Facebook Twitter

საქმე №ა-2824-შ-78-2023 1 ივნისი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.კ–ძე

განხილვის საგანი – მემკვიდრის განსაზღვრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიას შტატის ფაიეტის ოლქის ანდერძებისა და მემკვიდრეობების საქმეთა სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მემკვიდრის განსაზღვრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიას შტატის ფაიეტის ოლქის ანდერძებისა და მემკვიდრეობების საქმეთა სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის ბრძანებით სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილის - გ.ე–ის დედის მხრიდან დიდი ბიძა გ.კ–ძე არის გარდაცვლილის ქონების ერთადერთი მემკვიდრე. 2023 წლის 25 მაისს გ.კ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მემკვიდრის განსაზღვრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიას შტატის ფაიეტის ოლქის ანდერძებისა და მემკვიდრეობების საქმეთა სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

3. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.კ–ძეს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

5. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს სამკვიდროს მიღება და საქართველოში, ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს.

9. სსსკ-ის მე-11 მუხლი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.

10. მოცემულ შემთხვევაში, მხარის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.კ–ძის მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროს მიღება) სანატორო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, ხოლო სამართლებრივი შედეგის გარეშე (საკუთრების მოპოვება სამკვიდროზე), გ.კ–ძეს მემკვიდრის განსაზღვრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიას შტატის ფაიეტის ოლქის ანდერძებისა და მემკვიდრეობების საქმეთა სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიართ არ შეიძლება გააჩნდეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ა-2095-შ-58-2023, 26 აპრილი 2023 წელი; Nა-6404-შ-155-2022, 6 დეკემბრი, 2022 წელი; Nა-1745-შ-44-2019, 16 აპრილი, 2019 წელი;)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი 186-ე, 187-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ–ძეს უარი ეთქვას მემკვიდრის განსაზღვრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიას შტატის ფაიეტის ოლქის ანდერძებისა და მემკვიდრეობების საქმეთა სასამართლოს 2023 წლის 10 აპრილის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შაუმდგომლობის განსახილველად მიღებაზე;

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური