Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-154-36-გ-03 1 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატასა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 21 აპრილს თ. ღ-ემ მოპასუხეების: გ. და თ. ჯ-ების მიმართ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში და ბინის თანამესაკთრედ ცნობა და 2/5 წილის გამოყოფა მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოსარჩელე თ. ღ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 1/5 წილზე და მისი ვაჟიშვილის გ. ჯ-ის საკუთრების უფლება – ამავე ბინის 1/5 წილზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება თ. ჯ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 22 ნოემბრის განჩინებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო და საქმე განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 3 ოქტომბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე თ. ღ-ის წარმომადგენელმა ბინის მესაკუთრედ ცნობასთან ერთად პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნული დავა ადმინისტრაციულად მიიჩნია და 2001წ. 3 ოქტომბრის საოქმო დადგენილებით სსკ-ს მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმე განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას გადასცა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2003წ. 26 ივნისის საოქმო დადგენილებით, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრება არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის სხდომაზე მოსარჩელე თ. ღ-ემ სადავო ბინის თანამესაკუთრედ ცნობა მოითხოვა, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება კი სადავოდ არ გაუხდია. ასკ-ს მე-3 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ და სსკ-ს მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და სარჩელის ფარგლებს. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსაზრებით, თ. ღ-ესა და თ. და გ. ჯ-ებს შორის არსებული დავა სამოქალაქო-სამართლებრივი შინაარსისაა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბინაზე საკუთრების უფლების აღიარება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის დადგენილებით “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ”. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნას არა კერძო სამართლის ნორმები, არამედ საჯარო სამართლის ნორმები.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 1998წ. 3 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და მისი სამართლებრივი შედეგები სასამართლომ უნდა შეამოწმოს მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა მოსარჩელე მის გაუქმებას.

2003წ. 4 ივლისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, ასკ-ს 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმე განსჯადობის საკითხის გასარკვევად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

თ. ღ-ე სასარჩელო განცხადებით დარღვეული უფლებების აღდგენას, თბილისში, ... მდებარე ბინის თანამესაკუთრედ ცნობას და აღნიშნული ბინიდან ფართის 2/5-ის გამოყოფას მოითხოვდა. მოსარჩელეს მითითებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნამდვილობა არც სასარჩელო განცხადებით და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს წარმოდგენილი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავად მიჩნევას, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაცუიული გარიგების დადება ან შესრულება და ადმინისტრაცილი ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეებს არ წარმოუდგენიათ ისეთი მოთხოვნა, რომელიც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო მართებულად არ მიიჩნევს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 1998წ. 3 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულება და მისი სამართლებრივი შედეგები, მიუხედავად იმისა, მოსარჩელე მოითხოვს თუ არა მის გაუქმებას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება სსკ-ს მე-3 მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ იმსჯელებს ისეთ საკითხებზე, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაზეც მოთხოვნა არ წამოუყენებიათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან მოსარჩელე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებას, ანუ ადმინისტრაციულ გარიგებას სადავოდ არ ხდის, დავა სცილდება ადმინისტრაციული დავის შინაარსს და სამოქალაქო სამართლებრივ ხასიათს იძენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ს 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ღ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას დაექვემდებაროს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.