საქმე №ას-1472-2019 15 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ც–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ნივთის შეძენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2001 წლის 16 ივლისს ზ.ს–ძესა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და ქ.ც–ს (შემდგომში - „მოპასუხე“) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს 4450 აშშ დოლარად მიჰყიდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე თბილისში, ......, 17/1398 წილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა 2001 წლის 16 ივლისს მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით (თვალთმაქცური გარიგება). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
3. 2018 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ერთოთახიანი ბინის შეძენა, მინიმუმ 34,50 კვ.მ. ფართით, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, თბილისში, გლდანის, მუხიანის, თემქის, სანზონის ან ნაძალადევის ტერიტორიაზე.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 01 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტები, იხელმძღვანელა სსკ-ის 317.1, 327.1 და 323-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის უძრავი ნივთის შეძენის ვალდებულების დაკისრება, რა დროსაც სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არსებობს თუ არა ვალდებულების წარმოშობისათვის სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, დისპოზიციურობის პრინციპი უზრუნველყოფს დავის საგანზე მხარეთა ბატონობას და ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს შეამოწმოს იურიდიული კავშირი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შორის. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამის საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს (მოსარჩელის სტადია).
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მისი მტკიცების ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით (სსკ-ის 317-ე მუხლით) გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა, რაც სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლოდ აქცევდა.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მისი ადვოკატი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. კერძოდ, წარმოადგინა სხვა სასარჩელო მოთხოვნა, ვიდრე მოსარჩელეს სურდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომას პირადად ესწრებოდა; სხდომის ოქმის ჩანაწერით არ დგინდება, რომ მოსარჩელის ადვოკატი მოქმედებდა მარწმუნებლის ნების საწინააღმდეგოდ; არ დასტურდება მარწმუნებლისა და წარმომადგენლის პოზიციებს შორის სხვაობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც, მითითებული პრეტენზია სხვა დავის ფარგლებში განსახილველი საკითხი იყო.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
12. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოკვეთა ის გარემოება, რომ კასატორი არის დაზარალებული და თანხა დაკარგა ბინასთან ერთად. კასატორი არის სოციალურად დაუცველი, რომელსაც საცხოვრებელი ფართის ქირას უხდის გამგეობა, რადგან არ აქვს ქონება მოპასუხის თაღლითური ქმედებების გამო. კასატორი ცნობილია დაზარალებულად პროკურატურის დადგენილებით, ვინაიდან მისი ბინა გაანადგურეს. ადვოკატმა ეს დოკუმენტაცია სარჩელს არ დაურთო და მხარე დააზარალა;
12.2. კასატორის წარმომადგენელმა ადვოკატმა ლამარა ზაალიშვილმა კასატორს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი. მან კასატორს მოუმზადა სარჩელი, რომელშიც მისი მოთხოვნა სრულად არ ჩამოაყალიბა, დააყენა არასწორი მოთხოვნა და დოკუმენტაცია სრულად არ დაურთო სარჩელს;
12.3. სასამართლო პროცესზე, სხდომის მიმდინარეობისას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობამ კასატორს მიუთითა, რომ საქმე იყო სისხლის სამართლის კატეგორიის და მას უნდა მიემართა საგამოძიებო ორგანოსთვის. მაგრამ მათ ეს მითითება არ ასახეს სასამართლოს განჩინებაში, რაც დარღვევაა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ [სსსკ-ის 3.1 მუხლი]. მოცემული ნორმა ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი]. ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი სასამართლოს ვალდებულებაა.
18. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
19. კასატორი სარჩელში უთითებდა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თუმცა, ვინაიდან გამოსყიდვის უფლება ძალაში დარჩა, მოსარჩელე წლების განმავლობაში იმედოვნებდა, რომ ბინას კვლავ დაიბრუნებდა. მაგრამ ამჟამად აღმოჩნდა ახალი გარემოება, რომ სადავო ბინა მოპასუხის მიერ გასხვისებულია, თუმცა ის არ დაუკავშირდა მოსარჩელეს და არ გამოიკვლია, აპირებდა თუ არა ამ ეტაპზე ბინის გამოსყიდვას. მოპასუხემ ბინა გააჩუქა, რაც ბადებს კითხვას, რატომ არ დაუბრუნა ჩუქებით ბინა ნამდვილ ყოფილ მესაკუთრეს, რომელსაც გადახდილი თანხის მიხედვით ბინა ფაქტობრივად გამოსყიდული ჰქონდა (იხ. ტ. I, ს. ფ. 6). დადგენილია, რომ 2001 წლის 16 ივლისს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით.
20. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან [სსკ-ის 317.1 მუხლი].
21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები ვერ ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის სსკ-ის 317-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის არსებობა.
22. რაც შეეხება მოსარჩელესა და მის ადვოკატს შორის ურთიერთობას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის პრეტენზია საკუთარი ადვოკატის მიმართ სხვა დავის ფარგლებში განსახილველი საკითხია.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
24. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინება; საჩივარი მოთხოვნა; დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; 2018 წლის 26 აპრილის ცნობა; ექსპრეს-ზედდებული N100 050 001; მოთხოვნა; ხელწერილები; 2018 წლის 22 მაისის წერილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის ცნობა N155771; 2018 წლის 30 სექტემბრის განცხადება), მთლიანობაში „35“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 72-105).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ზ.ს–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. კასატორს ზ.ს–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინება; საჩივარი მოთხოვნა; დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; 2018 წლის 26 აპრილის ცნობა; ექსპრეს-ზედდებული N100 050 001; მოთხოვნა; ხელწერილები; 2018 წლის 22 მაისის წერილი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 7 მაისის ცნობა N155771; 2018 წლის 30 სექტემბრის განცხადება), მთლიანობაში „35“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 72-105);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე