საქმე №ას-1422-2018 10 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „N? ქ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „№? ქ.კ–იასა“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „საზოგადოება“ ან „კასატორი“) (წარმოდგენილი დირექტორის - ლ.ბ–ის სახით) და მის პარტნიორს, ნ.ხ–ს (შემდგომში - „მოსარჩელე“) შორის 2017 წლის 10 იანვარს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო 5000 ლარი ექვსი თვის ვადით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვისა და სესხის ეტაპობრივად დაფარვის პირობით. მოპასუხის მიერ სესხის აღების მიზანს წარმოადგენდა - საზოგადოების შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები და სათანადო აპარატურის შეძენა.
2. სადავო არაა, რომ სესხის ხელშეკრულების დადების დროისათვის ლ.ბ–ი იყო საზოგადოების დირექტორი.
3. მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებაში მითითებული 5000 ლარი რეალურად მიიღო. ეს გარემოება დასტურდება თავად სესხის ხელშეკრულებითა და საზოგადოების 10.01.2017წ. №6 სალაროს შემოსავლის ორდერით.
4. საზოგადოების წესდების 9.2 მუხლის თანახმად, საზოგადოების დირექტორს გააჩნია საწარმოს სახელით სესხის მიღების კომპეტენცია. ხოლო, წესდების 8.13 მუხლის მიხედვით, პარტნიორთა კრების კომპეტენციაში სხვა საკითხებთან ერთად შედის იმ მოცულობის სესხებისა და კრედიტების აღების საკითხი, რომელთა მოცულობა აღემატება პარტნიორთა მიერ დაწესებულ ოდენობას.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 5500 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 5000 ლარი არის ძირითადი თანხა, ხოლო 500 ლარი 6 თვის პროცენტი.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს დაეკისრა 5 500 ლარი.
8. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ საზოგადოების დირექტორს არ გააჩნდა უფლებამოსილება საზოგადოების სახელით დაედო სადავო სესხის ხელშეკრულება.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, საზოგადოების წესდებაში მოცემულია საგამონაკლისო ნორმა, რომლის მიხედვით პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი სესხის აღების უფლებამოსილება, თუმცა, ვინაიდან, საქმეში წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით დასტურდება კრების მხრიდან ამგვარი ზღვრული ოდენობის დაწესება, მოქმედებს წესდების ზოგადი დებულება, რომ დირექტორს გააჩნია სესხის აღების უფლებამოსილება შეზღუდვის გარეშე.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერის სიყალბესთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარდგენილი 10.01.2017წ. სალაროს შემოსავლის №6 ორდერი ხელმოწერილია მთავარი ბუღალტერის მიერ და დადასტურებულია საზოგადოების ბეჭდით (იხ. ტ. І, ს.ფ. 17) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102.1 მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სალაროს შემოსავლის ორდერის სიყალბის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით ვერ შეძლო აღნიშნული სადავო გარემოების დადასტურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი სესხის ხელშეკრულებისა და სალარო შემოსავლის ორდერის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა.
14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 623-ე, 625.1 მუხლებით და ვინაიდან სადავო არ იყო, რომ მსესხებელს სესხი და პროცენტი გამსესხებლისთვის არ გადაუხდია, მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 5000 ლარისა და პროცენტის - 500 ლარის გადახდა.
15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
16.1. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, როდესაც თავის განჩინებაში მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოების დირექტორს ეკრძალება 5000 ლარის მოცულობის სესხის მიღება. მხარეს არ ეკისრება ნეგატიური ფაქტის მტკიცების ტვირთი, არამედ მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოება, რომელსაც აფუძნებს თავის მოთხოვნას;
16.2. საზოგადოების წესდების 8.13 მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შედის იმ ოდენობის სესხებისა და კრედიტების აღების საკითხი, რომელთა მოცულობაც აღემატება პარტნიორთა მიერ დაწესებულ ოდენობას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წესდების 9.2 მუხლით კომპანიის დირექტორს აქვს მინიჭებული სესხის აღების უფლებამოსილება, აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიის პარტნიორებმა წესდებით დამატებით გაითვალისწინეს კონკრეტული შეზღუდვა, რათა კომპანიის დირექტორის მიერ თვითნებურად არ მომხდარიყო დიდი ოდენობით სესხის აღება, კერძოდ, გაითვალისწინეს პარტნიორთა კრების მიერ წინასწარ სესხის ოდენობის დამტკიცების სავალდებულოობა;
16.3. ამასთან, ვინაიდან ცალკე ასეთი ოდენობა პარტნიორთა კრების მიერ წინასწარ არ ყოფილა დადგენილი, გამოდის, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დირექტორი ვალდებული იყო მოეწვია პარტნიორთა კრება და იქ დაესვა სესხის აღებისა და მისი მოცულობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარუდგენია პარტნიორთა კრების ასეთი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა მტკიცების ტვირთის განაწილება;
16.4. შეზღუდვის სავალდებულო რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გათვალისწინებული იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2009წ. N241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“, კერძოდ, მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.07.2016წ. N147 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით აღნიშნული პუნქტი ამოღებულ იქნა ინსტრუქციიდან და დღეისათვის ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში, სავალდებულო რეგისტრაციას არ ექვემდებარება;
16.5. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საზოგადოების ერთ-ერთ პარტნიორს და თავადაც აწერდა ხელს საზოგადოების წესდებას, შეუძლებელია მას არ სცოდნოდა იმავე წესდებით გათვალისწინებული შეზღუდვის შესახებ, რომლის მიხედვითაც პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შედის დირექტორისათვის სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭება და სესხის ოდენობის განსაზღვრა;
16.6. გარდა ამისა, ვინაიდან აღნიშნული შეზღუდვის ცალკე რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არის სავალდებულო, გამოდის რომ წესდება, რომელიც სათანადო წესით არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში და ნებისმიერ პირს აქვს მისი გაცნობის შესაძლებლობა, მით უფრო იმავე კომპანიის პარტნიორს, თავად წარმოადგენს შეზღუდვის მექანიზმს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
23. კასატორი დავობს, რომ წესდების მიხედვით, საზოგადოების დირექტორს არ ჰქონდა საზოგადოების სახელით 5000 ლარის ოდენობით სესხის აღების უფლებამოსილება. მისი განმარტებით, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო იყო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
25. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
26. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამდენად, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა, ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლება-მოვალეობები შესაძლოა უფრო დეტალურად მოწესრიგდეს იურიდიული პირის წესდებითა (პარტნიორთა შეთანხმება) და დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით.
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საზოგადოების წესდების 9.2 პუნქტით საზოგადოების დირექტორს მინიჭებული აქვს საზოგადოების სახელით სესხის მიღების უფლებამოსილება; დადგენილია ასევე, რომ წესდების 8.13 პუნქტით განსაზღვრულია საგამონაკლისო შემთხვევა, რომლის თანახმად, პარტნიორთა კრების მიერ დაწესებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი სესხის აღება შედის პარტნიორთა კრების კომპეტენციაში, თუმცა მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარუდგენია მტკიცებულება (პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება), რომლითაც დადასტურდებოდა პარტნიორთა კრების მიერ სესხის აღებასთან დაკავშირებით ამგვარი ზღვარის დაწესების ფაქტი. უფრო მეტიც, კასატორი საკასაციო საჩივარში თავადვე ადასტურებს ასეთი ზღვარის დაწესების არარსებობას (იხ. წინამდებარე განჩინების 16.3 პუნქტი). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს წესდების ზოგადი დებულება, რომ დირექტორს გააჩნია სესხის აღების უფლებამოსილება შეზღუდვის გარეშე (წესდების 9.2 პუნქტი).
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საზოგადოების წესდების 8.13 პუნქტის განმარტებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საზოგადოების დირექტორის მიერ საზოგადოების სახელით სესხის აღების შემთხვევაში პარტნიორთა კრების მიერ სესხის მოცულობის წინასწარ დამტკიცების სავალდებულოობა არ გამომდინარეობს წესდების აღნიშნული პუნქტის შინაარსიდან.
29. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. აქედან გამომდინარე, სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ არსებობდა საზოგადოების წესდების 8.13 პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. აღნიშნული წარმოადგენდა მოპასუხის პოზიტიურ და არა ნეგატიურ მტკიცების ტვირთს, როგორც ამას კასატორი მიუთითებს.
30. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის განმარტებას, რომ საზოგადოების პარტნიორს უნდა სცოდნოდა საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული შეზღუდვის შესახებ, თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ასეთი შეზღუდვის არსებობა ვერ დაადასტურა, ამ გარემოებას საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
31. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი არ დაუბრუნებია, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებიდან გამომდინარე, მსესხებელს/მოპასუხეს მართებულად დაეკისრა როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე პროცენტის გადახდის ვალდებულება.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
35. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
37. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „N? ქ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „N? ქ.კ–იას“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 29 ოქტომბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე