Facebook Twitter

საქმე №ას-1094-2022 30 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ს.ქ.წ–ის“ შუამდგომლობა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების (მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის) თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პ.მ–ძემ (შემდეგში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა შპს ,,ს.ქ.წ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „კასატორი“, „შუამდგომლობის ავტორი“) მიმართ 208 230.15 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (მოპასუხის ნაცვლად სს “ბ.ბ–თვის“ გადახდილი თანხა) და 203 015.93 ლარის (მოპასუხის ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196 015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი) დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.06.2021 წლის განჩინებით :

1. მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......., №21, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 7680.00 კვ.მ. ს/კ: ....., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო თბილისი, ......., მოპასუხის კუთვნილ მატერიალურ აქტივებს (მოძრავ ნივთებს) (ტ.1, ს.ფ. 154-162).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.11.2021 წლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ქონების (მუყაოს ყუთების საწარმო დანადგარების): 1. Corrugated cardboard partition slotter 800*300 mm; 2. Inline thin blade slitter scorer blade electric adjustment 1800mm, 5 blades,8 scorers; 3. Automatic folder gluer 1200*2600 mm; .4. Double nc cut off machine (spiral knives), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა (ტ.2, ს.ფ. 133-140).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.01.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.06.2021 წლის და 30.11.2021 წლის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები (ტ.2, ს.ფ. 182-204).

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.06.2022 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 101 490.15 აშშ დოლარის, ასევე 203 015.93 ლარის გადახდა (მოპასუხის ნაცვლად გადახდილი კომუნალური გადასახადები - 196 015.93 ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 7000 ლარი). მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 106 740 აშშ დოლარის დაკისრებაზე. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.06.2021 წლის და 30.11.2021 წლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებები.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. კასატორმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების (მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის) მოთხოვნით. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, უძრავი ნივთის ღირებულება, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.06.2021 წლის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მნიშვნელოვნად აღემატება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სადავო მოთხოვნას (მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია), კასატორს შეზღუდული აქვს უძრავი ნივთის განკარგვის უფლება და იგი ვერ ახერხებს მის იპოთეკით დატვირთვას, გასხვისებას. იმის გამო, რომ უძრავი ნივთი დატვირთულია უკვე იპოთეკით, კასატორს ყოველთვიურად უწევს სოლიდური თანხის გადახდა და მას ფინანსური რესურსის მიღების მიზნით სურს, უძრავი ნივთის იპოთეკით ხელახლა დატვირთვა ან გასხვისება. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო კასატორი ვერ აწარმოებს ბანკებთან მოლაპარაკებებს პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით. კასატორი ითხოვს, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელეს დაევალოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 60 000 ევროს განთავსება. კასატორის განმარტებით, ეს სწორედ ის თანხაა, რომლის სესხად აღებასაც იგი ვერ ახერხებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

12. პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ № ას-1477-2018, 31.01.2019წ.).

13. პალატა განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).

14. სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. ზ. ძლიერიშვილი, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა, „სამართლის ჟურნალი“ №1, 2018წ., გვ. 10). კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდასაცავ მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ასეთ დროს დასაშვებია, მოსარჩელეს მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლო საკუთარი ინიციატივით აამოქმედებს აღნიშნულ მექანიზმს მხოლოდ მაშინ, თუ მოპასუხისათვის ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებული გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება (სსსკ-ის 102-ე მუხლი) (სუსგ Nას-958-923-2016, 21.10.2016წ., სუსგ Nას-1041-2018, 20.07.2018წ.).

16. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ (სუსგ Nას-515-2023, 18.05.2023წ.). პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, თავისთავად ცხადია, მოვალის უფლებები იზღუდება, თუმცა, ეს კანონით გათვალისწინებული საშუალებაა, დაცული იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებლობის საფრთხისგან. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო ვარაუდის საფუძველზე იღებს (სსსკ-ის 191.1-ე მუხლი), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უფრო მაღალ სტანდარტს ეფუძნება, ვიდრე ვარაუდია (სსსკ-ის 199.1-ე მუხლი) (სუსგ Nას-1041-2018წ., 20.07.2018წ.).

17. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ზარალის (ზიანის) ცნების ქვეშ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება უფლების დროებით შეზღუდვა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულებაც სწორედ რომ უფლების დროებითი შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და ა. შ). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება უფლების დაუშვებელ ხელყოფას გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე უფლებამოსილია, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა მოითხოვოს, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება (იხ.: დ.ბერეკაშვილი/პ.ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 199, გვ. 726). განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნის დასაბუთებისას შემოიფარგლება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამო შეზღუდული აქვს უძრავი ნივთის განკარგვის უფლება და ვერ ახერხებს მის იპოთეკით დატვირთვას ან გასხვისებას. ანუ უთითებს უფლების დროებითი შეზღუდვის ფაქტზე, რაც ზოგადად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საპროცესო დანიშნულება, მისი თანმდევი შედეგია და უზრუნველყოფს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის საფრთხისგან. შესაბამისად, ეს გარემოებები ვერ ასაბუთებს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ ვერ ასაბუთებს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის საჭიროებას, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. რაც შეეხება კასატორის აქცენტს უძრავი ნივთის ღირებულების და დავის საგანის არათანაზომიერებაზე, რითაც შუამდგომლობის ავტორი ცდილობს დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა, პალატა მიუთითებს, რომ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, შეზღუდვის თანაზომიერების და ადეკვატურობის განსაზღვრის მიზნებისთვის მნიშვნელობა ენიჭება არამარტო თავად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას, არამედ იმ ვალდებულების ოდენობასაც, რის უზრუნველსაყოფადაც არის იგი იპოთეკით დატვირთული. ამასთან, არაადეკვატური და არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიება, ასეთი გარემოების საქმის მასალებით დადასტურების შემთხვევაშიც, შესაძლოა წარმოადგენდეს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის, უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან/და დაყადაღებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას (სსსკ-ის 196-ე, 1961) მუხლები და არა სსსკ-ის 199.1 მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საფუძველს. შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა არ იკვლევს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების და დავის საგნის თანაზომიერების საკითხს და არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების (მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის) თაობაზე .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 199-ე 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ქ.წ–ის“ შუამდგომლობა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების (მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის) თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია