საქმე №ას-1226-2018 3 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2015 წლის 22 სექტემბერს გ.კ–ამ (შემდგომში - „მოპასუხე“) და ვ.გ.მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) დააფუძნეს შპს „ო.კ–ი“.
2. 2015 წლის 26 სექტემბრის შპს „ო.კ–ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების №2 ოქმის თანახმად, დამტკიცდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 240 000 აშშ დოლარის ოდენობით; დამტკიცდა შპს „ო.კ–ის“ დამფუძნებლის - მოპასუხის მიერ საწესდებო კაპიტალში შესატანი არაფულადი შენატანის, კერძოდ, მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართი 24605 კვ.მ. და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, სოფელი ....., ს/კ .....) თანხობრივი შეფასება 120 000 აშშ დოლარის ოდენობით; განისაზღვრა შპს „ო.კ–ის“ დამფუძნებლის - მოსარჩელის მიერ ფულადი სახსრების 120 000 აშშ დოლარის ოდენობით საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანა.
3. 2016 წლის 11 იანვარს მოპასუხემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ითხოვა რეგისტრაციის შეწყვეტა იმის გამო, რომ საწესდებო კაპიტალში არ დართეს ნება დაერეგისტრირებინა მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი და რუსეთის მოქალაქე მოსარჩელეს არ დართეს ნება საწესდებო კაპიტალში ფულის შეტანისთვის.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება მოპასუხის 11.01.2016წ. განცხადების საფუძველზე.
5. 2016 წლის 01 აპრილის შპს „ო.კ–ის“ დამფუძნებელთა საერთო კრების (№5 ოქმის) გადაწყვეტილებითა და სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შპს „ო.კ–ს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ო. ტ–სი“.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
7. მოსარჩელის განმარტებით:
7.1. მან მოპასუხეს ასესხა 2800 აშშ დოლარი და 2600 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა მის მიერ დაწერილი და ხელმოწერილი ხელწერილები. სესხად მიცემული თანხის დაბრუნების ვადა ხელწერილებში მითითებული არ არის და მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს თანხა უნდა დაბრუნებოდა მისი მოთხოვნისთანავე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე მოსარჩელეს თანხას არ უბრუნებს;
7.2. მოსარჩელე საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ახდენს სხვადასხვა საქმიანობებში თანხების ინვესტირებას. მოპასუხის მიერ თანხების დაუბრუნებლობით ის ამ თანხებს ვერ იყენებს სამოქალაქო ბრუნვაში, რის გამოც ადგება ზიანი, ამასთან, ეს თანხები გამოტანილია მისი საბანკო ანგარიშიდან, სადაც ერიცხებოდა სარგებელი.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
9. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2800 აშშ (ეკვივალენტი ლარი) დოლარის და 2600 ლარის გადახდა; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2800 აშშ დოლარის წლიური 24%-ის და 2600 ლარის წლიური 24%-ის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე, სარჩელის შეტანის დღიდან (21.09.2017წ) ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არ დაკმაყოფილდა.
10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი 2800 აშშ დოლარის წლიური 24%-ის და 2600 ლარის წლიური 24%-ის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2800 აშშ დოლარის ყოველწლიური 5%-ისა და 2600 ლარის ყოველწლიური 7%-ის გადახდა 2017 წლის 21 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებდნენ მხარეთა შორის სამეწარმეო-სამართლებრივ ურთიერთობას (საწარმოს ერთობლივად დაფუძნება და ა.შ.), პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა არ უკავშირდებოდა მათ სამეწარმეო საქმიანობას და იგი მხარეთა შორის არსებულ სხვა სამართლებრივ, კერძოდ, სასესხო ურთიერთობებს შეეხებოდა. სახელდობრ, საქმეში არსებული ხელწერილებიდან დგინდებოდა, რომ:
13.1. 14.01.2016წ. მოპასუხემ სესხად აიღო 300 $;
13.2. 16.02.2016წ. მოპასუხემ მოსარჩელეს გამოართვა 800$ და 1200 ლარი ფერმის ასაშენებლად;
13.3. 20.03.2016წ. მოპასუხემ მოსარჩელეს გამოართვა 700$ და 900 ლარი;
13.4. 03.04.2016წ. მოპასუხემ მოსარჩელეს გამოართვა 1000$ სესხად („გადაიხადა თიბისი ბანკში თემურის ვალი“);
13.5. 18.05.2016წ. მოპასუხემ მოსარჩელეს გამოართვა 500 ლარი სესხად პირადი სარგებლობისათვის.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენენ 2800 $-ს და 2600 ლარს და მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ეს თანხები მოსარჩელემ რეალურად გადასცა მოპასუხეს. ზემოთ აღნიშნული 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-5 ხელწერილებიდან ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა, რომ მოპასუხემ ხელწერილში მითითებული თანხები სესხად აიღო მოსარჩელისგან. მხარეთა ურთიერთობაში ერთადერთი სადავო საკითხი იყო - 2016 წლის 16 თებერვალს ხელწერილით მიღებული თანხები - 800 აშშ დოლარი და 1200 ლარი მოპასუხეს სესხად ჰქონდა თუ არა მიღებული.
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში არსებული 2016 წლის წერილობითი ხელწერილების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული თანხები სესხად გადაცემულ თანხებს წარმოადგენდა და მხარეები ერთმანეთთან რეგულარულად იმყოფებოდნენ სასესხო ურთიერთობებში.
16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მისთვის გადაცემული თანხები წარმოადგენდა შენატანს საწარმოს საწესდებო კაპიტალში, რადგან ხელწერილებიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელემ თანხა გადასცა მოპასუხეს და არა - საწარმოს (ან საწარმოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი შენატანის განსახორციელებლად). ამასთან, თანხები ასახული უნდა ყოფილიყო საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში.
17. 2016 წლის 03 აპრილის ხელწერილთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა თ.ბ–ძემ ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად არ დაადასტურა მოპასუხის მეშვეობით მოსარჩელისაგან თანხის სესხად მიღების ფაქტი (ვერ გაიხსენა დრო, ვითარება და ა.შ). აქედან გამომდინარე, 2016 წლის 3 აპრილის ხელწერილთან დაკავშირებული არგუმენტი სხვისთვის თანხის გადაცემის თაობაზე, დაუდასტურებელი იყო.
18. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილებიდან არ ირკვევა, როდის უნდა შესრულდეს ვალდებულება თანხების უკან დაბრუნების თაობაზე. პალატის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს შესრულება, ხოლო მოვალემ მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ კრედიტორის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების თაობაზე კანონშესაბამისად მიიჩნია.
19. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - 2800 აშშ დოლარის წლიური 24%, სარჩელის შეტანის დღიდან, 21.09.2017 წლიდან, ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე - 1.84 აშშ დოლარის და 2600 ლარის წლიური 24%, სარჩელის შეტანის დღიდან, 21.09.2017 წლიდან, ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე - 1.7 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
20. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელე საქართველოში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ახდენს სხვადასხვა საქმიანობებში თანხების ინვესტირებას, მოპასუხის მიერ თანხის დაუბრუნებლობით ის ამ თანხებს ვერ იყენებს სამოქალაქო ბრუნვაში, რის გამოც ადგება ზიანი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა თანხის დაყოვნებით გამოწვეული ზიანი, რომლის გონივრული ოდენობაა წლიური 5% 2800$-ზე, ხოლო 7 % - 2600 ლარზე, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
22. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
22.1. მოპასუხე არ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. მას საკუთრებაში ჰქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ...... 15 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული შენარჩუნებული იყო მეცხოველეობის ფერმა. 2015 წლის დასაწყისში მოპასუხემ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთზე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმის მოწყობა, რომლის განხორციელებაც მოითხოვდა იმ ოდენობით სახსრების დაბანდებას, რაც მას არ გააჩნდა. სახსრების მოძიების მიზნით მოპასუხე დაუკავშირდა მოსარჩელეს, რომელიც დაბა ..... და ...... საკურორტო ზოლში მიმდინარე მშენებლობებში ახორციელებდა ინვესტიციებს და გააჩნდა გარკვეული კაპიტალი. მოსარჩელისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მოპასუხის მონაწილეობა ერთობლივ საქმიანობასა და დასახული მიზნის მიღწევაში შემოიფარგლებოდა მხოლოდ მასში კუთვნილი უძრავი ქონების შეტანითა და გარკვეული სამეურნეო საქმიანობის წარმოებით, ხოლო ყველა საჭირო ფინანსური ხარჯის გაწევა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც ასახეს კიდეც პარტნიორთა შეთანხმებაში. მხარეთა შეთანხმებისამებრ დაშლილ იქნა ძველი ფერმისა და დამხმარე სათავსოების შენობა-ნაგებობანი და ადგილი გათავისუფლდა ახალი ფერმისა და ადმინისტრაციული შენობების აშენება-მოწყობისათვის, რასაც გარკვეულწილად მოხმარდა კიდეც მოსარჩელის მიერ გაღებული ის თანხები, რომლებსაც ამჯერად ეს უკანასკნელი მოპასუხისათვის სესხად გაცემულად მიიჩნევს;
22.2. მხარეებმა, როგორც საზოგადოების დამფუძნებელმა პარტნიორებმა, ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, დაიწყეს რა შესაბამისი ქმედებების განხორციელება, ანუ მოპასუხემ საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენით მოითხოვა რა კუთვნილი უძრავი ქონების საზოგადოების საკუთრებაში აღრიცხვა, ხოლო მოსარჩელემ დაიწყო გარკვეული თანხების გაღება ფერმის ძველი შენობისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟისა და სხვა მოწყობილობების შესაძენად, ამ მიზნით უშუალოდ მოპასუხისთვის მიცემულ თანხებს იგი აღრიცხავდა ამ უკანასკნელისგან ხელწერილების გამორთმევით, რაც შემდგომში სესხად გაცემულ თანხებად იქნა მოსარჩელის მიერ შერაცხული;
22.3. სადავო არაა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზოგადოების საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება დროში საგრძნობლად გაჭიანურდა. 2016 წლის მაისში მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადებების წარდგენით მოეთხოვათ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა და, სანამ საკანონმდებლო რეგულაციების მიღების შედეგად ხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისების თაობაზე გამოცხადებული მორატორიუმის გაუქმების საკითხი გადაწყდებოდა, მანამდე ხსენებული უძრავი ქონება საზოგადოების სასარგებლოდ დაეტვირთათ აღნაგობის უფლებით, რაც განახორციელეს კიდეც 2016 წლის 10 მაისს ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით და დაწყებულ იქნა პროექტის შესაბამისი ფერმისა და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა, მაგრამ, საბოლოოდ, მოსარჩელემ საერთოდ უარი განაცხადა შპს „ო.კ–ის“ პარტნიორთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და სხვა პირთან ერთად შექმნილი იურიდიული პირის მეშვეობით გადაერთო სხვა პროექტების განხორციელებაზე, აღძრული სარჩელით კი ეცადა იმის წარმოჩენას, რომ მოპასუხესთან, გარდა სასესხო ურთიერთობისა, არაფერი აკავშირებდა;
22.4. ამდენად, სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიცემული თანხები თუ გამიზნული იყო საწარმოს საწესდებო კაპიტალში შესატანის განსახორციელებლად, იგი ასახული უნდა ყოფილიყო საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში, საფუძველს მოკლებულია, რადგან შპს „ო.კ–ის“ შექმნამდე მოპასუხე მეწარმე სუბიექტს არ წარმოადგენდა და ამ საწარმოს ფუნქციონირება მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც მხარეები კუთვნილი შესატანების შეტანის გზით ააშენებდნენ, გამართავდნენ და მოაწყობდნენ თანამედროვე ტიპის ფერმერულ მეურნეობას, რა დროისთვისაც იქნებოდა კიდეც ერთობლივ შემოსავალში აღებული ის აქტივები, რასაც საწარმო შეიძენდა, მათ შორის, მოსარჩელე-პარტნიორის მიერ გაწეული ფულადი დანახარჯების შედეგად;
22.5. ხელწერილებში მითითებულ დროს მოპასუხემ ნამდვილად მიიღო მოსარჩელისგან ხსენებული თანხები, თუმცა ეს თანხები, გარდა 2016 წლის 14 იანვარს მიღებული 300 აშშ დოლარისა და ამავე წლის 18 მაისს მიღებული 500 ლარისა, სესხს არ წარმოადგენდა. კერძოდ, 2016 წლის 3 აპრილის ხელწერილში მითითებული 1000 აშშ დოლარი მოპასუხემ მიიღო თ.ბ–ძისთვის გადასაცემად, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა ეს ჩვენება მისი არასარწმუნოობის გამო. სასამართლო სხდომაზე ბ–ეს არ განუმარტავს, რომ მოსარჩელისგან სესხად მიიღო რაიმე თანხა მოპასუხის ხელით, მან განმარტა, რომ მოსარჩელის თხოვნით იგი აწარმოებდა ბიტუმის საბითუმო ფასებში საქართველოში შემოტანა-შესყიდვაზე ირანელ ბიზნესმენებთან შეხვედრებს. აღნიშნულის თაობაზე კი სამივლინებო თუ სხვა ხარჯები მოსარჩელეს უნდა გაეღო და, გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მასზე გადასაცემად მიცემული 1000 აშშ დოლარი ამ ხარჯების ასანაზღაურებლად იყო განკუთვნილი. რაც შეეხება ბ–ის მიერ თანხის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით დროის არევასა და დაუზუსტებლობას, მისივე განმარტებით, მხარეებთან, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად არაერთგზის ჰქონდა შეხვედრები წელიწადის დროის სხვადასხვა პერიოდებში განსხვავებულ თემებზე, გამომდინარე აქედან, კონკრეტულად თუ რა დროს გადასცა მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მისთვის გადასაცემად გამოტანებული 1000 აშშ დოლარი, ვერ იხსენებს და რა პერიოდიც მიახლოებით დაასახელა, იგი არ დაემთხვა რა საქმეში არსებულ ხელწერილში მითითებულ თარიღს, აღნიშნული გახდა ბ–ის განმარტების არასარწმუნოდ მიჩნევის საფუძველი;
22.6. 2016 წლის 3 აპრილის ხელწერილში რუსული ტექსტის ბოლოში სიტყვა „დოლგ“ და ამავე ხელწერილზე ბოლოში მინაწერი - „გადავიხადე თიბისი ბანკში თ–ის ვალი“, ვიზუალური აღქმითაც კი სხვა ხელწერითაა შესრულებული და არ ეკუთვნის მოპასუხეს, თუმცა სასამართლო აღნიშნულზე საერთოდ არ მსჯელობს და შეფასების მიღმა ტოვებს მაშინ, როდესაც საპირისპიროს მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა;
22.7. 2016 წლის 16 თებერვალს შედგენილი ხელწერილით მიღებული 800 აშშ დოლარი და 1200 ლარი, ისევე როგორც იმავე გვერდზე 2016 წლის 20 მარტით დათარიღებული ხელწერილით მიღებული 700 აშშ დოლარი და 900 ლარი, სესხად მიღებულ თანხებს არ წარმოადგენს, ის, როგორც თავად ხელწერილშია მითითებული, უნდა მოხმარებოდა ფერმის აშენებას და მოხმარდა კიდეც;
22.8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დაკმაყოფილდა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა გამო შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიუღებელ სარგებელთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება ანალოგიურ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
25. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. განსახილველ შემთხვევაში კასატორი უარყოფს წინამდებარე განჩინების 13.2., 13.3. და 13.4. ქვეპუნქტებში მითითებული ხელწერილების საფუძველზე გადაცემული თანხების სესხად მიღების ფაქტს, ანუ სადავოდ ხდის არა თანხების მიღებას, არამედ - მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას და, შესაბამისად, ამ თანხების დაბრუნების ვალდებულებას.
29. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელისგან მიღებული თანხები მოხმარდა მათ ერთობლივ საქმიანობას, კერძოდ, ფერმის აშენებას. რაც შეეხება 2016 წლის 3 აპრილის ხელწერილს, მოპასუხის განმარტებით, მან 1000 აშშ დოლარი მიიღო თ.ბ–ძისთვის გადასაცემად (მოპასუხე შესაგებელშიც სწორედ ამ დასაბუთებით უარყოფდა სარჩელს).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება [სსკ-ის 623-ე მუხლი: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], რომელიც შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით, რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება მსესხებელის საკუთრებაში ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, ერთი პირის მიერ მეორე პირისაგან მხოლოდ თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი მათ შორის სასესხო ურთიერთობის დასადგენად, რადგან თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის მიღების სხვა საფუძველიც შეიძლება არსებობდეს.
31. სწორედ ამიტომ, თუ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, მაგრამ სადავოა საფუძველი (სესხი თუ სხვა ხელშეკრულება), მაშინ იმ ფაქტის დადგენა - თანხის მიღების საფუძველს წარმოადგენდა თუ არა სესხის ხელშეკრულება, განპირობებულია მოპასუხის შედავებით. უფრო ზუსტად, მნიშვნელობა ენიჭება იმას, მოპასუხე რამდენად აქარწყლებს მოსარჩელის მითითებას სესხის ხელშეკრულების არსებობაზე. მოპასუხის მარტივი შედავება არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის.
32. ზოგადად, მტკიცების ტვირთი სესხის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე ეკისრება მოსარჩელეს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სადავო თანხების მიღება მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ლოგიკურად იგულისხმება, რომ ამ თანხების მიღების საფუძველი არსებობდა. სწორედ ამიტომ მოსარჩელის მიერ მითითება, რომ ამ თანხების მიღება განპირობებული იყო სესხის საფუძველზე, წარმოშობს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის ვარაუდს, იმ დრომდე სანამ მოპასუხე თანხების მიღების სხვა სამართლებრივ საფუძველზე მითითებით ამ ვარაუდს არ გააქარწყლებს (იხ. სუსგ №ას-1062-1022-2016, 19 თებერვალი, 2018 წელი).
33. მოპასუხის მითითება, რომ მან თანხები მიიღო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ძველი საფერმო მეურნეობის დაშლისა და ახლის მშენებლობისთვის, ამ თანხების სწორედ აღნიშნული მიზნით სესხად გადაცემის ვარაუდს არ აქარწყლებს; ხოლო მითითება, რომ 1000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გაატანა მოპასუხეს თ.ბ–ძისთვის გადასაცემად, რომელთანაც თავად მოსარჩელე იყო შეთანხმებული გარკვეული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ შეპირებული ანაზღაურების მიცემაზე და მოპასუხემაც ეს თანხა მიზნობრივად გადასცა ადრესატს (იხ. შესაგებელი, ტ. I, ს.ფ. 66) - მარტივი შედავებაა და ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის სტანდარტს [სსსკ-ის 201.4 მუხლი: პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს]. მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში თითქოს ცდილობს დაუკავშიროს მიღებული თანხების მიზნობრიობა, ერთ შემთხვევაში, ერთობლივ საქმიანობას, ხოლო მეორე შემთხვევაში - მესამე პირისთვის გადაცემას, თუმცა მისი შედავება არ შეიცავს საკმარის ფაქტებს ერთობლივი საქმიანობის დასადგენად და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ გააქარწყლა სესხის ხელშეკრულების არსებობის პრეზუმფცია და მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება წერილობითი ხელწერილების საფუძველზე გადაცემული თანხების სესხად მიჩნევის თაობაზე.
35. უსაფუძვლო და ასევე დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით.
36. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
37. ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს გააჩნია მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ. სუსგ საქმე №ას-254-241-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
39. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეს არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები, სწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
41. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 393,14 ლარის 70% – 275,20 ლარი.
43. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სასამართლო სხდომის ოქმი CD დისკზე), ერთი ცალი CD დისკი (ტ. 2. ს.ფ. 148).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.კ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს გ.კ–ას (პ/ნ.......) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 3 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 393,14 (სამას ოთხმოცდაცამეტი ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარის 70% – 275,20 (ორას სამოცდათხუთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორს გ.კ–ას დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სასამართლო სხდომის ოქმი CD დისკზე), ერთი ცალი CD დისკი (ტ. 2. ს.ფ. 148);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე