№ას-66-2023
29 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.კ.რ. ?“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. მოსარჩელე შპს „თ. ს–ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს „ს.კ.რ. ?“-ს მოსარჩელე შპს „თ. ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა - 618400,36 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს „ს.კ.რ. ?“-ს მოსარჩელე შპს „თ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, სარჩელის აღძვრამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (86 დღე) 618400,36 ლარის 0.01%-ის - 5318,24 ლარის გადახდა;
4. მოპასუხე შპს „ს.კ.რ. ?“-ს მოსარჩელე შპს „თ. ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (10.04.2020წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების (618400.36 ლარის) 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში შეადგენს - 61,84 ლარს;
5. მოპასუხე შპს „ს.კ.რ. ?“-ს მოსარჩელე შპს „თ. ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 (ათასი) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.კ.რ. ?“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინებით შპს „ს.კ.რ. ?“-ის შუამდგომლობა საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შპს „ს.კ.რ. ?“-ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხელმოწერილი (დედანი ხელმოწერით) საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადის) მითითებით, ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებების ან 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 13 თებერვალს.
2023 წლის 20 თებერვალს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს - შაბათს, ხოლო 20 თებერვალი იყო პირველი სამუშაო დღე შაბათის შემდეგ) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა ხელმოწერილი (დედანი ხელმოწერით) საკასაციო საჩივარი დაზუსტებული კასაციის განაცხადის მითითებით და აღნიშნა, რომ კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ბაჟის ნაწილში დადგენილი ხარვეზის შესავსებად, რის გამოც, განმცხადებელმა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 5 დღით გაგრძელება ითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით შპს „ს.კ.რ. ?-ს’’ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებების ან 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 3 მარტს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, შპს „ს.კ.რ. ?-ს’’ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი გზავნილის მიღების შესახებ შეტყობინებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2023 წლის 3 მარტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს - ს.ნ–ძეს (იხ.: მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 358).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 4 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 9 მარტს, (სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა დასვენების დღეს - 8 მარტს, ხოლო 9 მარტი იყო პირველი სამუშაო დღე დასვენების დღის შემდეგ) რომელიც იყო სამუშაო დღე – ხუთშაბათი. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 9 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს.კ.რ. ?-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო მისთვის დადგენილი ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.კ.რ. ?“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია