Facebook Twitter

საქმე №ას-549-2022 6 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.პ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება; პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.კ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,ტ.პ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, ,,კასატორი“) მიმართ და პატივის, ღირსების, სახელის, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2021 წლის 30 იანვარს შპს ,,ტ.პ–მა” საქართველოს შსს სამინისტროს თანამშრომელ გ.კ–ვას მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის თაობაზე მტკიცებით ფორმაში გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: ,,სამართალდამცველს მეგობარი გოგონებისთვის გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ის ფოთი - ქობულეთის გზაზე გააჩერეს და გაუშვეს, იმიტომ რომ მას ჰყავდა გავლენიანი მფარველები. ადამიანი, ვინც კოლეგა ნარკოტიკების გადატანაში ამხილა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამდვილი პანიკაა. ბრაზდებიან ადამიანებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს სისტემა ამხილონ, იმიტომ რომ არ სურთ იმუშაონ პოლიციაში, სადაც რიგითი სამართალდამცველი ნარკოტიკების ტრანსპორტირებით იქნება დაკავებული. ამ ადამიანებზე ახლა საგანგებო ძებნა მიმდინარეობს, ეძებენ რომ იპოვონ, ეძებენ რომ დასაჯონ და სისტემიდან გააგდონ. გ–მა ჯერ მათ ვერ მიაგნო‘’. სიუჟეტში საუბარია, რომ: ,,ფოთის სამმართველოში პირველ საათზე შევიდა ოპერატიული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიმტანი აღმოჩნდა თანამშრომელი, რომელიც ახლა დაკავებულია. ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებისას, ეს ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ავტომობილში დახვდათ პოლიციელი გ.კ–ვა, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება 7 აბი სუბოქსინი გადაჰქონდა მეგობარი გოგონებისთვის. პოლიციელებმა მიიღეს ზემდგომისგან დავალება, რომ ეს ადამიანი გაეყვანათ ზედმეტი ხმაურის გარეშე. აღნიშნულს ზ.გ–ა ხელმძღვანელობდა, რომელიც გ.კ–ვას მეგობარია და მისი ლობისტი. ახლა ყველა პოლიციელი არჩევს ამბავს, როგორ გაწირეს ციხისთვის პოლიციის კაპიტანი, რომელმაც კოლეგა ნარკოტიკების გადატანაში ამხილა და სისტემის იმიჯის გადარჩენას შეეცადა. ფოთის პოლიციაში დღემდე მუშაობს პოლიციელი, რომელსაც გასულ შაბათს რამდენიმე აბი სუბოქსინი აღმოუჩინეს. გ.კ–ვა დაკავებას ფოთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზ.გ–ამ გადაარჩინა. მფარველმა მაღალჩინოსანმა პატიმრობაც აარიდა და თანამდებობაც შეუნარჩუნა. დავადგინეთ, რომ გ.კ–ვას ნარკოტიკული ნივთიერება არ ეკუთვნოდა და მხოლოდ უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ნარკოტიკიც და ავტომანქანაც გ.კ–ვას მეგობარი ქალის საკუთრება იყო. სისტემის მხილებაში ბრალდებულის სამაგალითო დასჯა გადაწყვიტეს ამისთვის კი შარშანდელი გამოძიების გახსენება დასჭირდა“.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიამ, როგორც მედიასაშუალებამ, გადაცემის მეშვეობით, შეგნებულად გააშუქა მცდარი ფაქტები, რაც მიზნად ისახავდა გ.კ–ვას დისკრედიტაციასა და საზოგადოების მოტყუებას. მისივე განმარტებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს, სიუჟეტის გასვლამდე, სათანადო წესით აუხსნა მის ხელთ არსებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის შესახებ, მაგრამ სიუჟეტში არაფერი თქმულა. ტელეკომპანიამ უგულებელყო ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები, შეგნებულად გააშუქა მცდარი ფაქტები, არ გადაამოწმა ადრესატთან ინფორმაციის სისწორე, რითაც გ.კ–ვას მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. ტელეკომპანიის მიერ ეთერით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გ.კ–ვას შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების გამო საქართველოს შსს თანამშრომელი ვ.ბ–ა დააკავეს, ცილისწამებაა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხის განმარტებით, 2021 წლის 30 იანვარს შპს „ტ.პ–ის" გადაცემა „ნ.მ. შაბათის“ ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელ გ.კ–ვას შესახებ სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტურ გამოძიებას. სიუჟეტის ავტორი არაერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეყრდნობა სანდო წყაროს, რაც გამორიცხავს გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად მიჩნევის სამართლებრივ შესაძლებლობას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ გადაცემაში ჟურნალისტი მუდმივად იმეორებს ფრაზებს: „სანდო წყაროს ინფორმაციით“, „ასე გვიყვება ჩვენი სანდო წყარო, რომელიც მუშაობს სამინისტროში“, „როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია“ და ა. შ. რაც გამორიცხავს გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად მიჩნევის სამართლებრივ შესაძლებლობას. მისივე განმარტებით, სიუჟეტში მნიშვნელოვანი დრო ეთმობა ინფორმაციის გადამოწმების მცდელობის ამსახველ მასალას, კერძოდ, მოსარჩელესთან საუბრის ის ნაწილია გაშუქებული, სადაც რესპონდენტი აცხადებს, რომ ჟურნალისტებს აქვთ არასწორი ინფორმაცია და დანარჩენ შეკითხვებზე მიმართონ პრესცენტრს. მას დაესვა შეკითხვაც, სად იმყოფებოდა შაბათს, 23 რიცხვში, რომელზეც პასუხი არ გასცა. გადაცემაში არაერთხელ ითქვა, რომ არ ასახელებდნენ ავტომობილის მესაკუთრის სახელსა და გვარს, რის გამოც გადაცემაში მასალის სრულყოფილად განთავსება არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. პროგრამის ავტორი სარგებლობს სრული დამოუკიდებლობით, თავად განსაზღვროს, თუ როგორ იქნება აწყობილი და დამონტაჟებული სიუჟეტი და რომელ მასალას დაეთმობა საეთერო დრო. გადაცემაში ასახულია მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, მას არ გაუცია კითხვებზე პასუხი. აღნიშნულ საკითხზე შეკითხვები დაისვა შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის, თუმცა კითხვებზე პასუხი არ გასცეს. ტელეკომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, როდესაც მხარეებს მიეცათ საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა და აღნიშნული მაყურებელს ნათლად მიეწოდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.11.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დაევალა შპს „ტ.პ–ს“, გადაცემა „ნ.მ. შაბათის“ ეთერით გამოაქვეყნოს სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობა, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა: „სამართალდამცველს მეგობარი გოგონებისთვის გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ის ფოთი-ქობულეთის გზაზე გააჩერეს და გაუშვეს, იმიტომ რომ მას ჰყავდა გავლენიანი მფარველები. ფოთის პოლიციაში დღემდე მუშაობს პოლიციელი, რომელსაც გასულ შაბათს რამდენიმე აბი სუბოქსინი აღმოუჩინეს. ფოთის პოლიციის სამმართველოში ოპერატიული ინფორმაცია შევიდა, იმის შესახებ რომ მერსედესის მარკის ავტომობილით - სახელმწიფო ნომრით 055, რომელიც ქობულეთიდან ფოთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი გადაჰქონდათ. ოპერატიული ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა. მერსედესში ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა 7 აბი სუბოქსინი აღმოაჩინეს, თუმცა გაოგნებას ვერ მალავდნენ როცა ერთ-ერთი ქალბატონის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილში ნარკომოვაჭრის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის პოლიციის პატრულ - ინსპექტორი გ.კ–ვა დახვდათ. პოლიციელი, რომელიც ნარკოტიკებით დატვირთულ ავტომობილს მართავდა, ტერიტორიიდან განარიდეს. გ.კ–ვა დაკავებას, ფოთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზ.გ–ამ გადაარჩინა. მფარველმა მაღალჩინოსანმა პატიმრობაც აარიდა და თანამდებობაც შეუნარჩუნა. დავადგინეთ, რომ გ.კ–ვას ნარკოტიკული ნივთიერება არ ეკუთვნოდა და მხოლოდ უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ნარკოტიკიც და ავტომანქანაც გ.კ–ვას მეგობარი ქალის საკუთრება იყო“. შპს „ტ.პ–ს“ გ.კ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 2 000 ლარის ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.03.2022წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ დარღვეულია ჟურნალისტის მოვალეობანი და პასუხისმგებლობა გაავრცელოს გადამოწმებული ინფორმაცია. სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია ფაქტების შემცველია, ფაქტები კი, თავის მხრივ, მცდარია და იწვევს ინფორმაციის ადრესატის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. შპს ,,ტ.პ–მა“ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სტანდარტის განხორციელება, შესაბამისად მის მიერ სადავო სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს ცილისწამებას. გავრცელებული ინფორმაცია ფაქტების შემცველია და არ წარმოადგენს მოსაზრებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მედიაში გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს მოსარჩელისათვის - გ.კ–ვასათვის სახელის გამტეხ, ზიანის მიმყენებელ განცხადებებს. ამდენად, გ.კ–ვასათვის, როგორც საჯარო პირისათვის, თმენის ვალდებულების დაკისრება დასაშვები კრიტიკის ფართო ფარგლებშიც კი, სიუჟეტით გავრცელებული განცხადებებისადმი/გამონათქვამებისადმი, რომელიც არსებითად მცდარ და ამავდროულად მძიმე ფაქტებს შეიცავს, ერთმნიშვნელოვნად დაარღვევს ბალანსს კრიტიკასა და საჯარო პირის პატივისა და ღირსების დაცვას შორის პატივისა და ღირსების დაცვის საზიანოდ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. არ იკვეთება გ.კ–ვას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტი, რაც პირევლი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძელია.

საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის: „არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე“ საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად გნხილვის გზით შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

12. ვიდრე დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირებას შეუდგებოდეს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე შინაგანი რწმენა. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს ვერ მიიღებს მხარეებისგან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის, საქმე №ას-1181--2018 განჩინება).

13. მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასაც მოიცავს. თუმცა, ეს თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

15. საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება არის თუ არა მოსარჩელის სსსკ-ის მე-18 მუხლითა და სპეციალური კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.

16. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამასთან, იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით; ე.ი. ექვემდებარება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. რაც შეეხება ცილისწამებას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვად მიიჩნევს სადავო რეპორტაჟით გავრცელებულ შემდეგ გამონათქვამებს: ,,სამართალდამცველს მეგობარი გოგონებისთვის გადაჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ის ფოთი - ქობულეთის გზაზე გააჩერეს და გაუშვეს, იმიტომ რომ მას ჰყავდა გავლენიანი მფარველები. ფოთის პოლიციაში დღემდე მუშაობს პოლიციელი, რომელსაც გასულ შაბათს რამდენიმე აბი სუბოქსინი აღმოუჩინეს. ფოთის პოლიციის სამმართველოში ოპერატიული ინფორმაცია შევიდა, იმის შესახებ რომ მერსედესის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით 055, რომელიც ქობულეთიდან ფოთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი გადაჰქონდათ. ოპერატიული ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა. მერსედესში ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა 7 აბი სუბოქსინი აღმოაჩინეს, თუმცა გაოგნებას ვერ მალავდნენ როცა ერთ-ერთი ქალბატონის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილში ნარკომოვაჭრის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის პოლიციის პატრულ ინსპექტორი გ.კ–ვა დახვდათ. პოლიციელი რომელიც ნარკოტიკებით დატვირთულ ავტომობილს მართავდა ტერიტორიიდან განარიდეს. გ.კ–ვა დაკავებას ფოთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზ.გ–ამ გადაარჩინა. მფარველმა მაღალჩინოსანმა პატიმრობაც აარიდა და თანამდებობაც შეუნარჩუნა. დავადგინეთ, რომ გ.კ–ვას ნარკოტიკული ნივთიერება არ ეკუთვნოდა და მხოლოდ უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა. ნარკოტიკიც და ავტომანქანაც გ.კ–ვას მეგობარი ქალის საკუთრება იყო".

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ განსახილველ საქმეში ვლინდებოდა კონკრეტული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელებაა, რომელიც ჟურნალისტმა ყველა შესაძლო საშუალებით გადაამოწმა. კასატორი მიუთითებს, რომ განცხადებაში არსებული გამონათქვამები აზრის შემცველია მანამ, სანამ მოსარჩელე არ დაადასტურებს საწინააღმდეგოს და სასამართლო დასაბუთებული მსჯელობის საფუძველზე არ დაასკვნის, რომ სადავო გამონათვამები ფაქტის შემცველია. პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ.კ–ვა შპს ,,ტ.პ–ის“ გადაცემა „ნ.მ–ის შაბათის“ 2021 წლის 30 იანვარს გასულ სიუჟეტში დადანაშაულებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების ჩადენაში - ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვაში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ კასატორზე გადავიდა მტკიცების ტვირთი, მოსარჩელის მხარემ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ჩაიდინა, თუმცა წარმოდგენილი არ არის გ.კ–ვას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დადასტურების თაობაზე განაჩენი. განაჩენის არარსებობა კი, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ქმნის პრეზუმციას, რომ დანაშაული არ ჩადენილა. გ.კ–ვას, შესაბამისი განაჩენის არარსებობის საფუძვლით, ბრალად ვერ შეერაცხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანა. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, გამოძიებაც კი არ მიმდინარეობს. ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელებით, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, უდავოდ ილახება მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამდენადაც საზოგადოებაში ასეთი პირი შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც დამნაშავე, რაც მისი საზოგადოებრივი სტატუსის დისკრედიტაციას გამოიწვევს. ამრიგად, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება მის შესახებ შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს.

19. საქმის მასალებითვე დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად. სხვა ფუნქციებთან ერთად ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებები. პოლიციელისადმი არსებობს საქმიანობის შეფასების მაღალი სტანდარტი, რამდენადაც იგი ასრულებს საზოგადოებაში სამართალდამცავ ფუნქციას, უნდა განამტკიცებდეს და იცავდეს მართლწესრიგს.

20. საქმის მასალებით ასევე, დადგენილია, მოსარჩელემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია არასწორია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერიდან დგინდება, რომ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას, კითხვაზე: თუ სად იყო გასულ შაბათს? გ.კ–ვა პასუხობს, რომ სავარაუდოდ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ და სიუჟეტში გასულ ფაქტს, ამ კითხვის უპასუხოდ დატოვებას. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ.კ–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი. მან დაადასტურა ჟურნალისტ მ.ჩ–ძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირება მისი მეშვეობით საქართველოს პარლამენტში. შინაგან საქმეთა მინისტრს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა სამეგრელოში პატრულ-ინსპექტორის მიერ ნარკოტიკების ტრანსპორტირების ფაქტთან დაკავშირებით. მინისტრმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდებოდა და დამატებითი დეტალების გარკვევის შემდეგ შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიდნენ. კონკრეტულად ნარკოტიკული საშუალების გამო პოლიციის თანამშრომლის დაკავების ფაქტზე მინისტრის პასუხი იყო უარყოფითი. ქ.კ–ის განმარტებით, რომელიც სადავო სიუჟეტის მომზადებისას იკავებდა საქართველოს შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, მინისტრის დავალებით უშუალოდ თვითონ მოიძია ინფორმაცია, რის შემდეგაც ტელეფონის საშუალებით ჟურნალისტ მ.ჩ–ძეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს პირი დაკავებული იყო სხვა საქმეზე და გ.კ–ვასთან დაკავშირებით არსებულ ინცორმაციას არაფრით უკავშირდებოდა. საქართველოს შს სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორთან კომუნიკაციას მ.ჩ–ძე არ უარყოფს. მისი განმარტებით, ქ.კ–მა მას უთხრა: ,,ეს ამბავი მგონი ისე არ არის როგორც გადაცემის ანონსშია, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი“. შინაგან საქმეთა მინისტრს ჟურნალისტი დაუკავშირდა სწორედ ქ.კ–ის მეშვეობით, აღსანიშნავია ისიც, რომ სტრატეგიული დეპარტამენტის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, შესაბამისად, ჟურნალისტისთვის ქ.კ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უნდა აღქმულიყო როგორც სამინისტროს ოფიციალური პასუხი, რაც მის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორობას გულისხმობდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ბრალეულობა დაამტკიცა, რაც ცილისწამებისთვის მოპასუხისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2002წ., ასევე, სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09.2015 წ.).

22. თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას დამატებით მნიშვნელოვანია, რომ კანონი განსხვავებულად აწესრიგებს საჯარო და კერძო პირების მიმართ ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს, კერძოდ, საჯარო პირის ცილისწამებისათვის, კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

23. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, ის თუ გამონათქვამი რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-1477-1489-2011). „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითებაა, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 1 ოქტომბერის განჩინება საქმეზე Nას-179-172-2012). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი დასაყრდენის მნიშვნელობას. სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ აბსოლუტური უფლებაა აზრის ქონა, ხოლო მისი გამოხატვა გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებაროს. გამოხატვის თავისუფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისაგან განუყოფელია. მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევამ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების დარღვევა გამოიწვიოს. აზრის ქონის უფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული არ არის. მოვალეობებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტი უნდა ცდილობდეს შეძლებისდაგვარად სხვა ინტერესებთან დაპირისპირებას თავი აარიდოს. სხვათა ინტერესებში კი, პირველ რიგში, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა იგულისხმება. შესაბამისად, შერჩეულ უნდა იქნეს გამოხატვის ის ფორმა, რომლითაც სხვა ღირებულებათა (სხვათა პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია) იგნორირება არ მოხდება. მით უფრო, როდესაც გამოხატვის უფლების რეალიზაცია სხვა ღირებულებათა ნაკლები ხელყოფით არის დასაშვები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Müller v. Switzerland“). ასევე, განსხვავება ფაქტებსა და შეხედულებებს (აზრს) შორის და მათი სისწორის დამტკიცების მოთხოვნის აკრძალვა ამ უკანასკნელთან მიმართებაში (აზრთან მიმართებით) შიდასამართლებრივ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც საკვლევ გარემოებას ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა წარმოადგენს. ერთმანეთისაგან განასხვავა რა, ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა, აზრი), სასამართლომ განაცხადა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა მტკიცებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება შეფასებითი მსჯელობის, მტკიცების ვალდებულების დაკისრებას, იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც სასამართლოს აზრით, კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე „Lingens v. Austria“ და „Dichand and Others v. Austria“). შეფასებითი მსჯელობის სისწორის დამტკიცების მოთხოვნა აზრის თავისუფლებაზე იერიშის მიტანას წარმოადგენს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Lingens v. Austria“). ამასთანავე, საგულისხმოა, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მარტო ის „ინფორმაცია“ თუ „იდეები“, რომლებიც ხელსაყრელად მიიღება ან მიიჩნევა როგორც არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელო, არამედ აგრეთვე ისეთის მიმართ, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკირებადია და შემაწუხებელი. ასეთია მოთხოვნები პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართო აზროვნებისა, რომლის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1976 წლის 7 დეკემბრის №5493/72 გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, § 49).

24. გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისობრივად ნეიტრალური ქართული მოდელზე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გ.ყ–სა და ა.უ–ძის საქმეში. სასამართლოს განმარტებით „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/3/421,422 ,,საქართველოს მოქალაქეები გ.ყ– და ა.უ–ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2009 წლის 10 ნოემბერი. პარაგრაფი II.7.). წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ სპეციალური კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს: „1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. 2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვის ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 3. კერძო ან საჯარო პირის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს პირისათვის საჯარო პირის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 4. საზოგადოებრივი ყურადღების ან ცნობისმოყვარეობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მოვლენისათვის საზოგადოებრივი ყურადღების სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 5. აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ. 6. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. 7. დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი“, მოხმობილ ნორმათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგისი, დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის დადასტურება (აღნიშნულის თაობაზე, ვრცლად იხილეთ წინამდებარე განჩინების 18-20 ქვეპუნქტი).

25. გამოხატვის თავისუფლებამ, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების საყრდენად და მისი განვითარების წინაპირობად არის მიჩნეული, შეიძლება თავად შეუქმნას საფრთხე საზოგადოებრივ ინტერესებს და შეიზღუდოს მისივე დაცვის მოსაზრებით. აქედანვე წარმოდგება კონვენციის მე-10 მუხლში საგანგებო მითითება გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის შესაბამის “მოვალეობებსა და პასუხისმგებლობაზე“ და ის გარემოებაც, რომ ასეთი მითითება კონვენციაში მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებაშია გაკეთებული და არა სხვა უფლებებთან მიმართებებში, რომლებიც ასევე შეიძლება შეიზღუდონ საჯარო თუ სხვა კანონიერი ინტერესების დასაცავად. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი სპეციფიკურობის ერთი მხრივ დემოკრატიული პროცესის ფუნქციონირებისათვის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, ხოლო მეორე მხრივ, სხვა ინტერესებში ენერგიული შეჭრის უნარის გამო, გაცილებით უფრო პრობლემატური ხდება სამართლიანი ბალანსის განსაზღვრა ამ უფლების სხვა ღირებულებებთან დაპირისპირების შემთხვევაში; გართულებულია იმის შეფასება, თუ რამდენად გამართლებული იყო მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაში ჩარევა შესაბამისი საჯარო ან სხვა პირთა ინტერესის დასაცავად (იხ. ე.გოცირიძე, გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტურ ღირებულებათა სამართლიანი სამართლიანი დაბალანსების კონტექსტში, თბილისი 2007; იხ. D.G.Harris, M.O’Boyle, C.Warbick; მითითებული ნაშრომი, გვ.376). მოხმობილ ნორმათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგისი, დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის (ჟურნალისტის) მიერ გავრცელებული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის დადასტურება, ხოლო მოპასუხეს, ამ მტკიცების გასაქარწყლებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიხედვით, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის პოზიციის მართებულობას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

27. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

28. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022წ. განჩინება.

3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი