Facebook Twitter

22 მარტი, 2023 წელი

საქმე №ას-1165-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

I კასატორი _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ნ–ძე

II კასატორი _ გ.ნ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.ნ–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“, „II კასატორი”, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „I კასატორი“, „დამსაქმებელი“) მიმართ, გ.ნ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის №2199/კ ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და 2020 წლის 27 თებერვლიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის _ ყოველთვიურად 800 ლარის (ხელზე ასაღები თანხის) ანაზღაურების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2004 წლის დეკემბრიდან მოსარჩელემ დაიწყო მუშაობა ახალციხის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების სარეგიტრაციო სამსახურში. 2006 წელს აღნიშნული სამსახური ჩამოყალიბდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მოსარჩელემ წარადგინა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რის შედეგადაც 2006 წლის 30 იანვრის ბრძანება №4-ით დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. 2012 წლის 16 ივლისის ბრძანება №3395/კ-ის საფუძველზე დაინიშნა უვადოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2.2. 2019 წლის 29 ნოემბერს ბრძანება №12682/კ-ით მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე სააგენტოს შტატების მოსალოდნელი შემცირების, განთავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის/გაუგრძელებლობის შესახებ. ამავე ბრძანებაში მითითებული იყო, რომ სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, უნდა განხორციელებულიყო ტესტირების (სახელმწიფო ენის მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრების შედეგად _ პოზიციების სპეციფიკის გათვალიწინებით. ამავე ბრძანებით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს _ ადამიანური რესურსების მართვისა და ფინანსური ანალიზის და ბიუჯეტირების სამსახურებს _ დაევალათ შეემუშავებინათ და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარედგინათ სააგენტოს ახალი საშტატო ნუსხა არა უგვიანეს 2020 წლის 17 იანვრამდე. სააგენტოს მიერ ტესტირების არც დანიშვნამდე და არც შემდგომ, ხელმისაწვდომი არ ყოფილა განახლებული საშტატო ნუსხა.

2.3. 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №12862/კ-ის საფუძველზე მოსარჩელემ გაიარა ტესტირება და ზოგად უნარებში მიიღო 80-დან 47 ქულა, სახელმწიფო ენის მართლწერაში _ 80-დან 42 ქულა, ხოლო პროფესიულ გამოცხაში _ 50-დან 43 ქულა. სააგენტოს მხრიდან არ მითითებულა იმის თაობაზე, თუ ქულათა რა ოდენობა უნდა გადაელახა თანამშრომელს, რომ იგი დარჩენილიყო სამსახურში თავის პოზიციაზე. ტესტირების ეტაპის გავლის შემდგომ ჩატარდა გასაუბრება სააგენტოს ხელმძღვანელობასთან.

2.4. ბრძანება №12862/კ-ით დადგენილ რეორგანიზაციის ვადაში სააგენტომ ვერ განახორციელა საშტატო ნუსხის დამტკიცება, რის გამოც 2020 წლის 01 თებერვლიდან 2020 წლის 27 თებერვლამდე მოსარჩელეს გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2020 წლის 27 თებერვლის ბრძანება №2192/კ-ით იგი განთავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებულია ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი №6, რომელიც მოსარჩელეს, მოთხოვნის მიუხედავად, არ ჩაბარებია, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმის დაკმაყოფილება ვერ შეძლო დაკავებული თანამდებობის შესანარჩუნებლად.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი - 813 200 ლარი და წლიური ფონდი - 9 758 000 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა - 530 ერთეულით, თვის ფონდი - 749 900 ლარით და წლიური ფონდი - 9 000 000 ლარით.

3.2. საქართველოს იუსიტიციის მინსტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლითაც სააგენტოში განხორციელდა რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რამაც აუცილებელი გახადა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის გატარება, მათ შორის, შტატების შემცირება. რეორგანიზაციის ფარგლებში გაუქმდა სააგენტოს ბორჯომის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები და მათი შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რამაც ასევე გამოიწვია კადრების შემცირება, კერძოდ, 22 საშტატო პოზიციიდან დაყვანილ იქნა 16 საშტატო ერთეულამდე, აქედან სამსახურის უფროსის არის - 1 (ვაკანტური), მთავარი სპეციალისტის _ 15.

3.3. ტესტირების ჩატარების მომდევნო ეტაპზე, გასაუბრების გზით მოწმდებოდა თანამშრომლის საქმიანობის სპეციფიკა, დატვირთულობა, მოტივაცია, სააგენტოს მომავალ საქმიანობაში მათი როლი/ხედვა. გასაუბრებისა და ტესტური გამოცდის შედეგების ურთიერთშეჯერებით კი კომისია იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას.

3.4. გ.ნ–ძემ ყველაზე დაბალი ქულა მიიღო სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომლებს შორის. კომისიის მხრიდან გ.ნ–ძის მიმართ დასმული იქნა შეკითხვა ტესტურ გამოცდაში დაბალი ქულების მიღების მიზეზების გამოსარკვევად, რაზედაც საუბარი მოსარჩელემ კომისიის წინაშე არ ისურვა. იმის გამო, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დასაქმებისთვის თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ მეტი კომპეტენცია, ხოლო ტესტირებაში მიღებული ქულების გათვალისწინებით, გ.ნ–ძე, კომისიის მოსაზრებით, დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის ფარგლებში მისი გათავისუფლების შესახებ. რეორგანიზაციის შედეგად გ.ნ–ძის საშტატო პოზიცია გაუქმებულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 თებერვლის №2199/კ ბრძანება და გ.ნ–ძე აღდგენილი იქნა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები 800 ლარის ოდენობით, გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება გ.ნ–ძის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) და სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მოპასუხე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოსარჩელე გ.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 14 400 ლარის ოდენობით.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. გ.ნ–ძე 2004 წლის დეკემბრიდან დასაქმდა ახალციხის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო სამსახურში.

7.2. 2006 წელს აღნიშნული სამსახური ჩამოყალიბდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდ. 2006 წლის 30 იანვრის №4 ბრძანებით გ.ნ–ძე დაინიშნა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალციხის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით.

7.3. 2012 წლის 16 ივლისის №3395/კ ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა უვადოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 980 ლარს.

7.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც სააგენტოში განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, სამსახურების შეერთების ხარჯზე გამსხვილდა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. აღნიშნულმა, თავის მხრივ, აუცილებელი გახადა სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესის გატარება, რომლის ფარგლებშიც, ახალი მოცემულობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა ასევე შტატების შემცირებაც. შედეგად, ს.ს.ი.პ. - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №12682/კ ბრძანებით, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ეფექტური საჯარო მმართველობის განხორციელება, შტატების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და სახელფასო ფონდის შემცირება.

7.5. მოპასუხე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №12682/კ ბრძანებით, სააგენტოს თანამშრომლები გაფრთხილდნენ მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილების, შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის/გაუგრძელებლობის თაობაზე. ამავე ბრძანებით სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისათვის (პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით) შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად დადგინდა ტესტირება (სახელმწიფო ენის მართლწერა, ზოგადი უნარები ან/და პროფესიული ტესტი) ან/და გასაუბრება.

7.6. სააგენტოში დასაქმებულ პირებს ეცნობათ ორგანიზაციაში განსახორციელებელი რეორგანიზაციისა და შესაძლო გათავისუფლების შესახებ, კერძოდ 2019 წლის 02 დეკემბერს გ.ნ–ძე გაფრთხილდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაციის გამო თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

7.7. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 17 დეკემბრის №13703/კ ბრძანებით განისაზღვრა კონკრეტული სამსახურები, რომელთა კვალიფიკაციის შეფასება სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. აღნიშნული ბრძანებით, ტერიტორიული სამსახურების შეფასების კრიტერიუმებად განისაზღვრა ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების ეტაპის ეფექტურად წარმართვას უზრუნველყოფდა ს.ს.ი.პ. იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ტესტირება მოიცავდა გამოცდას ზოგად უნარ-ჩვევებში, სახელმწიფო ენის მართლწერასა და პროფესიულ განათლებაში, რომლის თემატიკაც განისაზღვრებოდა თითოეული სამსახურისათვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით.

7.8. ტესტირების ეტაპზე გ.ნ–ძის შეფასება გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევები _ 47 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან), სახელმწიფო ენის მართლწერა _ 42 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან) და პროფესიული განათლება _ 43 ქულა (50 მაქსიმალური ქულიდან).

7.9. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, აღნიშნული კომპონენტის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 10 იანვრის №401/კ ბრძანებით დამტკიცდა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციიდან გამომდინარე მისი ტერიტორიული სამსახურებისა და ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებთან გასაუბრების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე კომისიის შემადგენლობა.

7.10. 2020 წლის 10-11 იანვარს, მოსარჩელესთან გაიმართა გასაუბრება სააგენტოს მიერ შექმნილ კომისიაში.

7.11. №6 გასაუბრების ოქმის ამონაწერით დგინდება, რომ სააგენტოს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გ.ნ–ძემ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ყველა ეტაპზე (ზოგადი უნარები, ქართული ენა, სამართლებრივი თემატიკა), ახალციხის სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებთან შედარებით, მიიღო ყველაზე დაბალი ქულები. აღნიშნულთან დაკავშირებით მისთვის დასმულ კითხვას, თუ რამ განაპირობა ასეთი დაბალი ქულები, გ.ნ–ძემ განაცხადა, რომ ვერ მოასწრო სათანადოდ მომზადება, თუმცა მიზეზებზე არ ისურვა საუბარი. ამავე გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში თანამშრომლებს მოეთხოვებათ მეტი კომპეტენცია. ტესტირებაში მიღებული ქულების გათვალისწინებით კი, გ.ნ–ძე, კომისიის მოსაზრებით, დაკისრებულ მოვალეობას ვერ გაართმევს თავს.

7.12. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 27 თებრვლის №2199/კ ბრძანებით მოსარჩელე გ.ნ–ძესთან 27.02.2020 წლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე.

7.13. გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს გამართულად/ეფექტურად ფუნქციონირების და არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მოცემულ შემთხვევაში, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები აქვთ. ორგანიზაციის ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ორ-სამ საშტატო ერთეულიანი სამსახურების და ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობს. შედეგად, 6 სტრუქტურული ქვედანაყოფის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 3 დეპარტამენტი (რომლებიც დარჩენილ ფუნქციებს შეითავსებენ). რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს, არსებული 29 სტრუქტურული ერთეულის ნაცვლად, ოპტიმიზაციის შედეგად, ფუნქციონირებას განაგრძობს 21 სტრუქტურული ერთეული (სამსახური). ცვლილებები შევიდა აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის ნაწილშიც. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ნაცვლად მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიისა, რეგიონული პრინციპით შეიქმნება. შედეგად, 59 ტერიტორიული სამსახურის ნაცვლად, ფუნქციონირებას განაგრძობს 22 ტერიტორიული სამსახური. მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებში გაუქმდა მენეჯერული პოზიციები, მათ შორის, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა.

7.14. მოსარჩელეზე გაიცა 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაცია.

7.15. 2020 წლის 16 აპრილის წერილით №01/77954 დგინდება, რომ 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ ახლად ჩამოყალიბებულ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არის ჯამში 16 საშტატო პოზიცია. აქედან 1 სამსახურის უფროსი, 15 მთავარი სპეციალისტი. ვაკანტურია მხოლოდ 1 საშტატი პოზიცია - სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსი.

7.16. 2020 წლის 03 ივლისის №01/110467 ცნობის თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა გ.ნ–ძის საშტატო პოზიცია.

7.17. 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 10 პოზიცია. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 6 თანამშრომელი, ვაკანტურია საშტატო ნუსხით განსაზღვრული ერთი პოზიცია - სამსახურის უფროსის.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში, მაშინაც კი, როდესაც მას შტატების შემცირება მოსდევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნება შეესაბამება თუ არა ამ ნების საკანონმდებლო რეგლამენტაციას.

8.2. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის სპეციფიურობასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებულ ცვლილებებსა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება, კუმულაციურად არსებული შემდეგი პირობების დაცვით: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად, აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა. დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენს, დაამტკიცოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, გარდაუვალი იყო.

8.3. მოპასუხე მხარემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა გ.ნ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. დამსაქმებელი მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა რეორგანიზაცია, რა დროსაც შემცირდა სააგენტოს ბიუჯეტი, ასევე საშტატო ერთეულები, განხორციელდა კადრების ოპტიმიზაცია და ჩატარებული კონკურსის შედეგების მიხედვით სააგენტომ მიიღო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააგენტომ მასთან დაუსაბუთებლად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და გაუგებარია, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა სააგენტომ კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

8.4. მოპასუხე მხარის მითითებით, გ.ნ–ძემ სხვა შესადარებელ პირებთან შედარებით, ტესტირების ყველა კომპონენტში მიიღო დაბალი შეფასება, ასევე გასაუბრების ეტაპზე ვერ დაასაბუთა მიღებული დაბალი ქულების საფუძველი და არ ისურვა აღნიშნულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება. მითითებულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მისთვის ტესტირების ჩატარებამდე არ იყო განმარტებული, თუ რა მონაცემზე ქვემოთ არსებული შეფასება შესაძლოა მიჩნეულიყო უარყოფითად, ასევე მოსარჩელემ უარყო ის გარემოება, რომ მას ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა მიღებული.

8.5. ტესტირების შედეგებთან მიმართებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. სააგენტოს მიზანი იყო თანამშრომელთა ტესტირების შედეგად გამოევლინა ნაკლებ კვალიფიციური პირები და შტატები შეემცირებინა მათი თანამდებობიდან გათავისუფლების ხარჯზე. შესაბამისად, სააგენტოს მიზანი უნდა ყოფილიყო სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საერთო მასშტაბით კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება. მოცემულ შემთხვევაში, გ.ნ–ძის მიერ ატესტაციის შედეგად დაგროვილი ქულათა საერთო რაოდენობა არ იყო სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ყველაზე დაბალი, მისი ქულათა ჯამი შედარდა მხოლოდ ახალციხის სამსახურის თანამშრომელთა ქულათა ჯამს, რაც ქმნის ვითარებას, როდესაც ამ გაერთიანებულ სამსახურში (შესაძლებელია სხვა ტერიტორიულ სამსახურში) დარჩნენ კადრები, ვინც დაგროვილი ქულების მიხედვით წარმოადგენენ მოსარჩელესთან შედარებით დაბალი შეფასების მქონე მოსამსახურეებს. შესაძლებელია, ახალციხის ტერიტორიულ სამსახურში შტატი შემცირდა და გ.ნ–ძე ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას, თუმცა სააგენტოს უნდა შეეთავაზებინა მისთვის ის ვაკანტური თანამდებობა, რომელიც გამოთავისუფლდა მოსარჩელის მიერ დაგროვილ ქულათა საერთო ჯამზე დაბალი ქულის მიმღები პირების გათავისუფლებით, თუნდაც სხვა ტერიტორიულ სამსახურში. შესაბამისად, ამგვარი გზით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იყო სამართლიანი, კანონშესაბამისი და არ ემსახურებოდა თვითონ სააგენტოს მიერ დაგეგმილი რეორგანიზაციის მიზნებს.

8.6. მოპასუხემ მხედველობაში მიიღო მხოლოდ ახალციხის ტერიტორიული სამსახურის მოსამსახურეების ქულათა რაოდენობა და მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ დააკმაყოფილებდა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში დადგენილ სტანდარტს და ვერ გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, რაც დაუსაბუთებელია იმ ფონზე, როდესაც სააგენტოს საქმიანობის შინაარსი და უფლება-მოვალეობები არ შეცვლილა.

8.7. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, საქმეში წარმოდგენილ №6 გასაუბრების ოქმის ამონაწერში ასახულ მონაცემებს მოსარჩელე უარყოფს, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გასაუბრების ოქმის დეტალური და სრული ჩანაწერი, თუ რა შეკითხვები იქნა დასმული და რა პასუხები დაფიქსირდა მოსარჩელის მიერ, შეუძლებელია შეფასდეს გასაუბრების ეტაპი მხოლოდ სააგენტოს მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. მოპასუხე მხარეს შეეძლო წარმოედგინა აუდიო-ჩანაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რის საფუძველზეც სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა, შეეფასებინა კომისიის მიერ მიღებული დასკვნების სისწორე, რაც საბოლოოდ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

8.8. დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ის საჭიროება/აუცილებლობა, რასაც შეეძლო გაემართლებინა დასაქმებული მუშაკის გათავისუფლება. ერთმანეთს უპირისპირდება მოპასუხე ორგანიზაციის ინტერესები საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს საქმიანობის შიდა სტრუქტურა, თუმცა დაცვის ღირსი ინტერესი აქვს დასაქმებულის შრომით უფლებებს და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, შეპირისპირებული ინტერესებიდან რომელს შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა. ზოგადი წესის შესაბამისად, შრომის უფლება გარანტირებულია და დამსაქმებლის ინტერესს მხოლოდ აუცილებლობით ნაკარნახევი გარემოებების არსებობისას ენიჭება უპირატესობა, რისი დადასტურებაც თავად ამ საქმიანობის განხორციელების უფლების მატარებელს ეკისრება.

8.9. საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, არ დასტურდება გარემოება, რომ სააგენტოსათვის გარდაუვალი იყო კონკრეტულ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის. მითითებულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანება მართლსაწინააღმდეგოა, რამეთუ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია შრომის კოდექსის 37-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების დარღვევით, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

8.10. სამსახურში აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობასთან მიმართებით პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეზე წარმოდგენილ 22.05.2022წ. წერილის პასუხს (№01/117165), რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 10 პოზიცია. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 6 თანამშრომელი, ვაკანტურია საშტატო ნუსხით განსაზღვრული ერთი პოზიცია - სამსახურის უფროსის. ამდენად, 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით, საშტატო რიცხოვნობა შემცირებულია და მთავარი სპეციალისტის პოზიცია არის მხოლოდ 10 (აქედან 1 უფროსის პოზიცია), საიდანაც უფროსის პოზიციის გარდა ყველა დაკავებულია. ამასთან, ასევე ჰყავთ 6 პოზიციაზე შტატგარეშე მოსამსახურე ხელშეკრულებით (არამუდმივი სამუშაოების შესასრულებლად). ვაკანსიები, რომელზეც გამოცხადებული იყო კონკურსი, შეეხებოდა სწორედ შტატგარეშე პოზიციებს. ამდენად, არც პირველი ინსტანციით საქმის განხილვის დროს და არც სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას შტატით გათვალისწინებული სპეციალისტის პოზიცია ან თუნდაც, ტოლფასი, გარდა სამსახურის უფროსისა, ვაკანტური არ არის, შესაბამისად, სამსახურში აღდგენის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, ხოლო მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაცია, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს.

8.11. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ დასაქმების ხანგრძლივობის, გათავისუფლების უკანონობის ხარისხის, ასევე სახელფასო ანაზღაურების ოდენობის შესაბამისად, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელისთვის კომპენსაცია 14 400 ლარის ოდენობით, რომელიც შესაბამისობაშია მოსარჩელის 18 თვის სახელფასო ანაზღაურების ჯამთან (800X18). პალატის შეფასებით, ხსენებული ოდენობით კომპენსაციის დაკისრება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დასაქმებულის შელახული უფლებების გონივრულ კომპენსირებას, აქვს პრევენციული ხასიათი, ამავდროულად დაუსაბუთებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებს და მეტწილად ითვალისწინებს ორივე მხარის შეპირისპირებულ ინტერესებს.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ისე გ.ნ–ძემ. დამსაქმებელი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას, ხოლო დასაქმებულის მოთხოვნაა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.

9.1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს:

9.1.1. იმ განმარტებით, რომ გ.ნ–ძის ქულები არ შედარებია სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელთა ქულებს, სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს სააგენტოს შიდა მენეჯერულ საქმიანობაში. მართალია, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გაერთიანდა რამდენიმე სამსახური, მაგრამ სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი იყო თითოეულ მუნიციპალიტეტში ჰყოლოდა გარკვეული რაოდენობის თანამშრომელი, რითიც შეძლებდა სამუშაოს უფრო სწრაფად და ეფექტურად შესრულებას. მაგალითად, თუ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გაერთიანებული ახალქალაქის სამსახურიდან გათავისუფლდებოდა ყველა თანამშრომელი (რადგან მათ ჰქონდათ დაბალი ქულები), სააგენტო აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ვერ განაგრძობდა ნორმალურ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო თანაბარ პირობებში მყოფ თანამშრომელთა შედარების საფუძველზე, შესაბამისად, ახალციხის სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელთა შედეგების შედარება გამართლებულია როგორც მენეჯერული, ისე სამართლიანობის თვალსაზრისითაც. ახალციხის სამოქალაქო რეესტრში გ.ნ–ძის იდენტურ ფუნქციებს ასრულებდა ზ.თ–ძე, რომელსაც ტესტირების ყველა კომპონენტში მოსარჩელეზე მაღალი შეფასება აქვს მიღებული და ამავდროულად, საქმეთა სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის 27 თებერვლამდე მოსარჩელეზე მეტი შესრულებული სამუშაო უფიქსირდება.

9.1.2 სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლებელია, ახალციხის ტერიტორიულ სამსახურში შტატი შემცირდა და გ.ნ–ძე ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას, თუმცა სააგენტოს უნდა შეეთავაზებინა მისთვის ის ვაკანტური თანამდებობა, რომელიც გამოთავისუფლდა მოსარჩელის მიერ დაგროვებულ ქულათა საერთო ჯამზე დაბალი ქულის მიმღები პირების გათავისუფლებით, თუნდაც სხვა ტერიტორიულ სამსახურში. რეორგანიზაციის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტურია საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი პოზიცია _ სამსახურის უფროსის თანამდებობა, შესაბამისად, ცხადია, რომ რეორგანიზაციის შემდგომ აღნიშნულ ტერიტორიულ სამსახურში არც მთავარი სპეციალისტისა და არც სპეციალისტის ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა. იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს სამსახურში არ იყო თავისუფალი პოზიცია, გაურკვეველია თუ რა თანამდებობა უნდა შეეთავაზებინა სააგენტოს გასათავისუფლებელი პირისთვის.

9.1.3. მტკიცებულების სახით წარმოდგენილ გასაუბრების ოქმში ასახული იყო მოსარჩელის მიერ გასაუბრების დროს დაფიქსირებული პოზიცია. თუ იგი ოქმში მითითებულ ინფორმაცაის თვლიდა არასწორად, უნდა მოეთხოვა ამავე ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეს გასაუბრების შემდგომ არ გამოუთხოვია ოქმი და არც რაიმე შენიშვნა გამოუთქვამს მის შინაარსზე. სააგენტოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებას მოსარჩელე უპირისპირებს მხოლოდ ზეპირ განმარტებას, რაც არ გამოდგება წერილობითი მტკიცებულების საპირწონედ. გარდა აღნიშნულისა, არ არსებობს საკანონმდებლო იმპერატიული ჩანაწერი, რომელიც მიუთითებდა გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულებაზე. შესაბამისად, სასამართლოს მითითება აღნიშნულ გარემოებებზე ვერ გახდება გასაუბრების ოქმის მართებულობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი.

9.2. გ.ნ–ძის საკასაციო პრეტენზია ემყარება შემდეგ დასაბუთებას:

9.2.1. აპელანტის წარმოდგენილ წერილში, რომელიც გაზიარებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, მითითებულია, რომ 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გათვალისწინებულია 10 პოზიცია, აქედან 6 თანამშრომელი დასაქმებულია ხელშეკრულებით, ხოლო უფროსის პოზიცია ვაკანტურია, დარჩენილი სამი შტატის არავაკანტურობაზე წერილი მითითებას არ შეიცავს, ამავდროულად, წერილის შინაარსი არასარწმუნოა, რამეთუ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მითითებულ პერიოდში გამოცხადებული ჰქონდა ვაკანსიები.

9.2.2. სარჩელის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ვაკანტური იყო ასპინძის სარეგისტრაციო სამსახურში ორი ადგილი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საჯარო სამსახურის ბიუროს პორტალზე კონკურსი გამოცხადებული იყო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე ახალციხეში, რომელიც ვაკანტური გახდა 2022 წლის 30 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე ნ.პ–ის სამსახურიდან წასვლის შედეგად. აღნიშნული კი ადასტურებს სააგენტოს მიერ სასამართლოსთვის საშტატო ნუსხის შესახებ ინფორმაციის არასრულად მიწოდებას.

9.2.3. კომპენსაციად 18 თვის ოდენობით ხელფასის დაკისრება, იმ პირობებში, როდესაც სამსახურში აღდგენას დასაქმებული 27 თვის განმავლობაში ელოდებოდა, კასატორი მიიჩნევს შელახული უფლების აღდგენისთვის არაგონივრულად მცირე თანხად.

9.3. საკასაციო საჩივარში კასატორი გ.ნ–ძე შუამდგომლობს მოპასუხე სააგენტოდან მთავარი სპეციალისტის _ ნ.პ–ის სამსახურიდან განთავისუფლებისა და მის პოზიციაზე თანამშრომლის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას, აგრეთვე საკასაციო საჩივართან ერთად წარმოდგენილი სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე საჯარო სამსახურის ბიუროს პორტალზე გამოქვეყნებული ვაკანსიის (71627) ამონაბეჭდის მტკიცებულებად დართვას, რომლითაც დასტურდება ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში თავისუფალი ადგილის მუდმივად არსებობა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ რეორგანიზაცია დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თავისთავადი საფუძველი არ არის, არამედ, საჭიროა, ცვლილებები წარმოშობდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-224-224-2018. 18.05.2018წ).

14.2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით სადავოა რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერება. პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს არა გამოცხადებული რეორგანიზაციის ჩატარების საფუძვლიანობა, არამედ მისი უარყოფითი შედეგების დაყვანის კანონიერება უშუალოდ მოსარჩელე დასაქმებულამდე. ამრიგად, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №117 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით და 2019 წლის 28 ნოემბრის №462 ბრძანებით ახალი დებულების დამტკიცებით, რამდენადაც არსებითად შეიცვალა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მოწყობის წესი, დღის წესრიგში ობიექტურად დადგა რეორგანიზაციის განხორციელების აუცილებლობა.

14.3. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 29 ნოემბრის №12682/კ ბრძანებით სააგენტოში 2019 წლის 29 ნოემბერს გამოცხადდა რეორგანიზაცია; თანამშრომლები (მათ შორის, მოსარჩელე გ.ნ–ძე) გაფრთხილებულნი იქნენ რეორგანიზაციის გამო შტატების მოსალოდნელი შემცირების/გათავისუფლების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის/გაუგრძელებლობის შესახებ, ხოლო სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების შეფასების/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, დადგინდა ტესტირება/ან და გასაუბრება _ პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით.

14.4. 2019 წლის 17 დეკემბრის №13703/კ ბრძანებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის _ სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტისა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების დასანიშნი/გადასაყვანი/გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმად განისაზღვრა პროფესიული წერა, ქართული ენა, უნარ-ჩვევები და გასაუბრება. ამავდროულად, ტესტირებას დაქვემდებარებული მიმართულებებისთვის, ჯამურად ან განცალკევებულად, არ დადგენილა მინიმალური ზღვრული ქულა.

14.5. გ.ნ–ძის მიერ ტესტირების კომპონენტებში მიღებული ქულები განისაზღვრა შემდეგნაირად: ზოგადი უნარ-ჩვევები _ 47 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან), სახელმწიფო ენის მართლწერა _ 42 ქულა (80 მაქსიმალური ქულიდან) და პროფესიული განათლება _ 43 ქულა (50 მაქსიმალური ქულიდან).

14.6. როგორც აღინიშნა, გასათავისუფლებელი თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასების მეორე კრიტერიუმად მიჩნეულ იქნა გასაუბრება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს 2020 წლის 24 იანვრით დათარიღებულ №6 გასაუბრების ოქმს, რომლიდანაც ირკვევა, რომ ფუნქცია-მოვალეობებთან, სამუშაო გამოცდილებასთან, სამუშაო დატვირთვასთან, სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისთვის განსახორციელებელ ცვლილებებთან, აგრეთვე ფუნქცია-მოვალეობებიდან და პოზიციიდან გამომდინარე პროფესიული შეკითხვებთან მიმართებით დასმულ შეკითხვებზე გ.ნ–ძის მიერ გაცემული პასუხები გასაუბრების კომისიამ მიიჩნია არასათანადოდ არგუმენტირებულად, რის გამოც, მას მიეცა დამატებითი შეკითხვები. ამავე ოქმის თანახმად, გ.ნ–ძესთან მიმართებით კომისიამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სხვა თანამშრომლებთან შედარებით, მიიღო ყველაზე დაბალი ქულები და აღნიშნულის განმაპირობებელ მიზეზებზე კომისიის წინაშე საუბარი არ ისურვა, მიჩნეულ იქნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ მეტი კომპეტენცია. ტესტირებაში მიიღებული ქულების გათვალისწინებით კი გ.ნ–ძე, კომისიის მოსაზრებით, დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევდა.

14.7. ამრიგად, გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ კომისიამ გ.ნ–ძის მიმართ უარყოფით შეფასებას საფუძვლად დაუდო უპირატესად ტესტირების შედეგები, რომელიც, 2019 წლის 17 დეკემბრის №13703/კ ბრძანების თანახმად, იყო კომპეტენციის შეფასების ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი. გასაუბრების ოქმი ფუნქცია-მოვალეობებთან, სამუშაო გამოცდილებასთან, სამუშაო დატვირთვასთან, სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისთვის განსახორციელებელ ცვლილებებთან, აგრეთვე ფუნქცია-მოვალეობებიდან და პოზიციიდან გამომდინარე პროფესიულ საკითხებზე დასმული არცერთი შეკითხვის და შესაბამისად, არცერთი პასუხის შინაარსს არ ასახავს; გასაუბრების ოქმი გაჯერებულია კომისიის წევრთა სუბიექტური შეფასებებით, რომლის ფორმირების ობიექტური არცერთი ფაქტორი ამავე დოკუმენტიდან არ ვლინდება. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, თანამშრომლის კვალიფიკაციის შეფასების მეორე ეტაპის _ ჩატარებული გასაუბრების ამსახველი დოკუმენტი იმდენად არაინფორმატიულია, რომ შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რამდენად ობიექტურ, მიუკერძოებელ, ზეგავლენისგან თავისუფალ გარემოში წარიმართა თანამშრომელთა შეფასების მოცემული ეტაპი.

14.8. ამავდროულად, გასაუბრების ოქმშიც კი, მოსარჩელის კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კომისია ასახელებს ტესტირების შედეგებს, რომელიც შეფასების ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად, საქმის მასალებიდან არ ვლინდება, რა დანიშნულება შეასრულა გასაუბრების ფაქტმა საიმისოდ, რომ გამოვლენილიყო თანამშრომლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ის დეტალები, რომლებიც ტესტირების ფარგლებში არ იქნა უზრუნველყოფილი.

14.9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელეს ევალებოდა, სადავოდ ექცია არამარტო გათავისუფლების შესახებ ბრძანება, არამედ გასაუბრების ოქმიც, ან სულ მცირე, შენიშვნები გამოეთქვა მასზე და აღნიშნავს, რომ გასაუბრების ოქმი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს ნების გამოვლენის აქტს, მასზე მიღებული არ ყოფილა რაიმე გადაწყვეტილება, რომლითაც ხელყოფილი იქნა დასაქმებულის უფლება, არამედ მასში ასახულ მოსაზრებებს გააჩნდათ სარეკომენდაციო ბუნება, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, ასახვა ჰპოვა სწორედ სადავოდ ქცეულ ბრძანებაში. ამასთან, კასატორის იმ არგუმენტის საპასუხოდ, რომ დასაქმებულს გასაუბრების ოქმთან მიმართებით შენიშვნა არ გამოუთქვამს, პალატა მიუთითებს თავად გასაუბრების ოქმის უკანასკნელ გვერდზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 249), რომლის თანახმადაც, ოქმი გასაცნობად წარედგინა კომისიის წევრებს და მათი მხრიდან შენიშვნა არ გამოთქმულა. ამდენად, სააგენტოს, ოქმზე შენიშვნების გამოთქმის მიზნით, მისი შინაარსი გასაუბრების მონაწილეთათვის არ გაუცვნია, მეტიც, სარჩელში მითითებული და მტკიცებულებებით დადასტურებული შეუდავებელი გარემოებაა, რომ მოსარჩელეს, მოთხოვნის მიუხედავად (იხ. ტ.1, ს.ფ. 77-78; 81-82), დამსაქმებლისგან ხსენებული გასაუბრების ოქმი არ გადასცემია (იხ. ტ.1, ს.ფ. 73), ამდენად, დამსაქმებლის მიერ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ გასაუბრების ოქმის მიმართ დასაქმებულს შენიშვნები არ გამოუთქვამს, უსაფუძვლოა.

14.10. კასატორი სააგენტო საკუთარ პრეტენზიას აყრდნობს იმ გარემოებას, რომ გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერის საკანონმდებლო ვალდებულება მას არ გააჩნია. აღნიშნულ გარემოებას საკასაციო პალატა იზიარებს, თუმცა აქვე მიუთითებს მტკიცების იმ სპეციფიურ ტვირთზე, რომელიც დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებაზე წარმოშობილი დავებში აკისრია. შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ ფაქტორების პოზიტიურად დამტკიცების ტვირთი, რომელთა არსებობასაც დაეყრდნო დამსაქმებელი კონკრეტული დასაქმებულის სამსახურიდან განსათავისუფლებლად, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ზოგადი და ბუნდოვანი გასაუბრების ოქმის პირობებში, დამსაქმებლის მხარეს შენარჩუნდა იმ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, რომ გასაუბრების პროცესში მოსარჩელემ, კონკურენტებთან შედარებით, საკუთარი კომპეტენცია ვერ წარმოაჩინა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორედ მტკიცების ტვირთის ფარგლებში მიუთითა დამსაქმებელს, რომ გასაუბრების უარყოფითი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელი იყო უფრო ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდრე წერილობით შედგენილი შეფასებითი ხასიათის გასაუბრების ოქმი, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც.

14.11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ გაუმართლებელია ტესტირების შედეგებზე აპელირება იმ პირობებში, როდესაც მინიმალური ზღვრული ქულა ტესტირების კომპონენტებში არ დადგენილა და ახლად ფორმირებულ სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში გადაყვანილ იქნენ რეორგანიზაციამდე ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მასშტაბით სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში დასაქმებული ის მთავარი სპეციალისტებიც, რომლებსაც, მოსარჩელესთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალი შეფასებები ჰქონდათ მიღებული (იხ. ტ.1, ს.ფ. 238). ამდენად, რეორგანიზაციის პირობებში მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, სააგენტომ ვერ დაასაბუთა, რომ შეუძლებელი იქნებოდა სამსახურიდან გასათავისუფლებელ პირთა წრის განსაზღვრა იმგვარი ობიექტური კრიტერიუმებით, რომელიც გ.ნ–ძესთან შედარებით ნაკლებად კომპეტენტური თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების ხარჯზე, დღის წესრიგიდან მოხსნიდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

14.12. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ამგვარ დასკვნამდე მისვლით სასამართლო ერევა სააგენტოს შიდა პოლიტიკაში, რამეთუ სხვა მუნიციპალიტეტის ფარგლებში დასაქმებული პირების შედეგებთან მოსარჩელის შეფასებების შედარებით და მათი სამსახურიდან განთავისუფლებით შეიქმნებოდა ცალკეულ მუნიციპალიტეტში სამოქალაქო რეესტრის სერვისების ხელსაწვდომობის ხელყოფის საფრთხე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერება კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა ქვაკუთხედი და კანონით პირდაპირ განუსაზღვრელ უფლება-მოვალეობათა სამართლიანი ბალანსირების ნორმატიული ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება სამართლიანი შედეგების დადგომას და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-23-18-2011, 24.05.2011წ). კეთილსინდისიერების პრინციპი ურთერთობის მონაწილეთა ქცევის მართლზომიერების საზომია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი სუბორდინაციული ურთიერთობების მოწესრიგებისას, როგორიც შრომითი ურთიერთობაა. დამსაქმებელს, რომელიც ისედაც დომინირებულ პოზიციაშია დასაქმებულთან მიმართებით, მართებს შრომითი ურთიერთობის მთელ პერიოდში და განსაკუთრებით, ურთიერთობის დასრულების ეტაპზე, გულისხმიერად ეკიდებოდეს დაქვემდებარებული პირის შრომით უფლებებს და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იყოს საფუძვლიანად დარწმუნებული, რომ ურთიერთობის შეწყვეტა არის ,,Ultima Ratio", ესე იგი, ერთადერთი გონივრული და უკიდურესად საჭირო ღონისძიება.

14.13. განსახილველ შემთხვევაში, პალატა კეთილსინდისიერების ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევდა იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მხრიდან წარმოდგენილი იქნებოდა მტკიცებულებები, რომ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულ ერთეულში კვალიფიციურ კადრთა შენარჩუნების მიზნით, უკეთესი შედეგების მქონე მოსარჩელეს შესთავაზეს თანამდებობაზე დარჩენა იმ პირობით, რომ საქმიანობის გაგრძელება, მას, შესაძლოა, დავალებოდა არა იმ მუნიციპალიტეტში, რომელშიც მანამდე საქმიანობდა, არამედ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულ სამსახურის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ ქალაქში, ხოლო ამგვარ შეთავაზებაზე გ.ნ–ძემ განაცხადა უარი. საქმის მასალებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება ზემოაღნიშნული სტადარტის შესაბამისად კასატორი სააგენტოს მოქმედების დასადასტურებლად, ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოპასუხის პრეტენზიის (კანონიერად ჩატარებული რეორგანიზაციის პირობებში დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობა) გაზიარებისთვის, რამდენადაც დაუსაბუთებელია, თუ რა გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა კონკრეტულად მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-61-2022, 20.10.2022წ).

15.1. რაც შეეხება დასაქმებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, სამუშაოზე აღდგენის ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების მართებულობაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, წარმოიშვა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მითითებული დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ.სუსგ.საქმეზე №ას-1135-2018, 31.05.2019წ; №ას-951-901-2015, 29.01.2016წ).

15.2. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება იმას, რომ სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი არასწორად განსაზღვრა, კერძოდ, არ აღადგინა სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ საამისო წინაპირობები იკვეთებოდა. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს აღნიშნულ პრეტენზიას და ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვაკანტური და ტოლფასი თანამდებობის არარსებობაზე.

15.3. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დასაქმებული ეჭვქვეშ აყენებს სააგენტოდან მოწოდებული იმ ცნობების მართებულობას, რომელიც საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის დასკვნას იგივე ან ტოლფასი თანამდებობის არავაკანტურობის შესახებ. ამავდროულად, საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, საშტატო ნუსხისა და ვაკანტური პოზიციების შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვას დასაქმებული თავად შუამდგომლობდა მოპასუხე სააგენტოდან. ორგანიზაციაში კონკრეტული თანამდებობის არსებობა საშტატო ნუსხით დგინდება, თუმცა მარტოოდენ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით სასამართლო მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გააკეთოს დასკვნა მასზედ, ვაკანტურია თუ არა ორგანიზაციის მიერ დაშვებული თანამდებობა. საქმეში საშტატო ნუსხის წარმოდგენის პარალელურად, პოზიციის ვაკანტურობის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლოს ესაჭიროება დამატებითი მტიცებულება მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან მასზედ, თუ საშტატო ნუსხით დაშვებულ თანამდებობათაგან რომელი და რა ოდენობის პოზიციაა ათვისებული. ამდენად, თუ დამსაქმებლის მიერ მიწოდებულ მონაცემებს მხარე და სასამართლო იმთავითვე რეალობასთან შეუსაბამო და არასარწმუნო მტკიცებულებად განიხილავს, დამსაქმებელს ნებისმიერ შემთხვევაში წაერთმევა შესაძლებლობა, ამტკიცოს გარემოება თანამდებობის არავაკანტურობის შესახებ (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-122-2022, 15.07.2022წ).

15.4. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებული კასატორი არასწორად ინტერპრეტირებს 2022 წლის 25 მაისის №01/117165 წერილით მიწოდებული ცნობების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, არც ხსენებული წერილი და არც სააპელაციო პალატა არ მიუთითებს მასზედ, რომ თითქოს 10 პოზიციიდან 6 შევსებულია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებით, 1 პოზიცია კი განეკუთვნება სამსახურის უფროსს, არამედ ფაქტობრივი გარემოება დადგენილია შემდეგი შინაარსით: 2022 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 10 პოზიცია. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 6 თანამშრომელი, ვაკანტურია საშტატო ნუსხით განსაზღვრული ერთი პოზიცია - სამსახურის უფროსის, ანუ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ 10 პოზიციასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში საქმიანობს 6 შტატგარეშე პირი (ე.ი. საშტატო ნუსხით გათვალისწინებული 10 პოზიცია კი არ მოიცავს 6 შტატგარეშე თანამშრომელს, არამედ ისინი არსებობს დამოუკიდებლად), შტატით განსაზღვრული ყველა პოზიცია, გარდა სამსახურის უფროსისა, ვაკანტურია. ამრიგად, გაურკვეველია, რომელი „სამი დარჩენილი შტატის“ შეფასების მიღმა დატოვებაზე მიუთითებს კასატორი.

15.5. მოსარჩელე საკასაციო ეტაპზე მიუთითებს არსებითად ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მთავარმა სპეციალისტმა ნ.პ–მა დატოვა სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

15.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

15.7. საგულისხმოა, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომლის დადგენასაც საკასაციო სასამართლოსგან ითხოვს კასატორი, არსებობდა საქმის სააპელაციო ეტაპზე განხილვისასაც, კერძოდ, კასატორის მითითების თანახმად, ნ.პ–მა თანამდებობა დატოვა 2022 წლის 30 აპრილს _ მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს საქმის არსებითად განხილვა არც კი ჰქონდა დაწყებული, ესე იგი, არსებობდა შესაძლებლობა, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება სააგენტოდან გამოთხოვილიყო სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სსსკ 380-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილების მოთხოვნათა დაცვით. ამგვარი შუამდგომლობა დასაქმებულს სააპელაციო სასამართლოს წინაშე არ განუცხადებია.

15.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ციტირებული 407(I) მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანცია არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. ამრიგად, არ არსებობს არც მტკიცებულებათა გამოთხოვის და არც საკასაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტის საქმეზე მტკიცებულებად დართვის საფუძველი.

15.9. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების უკანონოდ მიჩნევა გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით (მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი) გათვალისწინებული იურიდიული შედეგების დადგომასაც - პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის სახით. რამდენადაც მოცემულ საქმეში გამორიცხულია პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის უზრუნველყოფა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართებულად განისაზღვრა დასაქმებულის რესტიტუცია კომპენსაციის მიკუთვნების გზით. დასაქმებული პრეტენზიას აცხადებს კომპენსაციის ოდენობაზეც.

15.10. კომპენსაციის განსაზღვრის მიზნებისათვის, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (იხ. სუსგ. №ას-1540-2019, 30.09.2020წ.). საგულისხმოა, რომ კომპენსაციის განსაზღვრის მიზნებისათვის, იმ გარემოებებზე მითითების ტვირთი, რომლებიც განაპირობებს კომპენსაციის ოდენობის ზრდას, დასაქმებულს ეკისრება. დასაქმებულმა კომპენსაციის ოდენობა გააპროტესტა მარტოოდენ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ დავის წარმოშობიდან დასრულებამდე გასულია 18 თვეზე (კომპენსაციის გასაანგარიშებლად აღებული პერიოდი) მეტი. ხსენებული არგუმენტი კი, მოსარჩელისა და მოპასუხის ინდივიდუალური შრომითი მახასიათებლების მითითების გარეშე, არასაკმარისია კომპენსაციის ოდენობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნის უარსაყოფად.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორებს უკან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრების დასაშვებობისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შემთხვევაში შეადგენს 504 ლარს, ხოლო გ.ნ–ძის შემთხვევაში _ 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და გ.ნ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის ს/კ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 720 ლარის (გადახდის თარიღი: 13.10.2022, საგადახდო დავალება: 61539) 70% – 504 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. გ.ნ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის (გადახდის თარიღი: 15.10.2022, საგადახდო დავალება: 14795170403, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი