Facebook Twitter

საქმე №ას-161-868-03 29 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – მ.ფ–ის კანონისმიერი მემკვიდრე მ.ღ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 იანვრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 იანვრის განჩინებით ზ.ნ. ძე დ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ.ფ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიო პალატის 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის, სარდაფ-სართულის N1 სათავსოს საკუთრების უფლებით მ.ფ–ზე აღრიცხვისა და აღნიშნული ფართიდან ზურაბ დოლიძის და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

2. 2023 წლის 15 მაისს მ.ფ–ის კანონისმიერმა მემკვიდრემ მ.ღ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

5. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს აღსასრულებელ მოთხოვნას და არ ექვემდებარება აღსრულებას. შესაბამისად, აღნიშნულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი არ გაიცემა.

6. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება, გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ (იხ. სუსგ საქმე Nას-559-534-2016, 14 ივლისი, 2017 წელი).

7. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა და კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 26 იანვარს. განცხადება, მოცემულ საქმეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილია სასამართლოში 2023 წლის 15 მაისს. შესაბამისად, გასულია სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნისათვის კანონით დადგენილი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ფ–ის კანონისმიერი მემვიდრის მ.ღ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 26 იანვრის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი