საქმე №ას-1514-2018 10 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.შ–ვის უფლებამონაცვლე მ.შ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.შ–ვის (შემდგომში - „მოსარჩელე“) უფლებამონაცვლე მ.შ–ვის (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,ს.რ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ დაეკისრა 26556,05 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელემ „ს.რ–ის დეპარტამენტში“ მემანქანის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობის დროს, 1990 წლის 7 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დამსაქმებლის ბრალით მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და 80%-ით უვადოდ წაერთვა შრომის უნარი;
4.2. მოპასუხე წარმოადგენს „ს.რ–ის დეპარტამენტის“ უფლებამონაცვლეს;
4.3. საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, მოსარჩელე მოპასუხისაგან იღებდა სარჩოს;
4.4. სარჩოს ოდენობა სარჩელის შეტანამდე სამი წლის განმავლობაში განსაზღვრული იყო 318,33 ლარით. ამ დროიდან მოპასუხეს სარჩოს გადაანგარიშება აღარ მოუხდენია. მითითებული თანხა მოსარჩელეს ერიცხებოდა გარდაცვალებამდე ყოველთვიურად;
4.5. მოსარჩელე გარდაიცვალა 2016 წლის 04 დეკემბერს, 56 წლის ასაკში;
4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა მისი შვილი, მ.შ–ვი, 2016 წლის 04 დეკემბრამდე მისაღები სარჩოს სხვაობის მოთხოვნის ნაწილში;
4.7. მოპასუხე საწარმოში მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს;
4.8. მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასის (1000 ლარი) 80 პროცენტსა და 2012 წლის მაისიდან გარდაცვალებამდე (04/12/2016წ.) ყოველთვიურად მიღებულ სარჩოს - 318,33 ლარს შორის სხვაობა თვეში შეადგენს 481,67 ლარს, ხოლო 55 თვესა და 4 დღეზე - 26556,05 ლარს.
5. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს მოპასუხე წარმოადგენდა.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე პრეტენზიას ძირითადად იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 408.1. მუხლი.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 408.1., 408.2 და 411-ე მუხლების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელე მხარის 80%-ით შრომის უნარის დაკარგვა, შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს საპენსიო ასაკის მიღწევამდე. პალატის მითითებით, სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა პირს (და მის რჩენაზე მყოფ პირებს) ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, დასაქმებული განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში მემანქანის თანაშემწის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
10.1. სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 და არა - პირველი ნაწილი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაზე, ხოლო მისი მეორე ნაწილი გამომდინარეობს პირველი ნაწილისგან და აზუსტებს მას ანუ ადგენს სხეულის დაზიანების შემთხვევაში მდგომარეობის აღდგენის მეთოდს;
10.2. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე მხოლოდ სავარაუდო ხასიათს ატარებს;
10.3. კანონი ითვალისწინებს სარჩოს გადახდას სტაბილურად ფიქსირებული ოდენობით მთელი ცხოვრების მანძილზე. აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც ერთი მხარის, ისე მეორე მხარის უფლებების მოსალოდნელი შეზღუდვა დაყვანილია მინიმალურ დონეზე;
10.4. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება სახელშეკრულებო ან სსკ-ით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. კასატორი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დაზარალებულისათვის დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების (გაზრდის) შესაძლებლობა.
16. შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით [საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 44-ე მუხლი]. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი [სსკ-ის 992-ე მუხლი]. წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს [სსკ-ის 326-ე მუხლი]. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება [სსკ-ის 408.1 მუხლი]. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით [სსკ-ის 408.2 მუხლი]. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო [სსკ-ის 411-ე მუხლი].
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი). დასახელებული ნორმა მოთხოვნის სხვა დამფუძნებელ ნორმებთან ერთად გამოიყენება, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო სამართალში. რაც შეეხება 408-ე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი ადგენს სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სპეციალურ წესს.
18. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სარჩოს გადაანგარიშება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც დიდი ალბათობით იგი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი დასაქმებული. ამდენად, ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების - საწარმოო ტრავმის არარსებობისა და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს, ე.ი. სახეზე იყო ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით (სსკ-ის 411-ე მუხლი).
19. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 2016 წლის 04 დეკემბერს, 56 წლის ასაკში. პრეზუმირებულია, რომ დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სადავო პერიოდში მოსარჩელე საწარმოში შრომით მოვალეობას შეასრულებდა და მასზე დასახელებულ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები გავრცელდებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
21. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 327,80 ლარის 70% – 929,46 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ს.რ–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 20 სექტემბრის №16363 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 327,80 (ათას სამას ოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის 70% – 929,46 (ცხრაას ოცდაცხრა ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე