11 მაისი, 2023 წელი
№ას-1370-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენით
კასატორი _ კ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ფ.ს–ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება, თანხის დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შ.პ.ს. „ფ.ს–ი“-ს 2020 წლის 15 თებერვლის ბრძანება (გამოხატული ნება) კ.ჩ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 13 050 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით; შ.პ.ს. „ფ.ს–ს“ კ.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 01 თებერვლიდან 2020 წლის 15 თებერვლამდე კუთვნილი ხელფასის 525 ლარის (გადასახადის ჩათვლით) ანაზღაურება და ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის - 525 ლარის (გადასახადის ჩათვლით) – 0.07%-ის გადახდა 2020 წლის 23 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სასარჩელო მოთხოვნები თანამდებობაზე აღდგენის, გამოუყენებელი შვებულების, იძულებითი განაცდურის, ასევე ზეგანაკვეთური საათების და მათი დაყოვნებისათვის 0.07%-ის დაკისრების, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების შეცვლის გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე მოითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით, კ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „ფ.ს–ი“-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. კ.ჩ–ის საკასაციო საჩივრის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2023 წლის 27 აპრილს 14:00 საათზე, რომელიც, მორიგების ხელშეწყობის მიზნით, გადაიდო 2023 წლის 11 მაისს 14:00 საათზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 11 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე წარედგინა მხარეთა შორის მიღწეული მორიგების აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სსსკ 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
10. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.
11.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები.
11.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
11.3. სსსკ 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
11.4. ამავე კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
11.5. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტი მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ხელმოწერილია შ.პ.ს. „ფ.ს–ი“-ს წარმომადგენელთა _ მ.მ–ძისა და თ.კ–ძის მიერ. საქმის მასალებში (ტ.3, ს.ფ. 53-57) წარმოდგენილია 2020 წლის 21 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმადაც, შ.პ.ს. „ფ.ს–ი“-ს დირექტორმა ზ.ს–მა მ.მ–ძე, განუსაზღვრელი ვადითა და უფლებამოსილების სხვა პირებზე გადანდობის შესაძლებლობით, აღჭურვა ყველა ინსტანციის სასამართლოში კომპანიის ინტერესების წარმოდგენის, მათ შორის, მორიგების უფლებით. ამავე მინდობილობის საფუძველზე, მ.მ–ძემ, 2022 წლის 29 სექტემბრის მინდობილობის ძალით, 03 წლის ვადით, სრული მოცულობით გადაანდო თ.კ–ძეს შ.პ.ს. „ფ.ს–ი“-ს დირექტორისგან მინიჭებული უფლებამოსილებები (მინდობილობა დაერთვის 2023 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმს).
11.6. მორიგების აქტი კასატორის (მოსარჩელის) მხრიდან ხელმოწერილია უშუალოდ კ.ჩ–ის მიერ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის სახელით ხელმომწერი ორივე პირი ირიცხება ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ერთიან სიაში, კერძოდ, მ.მ–ძის სიითი ნომერია 5123 (სპეციალიზაცია საერთო), ხოლო თ.კ–ძის სიითი ნომერია _ 7111 (სპეციალიზაცია სამოქალაქო). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.
12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.
13.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
14.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
14.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ კ.ჩ–ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ფ.ს–ი“-სა და კ.ჩ–ის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
2.1. შ.პ.ს. „ფ.ს–ი“ გადაუხდის კ.ჩ–ს 6 თვის განმავლობაში ხელზე მისაღებ 20000 (ოცი ათასი) ლარს, შემდეგი წესით:
2.1.1. არაუგვიანეს 2023 წლის 30 მაისისა _ 3333.33 ლარს;
2.1.2. არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა _ 3333.33 ლარს;
2.1.3. არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივლისისა _ 3333.33 ლარს;
2.1.4. არაუგვიანეს 2023 წლის 30 აგვისტოსი _ 3333.33 ლარს;
2.1.5. არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბრისა _ 3333.33 ლარს;
2.1.6. არაუგვიანეს 2023 წლის 30 ოქტომბრისა _ 3333.35 ლარს.
3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება (№2/7680-20) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება (№2ბ/375-21).
4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-1370-2021.
5. კ.ჩ–ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადახდო დავალება №12758227240, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“, გადახდის თარიღი: 05.03.2022წ) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი