საქმე №ას-42-2023 21 აპრილი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ნ.მ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ც–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ც–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი სს „ნ.მ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 74 030 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის - 74 030 ლარის 0,07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 1 ივლისიდან დაყოვნებული თანხის სრულად გადახდამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2022 წლის 6 ოქტომბერს მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის 2 000 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელე, 2016 წლის მაისიდან 2020 წლის 1 ივლისამდე, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან და ასრულებდა ტექნიკურ დარგში მთავარი მენეჯერის უფლებამოსილებას;
4.2. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, ხელზე მისაღებ 12 000 ლარს შეადგენდა;
4.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერისა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერების თანახმად, საბანკო ჩარიცხვისა და უნაღდო ანგარიშსწორების გზით მოსარჩელეს ხელფასის სახით მიღებული აქვს: 2016 წელს - 53 500 ლარი, 2017 წელს - 148 000 ლარი, 2018 წელს - 173 000 ლარი, 2019 წელს - 125 000 ლარი, 2020 წელს - 25 270 ლარი;
4.4. ამრიგად, ჯამში 2016 წლის მაისიდან 2020 წლის 1 ივლისამდე არსებული შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე, ხელფასის სახით მოსარჩელის მიერ მიღებული თანხა შეადგენს 525 970 ლარს.
5. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სშკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 6.1 მუხლი) თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 31-ე მუხლი) შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
6. სშკ-ის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი) თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 44-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 34-ე მუხლი) კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
7. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა 2017 და 2018 წლებში 144 000 ლარს ზემოთ გადახდილი ოდენობა წარმოადგენდა საავანსო თანხას (წინასწარ გადახდილ თანხას), თუ მითითებული თანხით ხორციელდებოდა არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვა. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზეც და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სადავოა 2016-2017 წლების სახელფასო დავალიანება, სასარჩელო მოთხოვნა უნდა მიჩნეულიყო ხანდაზმულად. მითითებულის საპირისპიროდ, მოწინააღმდეგე მხარე (დასაქმებული) მიუთითებდა, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან 2016-2017წწ. დავალიანება დამსაქმებელმა დაფარა 2018 წელს და წლის ბოლოს ზედმეტობას ჰქონდა ადგილი.
8. მოპასუხე (დამსაქმებელი) ასევე მიუთითებდა, რომ გარდა საბანკო ჩარიცხვებისა, კომპანიის სალაროს გასავლის ორდერებით დგინდება მოსარჩელეზე დამატებითი თანხების გაცემა. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილია 28.04.2017 წ. N103 სალაროს გასავლის ორდერი - 4 000 ლარის, 05.05.2017წ. N120 სალაროს გასავლის ორდერი - 500 ლარის, 30.11.2017წ. სალაროს გასავლის ორდერი N298 – 10 000 ლარის, 29.12.2017წ. სალაროს გასავლის ორდერი N326 – 20 000 ლარის, 23.03.2018წ. N63 სალაროს გასავლის ორდერი - 10 000 ლარის, 19.06.2018წ. N147 სალაროს გასავლის ორდერი - 10 000 ლარის, 25.06.2018წ. N149 სალაროს გასავლის ორდერი - 1 000 ლარის, 21.05.2019წ. N92 სალაროს გასავლის ორდერი - 10 000 ლარის ხელფასის სახით გაცემასთან დაკავშირებით. ამასთანავე, მოპასუხის მტკიცებით, მიუხედავად სალაროს გასავლის ორდერში დასახელებული საფუძვლისა - ,,ხელფასი’’, აღნიშნული ავანსის სახით გაცემულ თანხებს წარმოადგენდა, რაც კომპანიის ბუღალტრის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათებით დასტურდება.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა. ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.
10. დასახელებული ნორმა ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის ალტერნატიულ მოწესრიგებასაც შეიცავს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მოვალე კანონით მინიჭებულ უფლებას, შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის დადგენის თაობაზე, არ გამოიყენებს და აღნიშნულთან დაკავშირებით არც მხარეები შეთანხმდებიან. კანონით დაწესებული რიგითობის შესაბამისად, მოვალის მიერ განხორციელებული გადახდით, პირველ რიგში, ის ვალდებულება უნდა დაიფაროს, რომლის გადახდის ვადაც პირველი დადგა. მოთხოვნის ხანდაზმულობა მხედველობაში არ მიიღება (MüKo/ Krüger , BGB, 6. Aufl., 2012, § 366, Rn. 13; შდრ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის N 2ბ/290-13 გადაწყვეტილება). თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად ის მოთხოვნა უნდა შესრულდეს, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა. მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა ის ვალდებულება, რომელსაც, მაგალითად, პროცენტი, ან/და პირგასამტეხლო ერიცხება, ან რომლის მოცულობაც უფრო დიდია. თუმცა, ვალდებულების სიმძიმე, ცხადია, მარტო ფულადი ნიშნების რაოდენობაში არ გამოიხატება. მის დაუფარაობას მოვალისათვის სხვა არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს (ზოიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 387, გვ. 343.). მაგალითად, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაფარვა მოვალისათვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მისი დაუფარაობით მოვალეს ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, ქონების დაკარგვის საფრთხე შეიძლება დაემუქროს.
11. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის თაობაზე მხარეთა შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშსწორების დამადასტურებელ დოკუმენტებში, თანხის გადახდის დანიშნულებაში არ არის მითითებული კონკრეტული თვე, რომლის შრომის ანაზღაურებასაც ახორციელებდა დამსაქმებელი. ამდენად, არ დგინდება ის გარემოება, რომ ხელფასის გადახდით დამსაქმებელი მიმდინარე თვის ან მომავალი თვეების შრომის ანაზღაურების წინასწარ ანგარიშსწორებას ახდენდა. შესაბამისად, კანონით დაწესებული რიგითობის მიხედვით, მოვალის მიერ განხორციელებული გადახდებით, პირველ რიგში, ის ვალდებულება უნდა დაფარულიყო, რომლის გადახდის ვადაც უფრო ადრე იყო დამდგარი. ამასთან, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდის დაყოვნების პირგასამტეხლოს დამსაქმებლისათვის დაკისრების ვალდებულებას, რის გამოც, მოვალისათვის შესასრულებლად უფრო მძიმე ვალდებულებად სწორედ წინა პერიოდის დავალიანება ითვლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება ზედმეტად დარიცხული თანხებით წინა წლების სახელფასო დავალიანებების დაფარვის თაობაზე (სსკ-ის 387-ე მუხლი).
12. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე არ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება, რომ ყოფილი დასაქმებულისადმი სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. უდავოა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში 2016 წლის მაისიდან - 2020 წლის 1 ივლისამდე და მისი ხელფასი ხელზე ასაღებ 12 000 ლარს შეადგენდა. საქმეზე წარმოდგენილია საბანკო ჩარიცხვები, რომელთა შესაბამისადაც დგინდება, რომ არსებული შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე, საერთო ჯამში, ხელფასის სახით მოსარჩელემ , მიიღო 525 970 ლარი, ნაცვლად 600 000 ლარისა. შესაბამისად, მისაღებ და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა 74 030 ლარით (600 000-525 970) განისაზღვრება.
13. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების თაობაზე შემდეგი გაანგარიშებიდან გამომდინარეობს:
- 2016 წლის მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 96 000 ლარის (12000*8 თვე) ნაცვლად მოსარჩელეს ხელფასის სახით მიღებული აქვს 53 500 ლარი, სხვაობა შეადგენს 42 500 ლარს;
- 2017 წელს მისაღები ხელფასის 144 000 (12000*12 თვე) ლარის ნაცვლად, მოსარჩელეს მიღებული აქვს 148 800 ლარი, შესაბამისად, 4 800 ლარით მეტი, თუმცა 2016 წლის დავალიანების (42 500 ლარი) გათვალისწინებით 2017 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს - 37 700 (42 500-4800) ლარს;
- 2018 წელს 12 თვის განმავლობაში მისაღები 144 000 ლარის ნაცვლად, მოსარჩელეს მიღებული აქვს 173 000 ლარი, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 29 000 ლარს, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანების (37 700 ლარი) გათვალისწინებით სხვაობა შეადგენს 8 700 ლარს (37 700-29 000);
- 2019 წლის მანძილზე მოსარჩელემ 144 000 ლარის ნაცვლად მიიღო 125 400 ლარი, ანუ 18 600 ლარით ნაკლები (144000-125400), შესაბამისად, 2018 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანების (8 700 ლარი) გათვალისწინებით 2019 წლისათვის ჯამში დავალიანება შეადგენს 27 300 ლარს (18600+8 700);
- 2020 წლის 1 ივლისამდე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღი), 72 000 ლარის (12000*6 თვე) ნაცვლად, ყოფილ დასაქმებულს მიღებული აქვს 25 270 ლარი, 46 730 ლარით ნაკლები (72000-25270);
- ამდენად, 2019 წლის დავალიანებასთან (27300 ლარი) ერთად, ჯამში დავალიანება განისაზღვრება - 74 030 ლარით (46730+27300), რისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც საქმეში არ მოიპოვება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დაადასტურა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი, ხოლო სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ. რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველი.
15. სასარჩელო მოთხოვნის მეორე კომპონენტს წარმოადგენს ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრება დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სარჩელი აღნიშნულ ნაწილშიც გასაზიარებელია სშკ-ის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.3 მუხლი) საფუძველზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტა, რომ სშკ-ის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 31.2 მუხლი) შესაბამისად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამდენად, დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, გამოვლენილია გადახდის ვალდებულება და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხეს დაეკისრა ხელფასის გადახდის ვალდებულება, მას ასევე უნდა დაეკისროს სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის სშკ-ით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16.2. კასატორის განმარტებით, 2016-2017 წლების სახელფასო გადახდებზე მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია, რადგანაც 2016-2017 წლის დავალიანების მოთხოვნა ხანდაზმული იყო. მიუხედავად ამისა, მექანიკურად არის 2016 წლიდან 2020 წლამდე გადაანგარიშებული ხელფასი და დაკისრებულია მოპასუხისათვის, მისი შინაარსობრივი შემოწმების გარეშე.
16.3. მოსარჩელის თავდაპირველი განმარტებიდან გამომდინარე, მას სადავოდ მიაჩნდა 2019-2020 წლის სახელფასო დავალიანება, ხოლო 2018 წლის მდგომარეობით ზედმეტად ჰქონდა მიღებული ანაზღაურება, რასაც თვითონ 2019 წლის ხელფასის ავანსის სახით აღება უწოდა.
16.4. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 129-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 2016-2017 წლებზე არის ხანდაზმული, რაზეც მითითებულია 22.03.2021 წლის სხდომის ოქმში.
16.5. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას, რომ დაიფარებოდა წინა წლის დავალიანება (მაგალითად 2017 წელს დაიფარებოდა 2016 წლის დავალიანება, ხოლო 2018 წელს დაიფარებოდა 2017 წლის დავალიანება), ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა. არც საგადახდო დავალებებშია მითითებული, რომ ეს თანხები არის დავალიანების დასაფარავად, არამედ ყველგან დანიშნულებაში მითითებულია „ხელფასი“.
16.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ მოპასუხის (დამსაქმებლის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
21. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს ავალებს სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს, რადგან დამსაქმებელს მეტად ხელეწიფება, როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე მისი შეწყვეტის დამტკიცების შესაძლებლობა.
22. ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას, მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც. სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ Nას-34-2022, 21.06.2022წ).
24. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-12, მე-13 და მე-15 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებასა და დასკვნებს. კასატორის პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ დამსაქმებელი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ გარემოებებსა და დასაქმებულის მოთხოვნების სამართლებრივ შეფასებას. კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა იმის თაობაზე, რომ გასაზიარებელია მოსარჩელის მტკიცება ზედმეტად დარიცხული თანხებით წინა წლების სახელფასო დავალიანებების დაფარვის თაობაზე (სსკ-ის 387-ე მუხლი). მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენს დასაბუთებული გაანგარიშების მისეული ვერსია, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა და დაეპირისპირებინა მოსარჩელის მოთხოვნისათვის. დამსაქმებელი კომპანიის მარტოოდენ ზეპირი განმარტება და მოსაზრება არ არის საკმარისი იმ მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, რაც დასაქმებულმა წარუდგინა სასამართლოს. მოპასუხის პრეტენზია, რომ სალაროს გასავლის ორდერებში გადახდის დანიშნულებად მითითებული „ხელფასი“, რეალურად „ავანსი“ იყო და არა ყოფილი დასაქმებულის მიერ უკვე გაწეული შრომის ანაზღაურება, დაუსაბუთებელია, საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს და არ შეესაბამება იმ გაანგარიშებას, რასაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა. ამასთანავე, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სარჩელის ნაწილის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან იმ ნაწილს, რასაც მოპასუხე ხანდაზმულად მიიჩნევს, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის და აცხადებს, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი პერიოდის ანაზღაურება მას მიღებული აქვს.
25.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამდენად, დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ვინაიდან, მოპასუხეს დაეკისრა ხელფასის გადახდის ვალდებულება, მას ასევე უნდა დაეკისროს სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის სშკ-ით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდაც.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ნ.მ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ნ.მ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6538 ლარის (საგადახდო დავალება N15695258050, გადახდის თარიღი 2023 წლის 9 იანვარი; საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2023 წლის 28 თებერვალი), 70% – 4576,6 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე