Facebook Twitter

ას-1374-2022

30 ნოემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე(თავმჯდომარე)

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ.გ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2022 წლის 10 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში: საარბიტრაჟო მოსარჩელემ) და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. განმცხადებლის განმარტებით, 2021 წლის 02 ივლისს სს „თ.ბ–სა“ და ნ.გ–ვას შორის გაფორმდა N2150303-11487543 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა კრედიტი 17000 ლარის ოდენობით, წლიური 23.25%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, პირველ ვაგადადაცილებულ დღეზე 20 ერთეულის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განმცხადებლის განმარტებით, სესხი ვადაგადაცილებულია 2021 წლის 15 ოქტომბრიდან, შესაბამისად, ამ თარიღიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო.

2. განმცხადებლმა მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნ.გ–ვას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ ..... გასხვისებისა და სანივთო სამართლებრივი უფლებებით დატვირთვის აკრძალვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით სს „თ.ბ–ი“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; ნ.გ–ვას აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ ........ მისი კუთვილი წილის გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვა.

3.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ქონების გასხვისების ან სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვის შემთხვევაში გართულებოდა ან შეუძლებელი გახდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და ის გარემოება, რომ მესაკუთრე არ არის შეზღუდული ნებისმიერ დროს თავისუფლად განკარგოს თავისი ქონება, განაპირობებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.

4. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ.გ–ვამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ არსებობდა საშიშროება იმისა, რომ მოვალე გაასხვისებდა მის კუთვნილ წილს უძრავ ქონებაში და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არც განმცხადებელს წარუდგენია სასამართლოსთვის. უძრავი ქონება არის მოსარჩელის და მისი ოჯახის ერთადერთი საკუთრება, რომელიც როგორც დევნილ ოჯახს გადაეცა სახელმწიფოს მიერ. მისი მესაკუთრე ასევე არის არასრულწლოვანი, რომლის კუთვნილი წილის გასხვისება შეუძლებელია სასაართლოს თანხმობის გარეშე. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ ბინის გამიჯვნა შეუძლებელია, ხოლო მისი გასხვისება გამოიწვევს არასრულწლოვნის უსახლკაროდ დატოვებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება, ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნ.გ–ვას აეკრძალა თანასაკუთრებაში მისი კუთვნილი წილის გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვა. საჩივრის ავტორის განმარტებაზე, რომ გართულებულია არასრულწლოვნის სახელზე რეგისტრირებული ქონების გასხვისების წესი, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს ქონების გასხვისების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

10. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ კერძო არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვაზე.

12. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (სუსგ Nას-970-2019, 19.07.2019წ.).

13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

14. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

15. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

16. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

18. მოცემული საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2021 წლის 02 ივლისს სს „თ.ბ–სა“ და ნ.გ–ვას შორის დაიდო N2150303-11487543 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა კრედიტი 17000 ლარის ოდენობით, წლიური 23.25%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. კერძოდ, პირველ ვაგადადაცილებულ დღეზე 20 ერთეულის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სესხი ვადაგადაცილებულია 2021 წლის 15 ოქტომბრიდან, შესაბამისად, ამ თარიღიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო. სწორედ აღიშნული შეუსრულებელი ვალდებულების უზრუნველსაყოფად სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სადავო აკრძალვის უკანონობას დაადასტურებს.

20. საკასაციო სასამართლო, საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა, ვინაიდან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არსებობდა საშიშროება მოვალის მიერ მისი კუთვნილი უძრავი ქონების გაასხვისებისა, განმცხადებელს არ წარუდგენია სასამართლოსთვის, ვერ გაიზიარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ მოვალემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეული იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, განცხადება შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.

21. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ უძრავი ქონების თანამესაკუთრე ასევე არის არასრულწლოვანი, რომლის კუთვნილი წილის გასხვისება შეუძლებელია სასამართლოს თანხმობის გარეშე, ასევე მიუთითებს, რომ ბინის გამიჯვნა შეუძლებელია, ხოლო მისი გასხვისება გამოიწვევს არასრულწლოვნის უსახლკაროდ დატოვებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განცხადებაზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება ნ.გ–ვას თანასაკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და სწორედ მის კუთვნილ წილზე გამოიყენა სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება. არასრულწლოვნის წილზე უზრუნველყოფა არ ვრცელდება, შესაბამისად, ნ.გ–ვას კუთვნილ წილზე გასხვისებისა და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვის აკრძალვა არასრულწლოვნის კუთვნილ წილზე არ ახდენს გავლენას.

22. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინებაში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. სუსგ: #ას-54-2019, 06.06.19 წ.).

23. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ვას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე