Facebook Twitter

22 მაისი, 2023 წელი

№ას-216-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - შ.პ.ს. „ე.გ–ი“, შ.პ.ს. „ი–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს სარჩელი შ.პ.ს. „ე.გ–ი“-სა და შ.პ.ს. „ი–ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს საკუთრებაში დაუბრუნდა შ.პ.ს. „ე.გ–ი“-ს სახელზე რიცხული ავტომობილები; შ.პ.ს. „ე.გ–ს“ დაეკისრა 54 ერთეული ა/მ-ის გასხვისებით მიღებული თანხის ანაზღაურება შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს სასარგებლოდ 1177583.33 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხე შ.პ.ს. „ე.გ–ს“ და შ.პ.ს. „ი–ი“-ს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა"-ს სასარგებლოდ 691944 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხე შ.პ.ს. „ე.გ–ს" შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა"-ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის სახით გადასახდელი თანხა დარიცხულ სარგებელთან ერთად, საერთო ჯამში 692367 ლარის ოდენობით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს შ.პ.ს. „ე.გ–მა“ და შ.პ.ს. „ი–ი“-მ, მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით აპელანტების შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა"-ს სარჩელის უარყოფა. ამავე სააპელაციო საჩივარში აპელანტებმა იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება კომპანიების მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ არანაირი ფინანსური სახსრები, მათ მიმართ გამოყენებულია როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი ყადაღა და აკრძალვა, ავტომანქანები ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების, ბიუჯეტისა და კერძო პირების მიერ, დირექტორის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. „ე.გ–ი“-სა და შ.პ.ს. „ი–ი“-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოფხვრის მიზნითაც, აპელანტებს, 10 დღის ვადაში ამავე განჩინების ასლის ჩაბარებიდან, დაევალათ 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლად პალატამ მიიჩნია შუამდგომლობის დაუსაბუთებლობა, კერძოდ, აპელანტების მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარუდგენლობა, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემოდა, ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე. მხოლოდ ზოგადი მითითება მძიმე ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე, საწარმოზე გავრცელებული შეზღუდვების და აკრძალვების გამო, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია საკმარის არგუმენტად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საჭიროების დასკვნამდე მისასვლელად.

4. ხსენებული განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ა.გ–ს ჩაბარდა 2023 წლის 01 თებერვალს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

5. 2023 წლის 08 თებერვალს აპელანტების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად წარუდგინა: 1. განახლებული ამონაწერები, რომლითაც დასტურდება ორივე კომპანიის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოებების არსებობა, რომელთა გამოც კომპანიების ყველა ანგარიში დაყადაღებულია; 2. ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, რომელთა თანახმადაც, კომპანიებს არ გააჩნიათ რაიმე ფულადი აქტივი; 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინება ყადაღის დადების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შ.პ.ს. „ე.გ–ი“-ს კუთვნილ ავტომობილებს ადევთ ყადაღა. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ დაყადაღებული ავტომობილები ამავდროულად ამოღებული და განთავსებულია საჯარიმო სადგომზე, შესაბამისად, სრულად არის შეზღუდული არამარტო მათი განკარგვის, არამედ სარგებლობის უფლებაც. ხსენებულ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აპელანტებმა იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის განხილვის დასრულებამდე.

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, შემდეგი დასაბუთებით:

6.2. სსსკ-ის 215-ე მუხლის თანახმად, ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობები, რომლებზეც სასამართლომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, განმეორებით არ განიხილება. იგივე შუამდგომლობა სასამართლომ შეიძლება განიხილოს ახალ არსებით გარემოებათა გამო და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადრე მხარეს არ შეეძლო მათზე მითითება/წარმოდგენა, აგრეთვე თუ მათ შესახებ ობიექტურად მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი.

6.3. 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხზე და აპელანტებს უარი ეთქვათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. როგორც პირველი, ისე მეორე შუამდგომლობის საფუძვლად აპელანტები მიუთითებდნენ კომპანიების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, რომ არ გააჩნდათ თავისუფალი სახსრები, მათზე გავრცელებული იყო ყადაღა და აკრძალვები, კომპანიის დირექტორის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. ამდენად, პირველი შუამდგომლობისგან განსხვავებით, აპელანტი არ უთითებს რაიმე ახალ გარემოებებზე, არამედ დამატებით წარმოდგენილი აქვს მხოლოდ რიგი მტკიცებულებები.

6.4. სააპელაციო პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებაში აღინიშნა, რომ მხარე ვალდებული იყო სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაედასტურებინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. სააპელაციო საჩივარში მითითებულ (პირველ) შუამდგომლობაში, მხარეს გარდა ზოგადი მითითებებისა მძიმე ფინანსური მდგომარეობისა და გავრცელებული ყადაღა/აკრძალვების შესახებ, ამის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის გამოც უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვადაში, აპელანტმა საბანკო დაწესებულებებიდან 2023 წლის 6 თებერვალს გამოითხოვა ინფორმაცია ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების და გავრცელებული შეზღუდვების შესახებ, ასევე მეწარმეთა რეესტრიდან გამოითხოვა განახლებული მონაცემები 2023 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით და წარმოადგინა სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 29 მარტს გამოტანილი განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ამ მტკიცებულებების წარმოდგენა მხარეს შეეძლო პირველ შუამდგომლობასთან ერთად და არ არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი მათი მოგვიანებით წარმოდგენისთვის. ამდენად, არ ვლინდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განხილვის საფუძლები.

6.5. 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 02 თებერვალს დაიწყო და 2023 წლის 13 თებერვალს ამოიწურა. აპელანტებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული გადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავთ სასამართლოსთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. „ე.გ–ი“-სა და შ.პ.ს. „ი–ი“-ს წარმომადგენელმა ა.გ–მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: თავად სასამართლო აღნიშნავს, რომ 2023 წლის 08 თებერვლის შუამდგომლობას ერთვოდა ზუსტად ის მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობდა აპელანტების მძიმე მატერიალურ მდგომარეობას. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით აპელანტები რამდენიმე მილიონიან დავაზე აღმოჩნდნენ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების მიღმა. თუკი სააპელაციო სასამართლო თვლიდა, რომ შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი, მას შეეძლო განჩინება გამოეტანა იმ ვადაში, რომ აპელანტებს დარჩენოდათ დრო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით, შ.პ.ს. „ე.გ–ი“-სა და შ.პ.ს. „ი–ი“-ს კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დარჩა განუხილველი, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

11.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

11.2. სამართლიან სასამართლოზე ყოველი პირის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც დაცვის ღირს სამართლებრივ სიკეთედ არის აღიარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, სხვა უფლებათა თუ თავისუფლებათა დაუბრკოლებლად რეალიზების მექანიზმია, ამდენად, ხელისუფლების სამივე შტო უნდა იყოს ფრთხილი ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვისას.

11.3. ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231).

11.4. სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary [დიდი პალატა], 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120).

11.5. საქმეში „Kreuz v. Poland“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა - სახელმწიფო ბაჟი, შეესაბამება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.

11.6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს.

11.7. უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს იმ მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

11.8. სასამართლოს ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებით სარგებლობის ზემოხსენებული საკანონმდებლო შეზღუდვისაგან არსებობს გამონაკლისიც, თუმცა იგი ასევე არ არის აბსოლუტური. მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-66-62-2017, 06.04.2017წ; №ას-1316-2020, 17.02.2021წ). ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ, აგრეთვე, სსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თანაბრად ვრცელდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართ).

11.9. ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას, სასამართლომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვის მხედველობაში მიღებით უნდა გაითვალიწინოს მეორე მხარის ინტერესები და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობისა და მეორე მხარის ინტერესების ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

11.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №38736/04), სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე უარის თქმა მიჩნეული იქნა კონვენციის მე-6 მუხლით განმტკიცებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევად, მათ შორის, შემდეგი არგუმენტით _ თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის გადახდისუუნარობის თხოვნა არ იყო საკმარისად დასაბუთებული საქმეში არსებული მასალებით, მას უნდა განეცხადებინა ამის თაობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში და მოეწოდებინა ამ უკანასკნელისათვის, რათა მას წარედგინა საჭირო დოკუმენტები ქონებრივი სირთულეების დასასაბუთებლად, თუმცა სასამართლომ ასე არ გააკეთა.

11.11. 2023 წლის 26 იანვრის განჩინებაში სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ ისე, რომ არ მიუთითებია, თუ რა სახის მნიშვნელოვანი და სარწმუნო მტკიცებულება უნდა წარედგინა აპელანტს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად, რომ დადებითად გადაწყვეტილიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი (იხ. სუსგ. საქმეებზე: №ას-1055-2019, 22.11.2019წ; №ას-396-2019, 28.06.2019წ). ამავდროულად, 2023 წლის 08 თებერვალს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი რიგი მტკიცებულებები, რომლებითაც აპელანტები ცდილობდნენ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული სირთულეების დასაბუთებას, სსსკ 215-ე მუხლზე მითითებით, შეფასების გარეშე იქნა დატოვებული იმ დასაბუთებით, რომ იმავე შინაარსის შუამდგომლობაზე სააპელაციო პალატას 26.01.2023 წლის განჩინებაში უკვე ჰქონდა ნამსჯელი.

11.12. საკასაციო პალატის შეფასებით, სახელმწიფო ბაჟის საკითხთან მიმართებით შეღავათების დაწესების თხოვნის შემცველი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული დოკუმენტების განუხილველად დატოვება სსსკ 215-ე მუხლზე მითითებით, წარმოადგენს იმ უკანასკნელ საშუალებას, რომელსაც სასამართლომ უნდა მიმართოს საქმის განხილვის გაჭიანურებაზე მომჩივნის არაკეთილსინდისერი განზრახვის აღსაკვეთად. თუკი ამგვარი განზრახვა არ იკვეთება, შუამდგომლობა, თუნდაც განმეორებით წარმოდგენილი, რომლითაც მხარე ცდილობს, უკეთესი არგუმენტაციით ან/და მტკიცებულებით დაასაბუთოს პროცესის ხარჯების გაღებისას მის მიმართ შეღავათის დაწესების აუცილებლობა, სასამართლოს მხრიდან არ უნდა იქნეს უგულვებელყოფილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ სასამართლომ ვერ შეძლო, დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის _ დაემტკიცებინა თავისი საჩივრის საფუძვლიანობა სასამართლოს გზით. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და, თუ მათ საკმარისად არ მიიჩნევს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენაც მოითხოვოს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-396-2019 28.06.2019წ).

11.13. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომელიც სასამართლოს შეუქმნის შინაგან რწმენას აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნის გზით საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობაზე, ამრიგად, 2023 წლის 08 თებერვლის შუამდგომლობა და მასზე თანდართული დოკუმენტაცია სააპელაციო პალატას არსებითად უნდა შეეფასებინა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. ამრიგად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს სსსკ 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 48-ე, 368-ე, 374-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ე.გ–ი“-ს და შ.პ.ს. „ი–ი“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი