Facebook Twitter

30 მარტი 2023 წელი №ას-1453-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ.ხ–ვი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ჯ.უ.ე.ფ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.ხ–ვმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შ.პ.ს. „ჯ.უ.ე.ფ–ის“ მიმართ ზიანის - 10202 ლარის დაკისრების შესახებ სარჩელით მიმართა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. ქ. თბილისში, ......ქუჩის ბოლოს მდებარეობს პეტრე-პავლეს სასაფლაო, სადაც მდებარეობს მოსარჩელის მშობლებისა და მეუღლის საფლავი.

5.2. 2019 წლის 08 სექტემბერს, მოსარჩელის შვილებმა აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული სასაფლაო იყო დაზიანებული და წყლით დატბორილი. მოსარჩელემ 2020 წლის 27 თებერვალს, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. იმავე დღეს საპატრულო პოლიციამ შეადგინა შემდეგი შინაარსის რეაგირების ოქმი: „გამოძახების საფუძველზე გამოცხადდით ზემოაღნიშნულ მისამართზე. ადგილზე დაგვხვდა მოქალაქე ბ.ხ–ვი, დაბ. 23.12.1951 წ. რომელმაც განგვიცხადა, რომ მთავარი გზიდან სასაფლაოზე შემოდის წყალი, აზიანებს სასაფლაოზე არსებულ ხეებს და სასაფლაოებს. აღნიშნულის შესახებ ადგილზე გამოძახებული იქნა 20 თებერვალს წყალკანალის თანამშრომლები, მაგრამ რეაგირება ვერ მოახდინეს“.

5.3. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს მე-2 ......ქუჩის მიმდებარედ წყალსადენის ქსელის დაზიანების შესახებ, რაზეც 2020 წლის 19 მაისს, მოპასუხემ წერილით აცნობა, რომ კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებული ტექნიკური ღონისძიებების შედეგად, შეკეთდა წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთი და აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილი იყო. ამჟამად წყალსადენის ქსელზე დაზიანება არ ფიქსირდება და წყლის ამოდინებას ადგილი არ აქვს.

5.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის №003311520 დასკვნის თანახმად: 1. სასაფლაოს შემომფარგვლელი ბეტონის ცოკოლის დაზიანების მიზეზს წარმოადგენს საძირკვლის არათანაბარი ჯდენა, რომელიც გამოწვეულია გრუნტის გაწყლიანებით. იმის დადგენა, თუ რამდენად წარმოადგენს გრუნტის გაწყლიანების მიზეზს წყალსადენის მილიდან გამონადენი წყალი, დღეის მდგომარეობით ექსპერტიზის ბიუროსთვის აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია; 2. რეკომენდირებულია განხორციელდეს დაზიანებული ბეტონის ცოკოლის და შემომფარგვლელი ღობის დემონტაჟი და შემდგომ ახლის მოწყობა; 3. აღდგენისთვის საჭირო ჩასატარებელი სამუშაოები მითითებულია კვლევის ნაწილში; 4. იმისათვის რომ დადგინდეს სასაფლაოს აღდგენის ღირებულება, საჭიროა წარმოდგენილი იქნას შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია.

5.5. მოსარჩელემ აღადგინა დაზიანებული სასაფლაო, რომლის ღირებულებაც მის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად - 10 202 ლარია.

5.6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა საფლავის აღდგენისთვის გაწეული ხარჯის, როგორც ზიანის მოპასუხისათვის დაკისრება. შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დელიქტის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურება, რაც გულისხმობს, რომ მოსარჩელეს რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაედასტურებინა, რომ ვლინდებოდა მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება.

5.7. მართალია ექსპერტებმა დაადგინეს სასაფლაოს დაზიანების ფაქტი, ასევე მისი გამომწვევი მიზეზი, კერძოდ გრუნტის გაწყლიანების შედეგად საძირკვლის არათანაბარი ჯდენა, თუმცა აღნიშნულის გამომწვევი მიზეზის დადგენა ექსპერტებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მითითებული ესქპერტიზის დასკვნის საფუძველზე, არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა (წყალსადენი მილის დაზიანებას) და სასაფლაოს დაზიანებას შორის.

5.8 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ დაზიანებული მილის ლოკაცია არ მდებარეობდა დაზიანებული სასაფლაოს უშუალო სიახლოვეს (მაგალითად, 5 ან 10 მეტრის რადიუსში), რა შემთხვევაშიც, ადვილად შესაძლებელია სასამართლოს პრეზუმირებულადაც კი მიეჩნია მოსარჩელის მტკიცება, ვინაიდან დაზიანებული წერტილის დაზიანებულ ობიექტთან უშუალო სიახლოვეს არსებობის ფაქტი უკვე პრეზუმირებულს გახდიდა წყლის მილის დაზიანების შედეგად გამონადენი წყლის ჭავლის მეშვეობით ახლოს მდებარე სასაფლაოს დაზიანების გარემოებას და საპრირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისრებოდა მოპასუხეს. კონკრეტულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდანვე დგინდება, რომ წყლის მილის დაზიანების ადგილმდებარეობა დაახლოებით 80 მეტრითაა დაშორებული დაზიანებული სასაფლაოსგან. აღნიშნული ფაქტი კი, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე იმ პრეზუმფციის დაშვებას, რომ მოპასუხის წყლის მილის გახეთქვის შედეგად მისი მშობლების სასაფლაო დაზიანდა.

5.9 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს მართებდა მოცემულ დავაზე იმ გარემოებათა დადასტურება, რომელთა ერთობლიობაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ დაზიანებული 300 მმ-იანი წყლის მილიდან გამოსული წყლის ნაკადი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ დაზიანებული სასაფლაოს მიმართულებით მიედინებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ატმოსფერული ნალექების სიხშირე არ აღინიშნებოდა. მას მართებდა ამ კონტექსტში იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებაც, რომ მოპასუხის კუთვნილი წყლის მილის დაზიანებამდე სასაფლაოზე ამ ხარისხის დაზიანებები არ იკვეთებოდა.

5.10 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ - საკვლევი სასაფლაო განთავსებულია ძირითადად სწორ რელიეფზე; გარე პერიმეტრზე მოწყობილი ბეტონის ცოკოლი შესრულებულია სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ, ძირითადი ნაწილი შესრულებულია 20 წლის წინ, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი რამდენიმე წლის შემდეგ, რასაც ადასტურებს როგორც ცოკოლის ზედაპირის დამუშავების, ასევე - მოწყობილი შემომფარგვლელი ლითონის ბადის განსხვავებულობა; წარმომადგენლის გადმოცემით, 2019 წლის სექტემბერში დაზიანდა მელაანის I შესახვევსა და საინგილოს ქუჩებს შორის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ასფალტის გზის ქვეშ არსებული მილი, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებული საკვლევი სასაფლაოს ტერიტორიიდან დაშორებულია დაახლოებით 80 მეტრით (იხ. დანართი №2); ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალიდან დგინდება, რომ საკვლევი სასაფლაოს ტერიტორიის მიმდებარედ დგას წყალი, თუმცა წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მასალაში არ ფიქსირდება არსებული წყლის მოდინების გამომწვევი მიზეზი, დაზიანებული მილი ან/და მილიდან მოდინებული წყალი. გამომდინარე აქედან, ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეუძლებელია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის განმაპირობებელი ზუსტი მიზეზის დადგენა, ვინაიდან გამომწვევი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ატმოსფერული ნალექიდან მოდინებული წყლის მასების დაგროვება.

5.11 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით არც ექსპერტიზის დასკვნასა და არც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის დაფიქსირებული დაზიანებული მილიდან ამოდინებული წყლის ნაკადი და მისი მოძრაობის ტრაექტორია. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი აქვს ვიდეომასალა, სადაც ასახულია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დაგროვების ფაქტი, თუმცა არ არის აღნიშნული, უშუალოდ დაზიანებული მილიდან მომდინარე წყალის ნაკადი და სასაფლაოსთან დაგროვებული წყლის წყარო, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რომ დაზიანებული მილიდან წამოსული წყლის მოძრაობის ტრაექტორია დაეფიქსირებინა და შეექმნა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინაიდან როგორც თავად მოსარჩელემ განმარტა, დაზიანებული მილი მოპასუხემ შეაკეთა დაზიანებიდან 7 თვის შემდეგ. ცხადია, ამ პერიოდის განმავლობაში ობიექტურად შესაძლებელი იყო ზემოაღნიშნული ინფორმაციის დაფიქსირება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5.12 მხარეთა ახსნა-განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და ვიდეო მასალის მონაცემებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ დაზიანებული წყლის მილიდან გამოდენილი წყლის ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლებოდა წასულიყო და რომ მთელი გამონადენი წყლის მასა თავს აუცილებლად დაზიანებულ სასაფლაოსთან მოიყრიდა. პირიქით, მითითებული მტკიცებულებების მონაცემებით იკვეთებოდა, რომ ასფალტიანი გზის ის მონაკვეთი, რომლის ქვეშ მდებარე მილიც დაზიანდა, მდებარეობს შემაღლებულ რელიეფზე და რამდენიმე მხრიდან აქვს დაქანება. შესაბამისად, დაზიანებული მილიდან ამოდინებული წყალი შესაძლებელია რამდენიმე მიმართულებით გაშლილიყო. მოსარჩელეს საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მილის დაზიანების შედეგად ამოდენილი წყლის ჭავლი იმ ოდენობის იყო, რომ მიაღწევდა სასაფლაომდე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სადავო ტერიტორიის ზედხედისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან დგინდებოდა, რომ მილის დაზიანების ადგილსა და სასაფლაოს შორის არის ხევი, შესაბამისად, იმისთვის, რომ დაზიანებული მილიდან ამოსულ წყალს სასაფლაო დაეზიანებინა, უნდა ამოევსო ხევის კალაპოტი და გაეგრძელებინა დინება სასაფლაოს მიმართულებით, რაც მოცემულ შემთხვევაშიც არ დადასტურებულა.

5.13 მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ მილის დაზიანების თაობაზე მოპასუხეს 2020 წლის 20 თებერვალს შეატყობინა, თუ მილი დაზიანდა 2019 წლის სექტემბერში და იმ დროისთვის მოსარჩელის ოჯახის წევრებს სასაფლაო უკვე დატბორილი დახვდათ, გაურკვეველია, თუ რატომ მოახდინა მოსარჩელემ რეაგირება ფაქტობრივად ხუთი თვის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მილი დაზიანებული იყო შვიდი თვის განმავლობაში.

5.14 როდესაც საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა, თუ რა რაოდენობის წყალი ამოედინებოდა დაზიანებული მილიდან, გზის რომელ მხარეს მიედინებოდა წყალი, რამდენი ხნის განმავლობაში იყო დაზიანებული მილი და რამდენ ხანს ამოედინებოდა წყალი, ასევე, ვინაიდან სასაფლაო დაზიანებული მილიდან დაშორებულია 80 მეტრით, მათ შორის ხევია და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ მოხერხდა დაზიანებული მილიდან გამომავალ წყლის ნაკადსა და სასაფლაოს დაზიანებას შორის კავშირის დადგენა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუციელებელი ელემენტის, მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად.

5.15 ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მშობლებისა და მეუღლის სასაფლაო, რაც, მოსარჩელის განმარტებით, დაზიანდა წყლის შედეგად, მოწყობილია 20 წლის წინ. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ასახავდა სასაფლაოს მდგომარეობას წყალსადენი მილის დაზიანებამდე. ასეთ ვითარებაში, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატა ვერ დაადგენდა, რომ სასაფლაოს დაზიანება აუცილებლად მოპასუხის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია, რაც, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის უმოქმედობით გამოიხატა. ვინაიდან სასაფლაო მრავალი წლის წინ იყო მოწყობილი, შესაძლებელია, რომ მისი დაზიანება წლების განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალექის შედეგია. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერზეც, სადაც ნათლად ჩანს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგროვებული წყალი, თუმცა პალატამ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ შეუძლებელია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა, ვინაიდან გამომწვევი ფაქტორი შესაძლებელია იყოს ატმოსფერული ნალექიდან წყლის მასების დაგროვება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იმ პერიოდში როდესაც სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა, მაგალითად, წვიმა არ მოსულა და აღნიშნული ატმოსფერული ნალექების შედეგი ვერ იქნებოდა.

5.16 მოსარჩელეს წყალგამტარი მილის დაზიანებასა და მისი მშობლებისა და მეუღლის სასაფლაოს დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურა, რაც სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტმა ცალსახა პასუხი ვერ გასცა თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია სასაფლაოს დაზიანება, გასაჩივრებულ განჩინებაში ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ სასაფლაოს დაზიანება მოპასუხის კუთვნილი წყალსადენი მილის დაზიანებით არ განპირობებულა.

მოპასუხის ბრალეულობა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. უდავოა, რომ სასაფლაო დაზიანებულია წყლის გამო, ატმოსფერული ნალექი ასეთ დაზიანებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ განაპირობებდა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ სასაფლაოს დაზიანების შესახებ მოსარჩელემ 2019 წლის სექტემბერში შეიტყო, ზაფხულში კი, საქართველოში არ ყოფილა იმდენი ნალექი, რომ საფლავის საძირკვლის არათანაბარი ჯდენა და გრუნტის გაწყლოვანება გამოეწვია.

კასატორმა იშუამდგომლა მტკიცებულების სახით ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2022 წლის 29 ივლისს მიმართვისა და საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საქმისათვის დართვის თაობაზეც.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის კუთვნილი დაზიანებული მილიდან მომდინარე წყლის ნაკადსა და საფლავის დაზიანებას შორის.

12. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ. №ას-1570-2019, 2020 წლის 29 მაისი).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).

15. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

17. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო სასაფლაოს დაზიანება მოპასუხის კუთვნილი წყალსადენის მილის მწყობრიდან გამოსვლამ განაპირობა, მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო, სახელდობრ:

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 ივნისის დასკვნა, რომლის თანახმად, სასაფლაოს შემომფარგვლელი ბეტონის ცოკოლის დაზიანების მიზეზს წარმოადგენს საძირკვლის არათანაბარი ჯდენა, რომელიც გამოწვეულია გრუნტის გაწყლიანებით. ჩატარებული საექსპერტო კვლევის მიხედვით, იმის დადგენა, თუ რამდენად წარმოადგენს გრუნტის გაწყლიანების მიზეზს წყალსადენის მილიდან გამონადენი წყალი, დღეის მდგომარეობით ექსპერტიზის ბიუროსთვის შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული დასკვნა არ არის კატეგორიული და ეფუძნება ვარაუდს სადავო სასაფლაოს დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. მართალია, ექსპერტებმა დაადგინეს სასაფლაოს დაზიანების ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზი - გრუნტის გაწყლიანების შედეგად საძირკვლის არათანაბარი ჯდენა, თუმცა გაწყლიანების გამომწვევი მიზეზი ექსპერტმა ერთმნიშვნელოვნად ვერ განსაზღვრა და დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნა, რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა ყოფილიყო ატმოსფერული ნალექიდან მოდინებული წყლის მასების დაგროვება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნით მოპასუხის ქმედებასა (წყალსადენი მილის დაზიანებას) და სასაფლაოს დაზიანებას შორის მიზეზობრივი კავშირი, არ დადასტურებულა.

18. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 16 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, დაზიანებული მილი სადავო სასაფლაოსთან ახლოს არ მდებარეობს და დაშორებულია დაახლოებით 80 მეტრით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაზიანებული წერტილის დაზიანებულ ობიექტთან უშუალო სიახლოვეს არსებობის ფაქტი, პრეზუმირებულს გახდიდა წყლის მილის დაზიანების შედეგად სასაფლაოს დაზიანების გარემოებას და საპირისპიროს მტკიცების ტვირთი დაეკისრებოდა მოპასუხეს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე იმ პრეზუმფციის დაშვება, რომ სასაფლაოს დატბორვა მოპასუხის წყალსადენი მილის დაზიანებამ განაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელია.

19. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულ გარემოებას, რომ საკვლევი სასაფლაო განთავსებულია ძირითადად სწორ რელიეფზე; გარე პერიმეტრზე მოწყობილი ბეტონის ცოკოლი შესრულებულია სხვადასხვა პერიოდში, კერძოდ ძირითადი ნაწილი შესრულებულია 20 წლის წინ, ხოლო შედარებით მცირე ნაწილი რამდენიმე წლის შემდეგ, რასაც ადასტურებს როგორც ცოკოლის ზედაპირის დამუშავების, ასევე მოწყობილი შემომფარგვლელი ლითონის ბადის განსხვავებულობა. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ სასაფლაო მრავალი წლის წინ იყო მოწყობილი, შესაძლებელია, რომ მისი დაზიანება წლების განმავლობაში მოსულ ატმოსფერულ ნალექს გამოეწვია.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ არც ექსპერტიზის დასკვნაში და არც საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ არის დაფიქსირებული დაზიანებული მილიდან ამოდინებული წყლის ნაკადი და მისი მოძრაობის ტრაექტორია. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმეში წარმოდგენილი ფოტო-სურათებითა და ვიდეო მასალის მონაცემებით არ დასტურდება, ის გარემეობა, რომ დაზიანებული წყლის მილიდან გამოდენილი წყლის ნაკადი მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლებოდა წასულიყო და მთელი გამონადენი წყლის მასა თავს აუცილებლად დაზიანებულ სასაფლაოსთან მოიყრიდა. პირიქით, მითითებული მტკიცებულებების მონაცემებით იკვეთება, რომ ასფალტიანი გზის ის მონაკვეთი, რომლის ქვეშ მდებარე მილიც დაზიანდა, მდებარეობს შემაღლებულ რელიეფზე და რამდენიმე მხრიდან აქვს დაქანება. შესაბამისად, დაზიანებული მილიდან ამოდინებული წყალი შესაძლებელია რამდენიმე მიმართულებით გაშლილიყო.

21. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქმეში წარმოდგენილი სადავო ტერიტორიის ზედხედისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან დგინდება, რომ მილის დაზიანების ადგილსა და სასაფლაოს შორის ხევია, შესაბამისად, იმისათვის, რომ დაზიანებული მილიდან ამოდინებულ წყალს სასაფლაო დაეზიანებინა, მას უნდა ამოევსო ხევის კალაპოტი და გაეგრძელებინა დინება სასაფლაოს მიმართულებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, ასევე არ დადასტურებულა.

22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დელიქტის შემადგენელი ელემენტის - მიზეზობრივი კავშირის დადასტურება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.

23. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის შუამდგომლობა საქმისათვის ახალი მტკიცებულებების (ექსპერტიზის ბიუროსათვის მიმართვის/განცხადების ასლი და ამ დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი 29.07.2022; საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ასლი 29.07.22) დართვის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ხ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი