საქმე №ას-1494-2018 10 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თამაზ პაქსაშვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დოკუმენტის (ორდერის) ნამდვილობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.02.79წ. N8.56.346 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა რაისაბჭოს აღმასკომის კოოპერატიული საბინაო საკითხთა კომისიის იმავე წლის 13 და 20 თებერვლის წინადადებები და N425 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებად დამტკიცდნენ შემდეგი მოქალაქეები: მოქ. თ.ა. ძე პ–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“) სამოთახიან ბინაზე, სამი სული: თვითონ, მეუღლე და შვილი.
2. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 28.02.79წ. N8.56.346 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1981 წლის 10 თებერვალს მოსარჩელეზე, როგორც საბინაო კოოპერატივი N425-ის წევრზე, გასცა N041405 ორდერი. აღნიშნული ორდერით მოსარჩელეს გადაეცა სამოთახიანი, 35,58 კვ.მ ფართის ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, ...... სადავოა ბინის ნომერი. მოსარჩელის განმარტებით, მას გადაეცა ბინა N121 და არა N121ა, როგორც ამას უთითებს საჯარო რეესტრი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) წარმომადგენელი. ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებიან მოსარჩელე, მისი მეუღლე და შვილი.
3. ბმა „თ–ს“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ყოფილი კოოპერატივის უფლებამონაცვლე ამხანაგობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, გლდანის დასახლება, ........ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 06.06.2016წ. N882016343676-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს მიეთითა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო N041405 ორდერის ასლი და მის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. გარდა ამისა, ვინაიდან უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იყო ბინა N121-ზე, ხოლო ორდერში მითითებული იყო ბინა N121ა, წარსადგენი იყო მოთხოვნასთან შესაბამისობაში მყოფი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.07.2016წ. N882016343676-04 გადაწყვეტილებით ბმა „თ–ს“ განცხადებაზე შეწყდა წარმოება.
5. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2017 წლის 06 თებერვალს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მოსარჩელის სახელზე გაცემული, დამოწმებული ორდერის გადაცემა. მოპასუხის 09.02.2017წ. პასუხიდან ირკვევა, რომ ოქტომბრის რაიონის აღმასკომის საბინაო განყოფილების მიერ 1981 წელს გაცემული საცხოვრებელი ბინის ორდერები გამგეობაში არ ინახება.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილით, ფორმა N16 და ფორმა N13-ითა და კოოპერატივის ცნობით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...... მოსარჩელე რეგისტრირებულია 06.06.1981 წლიდან, მისი მეუღლე ასევე 06.06.1981 წლიდან, ხოლო მისი შვილი 08.07.1995 წლიდან (სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ).
7. სადავო ფართში მოსარჩელისა და მისი ოჯახის 1981 წლიდან რეგისტრაციის ფაქტი დადასტურებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 28.03.2017წ. N01/81908 წერილით. რაც შეეხება მოსარჩელის შვილს, იმავე სააგენტოს ინფორმაციით, იგი სადავო მისამართიდან 2006 წელს ამოეწერა.
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის წერილის თანახმად, შპს გლდანი-ნაძალადევის რაიონის საბინაო - კომუნალური მომსახურების N4 სერვის-ცენტრის დოკუმენტებში, შემდეგ მისამართზე: ......., მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები არ არის დაცული. ამასთან, ბმა „თ–ს“ თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ გლდანის მასივში, ........ არის ბინა 121, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე თავისი ოჯახით, ხოლო ამ კორპუსში ბინა 121ა საერთოდ არ არსებობს. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხული პირების - ი.ჯ–ძისა და გ.ბ–ის განმარტებებით, რომლებიც არიან იმავე კორპუსის მაცხოვრებლები და კოოპერატივი N425-ის წევრები. ისინი 1981 წლიდან ერთად ცხოვრობენ გლდანის მე-5 მ/რ-ში, ....., სადაც მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ნომერია 121, ხოლო 121ა ბინა საერთოდ არ არსებობს.
9. მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი ასევე დადგენილია საქმეში წარდგენილი „ყ. თ–ის“, სს „თ–ის“, შპს „თ.ჯ–სა“ და „ჯ.უ.ე.ფ–ის“ სააბონენტო ქვითრებით (აბონენტი პაქსაშვილი თ.).
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: დადგენილ იქნეს, რომ ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის 28.02.1979წ. N8.56.346 გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის ოქტომბრის რაისაბჭოს აღმასკომის მიერ 1981 წლის 10 თებერვალს ნამდვილად გაიცა ორდერი N041405 მოსარჩელეზე, სამი სულის შემადგენლობით: თვითონ, მეუღლე და შვილი, უძრავი ქონების, მდებარე: გლდანის რ-ნი, მე-5 მ/რ, ...., დასაკავებლად.
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილ იქნა, რომ ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის 1979 წლის 28 თებერვლის N8.56.346 გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის ოქტომბრის რაისაბჭოს აღმასკომის მიერ 1981 წლის 10 თებერვალს ნამდვილად გაიცა ორდერი N041405 მოსარჩელეზე სამი სულის შემადგენლობით: თვითონ, მეუღლე და შვილი, უძრავი ქონების, მდებარე: გლდანის რ-ნი, ......., დასაკავებლად.
13. საქალაქო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
16. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესია მისი კუთვნილი ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რომლის აუცილებელ წინაპირობასაც ნამდვილი ორდერის არსებობა წარმოადგენს. ვინაიდან, ორდერი სადავოდ გახადა მარეგისტრირებელმა ორგანომ, სასამართლოს მიერ მისი ნამდვილობის დადგენის გარეშე მოსარჩელე ვერ მოახერხებს საკუთრების უფლების დარეგისტრირებას. შესაბამისად, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ცალსახაა.
17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო ორდერი ეხება არა ბინა N121-ს, არამედ ბინა N121ა-ს. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1, 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის 1979 წლის 28 თებერვლის N8.56.346 გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის ოქტომბრის რაისაბჭოს აღმასკომის მიერ 1981 წლის 10 თებერვალს ნამდვილად გაიცა N041405 ორდერი მოსარჩელეზე სამი სულის შემადგენლობით: თვითონ, მეუღლე და შვილი, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, გლდანის რ-ნი, .........., დასაკავებლად. მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში კი, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას დაადასტურებდა.
18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. ორდერის ნამდვილობის აღიარება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ადგილი აქვს აშკარა უზუსტობას. წარდგენილი ორდერის ასლში ცალსახად იკითხება არა ბინა N121, არამედ ბინა N121ა;
19.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული 28.03.2017წ. წერილიდან ირკვევა, რომ მისამართზე: გლდანის დასახლების ......, სულ რეგისტრირებული იყო 21 პირი. ამჟამად რეგისტრირებულია მხოლოდ ოთხი. დაუდგენელია თითოეული მათგანი, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ არის უკვე რეგისტრირებული, როდიდან და რა საფუძვლით იყო რეგისტრირებული;
19.3. გარდა ამისა, წარდგენილი ორდერი არის ასლი და მისი ნამდვილობის აღიარება, ავთენტურობის დადასტურება უსაფუძვლოა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. კასატორი დავობს, რომ საქმეში წარდგენილია სადავო ორდერის ასლი, რომლის საფუძველზეც მისი ნამდვილობის დადასტურება უსაფუძვლოა. ამასთან, მასში მითითებულია არა ბინა N121, არამედ ბინა N121ა.
27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
28. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის სახელზე ნამდვილად გაიცა სადავო ორდერი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გლდანის რ-ნი, ....... , დასაკავებლად. მოპასუხეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ აღნიშნული ორდერი გაიცა არა ბინა N121-ის, არამედ ბინა N121ა-ს დასაკავებლად. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება აღნიშნულის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ" ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე