24 თებერვალი 2023 წელი
№ას-440-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს. „ე-პ.ჯ–ა“
მოწინააღმდეგე მხარეები - ი.გ–ი, ნ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.გ–მა და ნ.გ–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ს.ს. „ე. პ.ჯ–ას“ მიმართ, ზიანის - 23 476 ლარის დაკისრების შესახებ .
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით - 23 475 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 705 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი საფასურის სახით - 101 ლარისა და შ.პ.ს. „ო.ლ–თვის“ გადახდილი 80 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 2019 წლის 28 მაისს, 17:24 საათზე, მოსარჩელეების კუთვნილ ავტოფარეხში (მცხეთა, ლისი, სოფელი .........) არსებულ უწყვეტი კვების წყაროზე მოკლე ჩართვა მოხდა.
5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ უწყვეტი კვების წყაროს დაზიანება, მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით იყო გამოწვეული.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით,განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი). დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა, რადგან ზიანის განმაპირობებელი ქმედება გამომდინარეობს ზიანის მიმყენებლის კონტროლისა და განკარგულების სფეროდან. ამ შემთხვევაში დამდგარი ზიანი მისი რისკის სფეროში მოიაზრება.
5.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია საქმის მასალებში წარმოდგენილ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შინაარსის კითხვები: 1) არის თუ არა დაზიანებული წარმოდგენილი უწყვეტი კვების წყარო; 2) აღნიშნულ მოწყობილობაში კერძოდ რა დეტალია დაზიანებული; 3) რას შეეძლო გამოეწვია ეს დაზიანება და 4) მიზანშეწონილია თუ არა დაზიანებული ნაწილის შეკეთება.
დასკვნის თანახმად, ვინაიდან ქსელში შეერთებისა და გამოსასვლელი ფაზური ჩამრთველების ჩართვის შემდეგ უწყვეტი კვების წყარო არ იძლევა ძაბვას, ის არის დაზიანებული. წარმოდგენილი უწყვეტი კვების წყაროში დაზიანებულია ინვენტორის ბლოკი. მაღალი ალბათობით, აღნიშნული დაზიანების გამომწვევი მიზეზი შემავალი ძაბვის არასწორი მიერთებაა, კერძოდ, ფაზის მოხვედრა ნეიტრალის ხაზში. აღნიშნული ინვენტორი უნდა შეიცვალოს ახლით, ვინაიდან ნებისმიერი დაზიანებული დეტალის ადგილობრივი შეცვლის შემდეგ, მოწყობილობამ მთლიანად უნდა გაიაროს ქარხნული ტესტირება. უწყვეტი კვების წყაროს განთავსების ადგილზე მისვლისა და ადგილზე ელექტრო ქსელთან უწყვეტი კვების მიერთების შემოწმების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეერთება განხორციელებულია წესების სრული დაცვით. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, 2021 წლის 12 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა მიუთითა, რომ აფეთქება მოხდა ჩართვისთანავე, ანუ მოხდა ფაზების არევა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ძაბვა არ შეიძლება იყოს მიზეზი, ძალზე მაღალი ალბათობით მოხდა ფაზა-ნეიტრალის შეცვლა. დაზიანების ის ხარისხი, რომელიც დაფიქსირდა, მოხდა არასწორი ჩართვის შედეგად. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ხსენებულ კვების წყაროში არ არის რაიმე დეტალი, რაც ქრონომეტრიული ათვლის საშუალებას მისცემდა და დაადგენდა, ხომ არ იყო ტექნიკურად მანამდე დაზიანებული. იყო გადახურული კაპიტალური ავტოფარეხი და გამორიცხული იყო ასევე სისველე, არანაირი სინესტე არ შეიმჩნეოდა კვების წყაროზე. წყალიც რომ მოხვედროდა, წყლის ზემოქმედებაზე და ფაზების ცვლილებაზე ერთნაირი დაზიანება არ იქნებოდა. ფაზების ცვლილებაზე ზიანდება ინვენტორი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. არ იმოქმედებდა ასევე არც კონდენსაცია ზამთრის პერიოდში, რადგან ხელსაწყოს აქვს 80% ტენიანობაზე ფუნქციონირების შესაძლებლობა. ტენისა და კონდენსატის გამო დაზიანება გამორიცხულია. კვების წყარომ თავის თავზე აიღო დარტყმა და აღნიშნულის გამო არ დაზიანდა სხვა მოწყობილობები.
5.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 172-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ზოგადად, სასამართლოში საქმის განხილვისას ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობა დიდია, განსაკუთრებით კი, ისეთი გარემოებების დასადასტურებლად, რომელთა შესახებაც მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. იმისთვის, რათა ექსპერტის დასკვნა იყოს სარწმუნო, აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული მეთოდები გაკეთებული დასკვნების მიმართ რელევანტური იყოს. კონკრეტული საქმის გადაწყვეტას საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგანი რწმენა, რომელიც ყალიბდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებისა და ურთიერთშეპირსპირების შედეგად. ყოველი კონკრეტული დავის შედეგი დამოკიდებულია წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი პოზიციების შეპირისპირებით, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით.
5.6. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია კვალიფიციური, სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ. სასამართლო სხდომაზე ექსპერტის ჩვენების მიხედვით აშკარაა, რომ მან დასკვნას საფუძვლად არა მხოლოდ უწყვეტი კვების წყაროს ვიზუალური დათვალიერება, არამედ სხვა სიღრმისეული კვლევა, მათ შორის - მეტეოროლოგიური და გარემო ფაქტორები დაუდო. მართალია, წარმოდგენილი დასკვნა ერთმნიშვნელოვნად, იმპერატიული ხასიათის არ არის და უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების გამომწვევ მიზეზად, შემავალი ძაბვის არასწორ მიერთებას, კერძოდ, ფაზის ნეიტრალის ხაზში მოხვედრას „ძალზე მაღალი ალბათობით“ ასახელებს, თუმცა, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე მხარის პოზიციას საფუძვლიანს ხდის საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, ხოლო მოპასუხე მხარის შეპირისპირება ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხე ორგანიზაციის ვარაუდებს და არ არსებობს ნეიტრალური, კომპეტენტური ორგანოების მიერ დადასტურებული განსხვავებული მოსაზრებები ზიანის გამოწვევისა და ბრალეულობის დადგენის შესახებ, გაზიარებას მოსარჩელე მხარის პოზიცია ექვემდებარებოდა.
5.7. ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში 100%-იანი სიზუსტით არ არის მითითება უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების მიზეზზე, ვერ გადაწონიდა მოსარჩელის პოზიციის სისწორეს იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მარტოოდენ აპელანტი მხარის ზეპირსიტყვიერი განცხადება, რომ ზიანი მოპასუხე კომპანიის ბრალით არ დამდგარა, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედებოდა. შემდავებელს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც სასამართლოსთვის უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, აპელანტის მოსაზრება არ განიხილება, რადგან იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არ არის სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
5.8. აპელანტის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ყურადღების მიღმა იყო დატოვებული საკითხი, თუ რამდენად ჰქონდა შესაძლებლობა მოსარჩელეს თავიდან აეცილებინა დამდგარი ზიანი ან იკვეთებოდა თუ არა მისი მონაწილეობის ფაქტი ზიანის დადგომაში, სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის გამოსაყენებლად, აუცილებელია, საკმარისი სიცხადით დგინდებოდეს დაზარალებულის მოქმედება, რომელმაც ზიანის დადგომას შეუწყო ხელი. მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა საქმეში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შერეული ბრალის დადგენის ფაქტობრივ წინაპირობებს შექმნიდა, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც, მოსარჩელეს საქმის მასალებში ექსპერტიზის დასკვნა აქვს წარმოდგენილი, სადაც უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების გამომწვევ მიზეზად, შემავალი ძაბვის არასწორი მიერთება, კერძოდ, ფაზის ნეიტრალის ხაზში მოხვედრა „ძალზე მაღალი ალბათობითაა“ დასახელებული. ამასთან, მაღალკვალიფიციური ექსპერტის ჩვენების მიხედვით, ეს აფეთქება „ძალზე მაღალი ალბათობით“ არ იყო გამოწვეული სხვა მიზეზით, რაც პალატას უქმნიდა შინაგან რწმენას, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, უნდა გამოყენებულიყო ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის დასკვნა, რომლის შედეგადაც, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა მხოლოდ მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელეთა კუთვნილი უწყვეტი კვების წყაროს დაზიანებას შორის უნდა დადგენილიყო.
5.9. საქმეში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ო.ლ–ის“ აქტის მიხედვით, ინვენტორი არის დამწვარი და შეკეთებას არ ექვემდებარება, უწყვეტი კვების წყაროს ღირებულება კი - 23 475 ლარია. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად, უწყვეტი კვების წყაროს დაზიანებით, მოსარჩელეებს 23 475 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
6.1. გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, რომ მოპასუხე ზიანზე პასუხისმგებელი პირია, მაშინ, როდესაც, არ იკვეთება მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხის ბრალეულობა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, ექსპერტმა კი, თავადვე განმარტა, რომ სრულად დაეყრდნო მოსარჩელის მონაყოლს.
6.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ქმნის წინაპირობას, რომ მოპასუხე ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იქნეს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად, მით უფრო მაშინ, როდესაც საერთოდ არ არის გამოკვლეული ქმედების მართლსაწინააღმდეგობა. ობიექტურად შეუძლებელია ენერგო კომპანიას რაიმე სახის სუბიექტური დამოკიდებულება (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) ჰქონდეს ქმედებასთან, რომელიც მას არ განუხორციელებია. კომპანია პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე.
6.3. ენერგო კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი მოქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკის დაზიანებაზე, თუ ის უხარისხო ძაბვის მიწოდების შედეგად არ არის გამოწვეული. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად ვერ ადასტურებს, თუ კონკრეტულად რა სახის ზემოქმედებამ გამოიწვია მისი ნივთის დაზიანება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ის ფაქტი, რომ სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტმა ვერ გაამყარა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები. ექსპერტის განმარტებით, ელექტრო დანადგარები დამიწებული უნდა იყოს, რაც აბონენტის პრეროგატივაა.
6.4. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არ არსებობს არცერთი ნორმატიული აქტი ან/და ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ავალდებულებს განაწილების ლიცენზიატს (მოპასუხეს), ფაზანულიანი წრედის მომხმარებელს ზუსტად განუსაზღვროს ფაზისა და ნულის წერტილები, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა იყოს ენერგო კომპანია პასუხისმგებელი იმ ქმედებაზე, რომელიც საერთოდ არ მიიჩნევა კანონსაწინააღმდეგოდ. ფაზების არევას მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი და ამას გამოეწვია ნივთის დაზიანება, ვინაიდან თავად ფაზების არევა არ წარმოადგენს არც კანონის და არც რაიმე ტექნიკური რეგლამენტის/ნორმის დარღვევას, გამოდის, რომ მოსარჩელეების მფლობელობაში იყო განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლების, სპეციფიკური და ძვირადღირებული მოწყობილობა, რომელიც მოითხოვდა განსაკუთრებულ ტექნიკურ მოპყრობას, ეს ინფორმაცია კი, აბონენტთან ურთიერთობის არცერთ ეტაპზე არ იყო ცნობილი ე.კომპანიისთვის.
6.5. თუ მოსარჩელეები ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ ფაზების გადანაცვლება გამოიწვევდა მათი ძვირადღირებული ნივთის დაზიანებას, გაუგებარია თუ რატომ არ გამორთეს ის, თუნდაც იმ დროით, რა დროც დასჭირდებოდა სამუშაოების წარმოებას ენერგო კომპანიის მხრიდან. შესაბამისად, ზიანის დადგომაში ბრალი მიუძღვის თავად მოსარჩელეებს, ვინაიდან შესაბამისი წესით არ შეატყობინეს ენერგო კომპანიას მათ ტერიტორიაზე არსებული „სპეციფიკური“ მოწყობილობის შესახებ. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს „დაზარალებულის“ მოქმედება/უმოქმედობა, კერძოდ, თუ რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა მოსარჩელეებს აეცილებინათ დამდგარი ზიანი ან იკვეთებოდა თუ არა მათი მონაწილეობის ფაქტი ზიანის დადგომაში.
6.6. დაზიანებული მოწყობილობის ფასიდან და მახასიათებლებიდან ჩანს, რომ ქართული რეალობისთვის საკმაოდ სპეციფიკურ მოწყობილობას წარმოადგენს. დაზიანებული მოწყობილობის ფასთან შედარებით მინიმალურ ფასად, მოსარჩელეს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა (და ვალდებულებაც) შეეძინა კვების წყაროს ე.წ დამცავი მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერი ელექტროტექნიკური თუ ენერგეტიკული გაუმართაობის შემთხვევაში დაიცავდა დაზიანებისგან.
6.7. მოსარჩელეთა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით, დაირღვა სამოქალაქო სამართლისთვის დამახასიათებელი სამართლიანი რესტიტუციის პრინციპი. დადგენილი და უდავო ფაქტია ის, რომ დაზიანებული მოწყობილობა იყო მეორადი, წლები იმყოფებოდა ექსპლუატაციაში, შესაბამისად, ცვეთის გათვალისწინებით, მისი ღირებულება არსებითად განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული სრულიად ახალი პროდუქტის ღირებულებისგან, რაც სასამართლომ უგულებელყო. შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს მოსარჩელეთა უსაფუძვლო გამდიდრებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია კასატორისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა.
12. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ. №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი).
14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ უდავოდ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული კასატორის ქმედებისა და დამდგარი ზიანის არსებობის ფაქტი. მოპასუხე სადავოდ ხდის მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, მიზეზობრივ კავშირს ამ ქმედებებსა და მოსარჩელის ქონების დაზიანებას შორის და, ასევე, მის ბრალეულობას ზიანის დადგომაში.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
17. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ განახორციელა ელექტროამომრთველის სამონტაჟო სამუშაოები მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლთან, გზაზე არსებულ ბოძზე და დაზიანებულია მოსარჩელის კუთვნილი უწყვეტი კვების წყარო. შედავებული არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებას და მოსარჩელეთა კუთვნილი ნივთის დაზიანებას შორის. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი მოწყობილობის დაზიანება მოპასუხის ქმედებამ განაპირობა, ეკისრებათ მოსარჩელეებს, რომლებმაც შეძლეს თავიანთი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, კერძოდ:
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინეს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 ოქტომბრის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შინაარსის კითხვები: 1) იყო თუ არა დაზიანებული წარმოდგენილი უწყვეტი კვების წყარო; 2) აღნიშნულ მოწყობილობაში კერძოდ რა დეტალი იყო დაზიანებული; 3) რას შეეძლო გამოეწვია აღნიშნული დაზიანება და 4) მიზანშეწონილი იყო თუ არა დაზიანებული ნაწილის შეკეთება.
ხსენებული დასკვნის მიხედვით, ვინაიდან ქსელში შეერთების და გამოსასვლელი ფაზური ჩამრთველების ჩართვის შემდეგ უწყვეტი კვების წყარო არ იძლევა ძაბვას, ის არის დაზიანებული. წარმოდგენილ უწყვეტი კვების წყაროში დაზიანებულია ინვენტორის ბლოკი. მაღალი ალბათობით, აღნიშნული დაზიანების გამომწვევი მიზეზი შემავალი ძაბვის არასწორი მიერთებაა, კერძოდ, ფაზის მოხვედრა ნეიტრალის ხაზში.
აღნიშნული ინვენტორი უნდა შეიცვალოს ახლით, ვინაიდან ნებისმიერი დაზიანებული დეტალის ადგილობრივი შეცვლის შემდეგ, მოწყობილობამ მთლიანად უნდა გაიაროს ქარხნული ტესტირება. უწყვეტი კვების წყაროს განთავსების ადგილზე მისვლისა და ადგილზე ელექტრო ქსელთან უწყვეტი კვების მიერთების შემოწმების შედეგად, შეიძლება იმგვარი დასკვნის გამოტანა, რომ შეერთება განხორციელებულია წესების სრული დაცვით.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 12 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ექსპერტის განმარტებას, რომლის თანახმად, აფეთქება მოხდა ჩართვისთანავე, ანუ მოხდა ფაზების არევა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ძაბვა არ შეიძლება იყოს მიზეზი, ძალზე მაღალი ალბათობით მოხდა ფაზა-ნეიტრალის შეცვლა. დაზიანების ის ხარისხი, რომელიც დაფიქსირდა, არასწორი ჩართვის შედეგია.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ხსენებულ კვების წყაროში არ არის რაიმე დეტალი, რაც ქრონომეტრიული ათვლის საშუალებას მისცემდა და დაადგენდა, ხომ არ იყო ის ტექნიკურად მანამდე დაზიანებული. ავტოფარეხი იყო გადახურული და სისველე იყო გამორიცხული, არც სინესტე შეიმჩნეოდა კვების წყაროზე. ამასთან, წყლის მოხვედრის შემთხვევაშიც, წყლის ზემოქმედებაზე და ფაზების ცვლილებაზე ერთნაირი დაზიანება არ იქნებოდა. ფაზების ცვლილებაზე ზიანდება ინვენტორი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ასევე, არც კონდენსაცია იმოქმედებდა ზამთრის პერიოდში, რადგან ხელსაწყოს აქვს 80% ტენიანობაზე ფუნქციონირების შესაძლებლობა. ტენისა და კონდენსატის გამო დაზიანება გამორიცხულია. კვების წყარომ თავის თავზე აიღო დარტყმა და აღნიშნულის გამო არ დაზიანდა სხვა მოწყობილობები.
18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია კვალიფიციური, სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტის მიერ. სასამართლო სხდომაზე ექსპერტის ჩვენების მიხედვით გამოვლინდა, რომ დასკვნას საფუძვლად არა მხოლოდ უწყვეტი კვების წყაროს ვიზუალური დათვალიერება, არამედ სხვა სიღრმისეული კვლევა, მათ შორის - მეტეოროლოგიური და გარემო ფაქტორები დაუდო. მართალია, წარმოდგენილი დასკვნა ერთმნიშვნელოვნად, იმპერატიული ხასიათის არ არის და უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების გამომწვევ მიზეზად, შემავალი ძაბვის არასწორ მიერთებას, კერძოდ კი, ფაზის ნეიტრალის ხაზში მოხვედრას „ძალზე მაღალი ალბათობით“ ასახელებს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელე მხარის პოზიციას საფუძვლიანს ხდის საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, ხოლო მოპასუხე მხარის შეპირისპირება ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხე ორგანიზაციის ვარაუდს და არ არსებობს ნეიტრალური, კომპეტენტური ორგანოების მიერ დადასტურებული განსხვავებული პოზიცია ზიანის გამოწვევისა და ბრალეულობის დადგენის შესახებ, გასაზიარებელი სწორედ მოსარჩელე მხარის პოზიცია იყო.
ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში დაბეჯითებით არ არის მითითება უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების მიზეზზე, ვერ გადაწონიდა და უარყოფდა მოსარჩელეთა პოზიციის სისწორეს, მაშინ, როდესაც, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მარტოოდენ მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ ზიანი მისი ბრალით არ დამდგარა, სარჩელის უარყოფას ვერ განაპირობებდა, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით კი, მოპასუხემ ვერ შეძლო.
19. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ზიანის დადგომაში ბრალი მოსარჩელეებსაც მიუძღვით და ამ უკანასკნელებს შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამდენად, დასახელებული მუხლი ზიანის მიყენებისას ითვალისწინებს არა რომელიმე მხარის ბრალის გამორიცხვას, არამედ შერეული ბრალის არსებობას, რა შემთხვევაშიც, დაზარალებული ზიანის ანაზღაურების უფლებას მაინც ინარჩუნებს, თუმცა, იმ ფარგლებში, რაც ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს შეესაბამება.
სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის გამოსაყენებლად, აუცილებელია, საკმარისი სიცხადით დგინდებოდეს დაზარალებულის მოქმედება, რომელმაც ზიანის დადგომას შეუწყო ხელი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა საქმეში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შერეული ბრალის დადგენის ფაქტობრივ წინაპირობებს შექმნიდა, მით უფრო მაშინ, როდესაც, მოსარჩელეებს ექსპერტიზის დასკვნა აქვთ წარმოდგენილი, სადაც უწყვეტი კვების წყაროს დაზიანების გამომწვევ მიზეზად, შემავალი ძაბვის არასწორი მიერთება, კერძოდ, ფაზის ნეიტრალის ხაზში მოხვედრა „ძალზე მაღალი ალბათობითაა“ დასახელებული. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა დელიქტურ ვალდებულებაში მოსარჩელეთა ბრალის არსებობა, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
20. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შ.პ.ს. „ო.ლ–ის“ აქტს, რომლის მიხედვით, დამწვარია ინვენტორი და შეკეთებას არ ექვემდებარება (ს.ფ. 38), უწყვეტი კვების წყაროს ღირებულება კი - 23 475 ლარია (ს.ფ. 39). პალატა განმარტავს, რომ ერთი მხარის მიერ წარდგენილი დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხის მხრიდან, შესაბამისი კონტრარგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, შპს „ო.ლ–ის“ აქტში მითითებული გარემოებები გაქარწყლებული ვერ იქნა, შესაბამისად, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად, უწყვეტი კვების წყაროს დაზიანებით, მოსარჩელეებს 23 475 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ.
21. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელეებმა უზრუნველყვეს დელიქტის შემადგენელი ელემენტის - მიზეზობრივი კავშირის დადასტურება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს) და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით) შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1173.75 ლარს, კასატორის მიერ გადახდილია 1183 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი სახელწმიფო ბაჟი - 9.25 ლარი, ასევე, სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1173.75 ლარის 70% - 821.62 ლარი, საერთო ჯამში - 830.87 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. „ე.-პ.ჯ–ა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. „ე.-პ.ჯ–ა“-ს (ს/კ ....) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1183 ლარიდან (საგადასახადო დავალება № 96691001, გადახდის თარიღი: 05.04.2022წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) ზედმეტად გადახდილი 9 ლარი და 25 თეთრი, ასევე დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1173 ლარი და 75 თეთრის 70% – 821 ლარი და 62 თეთრი. საერთო ჯამში, ს.ს. „ე.-პ.ჯ–ა“-ს დაუბრუნდეს - 830 ლარი და 87 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი