდან ამავე კოდექსის 2681 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.
22. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა არსებობს გამონაკლისიც, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს (ას-840-798-2013).
23. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მხარეთა თხოვნის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
25. რაც შეეხება აპელანტის განმარტებას მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არაპროპორციულობასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე პალატამ მიუთითა, რომ ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის არაპროპორციულობის თაობაზე, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის გასაჩივრება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
27. კასატორმა მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის თაობაზე მოპასუხისათვის შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. კასატორი ცხოვრობს სოფლად, სადაც მიუვალი გზებია და იქ სასამართლო კურიერი არასოდეს ასულა.
28. კასატორის განმარტებით, მოცემული დავა სააპელაციო სასამართლომ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რისი უფლებაც მას გააჩნდა, თუმცა მოპასუხე შუამდგომლობდა საქმის ზეპირი განხილვის შესახებ, რათა სასამართლოს შეეთავაზებინა მხარეთათვის მორიგება და არ დარღვეულიყო პროცესის საჯაროობის პრინციპი. სააპელაციო პალატამ დაარღვია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვინაიდან არ იზრუნა მხარეთა მორიგების საკითხზე. აღნიშნულ საკითხზე პალატას საერთოდ არ უმსჯელია მაშინ, როდესაც მხარეებს გააჩნდათ მორიგების სურვილი.
29. კასატორმა აღნიშნა, რომ მან სარჩელის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არა თავად მოპასუხეს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ დაადგინა, არამედ მოპასუხის სახელით მის შვილს, რომელიც ცალკე ოჯახად ცხოვრობს. მან ვერ გადასცა გზავნილი მამას დიდთოვლობის გამო. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს კანონის მოთხოვნათა დაცვით რომ ჩაბარებოდა, ის შეიტანდა შესაგებელს და აირიდებდა იმ არათანაზომიერი თანხების მისთვის დაკისრებას, რომელთა გადახდაც მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს. ( იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.2.ს.ფ.58-61).
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით, დარჩენილი 720 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები სამოქალაქო პროცესში სარგებლობენ თანასწორი საპროცესო უფლებებით, კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო იმ პირს კი, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი, შეუძლია თავი დაიცვას ამ სარჩელისაგან. ამასთან ერთად, სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავის დაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით.
33. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. მოპასუხის შესაგებელი წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. ერთმანეთისაგან განასხვავებენ პროცესუალურ-სამართლებრივ და მატერიალურ-სამართლებრივ შესაგებელს. პროცესუალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა მოპასუხის მიერ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები უკავშირებენ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, საქმის წარმოების შეწყვეტას, სარჩელის განუხილველად დატოვებას ან საქმის წარმოების შეჩერებას. მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება ისეთ ფაქტებზე მითითებით, რომლებსაც მატერიალური სამართალი უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმას.
34. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით ( იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).
35. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).
36. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
37. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები ითვალისწინებს სამართალწარმოების განხორციელებას მხოლოდ მხარეთა პროცესუალური აქტიურობის საფუძველზე. ამ პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის სავალდებულობა. სანქცია ამ პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მდგომარეობს მოპასუხე მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაში.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ.დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბ., 2022, გვ.58.).
39. ამასთან, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
40. სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ერთგვარ პრეზუმფციას ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას არსებობს ვარაუდი, რომ მოპასუხემ აღიარა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ზეპირი მოსმენის გარეშე, არ ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს, რადგან მოპასუხეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, თანდართული მასალებით სარჩელის ჩაბარებისას სსსკ-ის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაგებლით გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები. მოპასუხეს ასევე შეეძლო მოეთხოვა დამატებით გონივრული ვადა, შესაგებლისა და მტკიცებულებათა წარდგენისათვის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში.
41. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. გ) თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.
42. მოპასუხე მხარის მიერ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სსსკ-ის 2321 მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც მოსარჩელე მხარე სარჩელში უთითებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან.რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი მოსამართლე ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ან საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ ანიჭებს უფლებამოსილებას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს მოსარჩელე მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის როგორც 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე 2321 -ე მუხლის დათქმა სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობის შესახებ.
43. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14 ივლისი, 2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად. ( შდრ: სუსგ-ები: №ას-273-2020, 29 იანვარი, 2021 წ.; №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023 წ.; №ას-1416-2022, 7 თებერვალი, 2023 წ.; №ას-1440-2022, 2 მარტი, 2023 წ.
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
45. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილის დეტალების თანახმად, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები პირადად ჩაბარდა 2021 წლის 25 დეკემბერს, რასაც ადასტურებს მის მიერ მითითებული პირადი ნომერი ( იხ: ტომი 1, ს.ფ 82). მოპასუხე მხარე გაფრთხილებულ იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10-დღიან ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ სსსკ XXVI თავის თანახმად, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
46. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
47. ამდენად, შესაგებელი მოპასუხეს უნდა წარედგინა 2021 წლის 25 დეკემბრიდან სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღის ვადაში. ამასთან, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად, 2021 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადდა უქმე დღეები, მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სასამართლოში 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით. სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია.
48. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მას სასამართლო გზავნილი სარჩელითა და თანდართული დოკუმენტებით არ ჩაბარებია, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მან სარჩელის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არა თავად მოპასუხეს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ დაადგინა, არამედ მოპასუხის სახელით მის შვილს, რომელიც ცალკე ოჯახად ცხოვრობს. მან ვერ გადასცა გზავნილი მამას დიდთოვლობის გამო. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს კანონის მოთხოვნათა დაცვით რომ ჩაბარებოდა, ის შეიტანდა შესაგებელს და აირიდებდა იმ არათანაზომიერი თანხების მისთვის დაკისრებას, რომელთა გადახდაც მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს. ( იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.2.ს.ფ.58-61).
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც მხარე ვალდებულია, სარწმუნო მტკიცებულებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების არსებობა. კასატორის ზემოხსენებული არგუმენტი წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ პირადად ჩაიბარა გზავნილი და სადავო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარებისას საფოსტო უკუგზავნილზე დააფიქსირა საკუთარი პირადი ნომერი( იხ ტ.1.ს.ფ.82, საფოსტო უკუგზავნილი, ჩაიბარა პირადად), ამის საწინააღმდეგოდ კი, კასატორს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
50. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არასაპატიო მიზეზით არ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელის დაკამყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი წინაპირობები.
51. რაც შეეხება იმ გარემოებას, ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გაზიარებულ უნდა იქნეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა განსახილველ შემთხვევაში სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შესახებ.
52. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე არასწორად განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რადგან მოპასუხე შუამდგომლობდა საქმის ზეპირი განხილვის შესახებ, რათა სასამართლოს შეეთავაზებინა მხარეთათვის მორიგება და არ დარღვეულიყო პროცესის საჯაროობის პრინციპი. სააპელაციო პალატამ დაარღვია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვინაიდან არ იზრუნა მხარეთა მორიგების საკითხზე. აღნიშნულ საკითხზე პალატას საერთოდ არ უმსჯელია მაშინ, როდესაც მხარეებს გააჩნდათ მორიგების სურვილი. ( იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.28).
53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ ( იხ. საქმე „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ,“ დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება)
55. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2020, 20 აპრილი, 2021 წ; №ას-102-2021, 31 მარტი, 2021წ; №ას-968-2020, 21 დეკემბერი, 2020 წ; №ას-670-2020, 15 სექტემბერი, 2020 წ; №ას-1208-2019, 21 ნოემბერი, 2019 წ.). მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
56. რაც შეეხება კასატორის მითითებას მხარეთა შორის დავის მორიგებით დამთავრების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით და კანონიერი გზით წყვეტს მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას. საქმის დამთავრება მორიგებით სამართალწარმოების დასრულების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. სამოქალაქო საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება. მორიგება მოდავე მხარეთა შორის ხორციელდება და ორმხრივ ურთიერთდათმობას ემყარება. მორიგებისას აუცილებელია მხარეთა კონცენტრირება საერთო სასარგებლო და ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგზე. ორმხრივი ინტერესი ის უმთავრესი წინაპირობაა, რომელიც უმოკლეს დროში იძლევა მორიგების სამართლებრივ შედეგს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მორიგებისას „დამარცხებულის პოზიცია“ არ არსებობს და მორიგებაში მხარეთა სტატუსია „მორიგებულები“. მხარეებს შეუძლიათ გააკონტროლონ შედეგი, რომელიც მიიღწევა მოლაპარაკებით. ნებისმიერი მორიგების პროცესის „ხიბლი“ სწორედ შედეგშია (The beauty of any negotiated settlement – finality – იხ: Stephen G. Crane., Judge Settlements Versus Mediated Settlements, Dispute Resolution Magazine, 2011, 22.).
57. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2023 წლის 27 მარტს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელზე ( წერილობითი პასუხი), სადაც აღნიშნულია: „ მოპასუხე მხარემ( კასატორი) არაერთხელ გაამახვილა ყურადრება, რომ მას სურდა მორიგება და სასამართლომ არ შეუწყო ამაში ხელი. განვმარტავთ, რომ მორიგების შესაძლებლობა ზოგადად აღსრულების ეტაპზეც აქვს მხარეს. ამიტომ არსებული გადაწყვეტილების ფარგლებშიც შესაძლებელია გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს აღნიშნული არ წარმოადგენს“( იხ. ტ.2., მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი პასუხი).
58. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც.
59. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
60. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
62. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
64. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით, დარჩენილი 720 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
65. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე