06 აპრილი, 2023 წელი
საქმე №ას-81-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ა.კ–ვა, ო.კ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე _ თ.ჩ–ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ.ჩ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მესაკუთრე“) სარჩელით მიმართა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს ა.კ–ვასა და ო.კ–ვას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“, „კასატორები“, „მფლობელები“) მიმართ, უძრავი ნივთის, მდებარე: მარნეული, ......., ს/კ ......., უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2018 წლის 19 ოქტომბერს, თბილისში, ...... მდებარე სანოტარო ორგანოში თ.ჩ–სა და ა.კ–ვას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ.ჩ–მა ა.კ–ვას ასესხა 23 000 (ოცდასამიათსი) ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ა.კ–ვას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე მარნეულში, ......, ს/კ .........
2.2. 2018 წლის 31 ოქტომბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილება და სესხად გაცემულ 23 000 ლარს დაემატა 11 300 ლარი, ანუ ჯამში სესხის თანხამ შეადგინა 34 300 ლარი. დანარჩენი პუნქტები, მათ შორის თანხის დაბრუნების ვადის ნაწილში, დარჩა უცვლელი. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხი გაიცა ერთი წლის ვადით, შესაბამისად, სესხად აღებული თანხა მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა 2019 წლის 20 ოქტომბრამდე, რაც ა.კ–ვას მხრიდან არ შესრულებულა.
2.3. 2019 წლის 1 ნოემბერს სანოტარო წესით გაფორმდა ახალი ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმადაც, ა.კ–ვამ მიჰყიდა თ.ჩ–ს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული ქონება. გამყიდველს გამოსყიდვის ბოლო ვადად განესაზღვრა 2020 წლის 01 თებერვალი. დადგენილ ვადაში გამოსყიდვის უფლება არ განხორციელებულა და მოპასუხეს დღემდე არ დაუბრუნებია თანხა, ამავდროულად, უკანონოდ ფლობს უკვე სრულუფლებიან მესაკუთრედ რეგისტრირებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
მოპასუხეების პოზიცია:
3. მოპასუხებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და მიუთითეს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება სრულდებოდა ეტაპობრივად, ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხა არ ემთხვეოდა რეალურად გასესხებულ ოდენობას. მოსარჩელემ მოტყუებით დადო მოპასუხე ა.კ–ვასთან ნასყიდობის ხელშეკრულება და პროცესიც წარმართა იმგვარად, რომ მარტივად დაესაკუთრებინა სადავო უძრავი ქონება. სახლის მოსარჩელეზე გადაფორმება განხორციელდა შეცდომით, თვალთმაქცური გარიგებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელე თ.ჩ–ის სარჩელი ა.კ–ვას და ო.კ–ვას მიმართ დაკმაყოფილდა; გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების _ ა.კ–ვას და ო.კ–ვას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი მდებარე: მარნეული, ........, ს/კ ......... და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში თ.ჩ–ისთვის გადაცემა.
5. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 02 აგვისტოს განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს სადავო განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში.
7. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების განჩინებით, დაინიშნა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
8. 2022 წლის 12 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა.კ–ვამ და მიუთითა, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოში სრულად არ წარდგენილა ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, აგრეთვე სრულფასოვნად არ გაცხადებულა სამართლებრივი არგუმენტები, რის გამოც, მას უნდა მისცემოდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და პროცესში მონაწილეობის უფლება. მისმა ადვოკატმა არცერთი საპროცესო მოქმედება არ შეასრულა მის სასარგებლოდ, არ გაუსაჩივრებია სანოტარო აქტი, რომლითაც მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე მოიპოვა საკუთრება, არ აცნობებდა საქმის განხილვის თარიღსაც, რის გამოც, მას ახალ ადვოკატთან ერთად უნდა ჰქონოდა ზეპირი მოსმენის წესით უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით:
9.1. ა.კ–ვასა და ო.კ–ვას შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
9.2. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მარნეულის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2022 წლის 16 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2022 წლის 2 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
10. სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე აპელანტების შუამდგომლობის უარსაყოფად პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას... სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და აგრეთვე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო სააპელაციო საჩივარი და საქმის მასალები არ შეიცავს მითითებას იმგვარ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომელთა განხილვისათვის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა იქნებოდა აუცილებელი.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. 2021 წლის 08 თებერვალს თ.ჩ–მა სარჩელი აღძრა ა.კ–ვასა და ო.კ–ვას წინააღმდეგ და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაბრუნება მოითხოვა.
11.2. საქმეზე სასამართლო სხდომა მრავალჯერ გადაიდო და ბოლოს დაინიშნა 2022 წლის 16 მაისს, რის თაობაზეც 2022 წლის 4 აპრილს ეცნობა აპელანტების წარმომადგენელს, ი.ბ–ს.
11.3. სასამართლო სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადებულან. 2022 წლის 10 მაისს მათ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სხდომის გადადება მოსარჩელესთან მორიგების მიზნით და ერთ-ერთი აპელანტის, ო.კ–ვას ავადმყოფობის მოტივით, თუმცა აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ.
12. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
12.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
12.2. 2022 წლის 16 მაისის სხდომის თაობაზე უწყება ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს (ს.ფ. 179), შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ჩაითვალა თავად აპელანტებისთვისაც. მეტიც, 2022 წლის 10 მაისს აპელანტებმა თავად მიმართეს სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით (ს.ფ. 181-182), საიდანაც ნათელია, რომ აპელანტები სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ.
12.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო მოპასუხეთა პოზიციას ან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს არ აფასებს. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ყველა ფაქტი ითვლება დადასტურებულად და სასამართლო აფასებს ამ ფაქტების სამართლებრივ შესაბამისობას მოსარჩელის მოთხოვნასთან.
12.4. ამრიგად, აპელანტების მითითებას მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე დავის საგანთან კავშირი არა აქვს. მითუმეტეს, რომ აპელანტებს ამ ხელშეკრულების ბათილად აღიარებისა და ქონებაზე საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავთ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებითა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა, ხოლო აპელანტები ამ ნივთს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ. ამის შესაბამისად, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს.
12.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
12.6. პალატის აზრით, ის გარემოება, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ერთ-ერთი აპელანტის ავადმყოფობით იყო გამოწვეული, აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს. მათ ვერ დაამტკიცეს ვერც ის, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა მოსარჩელესთან არსებულმა მოლაპარაკებებმა გამოიწვია,რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა.კ–ვამ და ო.კ–ვამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
13.1. მოსარჩელემ მოპასუხე ა.კ–ვას კუთვნილი ქონება დაისაკუთრა თაღლითური გზით, რაზედაც კასატორს მიმართული აქვს სარჩელით, თ.ჩ–ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სანოტარო აქტის გაუქმების მოთხოვნით.
13.2. კასატორების წარმომადგენელმა არ დაიცვა მისი უფლებები, არ მიიღო მონაწილეობა სასამართლო პროცესებში, რის გამოც ისინი დარჩნენ დაცვის უფლების გარეშე. კასატორები ქართულ ენას არ ფლობენ, მათთვის გაურკვეველია ნებისმიერი ქართულენოვანი შინაარსის დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლოში კასატორებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ზეპირი მოსმენის დროს დაეცვათ საკუთარი ინტერესები თარჯიმნისა და ახალია ადვოკატის მონაწილეობით, წარედგინათ მტკიცებულებები.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორების მხრიდან შეუდავებელი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კასატორებმა (მოპასუხეებმა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭეს ი.ბ–ს და ნ.რ–ს 2023 წლის 16 მარტის ჩათვლით მათ ქონებრივ/არაქონებრივ დავებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ.1, ს.ფ. 67-72). საკასაციო პალატა დამატებით შენიშნავს იმ გარემოებას, რომ ორივე მინდობილობა შედგენილია როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე. აგრეთვე შეუდავებელ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ 2022 წლის 16 მაისს 14:00 საათზე მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში დანიშნული სასამართლო სხდომისა და სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ სატელეფონო გზით ეცნობა მოპასუხეთა წარმომადგენელ ი.ბ–ს.
17.3. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
17.4. ციტირებული ნორმის შესაბამისად, მხარისათვის გადაცემული უწყება ითვლება წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად, ხოლო წარმომადგენლისათვის გადაცემული _ უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებულადაც, ამასთან, სასამართლოს დისკრეციაა, სასამართლო უწყებას, რომელ მათგანს გაუგზავნის (მრავალთა შორის იხ. სუსგ. საქმე №ას-1290-2018, 06.02.2019წ; №ას-1119-1039-2017, 09.02.2018წ).
17.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
17.6. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ).
17.7. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელოიდან ნივთის გამოთხოვა, რომლის განსახილველად საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილი სასამართლოს უდგენს 1 თვის ვადას. აღნიშნულის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელი სასამართლო სხდომის ჩატარებაც კი ერთ წელზე მეტი დროით გაჭიანურდა, დანიშნული სხდომა თორმეტჯერ გადაიდო სხვა დროისთვის და აქედან თერთმეტი სხდომის გადადების ინიციატორი იყო მოპასუხე მხარე, რომელიც აპელირებდა მოპასუხეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობასა ან/და ადვოკატ ი.ბ–ის სხვა სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე.
17.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17.9. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-780-780-2018, 22.10.2019წ.).
17.10. ამრიგად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობის მტკიცების სტანდარტს ადგენს თავად კანონმდებელი, რომელიც მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ დაძლიეს. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასამართლო სხდომებზე (მათ შორის, 2022 წლის 16 მაისის სასამართლო სხდომაზე) გამოცხადების შეუძლებლობას, სასამართლოს წინაშე მათ არ წარუდგენიათ. ზემოაღწერილ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას ექმნება შინაგანი რწმენა მასზედ, რომ კასატორები სასამართლო სხდომების გადადების შუამდგომლობებით მიზნად ისახავდნენ საქმის განხილვის გაჭიანურებას.
17.11. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კასატორებს მიაჩნიათ მათი წარმომადგენლის საპროცესო უმოქმედობა, რამაც მათ საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა. ხსენებულ არგუმენტს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც ყოველი მხარე ნებაყოფლობით და დამოუკიდებლად ირჩევს წარმომადგენელს, შედის მასთან დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ანდობს მას სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვას. 2022 წლის 16 მაისის სხდომის გადადების მიზნით 2022 წლის 10 მაისს წარდგენილ განცხადებაშიც კასატორი ანა კამინოვა ადასტურებდა საკუთარ ნებას, რომ მისი წარმომადგენლობა გაეწია ი.ბ–ს, მეტიც, საქმის საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც კი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კასატორებს ხსენებული პირისათვის ვადაზე ადრე არ შეუწყვეტიათ და არც სხვა პირზე გაუციათ ახალი რწმუნებულება, აღნიშნული კი მეტყველებს სწორედ მასზედ, რომ წარმომადგენლობის საპროცესო პასიურობის უარყოფითი შედეგების უშუალო ადრესატებად მიჩნეულნი უნდა იყვნენ ის პირები, რომლებმაც ანდეს მას საქმის სასამართლოში წარმოება.
17.12. ენის არცოდნისა და თარჯიმნის საჭიროების საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ ა.კ–ვას მიერ ქართულ ენაზე შედგენილი არაერთი განცხადება მოპოვება სასამართლოს საქმის მასალებში (მათ შორის, სასამართლო სხდომების გადადების მოთხოვნით), საქმეზე გამართულ ყველა სხომაზე, რომელსაც უშუალოდ ესწრებოდა ა.კ–ვა, მონაწილეობდა თარჯიმანი ს.მ–ვიც, მისი მონაწილეობითვე ხდებოდა მოპასუხისათვის საქმის მასალების ჩაბარება (იხ. ტ.1, ს.ფ. 105). მეტიც, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა.კ–ვას და ო.კ–ვას პირადად გაეგზავნათ მათთვის გასაგებ (რუსულ) ენაზე შედგენილი სასამართლო უწყება (იხ. ტ.1, ს.ფ. 263-266) ამდენად, საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე მხარეს არ მიუღია თარჯიმნის მომსახურება, გაზიარებას არ იმსახურებს.
17.13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
17.14. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ. საქმეზე № ას-2-2-2017, 14.07.2017წ.). მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2015, გვ. 637).
17.15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იურიდიულად ამართლებს ვინდიკაციურ მოთხოვნას.
17.16. საკასაციო საჩივრის იმ ნაწილთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, კასატორს სხვა საქმის ფარგლებში სადავოდ აქვს ქცეული თ.ჩ–ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ ასეთი დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წინამდებარე საქმის მასალებში არ მოიპოვება, თუმცა აღნიშნული დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, მოსარჩელემ თავი გაართვა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთს - საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ №ას-1542-1462-2017, 30.01.2018წ). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ №ას-877-2018 , 27.09.2018წ; №ას-1719-2019, 22.01.2020წ). ამრიგად, უფლების დამდგენი საბუთის სადავოდ ქცევას, ვიდრე მისი ბათილობა არ დადგენილა სასამართლო წესით, არ შესწევს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შეფერხების უნარი.
18.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
18.2. აპელანტი 2022 წლის 12 დეკემბრის შუამდგომლობაში მიუთითებდა, რომ სასამართლოს წინაშე წარსადგენი ჰქონდა ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, თუმცა ამგვარი მტკიცებულებები არც სააპელაციო საჩივრის წარდგენისას და არც მოგვიანებით, მათ შორის, არც 2022 წლის 12 დეკემბრის განცხადებასთან ერთად, სასამართლოს წინაშე არ წარდგენილა. საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილს (რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა) და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტი ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის გადაწყვეტამდე არც ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს წარადგენს და არც მათი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზს ასაბუთებს, იქმნება გონივრული ვარაუდი, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შუამდგომლობა ემსახურება დავის განხილვის გაჭიანურებას, რაც სასამართლოს მხრიდან უნდა იქნეს ეფექტურად აღკვეთილი, მით უმეტეს, რომ პირველი ინსტაციის სასამართლოში საქმის განხილვა, საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით მოპასუხეთა მრავალჯერადი შუამდგომლობების გამო, გაჭიანურებულ იქნა ერთ წელზე მეტი დროით (საქმეზე პირველი მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 27 აპრილს, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2022 წლის 16 მაისს). ამრიგად, სააპელაციო პალატას გააჩნდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული ორი დამოუკიდებელი საფუძველი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად, რის წინააღმდეგაც აპელანტებმა სააპელაციო პალატას ვერ წარუდგინეს საგულისხმო არგუმენტები.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების საწინააღმდეგოდ ვერ შეძლეს არგუმენტირებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ა.კ–ვას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%, რაც შეადგენს 105 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–ვას და ო.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა.კ–ვას (პ/ნ ....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №4906, გადახდის თარიღი: 16.02.2023წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი