ბს-1568-1142(გ-05) 22 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეების უწყებრივი დაქვემდებარება ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 22 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას რ. ა-ის მიმართ, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ღია აუქციონის გამართვის უფლების მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. საქმის რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის მოტივად სასამართლომ მიუთიტა შემდეგ გარემოებაზე: მოქალაქე რ. ა-ი დაკავებულ იქნა ქ. რუსთავის ტერიტორიაზე; აქვე მოხდა ავტომანქანის დალუქვა, ჩამორთმეული აღურიცხავი ქონების დაყადაღება და დაყადაღებული ქონება დღემდე ინახება ქ. რუსთავის ტერიტორიაზე, რის გამოც, სასამართლოს მოსაზრებით, საქმე უნდა დაქვემდებარებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დარღვეული იყო ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი და 2005წ. 22 ნოემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადებისა და ამ განცხადების განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საგადასახადო დეპარტამენტის სარჩელი წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთA კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავების სასამართლოში განხილვა და გადაწყვეტა ხდება ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
ხოლო, რაც შეეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, განსჯადობის საკითხს არეგულირებს მითითებული კოდექსის მე-13_24-ე მუხლები. როგორც წარმოდგენილი განჩინებებიდან იკვეთება, სასამართლოთა შორის წარმოშობილი დავა უკავშირდება ტერიტორიულ განსჯადობას. ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს ადგენს სსკ-ის მე-15 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ნებისმიერი სარჩელის აღძვრა სასამართლოში წარმოებს მითითებული წესის დაცვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებას, იმის თაობაზე, რომ ქონება დაყადაღებულია ქ. რუსთავის ტერიტორიაზე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ვერ იქცევა იმის საფუძვლად, რათა სარჩელის აღძვრა დაუკავშირდეს ნივთის ადგილსამყოფელს, ვინაიდან სსკ-ის მე-18 მუხლი, რომელიც აწესრიგებს ნივთობრივ განსჯადობას, აღნიშნულ უფლებას უკავშირებს მხოლოდ უძრავი ქონების ადგილსამყოფელს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იყენებს მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე მინიჭებულ პროცესუალურ უფლებამოსილებას და თვლის, რომ საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთA კოლეგიის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და სსკ-ის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საგადასახადო დეპარტამენტის სარჩელი რ. ა-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.