Facebook Twitter

საქმე №ას-1477-2022 17 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – რ.ნ–ი, ს.ნ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - ნ.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სასარჩელო მოთხოვნა რ.ნ–ისა და ს.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ,,მოპასუხეები" ,,აპელანტები'') მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2021 წლის 3 იანვრიდან - 2021 წლის ბოლომდე, ყოველთვიური საიჯარო ქირის - 550 ლარის გადახდა, ჯამში 6600 ლარი (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ. 74-77). აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საჩივრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 2 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში (იხ. განჩინება ს.ფ. 101-105). აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. მოპასუხეებმა განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძოს 2022 წლის 5 სექტემბერს გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 264 ლარის ოდენობით, თუმცა მოსამართლის თანაშემწემ შეიყვანა შეცდომაში და ბაჟის ქვითარი სასამართლოში წარადგინეს დაგვიანებით - 2022 წლის 7 ოქტომბერს, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით დაირღვა მათი უფლება და შეეზღუდათ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუმდგომლობა სახელმწიფო ბაჟს გადახდის გადავადების შესახებ და აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ განჩინების გადაცემიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 264 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რელევანტური მტკიცებულებები. სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაგრძელებულდა 20 დღით. აღნიშნული განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ 20 დღიან ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2022 წლის 7 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის სახით 264 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 20-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 17 აგვისტოდან და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2-ე მუხლის მიხედვით, 2022 წლის 5 სექტემბერს ამოიწურა. აპელანტებს ხარვეზი არ აღმოუფხვრიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 215.3 მუხლი წარმოადგენს მხარის მიერ განცხადებისა ან შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს გონივრული ვადა (ჯამში 30 დღე) მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის და 15 ივლისის განჩინებებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რელევანტური მტკიცებულებები. ამავე განჩინებებით მოპასუხეებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, ანუ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის ან ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რელევანტური მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს დაგვიანებით, კერძოდ - 2022 წლის 7 ოქტომბერს.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი და გასაგები იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნულს ცხადყოფს ის გარემოება, რომ 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ 2022 წლის 11 ივლისს, მოპასუხეებმა პირადად წარადგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეებისათვის გასაგები იყო სააპელაციო სასამართლოს როგორც 2022 წლის 27 ივნისის, ასევე 15 ივლისის განჩინებებით მიცემული განმარტება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარედგინათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე (3) მუხლის მიზნებისთვის, კერძო საჩივარი არ შეიცავს მტკიცებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ წარადგინეს მოპასუხეებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

11. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მის მიმართ სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხეების მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის საქმე Nას-6115-2019 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება.

13. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ნ–ისა და ს.ნ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 7.10.2022 წლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი