Facebook Twitter

საქმე №ას-420-2023 30 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.წ–ი (განმცხადებელი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.წ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს ბანკის მიერ გადაცემული 63 809 ბონუს აქციის ამ უკანასკნელისთვის დაბრუნება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა ბანკისათვის ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული 63 809 ბონუს აქციის დაბრუნება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. მოპასუხემ 2022 წლის 26 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტება, კერძოდ, მოითხოვა განიმარტოს შემდეგი:

8.1. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სიტყვები „უკან დაბრუნება“ ნიშნავს თუ არა:

ა) აქციების განკარგვას/გასხვისებას და თუ ნიშნავს, აქციების განკარგვის/გასხვისების რა ფორმა აქვს დავალებული მოპასუხეს?;

ბ) შპს „თ.კ–ის“ მიერ აქციებზე უფლების წარმოშობის, ცვლილების ან/და შეწყვეტის რეგისტრაციას?;

8.2. თუ:

ა) 8.1.ა პუნქტში მითითებულ შეკითხვაზე პასუხი დადებითია, აქვს თუ არა მოპასუხეს უფლება, გამოხატოს ნება ბანკისთვის აქციების უკან დაბრუნებაზე?;

ბ) 8.1.ბ პუნქტში მითითებულ შეკითხვაზე პასუხი დადებითია, აქვს თუ არა შპს „თ.კ–ს“ უფლება, აქციებზე დაარეგისტრიროს უფლების წარმოშობა, ცვლილება ან/და შეწყვეტა?;

8.3. თუ:

ა) 8.2.ა პუნქტში მითითებულ შეკითხვაზე პასუხი დადებითია იმ პირობით, რომ ან მოპასუხემ ან ბანკმა უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი აღუსრულებელია, რადგან გადაწყვეტილების შესრულება დამოკიდებულია მე-3 პირის (ბანკის და სასამართლოს) ნების გამოვლენაზე ან მოპასუხის მიერ დამატებით ნების გამოვლენაზე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით მას არ დავალებია;

ბ) 8.2.ბ პუნქტში მითითებულ შეკითხვაზე პასუხი დადებითია იმ პირობით, რომ ან მოპასუხემ ან შპს „თ.კ–მა“ უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი აღუსრულებელია, რადგან გადაწყვეტილების შესრულება დამოკიდებულია მე-3 პირის (შპს „თ.კ–ის“ და სასამართლოს) ნების გამოვლენაზე ან მოპასუხის მიერ დამატებით ნების გამოვლენაზე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით მას არ დავალებია;

8.4. თუ 8.1 და 8.2 პუნქტებში მითითებულ კითხვებზე პასუხები დადებითია, ხოლო 8.3 პუნქტში მითითებულ კითხვაზე - უარყოფითი, ჩაეთვლება თუ არა მოპასუხეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი შესრულებულად, თუ მოპასუხე უშუალოდ ან მისი წარმომადგენლების მეშვეობით, ბანკს ან/და შპს „თ.კ–ს“ წერილობით მიმართავს შემდეგი ტექსტით: „ბანკს ვუბრუნებ ბანკის მიერ ჩემთვის, მოპასუხისთვის გადაცემულ 63 809 ბონუს აქციას“?.

9. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განჩინების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში ბანკის კაპიტალში არსებული 63 809 ბონუს აქციის გასხვისება, განკარგვა, სარგებლობა ან/და ნებისმიერი ფორმით მისი უფლებრივად დატვირთვა, ასევე, აქციების მარეგისტრირებელი ბროკერისათვის ნებისმიერი დავალების მიცემა აქციების სხვა ბროკერთან გადატანასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს განჩინების აღნიშნული პუნქტი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით. ამდენად, მოპასუხეს, ერთი მხრივ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დავალებული აქვს ბანკისთვის ბანკის მიერ გადაცემული ბონუს აქციების დაბრუნება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით აკრძალული აქვს იმავე აქციების გასხვისება და განკარგვა. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, მოპასუხე შპს „თ.კ–ს“ აეკრძალა შპს „თ.კ–ში“ მოპასუხის საბროკერო ანგარიშზე არსებული, შეზღუდული საკუთრების უფლებით 63 809 აქციაზე ნებისმიერი უფლების წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაცია. ამდენად, სახეზეა ვითარება, როდესაც, ერთი მხრივ, მოპასუხის მიერ შეუძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების შესრულება, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შესრულება შეუძლებელია შპს „თ.კ–ის“ მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება იმავე სასამართლოს 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტების თაობაზე, არ დამაყოფილდა.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი არის ბანკი (მოსარჩელე), ხოლო წარდგენილი განცხადების ავტორი კი - მოპასუხე, რის გამოც ლოგიკურია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება გამოტანილია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით და კონკრეტულ შემთხვევაში იგი ემსახურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებას. განცხადებაში, მართალია, მხარე უთითებს მთელ რიგ გარემოებებს, თუ რატომ შეიძლება ვერ მოხდეს აშნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა მას არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სცადა და ვერ აღასრულა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე, რომლის სასიკეთოდაც უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება, უთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხე არ დგას. კერძოდ, მოპასუხის განცხადებასთან დაკავშირებით საქმეში წარდგენილია ბანკის განცხადება, სადაც ის განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით მოპასუხეს ბანკის სასიკეთოდ აეკრძალა აქციების მესამე პირების მიმართ განკარგვა. უზრუნველყოფის მიზანი იყო დაეცვა მოსარჩელის კუთვნილი აქციები, რათა მოპასუხეს ისინი არ გაესხვისებინა. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნულით საბოლოოდ დადასტურდა, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს ბანკის კუთვნილ აქციებს და იგი ვალდებულია დააბრუნოს აქციები, რაც არ იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განჩინების საწინააღმდეგო ქმედება, არამედ პირიქით. განმცხადებელი ასევე უთითებს მხარეთა შორის არსებული დავის ფარგლებში სხვა უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზეც და მიიჩნევს, რომ არც აღნიშნული განჩინება უშლის ხელს მოპასუხეს აღასრულოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებლობა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. მოცემულ შემთხვევაში კი, მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი არ არის ბუნდოვანი, შესაბამისად, სახეზე არ არის მისი განმარტების კანონისმიერი წინაპირობა.

14. განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალები იძლეოდა განცხადების სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობას და, შესაბამისად, სწრაფი მართლმსაჯულებისა და პროცესის ეკონომიურობის პრინციპებიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის წინაპირობები.

15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

16. კერძო საჩივარი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

16.1. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე მითითებას 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ, წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებულ კითხვებზე;

16.2. სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილის წინაპირობები, მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარი განაცხადა თვითნებური არგუმენტაციით. აღნიშნული დასახელებული მუხლის შემადგენლობას არ წარმოადგენს და სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია;

16.3. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში განმარტებაზე უარის თქმის ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა შემდეგი: მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ მან სცადა 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი განცხადების შინაარსი ეხებოდა სწორედ იმას, რომ პარალელურად მოქმედი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით: 1) მოპასუხეს დავალებული აქვს აქციების უკან დაბრუნება; 2) მოპასუხეს აკრძალული აქვს აქციების განკარგვა; 3) აქციების ნომინალურ მფლობელს - შპს „თ.კ–ს“ აკრძალული აქვს აქციებზე ნებისმიერი უფლების წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაცია. მოპასუხე პირდაპირ უთითებს, რომ მას აღსრულება არ უცდია და ამას ვერც შეძლებდა, იქიდან გამომდინარე, რომ ამით ის შეეწინააღმდეგებოდა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო აქტს. ასეთ პირობებში კი იმის მითითება, რომ განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულებას არ ეცადა, არის განცხადებაში დასმული საკითხის მთლიანად უგულებელყოფა. მეტიც, გადაწყვეტილების აღსრულების მცდელობა არანაირად არ უკავშირდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას;

16.4. საქმე ეხება არა უბრალო შემთხვევას, როცა მოვალეს აღსრულების წესის დაზუსტება უნდა, არამედ საკითხი ეხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და თუკი მოპასუხეს სასამართლო აქტის შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობაში მისცემენ, არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხებს;

16.5. ურთიერთწინააღმდეგობრივი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების არსებობისას (რაც ობიექტური მოცემულობაა) არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოწინააღმდეგის პოზიციას, რომ „სინამდვილეში“ ეს წინააღმდეგობა არ არსებობს;

16.6. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებებში არ არის მითითებული მოპასუხის მხრიდან განკარგვის ან შპს „თ.კ–ის“ მიერ აქციებზე ნებისმიერი უფლების წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვიდან რაიმე სახის გამონაკლისზე. არსად გაკეთებულა განმარტება, რომ ზოგადად აქციების განკარგვა/მათზე რეგისტრაციის განხორციელება აკრძალულია, გარდა ბანკის სასარგებლოდ ამ ქმედებების განხორციელებისა. თავად ბანკს არაფერი უშლიდა ხელს, რომ სწორედ ამ ფორმულირებით ჩამოეყალიბებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსი;

16.7. ბანკის პოზიცია, რომ გადაწყვეტილება აღსრულებადია, არაფრის მთქმელია იმასთან დაკავშირებით - არის თუ არა გადაწყვეტილება ობიექტურად ბუნდოვანი/საჭიროებს თუ არა განმარტებას. ბანკის, ისევე როგორც არცერთი სხვა სუბიექტის პერსპექტივა, არის თუ არა გადაწყვეტილება აღსრულებადი, არ არის მნიშვნელოვანი სასამართლოსთვის, რომელსაც ამ საკითხზე ობიექტურად მსჯელობის ვალდებულება ეკისრება;

16.8. ბანკმა მიმართა სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ჯერ არ უმსჯელია აღნიშნულის თაობაზე. უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ასევე მიმართა შპს „თ.კ–მაც“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ და შპს „თ.კ–ის“ განცხადება არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „თ.კ–მა“ წარადგინა საჩივარი, რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ და 2023 წლის 17 თებერვალს საჩივრის ავტორს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, განჩინება საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია;

16.9. სისხლის სამართლის კოდექსის 3772-ე და 381-ე მუხლები დასჯად ქმედებებად აცხადებს მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობასა და განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება არის არა უბრალოდ ვალიდური მიზეზი, რის გამოც მოვალე შეიძლება აყენებდეს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, არამედ მისი ვალდებულება, დაიცვას კანონი. ბანკის ინტერესის საგანი არასდროს იქნება ის, რომ მოპასუხეს არ დაემუქროს უსაფუძვლო ბრალდება, არამედ პირიქით, მოპასუხეს არაფერი იცავს იმისგან, რომ ბანკი, მას შემდეგ რაც რაიმე კანონით გაუთვალისწინებელი და თვითნებური გზით აღირიცხავს საკუთრებას აქციებზე, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილება არ აღასრულა, რის საშუალებასაც მას სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება მისცემს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

21. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ბანკისათვის ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული 63 809 ბონუს აქციის დაბრუნება, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებებით მას აკრძალული აქვს აქციების განკარგვა, ხოლო აქციების ნომინალურ მფლობელს - შპს „თ.კ–ს“ აქციებზე ნებისმიერი უფლების წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაცია. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების აღსრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

23. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისაკენ და უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და განსამარტი გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობდა.

24. სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას. განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

25. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; მოპასუხეს დაევალა ბანკისათვის ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული 63 809 ბონუს აქციის დაბრუნება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად და არაორაზროვნად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და სახეზე არ არის მისი განმარტების წინაპირობები, რის გამოც განმცხადებელს მის განმარტებაზე მართებულად ეთქვა უარი.

26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, მისი მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

27. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ასევე ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

28. ამასთან, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს კონკრეტულ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ის მიმართულია მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის უფლებების შეზღუდვისაკენ მესამე პირებთან მიმართებით. კერძოდ, მაგალითად, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლო იყენებს ყადაღას მოპასუხის ქონებაზე ან ამ უკანასკნელს უკრძალავს გარკვეული მოქმედების შესრულებას, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება მოპასუხესა და მესამე პირებს შორის ურთიერთობას, რათა გადაწყვეტილების აღსრულების თავიდან არიდების მიზნით, მოპასუხემ არ განკარგოს აღნიშნული ქონება ან არ განახორციელოს იმგვარი ქმედება, რომლის შედეგადაც გადაწყვეტილება შესაძლოა იქცეს ფორმალურ, აღუსრულებელ გადაწყვეტილებად.

29. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიზანსაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს, იმავდროულად არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი გარემოება. სარჩელის უზრუნველყოფის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება აღნიშნული ინსტიტუტის მიზანსა და მის დანიშნულებას.

30. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მითითება გადაწყვეტილების აღსრულებასა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას შორის ურთიერთკავშირზე.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი