Facebook Twitter

საქმეNა-2274-გან-13-2023

30 მაისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ იუსტიციის სახლის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ა–მა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“), სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა:

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის 2020 წლის 1 აპრილის N251/კ ბრძანება, უვადოდ დადებულად ჩაითვალოს ა.ა–სა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის 2019 წლის 31 დეკემბრის N1284 ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებთ დასაქმებული პირების დანიშვნის შესახებ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2020 წლის 3 იანვრის N16/კ ბრძანება ა.ა–ის ნაწილში.

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი გამოსაცდელი ვადით დასაქმებული თანამშრომლის 2020 წლის 31 მარტის შეფასება, მოხდეს ა.ა–ის სამსახურში აღდგენა.

1.4 სსიპ იუსტიციის სახლს ა.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებით განაცდურის 1000 ლარის ანაზღაურება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ანგარიშსწორების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07% გადახდა.(იხ.: სარჩელი, ს.ფ.1-15).

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა.ა–სა და სსიპ იუსტიციის სახლს შორის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, წარმოშობილი ურთიერთობა აღიარებულ იქნა უვადოდ, განუსაზღვრელი ვადით დადებულად; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების დანიშვნის შესახებ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 3 იანვრის N16/კ ბრძანება, ა.ა–თან შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან პირველი სამი თვის გამოსაცდელ ვადად ჩათვლის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის მიერ მიღებული, გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლის, ა.ა–ის 2020 წლის 31 მარტის, შეფასების ფორმა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 1 აპრილის, N251/კ ბრძანება ა.ა–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ა.ა–ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ, სსიპ იუსტიციის სახლის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში უფროსი სპეციალისტის (მენეჯერ-ოპერატორი), თანამდებობაზე; სსიპ იუსტიციის სახლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 01 აპრილიდან, სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი 1000 ლარის ოდენობით; ა.ა–ს უარი ეთქვა ასანაზღაურებელი თანხის 0.07 პროცენტის დაკისრებაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ იუსტიციის სახლმა, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ იუსტიციის სახლმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება ა.ა–ის სსიპ იუსტიციის სახლის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში უფროსი სპეციალისტის (მენეჯერ-ოპერატორი) თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ა–ის მოთხოვნა გათავისუფლებამდე არსებულ სსიპ იუსტიციის სახლის ადიგენის საზოგადოებრივ ცენტრში უფროსი სპეციალისტის (მენეჯერ-ოპერატორი) თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სახით, 2020 წლის 01 აპრილიდან, სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად დაუბეგრავი 1000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სსიპ იუსტიციის სახლს ა.ა–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელი; სსიპ იუსტიციის სახლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 140 ლარის გადახდა შემდეგ საბანკო ანგარიშზე: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150; სსიპ იუსტიციის სახლს ა.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა;

7. 02.05.2023 წელს მოპასუხემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით და მოითხოვა სასამართლოს განემარტა 18.11.2022 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა წარმოადგენს დარიცხულ თუ ხელზე ასაღებ ოდენობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკასაციო პალატის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების საკითხი.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

10. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მიზნად ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე (იხ. სუსგ. №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი). შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების აღსრულებას დაბრკოლება ექმნება.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნება, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ. გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: Hornsby c. Grèce, 19.03.1997, §40, Recueil 1997-II; „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ, N40765/02, §37, 28.11.2006; დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ, №8252/08, §43 12.06. 2012; შპს „ამატ. ჯი“ და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, №2507/03, §47, 27.09.2005; შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, №28537/02, §42, 27.09.2005, https://www. აგრეთვე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სააღსრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე. https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/saq.uzenaesi-sasamartlos-ertgvarovani-praqtika-saaxsrulebo-urtiertobidan-gamomdinare-davebze.pdf

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა (იხ.: Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.; Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).

13. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შრომით დავებში, კომპენსაცია, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება, წარმოადგენს არა ხელფასს, იძულებით განაცდურს ან სხვა რაიმე გასაცემელს, არამედ, ის თანხაა, რომელიც შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო დასაქმებულის ინტერესების დაცვის საკანონმდებლო საშუალებაა და თავის თავში მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა გასაცემელს. (სუსგ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.). კომპენსაციის სახით დაკისრებული ფიქსირებული თანხა არ წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას და ამდენად, საგადასახადო დაბეგვრის ინტერსებისათვის მასში მითითებული თანხის აღუსრულებლობა უმართებულოა (სუსგ. Nა-2020-გან-4-2015, 17.06.2015წ.).

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს კონკრეტული ოდენობის თანხას, რისი გადახდაც მოპასუხეს დაეკისრა. ასევე, გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას, რომ ეს თანხა ექვემდებარება რაიმე სახის დაბეგვრას, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სრული მოცულობით აუნაზღაუროს თანხა მოსარჩელეს.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს განმარტების ისეთი აუცილებელი წინაპირობა, როგორიცაა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება (სუსგ №ას-684-638-2017, 07.07.2017წ.), რაც მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ იუსტიციის სახლის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე