Facebook Twitter

საქმე №ას-220- 2023

28 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს“-ს წევრები: მ.შ–ი, ა.თ–ძე, ხ.თ–ძე (ბ.თ–ძის მემკვიდრეები) პ.უ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ია“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები - ზ.ა–ძე, მ.ტ–ძე, ი.შ–ი, მ.გ–ძე, ო.მ–ი, თ.ა–ი, ე.ბ–ძე, ძ.ს–ი, თ.ლ–ძე, ი.ხ–ი, ს.მ–ნი, ლ.ჩ–ძე, კ.ლ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადახდილი თანხის უკან დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ს–იამ“ სარჩელი აღძრა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ს“ წევრების მიმართ და მოითხოვა: 1.1. შეწყდეს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა- „ი.ს–სა“ და შპს „ს–იას“ შორის 29.11.2009 წელს დადებული ხელშეკრულება 1830 კვ.მ. კომერციული ფართის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და შპს „ს–იას“ სასარგებლოდ ამხანაგობა „ი.ს–ს“ წევრებს: მ.შ–ს, ზ.ა–ძეს, ა.თ–ძეს, ხ.თ–ძეს, მ.გ–ძეს, ო.მ–ს, თ.ა–ს, ე:.ბ–ძეს, ძ.ს–ს, თ.ლ–ძეს, ი.ხ–ს, ს.მ–ნს, ლ.ჩ–ძეს, პ.უ–ძეს, მ.ტ–ძეს, კ.ლ–ძესა და ი.შ–ს სოლიდარულად დაეკისროთ - 1 120 441,24 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,ს–იას’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ.ა–ძეს, პ.უ–ძეს, მ.შ–ს (ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის ,,ი.სს’’ წევრები/ხელშეკრულების მონაწილეები), ა. და ხ.თ–ძეებს (ამხანაგობის ,,ი.სს’’ წევრის/ხელშეკრულების მონაწილის, ბ.თ–ძის მემკვიდრეები) შპს ,,ს–იას’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ - 1 120 441 ლარი; ბ.თ–ძის მემკვიდრეების ა. და ხ.თ–ძეების პასუხისმგებლობა განისაზღვრა მიღებული სამკვიდრო აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, ამხანაგობა „ი.ს“-ს წევრების მ.შ–ის, ა.თ–ძის, ხ.თ–ძის (ბ.თ–ძის მემკვიდრეები) და პ.უ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს“-ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, აგრეთვე, სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე", "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს თ.მ–ს ჩაბარდა საქმეში მითითებულ მისამართზე ოჯახის წევრის (სიძის) დ.ბ–ძის მეშვეობით, მიმდინარე წლის 16 მარტს.

2023 წლის 24 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენლმა თ.მ–მა, რომელმაც მოითხოვა განჩინებაში შესწორების შეტანა და კასატორთა წრის დაზუსტება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განჩინებით, გასწორდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და საკასაციო საჩივრის ავტორად, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.სს“, ნაცვლად მითითებული იქნენ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს“-ს წევრები: მ.შ–ი, ა.თ–ძე, ხ.თ–ძე (ბ.თ–ძის მემკვიდრეები) პ.უ–ძე. დასახელებული გაჩინება კასატორების წარმომადგენელს თ.მ–ს ჩაბარდა პირადად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მიმდინარე წლის 28 მარტს. (მინდობილობა ტ.2; ს.ფ.125; ტ.1. ს.ფ. 156-158-160).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, რომელიც კასატორების წარმომადგენელს - თ.მ–ს ჩაბარდა 2023 წლის 28 მარტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად (ტომი 5, ს.ფ.173).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინების ტექნიკური საშუალებით (ელექტრონული ფოსტით) ჩაბარება კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ის კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2023 წლის 28 მარტს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს“-ს წევრების მ.შ–ის, ა.თ–ძის, ხ.თ–ძის (ბ.თ–ძის მემკვიდრეები) პ.უ–ძისათვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 28 მარტის მომდევნო დღეს, 2023 წლის 29 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 4 აპრილს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს და არც მის წარმომადგენელს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და არც რაიმე გადახდისუუნარობის უტყუარი მტკიცებელებები არ წარმოუდგენია. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს“-ს წევრების: მ.შ–ის, ა.თ–ძის, ხ.თ–ძის (ბ.თ–ძის მემკვიდრეები) პ.უ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი