საქმე №ას-1371-2022
24 თებერვალი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კერძო აღმასრულებელი ვ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების სრულად დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ.დ–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კრედიტორი“) ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „პ.ს–ის“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოვალე“) მიმართ, სარჩელი აღძრა, რომლითაც შემდეგი სახის მოთხოვნები დააყენა: ბათილად იქნეს ცნობილი მხარეებს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების 7.3 პუნქტი; შეწყდეს 2011 წლის 1 ივლისს დადებული საიჯარო ხელშეკრულება ქ.დ–ძეს, შ.დ–ძეს და მოიჯარე შპს „პ.ს–ს“ შორის; დაევალოს მოპასუხე შპს „პ.ს–ი“ გამოათავისუფლოს ქ. ბათუმი, ......, საკადასტრო კოდი № ........ მდებარე უძრავი ქონება და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელეს; შპს „პ.ს–ს“ დაეკისროს ქ.დ–ძის სასარგებლოდ 2014 წლის 12 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრის მომენტამდე, ანუ 2016 წლის 12 იანვრამდე საიჯარო თანხის გადახდა 13000 ლარის ოდენობით. ასევე დაეკისროს საიჯარო თანხის გადახდა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, ანუ 2016 წლის იანვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ.დ–ძის სასარჩელო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი ერთი მხრივ, ქ.დ–ძესა და შ.დ–ძეს და მეორე მხრივ, შპს „პ.ს–ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 7.3 პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა დაუშვებელია; შპს „პ.ს–ს“ დაეკისრა ქ.დ–ძის სასარგებლოდ 2014 წლის 12 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე, ანუ 2016 წლის 12 იანვრამდე, გადასახდელი საიჯარო ქირის თანხა 13 000 ლარის ოდენობით; ქ.დ–ძის სარჩელი უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარების დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ქ.დ–ძემ და მოპასუხე შპს „პ.ს–მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ქ.დ–ძისა და შპს „პ.ს–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული ქ.დ–ძის მიერ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 1. ქ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ქ.დ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საპროცესო ხარჯის - 390 ლარის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების 1.3 პუნქტი და 2 პუნქტი); 3. ქ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 4. შეწყვეტილად იქნა აღიარებული 2011 წლის 1 ივლისს ქ.დ–ძეს, დ.ვ–ძესა და მოიჯარე შპს „პ.ს–ს“ შორის იჯარის ხელშეკრულება; 5. მოპასუხეს შპს „პ.ს–ი“ დაევალა ქ.ბათუმში, ......., საკადასტრო კოდი №......მდებარე უძრავი ქონების გამოთავისუფლება და აღნიშნული ფართის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარება; დ.ვ–ძესა და შპს „პ.ს–ს“ ქ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 8640 ლარის გადახდის ვალდებულება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, ქ.დ–ძის წარმომადგენლის ნანა წულაძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „5. დავალდებულდეს მოპასუხე შპს „პ.ს–ი“ გამოათავისუფლოს ქ.ბათუმი, ......, საკადასტრო კოდი №......მდებარე უძრავი ქონება და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელეს“.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება, 2020 წლის 08 ნოემბერს შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
8. 2022 წლის 22 ივნისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელმა ვ.მ–მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების განმარტება, სახელდობრ, აღმასრულებელი ითხოვდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმდაგვარად განმარტებას, რომ გამოკვეთილიყო: სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა გულისხმობს, მოვალე შპს „პ.ს–ის“ გამოსახლებას ქ.დ–ძის საკუთრებაში არსებული 1/2 წილიდან, თუ მთლიანი თანასაკუთრების ფართიდან (საკადასტრო კოდი: ......).
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, კერძო აღმასრულებელ ვ.მ–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: „დავალდებულდეს მოპასუხე შპს „პ.ს–ი“ მთლიანად გამოათავისუფლოს ქ.ბათუმი, ......, საკადასტრო კოდი №......, მდებარე უძრავი ქონება და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელეს“.
10. 2022 წლის 17 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაზე, კერძო აღმასრულებელმა წარადგინა კერძო საჩივარი.
11. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ხელახალ განმარტებას, კერძოდ, 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი გულისხმობს, რომ: 1) სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა ნიშნავს, შპს „პ.ს–ის“ გამოსახლებას ქ.დ–ძის საკუთრებაში არსებული ½ ნაწილიდან; თუ 2) სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა გულისხმობს, რომ მოვალე შპს „პ.ს–ი“, მათ შორის ფიზიკურ პირი - თანამესაკუთრე დ.ვ–ძესთან ერთად, გამოსახლებულ უნდა იქნეს, როგორც ქ.დ–ძის საკუთრებაში არსებული ½ წილიდან, ასევე დ.ვ–ძის საკუთრებაში არსებული ½ წილიდანაც, საკადასტრო კოდზე: ....... (წინა საკადასტრო კოდი:......) რეგისტრირებული მთლიანი ქონებიდან.
12. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის ხელახალი განმარტების საჭიროებას ქმნის ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატას სარეზოლუციო ნაწილის განმარტებისას ყურადღება არ გაუმახვილებია „სააღრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 84-ე მუხლის თანახმად, „სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას“. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად“.
13. კერძო აღმასრულებლის აზრით, ხსენებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, იძულებითი გამოსახლებისას, მით უფრო, როდესაც ქონება თანასაკუთრებაშია და რეალური წილი თანამესაკუთრეთა შორის გამიჯნული არ არის, მეორე თანამესაკუთრის არსებობა ხელს უშლის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მხარის მტკიცებით, იმისათვის, რომ სააღსრულებო ფურცელი ჩაითვალოს აღსრულებულად და კრედიტორის ფართი გადაეცეს თავისუფალ მდგომარეობაში კრედიტორს, აღნიშნული ფართის შემდგომში განკარგვა და სარგებლობა უნდა იყოს შესაძლებელი, ისე რომ არც მას და არც სხვა კანონიერ ინტერესს არ შეექმნას საფრთხე, მით უფრო მაშინ, როდესაც მეორე თანამესაკუთრის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და იგი არც ზემოთმითითებულ საქმეში იყო მოვალედ/კრედიტორად ჩართული.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების მართებულობის შეფასება.
17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნება, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Hornsby c. Grèce, 19.03.1997, §40, Recueil 1997-II; „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, N40765/02, §37, 28.11.2006; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43 12.06. 2012; შპს „ამატ. ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27.09.2005; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27.09.2005, https://www. აგრეთვე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სააღსრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე. https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/saq.uzenaesi-sasamartlos-ertgvarovani-praqtika-saaxsrulebo-urtiertobidan-gamomdinare-davebze.pdf )
18. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
19. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მიზნად ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. ამასთანავე, უმთავრესი პირობა ისაა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე (იხ. სუსგ. №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი). შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების აღსრულებას დაბრკოლება ექმნება.
20. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით, კერძო აღმასრულებელ ვ.მ–ის განცხადება დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: „დავალდებულდეს მოპასუხე შპს „პ.ს–ი“ მთლიანად გამოათავისუფლოს ქ.ბათუმი, ......, საკადასტრო კოდი №......., მდებარე უძრავი ქონება და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელეს“.
21. მიუხედავად სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტებისა, კერძო აღმასრულებელს კვლავაც მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც გამოსათავისუფლებელი უძრავი ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას, საჯარო რეესტრში თანამესაკუთრეთა რეალური წილი გამიჯნული არ არის და ამასთანავე, მეორე თანამესაკუთრეს დავის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოს მიერ განხორციელებული განმარტების შესაბამისად ვერ მოხდება.
22. აღნიშნულ აპელირებას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 173.1 მუხლის მიხედვით, თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია, მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის წაყენებისათვის თანამესაკუთრე არ საჭიროებს დანარჩენი თანამესაკუთრეების მიერ სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას. ამ მუხლის თანახმად, მოთხოვნის უფლება უნდა შეეხებოდეს საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას და არა თანამესაკუთრის წილს მხოლოდ. მაგალითად, საერთო საკუთრებაში არსებულ ნივთზე საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება 172.2 მუხლის მიხედვით. ხოლო თუ ნივთი მესამე პირის მფლობელობაშია, მაშინ მას შეუძლია, მოითხოვოს უკან დაბრუნება ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ (173 I 2) (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2018 წლის კომენტარი, წიგნი II, გვ. 89).
23. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორს ასევე განუმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ქონების გამო მოთხოვნების არა მხოლოდ კოლექტიური წესით (ყველა თანამესაკუთრის თანხმობით) წარდგენის შესაძლებლობას, არამედ დამოუკიდებლადაც. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. აღნიშნული მუხლის მესამე წინადადების რეგულაცია – „ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ“, არ შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს მოცემული დავისათვის, ვინაიდან ერთ-ერთი თანამესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სადავო სადგომზე კვლავ გავრცელდება ყველა თანამესაკუთრის უფლება (იხ. სუსგ. Nას-1085-1016-2012, 5 მაისი, 2014 წელი, ასევე იხ. სუსგ. საქმე №ას-214-199-2014, 2015 წელი 8 აპრილი).
24. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული და მის მიერვე განმარტებული გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ დააბრკოლებს ის გარემოება, რომ ქონება, რომლიდანაც მოპასუხის გამოსახლება დადგინდა წარმოადგენს თანასაკუთრებას, სადაც რეალური წილები გამიჯნული არ არის, ხოლო მეორე თანამესაკუთრე განსახილველ დავაში მხარედ ჩართული არ ყოფილა, ვინაიდან ერთ-ერთი თანამესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სადავო სადგომზე კვლავ გავრცელდება ყველა თანამესაკუთრის უფლება, ისე რომ არცერთი თანამესაკუთრის უფლება არ შეილახება.
25. გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო საჩივრის დასკვნით ნაწილში კერძო აღმასრულებელი სვამს ჰიპოთეტურ საკითხს, იმასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად რომ მოვალე შპს „პ.ს–ი“, მათ შორის ფიზიკურ პირი - თანამესაკუთრე დ.ვ–ძესთან ერთად, გამოსახლებულ იქნეს, როგორც ქ.დ–ძის საკუთრებაში არსებული ½ წილიდან, ასევე დ.ვ–ძის საკუთრებაში არსებული ½ წილიდანაც, ანუ საკადასტრო კოდზე: ....... (წინა საკადასტრო კოდი:......) რეგისტრირებული მთლიანი ქონებიდან.
26. საკასაციო პალატა, უპირველესად აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო პალატას არ უმსჯელია ფიზიკურ პირი - (თანამესაკუთრე) დ.ვ–ძის უძრავი ქონებიდან გამოსახლების შესახებ, ამიტომ, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს აღსასრულებელი გადაწყვეტილებიდან. ამასთან საყურადღებოა, რომ იურიდიული პირის დეფინიცია მოიცავს ასევე მის უნარს, გააჩნდეს საკუთარი ქონება. იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ეს ელემენტი სანივთო სამართლის სფეროს განეკუთვნება. მას, როგორც ნორმატიულ ცნებას, განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლი. სამართლის თეორიაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, კანონმდებლის მიზანს იურიდიული პირის ფაქტობრივ ქონებრივ მდგომარეობაზე ხაზგასმა არ წარმოადგენს. აქ ნორმა მიუთითებს მხოლოდ „მესაკუთრეობის“, ქონების ქონის უნარზე, რომელიც იურიდიულ პირს, როგორც ფიზიკური პირის თვისებებით მართლწესრიგის მიერ აღჭურვილ სუბიექტს, ცხადია, გააჩნია, ანუ მას შეუძლია, ჰქონდეს ქონება. (იხ. სუსგ. საქმე №ას-1319-2018, 2021 წელი 21 მაისი).
27. შესაბამისად ის გარემოება, რომ 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, დადგინდა მოპასუხე შპს „პ.ს–ის“, რომლის დირექტორი და სადავო ქონების თანამესაკუთრე არის დ.ვ–ძე, ვალდებულება მთლიანად გამოათავისუფლოს ქ. ბათუმი, ......, საკადასტრო კოდი №...., მდებარე უძრავი ქონება და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბაროს მოსარჩელეს“ რა თქმა უნდა, არ გულისხმობს დ.ვ–ძის, როგორც ფიზიკური პირის და ამავე ქონების თანამესაკუთრის გამოსახლებას, არამედ აქ საუბარია მხოლოდ იურიდული პირი შპს „პ.ს–ის“ გამოსახლებაზე მთლიანი ქონებიდან, რომლის დირექტორსაც საიჯარო ხელშეკრულების დადებისას, სწორედ თანამესაკუთრე დ.ვ–ძე წარმოადგენდა, ანუ იგი მოქმედებდა, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენელი და აღნიშნულს არანაირი გავლენა არ აქვს ფიზიკური პირი (თანამესაკუთრე) დ.ვ–ძის უფლებრივ მდგომარეობაზე.
28. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებული მოსაზრებები და მისგან გამომდინარე გადაწყვეტილების განმარტების დამატებითი მოთხოვნა, ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის (შეცვლის) მოთხოვნას წარმოადგენს, რაც, ცხადია, სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
29. პალატა, კიდევ ერთხელ, განმარტავს, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად განმარტა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, აღსრულება უნდა მოხდეს სწორედ მისი განმარტების შესაბამისად, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კერძო აღმასრულებელ ვ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე