Facebook Twitter

13 აპრილი 2023 წელი

საქმე №ას-1565-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ბ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.გ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ს.ბ–ვას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

3. შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 09 მარტს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ: მოპასუხე ს.ბ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქალაქ თბილისი, .........., სადარბაზო I, სართული 9, ბინა №106 (საკადასტრო კოდი: .....) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლისს 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებოს გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 08 ივნისის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

7.1. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენისათვის დაენიშნა 10 დღის ვადა და სასამართლო გზავნილით ეცნობა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები.

7.2. დადგენილი იყო, რომ აპელანტის ოჯახის წევრს, დედას, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2022 წლის 18 თებერვალს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 და 74.1 მუხლების შესაბამისად, მოპასუხისათვის ჩაბარებად მიიჩნევა.

7.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ დედამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აცნობა შვილს გზავნილის არსებობის ფაქტი, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. ცნობები დედის - დ.ბ–ვას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) თარიღდება 2021 წლით და მათში მითითებული დიაგნოზებით არ იკვეთებოდა აპელანტის დედის ჯანმრთელობის იმგვარი გაუარესების ფაქტი, რაც შვილთან კომუნიკაციისა და რეალობის აღქმის შეუძლებლობაზე მიუთითებდა. ამასთან, ასეთ შემთხვევაშიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ უწყების ჩამბარებელმა დროულად არ აცნობა მოპასუხეს სარჩელის არსებობის ფაქტი, აღნიშნული მოცემულობის დადასტურების პირობებშიც კი ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

7.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის საქართველოში არყოფნა უპირობოდ არ წარმოადგენდა სასამართლოში შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზს, მით უფრო მაშინ, როდესაც, მოპასუხე საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროსაც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით ემოქმედა საკუთარი ინტერესების დასაცავად.

7.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც აპელანტის ზეპირსიტყვიერი შედავება არ დასტურდებოდა სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით, ხოლო მისი მხრიდან შესაგებლის ვადის დაცვით წარდგენა და შესაბამისად, უფლების რეალიზაციის მცდელობა არ დასტურდებოდა საქმის მასალებით, პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები, არ ვლინდებოდა.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული, კერძოდ, მოპასუხე გზავნილის ჩაბარების დროისათვის არ იმყოფებოდა საქართველოში, კორესპონდენცია ჩაიბარა დედამ, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, მკურნალობის ფონზე ვერ ახდენს ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას და, შესაბამისად, მან ვერც გზავნილის შესახებ მოახერხა შვილისათვის (მოპასუხისათვის) ინფორმაციის დროულად მიწოდება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც უცვლელად დარჩა როგორც იმავე, ასევე - ზემდგომი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სწორედ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებების კანონიერებაა.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (ს.უ.ს.გ. №ას-964-929-16, 06.03.2017).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ №ას-ას-538-511-2014, 24 დეკემბერი, 2015 წელი). ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (სუსგ №ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).

16. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია შემდეგი ერთ-ერთი გარემოების არსებობისას: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება საჩივრის ავტორს.

17. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ობიექტური გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.

18. კასატორი, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზმა განაპირობა, სახელდობრ, სასამართლო გზავნილის ჩაბარების პერიოდში იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, კორესპონდენცია ჩაბარდა მის ავადმყოფ დედას, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა აღნიშნულის თაობაზე მოპასუხისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა, სახელდობრ:

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა, კერძოდ, სასამართლო გზავნილი მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქალაქი ...............ბინა №32 და 2022 წლის 18 თებერვალს ჩაბარდა მოპასუხის დედას - დ.ბ–ვას (პ/ნ ........) (ს.ფ. 37). დადგენილია ასევე, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა, თუმცა ამ ვადაში მას შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოპასუხის საზღვარგარეთ ყოფნის გამო, შესაგებლის წარმოუდგენლობა უპირობოდ ვერ განიხილება საპატიო გარემოებად და ვერ დაედება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს ის უდავოდ დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხე არც მაშინ იმყოფებოდა საქართველოში, როდესაც, საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოს შესაგებელი წარუდგინა (იხ. 08.06.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:24:12 – 15:24:22 სთ, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება), ამასთან, იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროსაც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, რაც არ გამხდარა მისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით ემოქმედა საკუთარი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, კასატორის პოზიცია, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა საზღვარგარეთ ყოფნამ განაპირობა, დაუსაბუთებელია და საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

რაც შეეხებება კასატორის იმ არგუმენტს, რომ კორესპონდენციის ჩაბარების თაობაზე დედამ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამო ვერ აცნობა დროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო შეტყობინების პირისათვის ჩაბარება, რომელიც ადასტურებს, რომ არის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი სწორედ იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს ქმნის, რომ შეტყობინება ბარდება მხარეს და ეს გარემოება საპროცესო მოქმედების შესრულების საკმარისი წინაპირობაა.

კონკრეტულ შემთხვევაში, დ.ბ–ვამ (მოპასუხის ოჯახის წევრმა - დედამ) ჩაიბარა რა გზავნილი, მისი ადრესატისათვის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოების თაობაზე არ მიუთითებია, ხოლო საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევის შედეგები) გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია 04.08.2021 წლის მდგომარეობით, ასევე არ შეიცავს ჯანმრთელობის იმგვარ პრობლემებზე მითითებას, რაც შეუძლებელს გახდიდა მოპასუხისათვის ინფორმაციის მიწოდებას და მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავს ადრესატის ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარებას. ამრიგად, ის გარემოება რომ უწყების ჩამბარებელმა დროულად არ აცნობა მოპასუხეს სარჩელის არსებობის ფაქტი, ასეთი მოცემულობის დადასტურების პირობებშიც კი, ვერ დაედება სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად.

21. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე ამართლებდნენ სარჩელით აღძრულ ვინდიკაციურ მოთხოვნას.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წ. განჩინება საქმეზე N 121-117-2016).

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე წერილობითი შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.

23. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი (ს.უ.ს.გ. #ას-1569-2018. 13/05/2019)

24. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; ამას გარდა, საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).

25. კონკრეტულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება, კერძოდ, ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მას არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ბ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ბ–ვას (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ი.ბ–ძის (პ/ნ .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო დავალება №16290826249, გადახდის თარიღი: 06.03.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი