Facebook Twitter

საქმე №ას-1614-2018 14 ივლისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - მ.ა–ძე, სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის ყადაღისგან გათავისუფლება და მესაკუთრედ აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 04.02.2015წ. ცნობის თანახმად, მ.ა–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - აუდი A8 2.8 (30V) კუატრო, ფერი - რუხი 7/8, გამოშვების წელი - 1998, სანომრე ნიშანი - ...., საიდენტიფიკაციო ნომერი - ...., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AA0050461 გაცემული 24.03.2004წ. (შემდგომში - „სადავო ავტომანქანა“ ან „სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება“), 16.02.2012 წლიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის NA10033343-024/007 დოკუმენტით; 06.02.2014 წლიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა აღმასრულებლის 10.11.2014წ. NA12000315-MT/001 დოკუმენტით; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და საგადასახადო ყადაღა.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვით დასტურდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია:

- A10033343 სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 03.06.2010წ. გაცემული N2ბ/364-07 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 8690 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 28 დეკემბერს A10033343-MT/001 მიმართვის საფუძველზე დაყადაღდა მოვალის სახელზე რიცხული სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება.

- A12000315 სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.11.2011წ. N1ბ-608-11 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2014 წლის 10 ნოემბერს A12000315-MT/001 მიმართვის საფუძველზე დაყადაღდა მოვალის სახელზე რიცხული სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება.

- A15084676 სააღსრულებო საქმე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 20.10.2015წ. გაცემული Nას-413-393-2015 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 759,62 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 23 ოქტომბერს A15084676-MT/001 მიმართვის საფუძველზე დაყადაღდა მოვალის სახელზე რიცხული სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება.

- A15089601 სააღსრულებო საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 22.10.2015წ. გაცემული N2ბ/627-14 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 2025,64 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 05 ნოემბერს A15089601- MT/001 მიმართვის საფუძველზე დაყადაღდა მოვალის სახელზე რიცხული სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება (იხ. ს.ფ. 133-134).

3. სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმის, მ.შ–ძის განმარტებით, სადავო ავტომანქანა შეიძინა პირველი მოპასუხისაგან და შემდეგ მიჰყიდა გ.ტ–ს (შემდგომში - „მოსარჩელე“).

4. სადავო ავტომანქანაზე დაკისრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჯარიმები გადახდილია მოსარჩელის მიერ, რითაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ავტომანქანას 2006 წლიდან ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე, ამასთან ავტომანქანის შეძენის დროს მოძრავ ნივთზე რაიმე უფლებრივი შეზღუდვა არ არსებობდა.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხის, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში ასევე - „მეორე მოპასუხე“ ან „კასატორი“) და სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში ასევე - „მესამე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა სადავო ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლება და მის მესაკუთრედ აღრიცხვა.

6. პირველ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო ავტომანქანა გათავისუფლდა ყადაღისაგან და დადგინდა მოსარჩელის რეგისტრაცია აღნიშნული ავტომანქანის მესაკუთრედ.

8. მეორე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

11. სააპელაციო პალატამ მოწმე მ.შ–ძის ჩვენებაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლიდან დღემდე სადავო ავტომანქანას ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ორივე წინაპირობა: პირველი მოპასუხისაგან ავტომანქანა შეიძინა მ.შ–ძემ, ხოლო მისგან მოსარჩელემ და სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური. სადავო ავტომანქანას მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობს 2006 წლიდან.

13. სააპელაციო პალატამ მოიხმო „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი არ ცვლის და მით უფრო არ გამორიცხავს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით მოწესრიგებულ, მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის საკუთრების უფლება გამოირიცხება სასამართლოს მიერ სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე სხვა პირის ნამდვილი უფლების (საკუთრების უფლების) დადგენის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი გარემოებები მიუთითებენ რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ სადავო ავტომანქანის მოსარჩელისათვის ნამდვილი უფლების საფუძველზე გადაცემაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, იმავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია.

15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ ვინაიდან აღსრულება არ მიმდინარეობს მეორე მოპასუხის გადაწყვეტილების საფუძველზე და არც ამ უკანასკნელის მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება, ის საქმეში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ადგენს აღნიშნული კატეგორიის დავაზე მოპასუხეთა წრეს, კერძოდ, სარჩელში მოპასუხეებად მითითებული უნდა იყოს მოვალე და კრედიტორი. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმეები, რომლის თანახმად, პირველ მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოვალეს წარმოადგენს - პირველი მოპასუხე, ხოლო კრედიტორს - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც ვალდებულების შესრულების მიღებაზე პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული ორგანო. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც დაკისრებული ჰქონდა მოვალეს, უნდა ანაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის წარმომადგენლობას კი, ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. აქედან გამომდინარე, მეორე მოპასუხე წინამდებარე საქმეში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

17.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, კასატორი წინამდებარე საქმეში არასათანადო მოპასუხეა. მოცემულ შემთხვევაში აღსრულება არ მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც მისი მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება;

17.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ ანალოგიურ საქმეში (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.) სრულად გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლთან დაკავშირებით.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

24. კასატორი დავობს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, იგი წინამდებარე საქმეში არასათანადო მოპასუხეა, ვინაიდან აღსრულება არ მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც მისი მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

25. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ სადავო ავტომანქანა მოვალეს/პირველ მოპასუხეს არ ეკუთვნის და იგი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. ამ ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორს პრეტენზია არ წარუდგენია, შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე კასატორის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მის არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

27. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლება და მის მესაკუთრედ აღრიცხვა. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული ავტომანქანა დაყადაღებულია წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით, რომელთა თანახმად, პირველ მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამდენად, განსახილველ საქმეში მოვალეს წარმოადგენს - პირველი მოპასუხე, ხოლო კრედიტორს -სახელმწიფო ბიუჯეტი.

28. მსგავსს საქმეებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმად, მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის განხილვისას, როდესაც კრედიტორია სახელმწიფო, არსებითია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. სახელმწიფო ბაჟი ირიცხება სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშებზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. იმავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქციაა სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება. ხოლო, დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-779-994-08, 23 თებერვალი, 2009 წელი; №ას-722-675-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; №ას-1951-2018, 21 მაისი, 2020 წელი).

29. კასატორის მიერ მითითებულ საქმესთან (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.) დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეში საკასაციო პალატას არ დაუდგენია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არასათანადოობა, არამედ სასამართლოს განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში იმის გამოსარკვევად წარმოადგენდა თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოპასუხეს დავაში.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტი); არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე