№ა-2246-გან-10-2023 8 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შ.ქ–ძე
განჩინება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შ.კ–ას (კანონიერი წარმომადგენელი დ.ლ–ვა) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2. 2023 წლის 10 მაისს შ.ქ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინების (საქმე №ას-1264-2018) განმარტება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2.1. ზემოაღნიშნული განჩინების 41-ე და 43-ე პუნქტების საფუძველზე დადგინდა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას საჭიროა საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და საპროცესო წარმომადგენლის ჩართვა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევა მათი სავალდებულო მონაწილეობით;
2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მოწვეულ იქნა, როგორც ბავშვის წარმომადგენელი, მაგრამ აღნიშნული ორგანო საქმეში არ არის ჩართული, როგორც ის სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა გასცეს დასკვნა იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება ბავშვის ინტერესებს;
2.3. მარტოოდენ წარმომადგენლის სახით მონაწილეობის პირობებში, როდესაც ბავშვი წარმოდგენილია ასევე კანონიერი და საპროცესო წარმომადგენლების მიერ, იქმნება ისეთი ვითარება, რომ ბავშვს ჰყავს სამი სახის კანონიერი წარმომადგენელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან პირდაპირ და მკაფიოდ არ იკვეთება, რა როლი უნდა შეასრულოს საქმეზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ;
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსამარტია, 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინების 41-ე და 43-ე პუნქტებით გათვალისწინებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს საქმეში ჩართვა გულისხმობს თუ არა ამ ორგანოს საქმეში მონაწილეობას დამოუკიდებელი სუბიექტის სახით, რომელიც ბავშვის ინტერესებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად გასცემს დასკვნას, რომელსაც მტკიცებულებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შ.ქ–ძის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
5. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, პროცესში მონაწილე მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ განსაზღვრული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას.
6. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 27 ოქტომბერს განიხილა შ.კ–ას (კანონიერი წარმომადგენელი დ.ლ–ვა) საკასაციო საჩივარი (მოწინააღმდეგე მხარეები: ლ.კ–ია და ც.კ–ია). საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს ასევე შ.კ–ა.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების განმარტების თაობაზე წარმოდგენილი აქვს შ.ქ–ძეს, როგორც შ.კ–ას ადვოკატს. თუმცა, განცხადებაზე თანდართული მინდობილობის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ შ.ქ–ძე არის დ.ლ–ვასა და ნ.ე–ას რწმუნებული. მინდობილობის თანახმად, შ.ქ–ძე, როგორც „რწმუნებული“, იცავს მათ, როგორც „მარწმუნებელთა“, ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს. განსახილველ საქმეში დ.ლ–ვა და ნ.ე–ა კი არ წარმოადგენენ მხარეებს, ისინი არიან შ.კ–ას კანონიერი წარმომადგენლები. შესაბამისად, განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე წარდგენილია საქმეში არამონაწილე პირების მიერ.
8. სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება.
9. იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი შ.ქ–ძე, როგორც დ.ლ–ვასა და ნ.ე–ას წარმომადგენელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინების განმარტებაზე არაუფლებამოსილი პირია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა უნდა დარჩეს განუხილველი.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტებას სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს, თუ მისი სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. მოცემულ შემთხვევაში განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით დგება, განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლოს განჩინება აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან სამოქალაქო საქმე გადაწყვეტილი არ არის. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს მითითებებს, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს, საკასაციო სასამართლოს განჩინების განმარტებას ვერ დაედება საფუძვლად. ამასთან, თუ სააპელაციო პალატა არ შეასრულებს ან არასწორად შეასრულებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინების მითითებებს, სსსკ-ის 412-ე მუხლის დარღვევის მოტივით ეს გარემოება საკასაციო საჩივრის წარდგენის და არა განჩინების განმარტების მოთხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 262-ე, 275-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ.ქ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური