საქმე №ას-1398-2018 10 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.ც–ძე (პირველი მოსარჩელე, მეორე მოპასუხე), ლ.კ–ი (მეორე მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (პირველი მოპასუხე, მეორე მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უძრავი ქონების რეალიზაციის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2016 წლის 30 ივნისს სს „ს.ბ–ს“ (შემდგომში - „ბანკი“ ან „მოპასუხე“), ა.ც–ძეს (შემდგომში - „მოსარჩელე“) და ლ. კ–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N4370001-ა-4370001, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 26 970,00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 15,3% დარიცხვით, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიურად 0,5%-ის პირგასამტეხლოს გათვალისწინებით. ხელშეკრულების შესაბამისად, კრედიტისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა მსესხებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. N4370001-ა-4370001 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N4370001-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქონება, მდებარე - ქ. ჭიათურა, ......., ს.კ. .........
3. იპოთეკის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის წესზე, კერძოდ: იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის უფლებამოსილების წარმოშობის მომენტიდან, ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლო ან კერძო აღმასრულებლის მიერ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ბანკს უფლება აქვს, იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს კერძო აუქციონის ფორმით. ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად, თუ რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დააკმაყოფილებს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, მაშინ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, გადახდევინება მიექცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ხელშეკრულების 9.1 მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის უფლების გამოყენების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის წესით, ბანკის მიერ დანიშნული სპეციალისტის საშუალებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სპეციალისტი იქნება შპს „ს.ს–ი“, ს/კ .......
4. 2017 წლის 21 აგვისტოს ბანკმა მიმართა შპს „ს.ს–ს“. აუქციონის ორგანიზებისათვის გადახდილ იქნა 300 ლარი. ეს პროცედურა შეჩერდა სასამართლოს მიერ.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, რომ ბანკსა და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული N4370001-ა-4370001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, ნება დაერთოს მოსარჩელეს, თვითონ მოახდინოს საკუთარი უძრავი ქონების რეალიზაცია, მდებარე - ქ. ჭიათურა, ........, ს.კ. ......... (საქმე №2/198-17).
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
7. ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელისა და ლ.კ–ის (შემდგომში ერთობლივად - „მეორე სარჩელში მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით (საქმე №2/269-17).
8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით №2/198-17წ სამოქალაქო საქმესთან ერთ წარმოებად გაერთიანდა №2/269-17წ სამოქალაქო საქმე.
9. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მეორე სარჩელში მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N3647390 სესხზე 30 569 ლარი და 83 თეთრი, N3647391 სესხზე - 33,86 აშშ დოლარი, ხოლო N4740749 სესხზე მოსარჩელეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 891,82 ლარი; მეორე სარჩელში მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სააუქციონო მომსახურების საფასურის 300 ლარის გადახდა; დადგინდა, რომ N4370001 ხელშეკრულების დავალიანების (30 569 ლარი და 83 თეთრი, 33,86 აშშ დოლარი) ანაზღაურების მიზნით რეალიზებულ იქნას მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ .......), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს მეორე სარჩელში მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან; მოსარჩელის სარჩელი ბანკის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მეორე სარჩელში მოპასუხეებმა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
13. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა მხარის ახსნა-განმარტება, საქმეში არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებებს და მხოლოდ მხარის მითითება კრედიტორის უფლების ბოროტად გამოყენებაზე ვერ ჩაითვლება სსსკ-ის 102.3 მუხლით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, თუკი დადასტურდებოდა კრედიტორის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით შეთანხმების კანონშეუსაბამობა, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილი ფორმულირებით მაინც ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმების (ხელშეკრულების) არარსებობის პირობებში, უშუალოდ მოვალის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციის წესს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მეორე სარჩელში მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილება.
16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
16.1. ხელშეკრულების მხარეები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, დარღვეულია მხარეთა თანასწორობის პრინციპი. ბანკი კლიენტებს სთავაზობს ისეთ პირობებს და აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა შემთხვევაში კლიენტები ხელშეკრულებას არ გააფორმებდნენ. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების თანახმად, კლიენტი არა მარტო იმაზე ურიგდება მხარეს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონებიდან მოხდეს კრედიტორის დაკმაყოფილება, არამედ იმაზეც თანახმაა, რომ კრედიტორმა განსაზღვროს ქონების რეალიზაციის საშუალების გამოყენება. მოვალეს არ აქვს უფლება, რომ თვითონ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ამის საშუალებით დააკმაყოფილოს კრედიტორი;
16.2. ასეთ მოცემულობაში კრედიტორის მოქმედება არის წინასწარ განსაზღვრული უპირატესი უფლების ბოროტად გამოყენება. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 115-ე მუხლი და მოვალე კიდევ უფრო დაუმორჩილა კრედიტორის დომინირებულ მდგომარეობას.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კასატორების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ნებართვას იმაზე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით თვითონ მოახდინოს საკუთარი უძრავი ქონების რეალიზაცია.
23. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა) [სსკ-ის 286.1. მუხლი]. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული [სსკ-ის 301.1. მუხლი].
24. იპოთეკის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის წესზე, თუმცა, არ გაუთვალისწინებიათ უშუალოდ მოვალის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესაძლებლობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). ამასთან, მოვალის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციის წესი არც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
25. დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზიაც კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებასა და მოსარჩელის არათანაბარ მდგომარეობაში ყოფნაზე, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ სასარჩელო განცხადება არ შეიცავს აღნიშნული საფუძვლების სათანადო დასაბუთებას, საქმეში არ არის არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები [სსსკ-ის 102.1 მუხლი: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს].
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ც–ძის და ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ა.ც–ძეს (პ/ნ ......) და ლ.კ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ ა.ც–ძის (პ/ნ ........) მიერ 2018 წლის 29 ოქტომბრის №4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე