საქმე №ას-1278-2018 6 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ......... საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ც–ძე (შემდგომში − „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „კასატორი“) 2009-2017 წლებში მუშაობდა სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ......... საჯარო სკოლაში (შემდგომში - „საჯარო სკოლა“ ან „მოპასუხე“) ბუღალტრის თანამდებობაზე.
2. 2016 წლის 01 სექტემბერს საჯარო სკოლასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდი.
3. საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც–ძის 2017 წლის 17 მაისის №01-05/01 ბრძანებით (შემდგომში - „სადავო ბრძანება“) მოსარჩელე გათავისუფლდა ბუღალტრის თანამდებობიდან.
4. სადავო ბრძანებიდან ირკვევა, რომ მისი გათავისუფლების საფუძველია: 1. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის 2017 წლის 14 მარტის 1/კ-210 დასკვნა; 2. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 25 აპრილის #2 1700404674, 404674 წერილი; 3. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის 2017 წლის 14 მარტის 1/კ-210 დასკვნის მიხედვით საფინანსო დოკუმენტაციაში არსებული დარღვევების შესახებ წერილი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას დირექტორმა იხელმძღვანელა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში - „სშკ“) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, საჯარო სკოლის „შინაგანაწესის“ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით.
5. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნიდან (საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ) ირკვევა, რომ აუდიტის შედეგად სკოლაში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები: არასრულყოფილად და შეცდომებით იყო შევსებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია, მიღება- ჩაბარების აქტები, ზედნადებები, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები; სხვაობები იყო სხვადასხვა შპს-ებთან დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მათთვის ჩარიცხულ თანხებში; სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ იყო ატვირთული გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვადასხვა ინფორმაცია, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები; შეცდომები იყო კლასის დამრიგებლების ჩარიცხულ ხელფასებში; შეცდომები იყო ხელფასების უწყისებშიც, ასევე სხვაობები იყო უწყისებით ჩარიცხულ თანხებსა და დასაქმებულთა ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხულ თანხებს შორის; სახელფასო უწყისებიდან და საბანკო ამონაწერებიდან დადგინდა, რომ თანამშრომლებს ჩარიცხული ჰქონდათ ერთმანეთის ხელფასები (ამასთან, აღნიშნული ხდებოდა ურთიერთშეთანხმებით, იმ მიზნით, რომ თანამშრომლებს ბანკში დაეფიქსირებინათ მაღალი შემოსავალი, რათა მიეღოთ სესხი); ასევე შეცდომები იყო თანამშრომლებზე დარიცხული ხელფასების ოდენობებში; რამდენიმე თანამშრომლის მიერ, რომლებიც სარგებლობდნენ საგადასახადო შეღავათებით, წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ცნობები, რითაც დაირღვა ასევე საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა; სკოლამ ვერ წარმოადგინა 2015 და 2016 წლების ინვენტარიზაციის დოკუმენტები; სხვადასხვა შპს-ებიდან შესყიდული ნივთები და მათი ღირებულება აღემატებოდა მათთან დადებული ხელშეკრულებებითა და წლიური გეგმით გათვალისწინებულ ოდენობებს; ასევე ადგილი ჰქონდა გარანტიის გარეშე წინასწარი ანგარიშსწორებით შესყიდვის განხორციელებას.
6. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც–ძის 2017 წლის 25 აპრილის #21700404674 წერილიდან ირკვევა, რომ 2017 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში განხორციელდა შემოწმება საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ. აუდიტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის ბუღალტრად მუშაობის პერიოდში დაშვებულ იქნა უამრავი დარღვევა, რაც საფუძველი გახდა დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნისა. რაც შეეხება მოსარჩელეს, დირექტორის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა მას მისცა 7 დღის ვადა, რომ დაემტკიცებინა აუდიტის დასკვნაში ასახულ დარღვევებში მისი არათანაბარი მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ ითანამშრომლებდა მასთან და დასაქმებული დათხოვნილი იქნებოდა სამსახურიდან.
7. საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც–ძის 2017 წლის 25 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ იგი მოახსენებს ხულოს რესურსცენტრის უფროსს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე. ამ წერილის თანახმად, სკოლაში შეცდომები იქნა დაშვებული მასწავლებლების ხელფასების დარიცხვისას, ასევე 2014-2016 წლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას აღმოჩენილ იქნა მთელი რიგი დარღვევები. წერილის მიხედვით, დასკვნაში ბუღალტერმა - მოსარჩელემ მისცა ცრუ ახსნა-განმარტება, რომ თითქოს მას ევალებოდა მხოლოდ ბალანსისა და დეკლარაციების გადაცემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას ბრძანებით ევალებოდა სახელმწიფო შესყიდვების წარმოება. ყველაზე მეტი დარღვევები მოდის სწორედ სკოლის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, შესყიდვის გეგმის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებზე. აღნიშნულ საქმეს ბუღალტერი სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდა და შედეგიც სახეზეა, მან გამოიჩინა მასზე დაკისრებული მოვალეობის მიმართ გულგრილობა და ყოფილ დირექტორს გადააბრალა აღნიშნული. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასევე მიუთითებს, რომ ბუღალტერს მისცა წერილობითი გაფრთხილება, მან 7 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისა და არასათანადო შესრულების მიზეზების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუღალტერი დათხოვნილი იქნება დაკავებული თანამდებობიდან.
8. საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც–ძის 2017 წლის 16 მაისის ბრძანებით ამავე სკოლის ბუღალტერს - მოსარჩელეს მიეცა საყვედური დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისა და სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო. აღნიშნული ბრძანება დასაქმებულს არ გაუსაჩივრებია.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
11. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტები. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა არგუმენტი, გარდა ახსნა-განმარტებისა, რომ სკოლის დირექტორი მას არ აძლევდა დაკისრებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას; რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, ამაზე პასუხისმგებელი ბუღალტერი არ ყოფილა და ბრძანება, რომლითაც თითქოს ეს პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა, მოგვიანებით შეიქმნა.
14. აუდიტის დასკვნით გამოვლენილი დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე და იმ სამართლებრივი რეგულაციებით (საჯარო სკოლის შინაგანაწესი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქცია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება), რომლებიც ბუღალტრის მოვალეობებს განსაზღვრავს, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აუდიტის დასკვნით გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისგებლობა სწორედ ბუღალტრის კომპეტენციაში შედიოდა. კანონის, შინაგანაწესისა და ხელშეკრულების საფუძველზე სწორედ ის იყო პასუხისმგებელი პირი გამოვლენილ დარღვევებზე. მოსარჩელის მითითება, რომ ყველა დარღვევა, მოსარჩელის შებოჭვა უფლებამოსილებათა განხორციელებისას და ა.შ. დირექტორის ბრალეული ქმედებით იყო გამოწვეული; რომ იგი არ აძლევდა მას, როგორც ბუღალტერს, კომპეტენციათა შესრულებისა და მოქმედების საშუალებას; რომ ყველაფერი ხდებოდა ბუღალტრის ანუ მოსარჩელის გვერდის ავლით - პალატამ არ გაიზიარა და საპატიოდ არ მიიჩნია, რადგან ეს გარემოება სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ იყო. სასამართლოს განმარტებით, თუ დირექტორის მხრიდან ბრალეულ ქმედებას ჰქონდა ადგილი და იგი ხელს უშლიდა მოსარჩელეს დაკისრებულ მოვალეობათა განხორციელებაში, ბუღალტერს ჰქონდა კანონშესაბამისი რეაგირების ვალდებულება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოვლენილი დარღვევები არ არის მცირე მნიშვნელობის. ბუღალტრის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად და გულგრილად შესრულების გამო დამსაქმებელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ამასთან, დამსაქმებლის მიერ გათავისუფლებამდე ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გაფრთხილების სახით. არცთუ უმნიშვნელო იყო ის, რომ, როგორც ჟურნალებიდან ირკვეოდა, მოსარჩელე ხშირად აცდენდა სამსახურს.
15. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რამეთუ მის მიერ დარღვეული იყო თითქმის ყველა ვალდებულება, რასაც მას შრომითი კონტრაქტი, შინაგანაწესი თუ თანამდებობრივი ინსტრუქცია აკისრებდა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერება.
23. უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
24. დადგენილია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ [შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება] და „ვ“ [დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან] ქვეპუნქტების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
25. შესაბამისად, სამართლებრივად არასწორია სააპელაციო პალატის მითითება მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევაზე, რადგან აღნიშნული წარმოადგენს სშკ-ის 37.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა), რომელიც არ ყოფილა გათავისუფლების ბრძანების გამოცემის საფუძველი.
26. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (იხ. სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
27. დადგენილია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის 2017 წლის 14 მარტის 1/კ-210 დასკვნა. აუდიტის შედეგად სკოლაში გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტები). დადგენილია ისიც, რომ აუდიტის დასკვნით გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სწორედ ბუღალტრის კომპეტენციაში შედიოდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი). ამასთან, როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.ც–ძის 2017 წლის 25 აპრილის #21700404674 წერილიდან ირკვევა, დასაქმებულს გათავისუფლებამდე მიეცა აღნიშნულ დარღვევებზე განმარტების შესაძლებლობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიებს ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ.
29. კასატორის არგუმენტი, რომ იგი 2009 წლიდან მუშაობდა სკოლაში ბუღალტრად და გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე არ მიუღია არცერთი მითითება და საყვედური მის კომპეტენციასთან დაკავშირებით, არ გამორიცხავს დასახელებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებას.
30. რაც შეეხება კასატორის აპელირებას იმაზე, რომ მას დირექტორი უშლიდა ხელს ბუღალტრული საქმიანობის განხორციელებაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში ბუღალტერს უნდა მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებელმა შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცება სშკ-ის 37.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
32. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება სშკ-ის 37.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა (შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება), თუმცა, ვინაიდან სახეზეა სშკ-ის 37.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, აღნიშნულ გარემოებას გავლენა ვერ ექნება გათავისუფლების მართლზომიერებაზე.
33. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა.ც–ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე