Facebook Twitter

საქმე №ას-1529-2018 10 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.ს.ა. ხ.უ.ს–ა“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“, „მეიჯარე“ ან „კასატორი“) 2015 წლის 10 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებით გადასცა, ხოლო შპს „ს.ს.ს.ა.ხ.უ.ს–ამ“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“ ან „მოიჯარე“) იჯარის უფლებით მიიღო თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ........... №8ა-ში მდებარე 590,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, მოიჯარის მიერ წლიური 21 832 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 1/12 ნაწილის გადახდის პირობით.

2. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ გადახდილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ითვლება საიჯარო ქირის გადასახადში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

3. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 13-21, 28-29).

4. მოსარჩელის 2016 წლის 07 ივნისის წერილით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა საიჯარო ქირის გადახდისა და ვალდებულების შუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 22).

5. მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 05 აგვისტოს მოსარჩელის N 1/1- 2632 ბრძანებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26-27).

6. იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში მოიჯარის მიერ 2015 წლის 06 ოქტომბერს გადახდილია საგარანტიო თანხა 5 418 ლარის ოდენობით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25, 72)

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს, ჯამში - 8 271,04 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხიდან 7 790,64 ლარი წარმოადგენს საიჯარო ქირის დავალიანებას, ხოლო 480,40 ლარი პირგასამტეხლოს (8 თვე და 26 დღე).

8. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

9. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების ამოქმედებისა და შესრულების მიზნით გადაცემული თანხის - 13 758,75 ლარის დაბრუნება. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის ობიექტი მისთვის არ გადაუცია, რის გამოც მას ქირის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია. შესაბამისად, მოპასუხემ ფაქტობრივად არარსებული ვალდებულება შეასრულა. ამასთან, გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მთლიანობაში უსაფუძვლოა, მან გამოთვლაში შეგნებულად გამოტოვა მოპასუხის მიერ გადახდილი საგარანტიო/ბეს თანხა - 5 418 ლარი.

10. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო დავალიანების - 2 372,64 ლარისა და პირგასამტეხლოს - 480,40 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საიჯარო ურთიერთობა შეწყდა ცალმხრივად მოიჯარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, მის მიერ გადახდილი საბანკო გარანტია/ბეს თანხა ვერ ჩაითვლება საიჯარო ქირის გადასახადში. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მხოლოდ ხელშეკრულებით დათქმული ვადის გასვლის შემთხვევაში.

16. სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მოიჯარის მიერ გადახდილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის საბოლოო ანგარიშსწორებისას საიჯარო ქირის გადასახადში ჩათვლის თაობაზე (ხელშეკრულების 2.3 პუნქტი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა და მხარეთა შორის არც სხვა რაიმე შეთანხმება არსებობს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გადახდილი საგარანტიო თანხა გადასახდელ ქირაში არ ჩაითვლებოდა. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშწორებას, ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მხოლოდ ხელშეკრულებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ შესრულებული ანგარიშსწორება, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვადაზე ადრე შეწყდა ხელშეკრულება და, შესაბამისად, საიჯარო ურთიერთობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე იყო იჯარის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული საბოლოო ანგარიშსწორება და მოიჯარის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა სწორად იქნა ჩათვლილი საიჯარო ქირის თანხაში.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317-ე, 319-ე, 361.1, 531-ე, 581.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოიჯარეს სწორად დაეკისრა მეიჯარის სასარგებლოდ 2 372,64 ლარის გადახდა (ჯამში 8 თვისა და 26 დღის ქირა).

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

19.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოიჯარის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა - 5 418 ლარი უნდა ჩათვლილიყო გადასახდელი საიჯარო ქირის თანხაში;

19.2. იჯარის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახად, მოიჯარის მიერ გადახდილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ითვლება საიჯარო ქირის გადასახადში საბოლოო ანგარიშსწორებისას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საიჯარო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყდა, მოიჯარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, მის მიერ გადახდილი საბანკო გარანტია ვერ ჩაითვლება საიჯარო ქირის გადასახადში, ვინაიდან საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ხელშეკრულებით დათქმული ვადის გასვლის შემთხვევაში. სასამართლომ ეს გარემოება არ შეაფასა, რაც გახდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

26. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხის/მოიჯარის მიერ მოსარჩელის/მეიჯარისათვის იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი საგარანტიო თანხის საიჯარო ქირის ანგარიშში ჩათვლას. მისი მტკიცებით, ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად, საგარანტიო თანხა საიჯარო ქირის გადასახადში ჩაითვლებოდა საბოლოო ანგარიშსწორებისას, რომელიც განხორციელდებოდა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მოიჯარის მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძვლით.

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით დადგენილი პროცენტები და ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად.

29. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუკი ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, დამქირავებელი გამქირავებელს გადასცემს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას, აღნიშნული თანხა ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დამქირავებელს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი იგი სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სხვა შემთხვევაში გამქირავებელი უფლებამოსილია უზრუნველყოფის თანხა მიმართოს დამქირავებლის შეუსრულებელი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზანსა და მის დანიშნულებას.

30. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოიჯარემ/მოპასუხემ მეიჯარეს/მოსარჩელეს იჯარის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხადა საგარანტიო თანხა - 5 418 ლარის ოდენობით (რომელიც შეადგენს სწორედ ერთი თვის საიჯარო ქირის სამმაგ ოდენობას); დადგენილია ასევე, რომ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მოსარჩელემ შეწყვიტა მოპასუხესთან დადებული იჯარის ხელშეკრულება; იჯარის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ გადახდილი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ითვლება საიჯარო ქირის გადასახადში საბოლოო ანგარიშსწორებისას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის საიჯარო ქირის დავალიანების არსებობის ფაქტი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოიჯარის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 552-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მართებულად ჩაითვალა საიჯარო ქირის ანგარიშში.

31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას საბოლოო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საბოლოო ანგარიშსწორებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, არამედ ნებისმიერი ფორმით სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებისას, მათ შორის ვალდებულების დარღვევის საფუძვლით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ იჯარის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებულ საბოლოო ანგარიშსწორებას და, შესაბამისად, საგარანტიო თანხის საიჯარო ქირის ანგარიშში ჩათვლას, ადგილი ექნებოდა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე