საქმე №ას-252-2023 8 ივნისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ლ.ლ–ძე, თ.დ–ნი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ს.ე–მა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.ლ–ძემ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, კასატორი) და თ.დ–ნმა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრეს სს „ს.ს.ე–მის“(შემდეგში - მოპასუხე ან მოპასუხე საზოგადოება ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ.
2. პირველმა მოსარჩელემ მოითხოვა: 1.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 02 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა; 1.2. სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მოპასუხისათვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 60190 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხისათვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 6019 ლარის გადახდის დაკისრება 2019 წლის 02 მაისიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.4. მოპასუხისათვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის, 2019 წლის 02 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6019 ლარის 0,07%–ს გადახდის დაკისრება (იხ.,ტ.2.ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტ.3. ს.ფ. 241).
3. პირველი მოსარჩელის მოთხოვნები დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 06 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო უვადო შრომის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2018 წლის 01 მარტიდან მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 6019 ლარით განისაზღვრა. 2018 წლის 06 ნოემბერს, პირველი მოსარჩელე გადაყვანილი იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. აღნიშნულ პოზიციაზეც პირველი მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 6019 ლარით განისაზღვრა. მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით, პირველი მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ პირველმა მოსარჩელემ შრომითი მოვალეობები უხეშად დაარღვია პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიში. პირველმა მოსარჩელემ, საკითხის შესწავლის პროცესში, წარდგენილი სამსახურებრივი ბარათით პასუხი გასცა აუდიტის ანგარიშში დასმულ საკითხებს, რაც დამსაქმებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გაზიარებული. პირველმა მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიერ შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, უკანონოა.
4. მეორე მოსარჩელემ მოითხოვა: 1.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 02 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა; 1.2. სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოპასუხისათვის მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13750 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხისათვის მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით 14 166 ლარის გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხისათვის მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის, 2019 წლის 02 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2500 ლარის 0,07%–ს გადახდის დაკისრება;
5. მეორე მოსარჩელის მოთხოვნები დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 06 ნოემბერს, მხარეთა შორის დაიდო ვადიანი შრომის ხელშეკრულება (2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით), რომლითაც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარით განისაზღვრა. მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა დაკავებული პოზიციიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიერ შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, უკანონოა (იხ. სარჩელი, ტ.1.ს.ფ.2-16; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტ.3. ს.ფ. 241).
6. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები და მიუთითა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მიღებას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრის ზ.ა–ის 2019 წლის 01 მაისის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის კონტრაქტების შედგენისა და მონიტორინგის სფეროს აუდიტის 2019 წლის 26 მარტის ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში დეტალურადაა მითითებული იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც გახდა მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი (იხ. შესაგებელი, ტ.1.ს.ფ.90-103; ტ.2.91-104).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, რაც უარყოფილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 06 ივლისს მოპასუხეს და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო უვადო შრომის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2018 წლის 03 მარტის ბრძანებით კი, ცვლილება შევიდა შრომით ხელშეკრულებაში და პირველი მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 6019 ლარით ყოველთვიურად. 2018 წლის 06 ნოემბრის ბრძანებით პირველი მოსარჩელე გადაყვანილი იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 6019 ლარით განისაზღვრა. 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 26 მარტს მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები.
9. 2018 წლის 06 ნოემბერს მოპასუხეს და მეორე მოსარჩელეს შორის დაიდო ვადიანი შრომის ხელშეკრულება (2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით), რომლითაც მეორე მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მეორე მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარით განისაზღვრა. მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით მეორე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მეორე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 26 მარტს მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები.
10. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების შედეგად, უარსაყოფი იყო (დასაქმებულ მოსარჩელეთა) მტკიცება სადავო ბრძანებათა კანონშეუსაბამობის თაობაზე, რადგან დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებმა დაარღვიეს შრომითი მოვალეობები, რაც სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების დადების და შესრულების კონტროლის განხორციელებისას დაშვებულ გადაცდომებში გამოიხატა. აღნიშნული დარღვევა კი, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობებს წარმოშობდა.
11. წინამდებარე საქმეზე დადგენილი იქნა შემდეგი:
12. პირველ მოსარჩელეს ეკავა პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, ხოლო მეორე მოსარჩელეს - ამავე დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიცია.
13. პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის დებულების მე–2 მუხლის თანახმად, ზ/აღნიშნული დეპარტამენტის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენდა „ელექტროგადამცემ ქსელებთან, მათ შორის მაღალი/საშუალო ძაბვის საჰაერო ხაზებთან და ქვესადგურებთან დაკავშირებით მიმდინარე/დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების და მშენებლობის პროექტების ნებართვების მიღების ორგანიზება და უზრუნველყოფა, სანებართვო პირობების განხორციელების/შესრულების პროცესის მონიტორინგი“ (იხ. ტომი 2, ს.ფ.108-111).
14. დეპარტამენტის დებულების 3.1.12 პუნქტის მიხედვით „სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით (როგორიცაა მშენებლობის ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, სახელმწიფო ტყის ფონდში და მის გარეთ განაკაფის წარმოების ნებართვა და ა.შ.) შესაბამის სამინისტროებთან და სხვადასხვა სახის ნებართვის გამცემი უწყებების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
15. დეპარტამენტის დებულების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, დანაყოფის საქმიანობის ხელმძღვანელობას, კოორდინაციას და მისი საქმიანობის წარმართვას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსი. გარდა ამისა, პირველი მოსარჩელის როგორც დეპარტამენტის უფროსის, სამუშაო აღწერის (თანამდებობრივი ინსტრუქციის) მე–5 მუხლის თანახმად, მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა: დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია, მართვა და ხელმძღვანელობა (5.1. პუნქტი); თანამშრომლებზე შემოსული კორესპონდენციის განაწილება, მათ საფუძველზე დავალებებისა და მითითებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი (5.4. პუნქტი) (იხ. ტომი 2, ს.ფ.112-113).
16. პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობის მიხედვით, მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა მიღებული ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშის წარდგენა ზემდგომი ხელმძღვანელობისთვის (5.5. პუნქტი). სამსახურის გამართული მუშაობა (5.13. პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ.112-113).
17. დადგენილია, რომ „ქსანი–სტეფანწმინდის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებარე მონაკვეთზე ხე-მცენარეების გაჩეხვასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ გაფორმდა ოთხი ხელშეკრულება: 2017 წლის 03 ოქტომბერს №60–7–117–2118 ხელშეკრულება ი.მ. გ.ხ–თან; 2017 წლის 04 ოქტომბერს №60–7–117–2129 ხელშეკრულება შპს „ო.ძ–თან“; №60–7–117–2128 ხელშეკრულება შპს „ს–თან“; 2017 წლის 27 დეკემბერს №60–7–217–3025 ხელშეკრულება ი.მ. გ.ხ–თან (იხ. ტომ 1, ს.ფ. 135-180). ამ ხელშეკრულებების დადებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და დადებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი მეორე მოსარჩელის სამსახურის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა. გარდა ამისა, თავად ხელშეკრულებების 7.4 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელ პირებად მითითებული იყვნენ სატყეო სამსახურის უფროსი - მეორე მოსარჩელე და ამავე სამსახურის სატყეო სამსახურის უფროსი სპეციალისტი შ.ა–ი. თავის მხრივ, სატყეო სამსახურის საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი პირი დეპარტამენტის უფროსი, პირველი მოსარჩელე იყო. შესაბამისად, ოთხივე ხელშეკრულების დადების და შესრულების პროცესში კანონმდებლობის მოთხოვნების და კომპანიის ინტერესების დაცვა მოსარჩელეების შრომით მოვალეობას წარმოადგენდა.
18. დადგენილია, რომ მოპასუხეს და კონტრაქტორებს შორის 2017 წლის 03 და 04 ოქტომბერს დადებული სამი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 500 კილოვატიანი „ქსანი–სტეფანწმინდის“ ელექტროგადამცემი ხაზის მონაკვეთის (133–163 მალების ფარგლებში) დაცვის ბუფერულ ზონაში მოხვედრილი ხე–მცენარეების გაჩეხვის და მოჭრილი ხე–ტყის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებით მომსახურება (იხ.ხელშეკრულების დანართი №1). ხელშეკრულებების საფუძველზე სამუშაოს შესრულება, შესრულებული სამუშაოს შემოწმება და ანაზღაურება ხორციელდებოდა შემდეგი პროცედურით: შემსრულებელი ხე–მცენარეების გაჩეხვის სამუშაოებს ასრულებდა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ხე–ტყის გაჩეხვის ნებართვის შესაბამისად, რომელშიც მითითებული იყო გასაჩეხი ხე–მცენარეების რაოდენობა, სახეობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 54, 57, 58, 61-63); შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით დგებოდა დათავალიერების აქტი (იხ. ტომი 2, ს.ფ.151), რომლის საფუძველზეც მეორე მოსარჩელე სამსახურებრივ ბარათს წარუდგენდა შესყიდვების დეპარტამენტს (იხ. ტომი 2, ს.ფ.150), რის შემდეგაც დგებოდა მიღება–ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 2, ს.ფ.149) და მოპასუხე მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას უნაზღაურებდა. სამივე ხელშეკრულების შემთხვევაში (ტექნიკური პირობების მე–2 პუნქტი) იდენტურია გასაჩეხი ტერიტორიის კოორდინატები, რაც პირველი მოსარჩელის განმარტებით, მექანიკურ შეცდომას წარმოადგენს. ამასთან, მხარეთა ახსნა–განმარტებით, ასევე მოწმე გ.შ–ვის ჩვენებით (იხ. 2020 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) დადგენილია, რომ კონკრეტულ შემსრულებელს მიეწოდებოდა იმ მონაკვეთის კოორდინატები, სადაც ხე–ტყის ჭრის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო.
19. - 2017 წლის 03 ოქტომბრის №60–7–117–2118 ხელშეკრულების საფუძველზე ი.მ გ.ხ–მა პირველ ეტაპზე განახორციელა 608,7მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ. 146-148), მეორე ეტაპზე - 687,24 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2,ს.ფ.149-151).
20. - 2017 წლის 04 ოქტომბრის №60–7–117–2129 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ო.ძ–მ“ პირველ ეტაპზე განახორციელა 583,3მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ. 160-162), მეორე ეტაპზე - 1073,52 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ.163-165).
21. 2017 წლის 04 ოქტომბრის №60–7–117–2128 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს–ამ“ პირველ ეტაპზე განახორციელა 621,4 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ.173-175), მეორე ეტაპზე - 875,31 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება– ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ176-178).
22. კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოს შემოწმების შედეგად შედგენილ დათვალიერების აქტებს ხელს აწერს მოპასუხის პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი დ.წ–ი. დათვალიერების აქტებში არ არის მითითებული კონკრეტული კოორდინატები, სადაც შემსრულებლების მიერ ხე-ტყის სამუშაოები იქნა განხორციელებული, ასევე არ არის აღნიშნული მიზეზი, რის გამოც, ვალდებულების მეორე ნაწილი, მოჭრილი ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე გადატანა ვერ განხორციელდა. დათვალიერების აქტების საფუძველზე, მეორე მოპასუხის მიერ შესყიდვების დეპარტამენტში წარდგენილია სამსახურებრივი ბარათები შემსრულებლისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით. სამსახურებრივ ბარათებში მითითებულია, რომ შემსრულებლებს სანებართვო დოკუმენტაცია მიეწოდათ ხელზე, ხოლო მოჭრილი ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების შეუძლებლობის მიზეზად რთული რელიეფური პირობებია დასახელებული.
23. ხელშეკრულებების 9.1. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე და ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებული ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით. ამ დებულების შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე, სანებართვო დოკუმენტაციის, ასევე კონკრეტული დავალების გადაცემა შემსრულებლისათვის წერილობითი ან ისეთი ფორმით უნდა განხორციელებულიყო, რაც დავის შემთხვევაში, შემკვეთს მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის დადასტურების შესაძლებლობას მისცემდა. საქმის განხილვის ეტაპზე გაკეთებული ახსნა-განმარტების, ასევე, მეორე მოსარჩელის სამსახურებრივი ბარათების მიხედვით კი, შემსრულებელს სანებართვო დოკუმენტაცია, ასევე გასაჩეხი მონაკვეთის კოორდინატები ხელზე მიეწოდებოდა, მიწოდებული დოკუმენტაციის შინაარსის დადასტურების გარეშე. გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ადგილზე შემოწმების შედეგად შედგენილ დათვალიერების და მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული არ არის იმ მონაკვეთის კოორდინატები, სადაც ხე-ტყის ჭრის სამუშაოები განხორციელდა. კონტრაქტორებისთვის შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით გადაუცემლობის გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულ კონტრაქტორს რომელ მონაკვეთზე უნდა შეესრულებინა სამუშაოები. დათვალიერების აქტში კი შესრულებული სამუშაოს სათანადოდ აღუწერლობის გამო, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულმა შემსრულებელმა რომელ მონაკვეთზე შეასრულა სამუშაო. შედეგად, შეუძლებელია დასკვნის გაკეთება, კონკრეტულმა კონტრაქტორმა, მიწოდებული ნებართვების საფუძველზე, სრულად და ჯეროვნად შეასრულა თუ არა ხე-ტყის ჭრის სამუშაო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში დამსაქმებლის პოზიციას მოსარჩელეების მიერ ხელშეკრულებების მომზადების და მათი შესრულების პროცესში შრომითი მოვალეობების არასათანადოდ შესრულების თაობაზე ასაბუთებს ასევე მეოთხე ხელშეკრულების (2017 წლის 27 დეკემბრის) დადების ინიცირებასთან, ამ ხელშეკრულების საგანთან და მის შესრულებასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, პირველი სამი ხელშეკრულების და ბოლო ხელშეკრულების ტექნიკური პირობების მიხედვით, მეორდება მალების ნომრები, რომლის მიმდებარედაც ჭრები ხორციელდებოდა. კონკრეტულად კი, ბოლო ხელშეკრულებაში მითითებული მალები (137-დან 163-ე მალის ჩათვლით) პირველი სამი ხელშეკრულების საფუძველზე უკვე გაჩეხილი უნდა ყოფილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოკვლევისას წარდგენილ თავის 2019 წლის 22 აპრილის სამსახურებრივ ბარათში, ასევე სასამართლოს სხდომაზე პირველმა მოსარჩელემ მიუთითა, რომ განმეორებითი ჭრების მიზეზი ეგხ-ს ბუფერის კორექტირება იყო. მისი განმარტებით, 2017 წლის 27 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით ასევე უნდა განხორციელებულიყო მისასვლელი გზების გაჩეხვა. მეორე მოსარჩელე თავის 2017 წლის 27 დეკემბრის №23925 სამსახურებრივ ბარათში, რომლითაც მან მეოთხე ხელშეკრულების დადების ინიცირება განახორციელა, მიუთითებს 137-166 მალებში დაცვის ბუფერულ ზონაში 200 მ3 და მისასვლელ გზაზე 800 მ3 ხე-მცენარეების მოჭრის საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ ბუფერის კორექტირების თაობაზე მიუთითა მოწმე გ.შ–ვმაც, თუმცა მან განმარტა, რომ კორექტირების შემთხვევაში, კოორდინატების მიწოდება წერილობითი ფორმით, სამსახურებრივი ბარათის წარდგენის გზით, ან ელექტრონული ფოსტით უნდა განხორციელებულიყო (იხ. 2020 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი). მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ დავის განხილვის პროცესში მიუთითა, რომ ბუფერის კორექტირების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება კომპანიაში მოძიებული ვერ იქნა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 27 დეკემბრის №60–7–217–3025 ხელშეკრულებაში, დათვალიერების და მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულების საგანს მისასვლელი გზის გაჩეხვის სამუშაოები წარმოადგენდა. ხელშეკრულებაში და მის შესრულებასთან დაკავშირებით შედგენილ დოკუმენტებში მითითებულია ხე-მცენარეების დაცვის ბუფერულ ზონაში ჭრის თაობაზე.
24. მოპასუხემ სასამართლოშ წარადგინა პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის თანამშრომლის ლ.გ–ძის 2019 წლის 23 ივლისის №10629 სამსახურებრივი ბარათი, რომლის მიხედვით, 2019 წლის 17-18 ივლისს დათვალიერდა „ქსანი-სტეფანწმინდის“ ელექტროგადამცემი ხაზის №133-140, №147-156 მალები და დადგინდა, რომ დამატებით მოსაჭრელია 179,2 მ3 (იხ. ტომი 2, ს.ფ. 205). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ ხე-ტყის მოჭრის მიზნით დაიდო ოთხი ხელშეკრულება, არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც იმავე მონაკვეთზე ხე- მცენარეები გაცემული ნებართვების შესაბამისად სრულად გაჩეხილი არ არის.
25. ხელშეკრულებების 6.1. პუნქტით კონტრაქტორებთან შეთანხმდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მომსახურების არასრულად ან ხარვეზით გაწევის შემთხვევისათვის.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დამსაქმებელი მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემსრულებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული კომუნიკაციის წესის დაცვა და შესრულებული სამუშაოს სათანადოდ აღწერა, რაც მათ შრომით მოვალეობას წარმოადგენდა, რითაც დამსაქმებელ ორგანიზაციას წაერთვა შესაძლებლობა გაეკეთებინა ინფორმირებული დასკვნა კონკრეტული კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
27. ხელშეკრულებების მიხედვით, შემსრულებლების ვალდებულებას, გარდა ხე-ტყის სამუშაოებისა, წარმოადგენდა მოჭრილი ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირება. ხელშეკრულების დანართი 1-ის თანახმად, მომსახურების ღირებულება 1 მ3-ზე შეადგენდა 95 ლარს, ხოლო თუ ვერ მოხერხდებოდა გამოზიდვა - 48 ლარს, ანუ გამოზიდვის ღირებულება 1 მ3-ზე 47 ლარს შეადგენდა. პირველი სამი ხელშეკრულების შემთხვევაში, ვალდებულების ეს ნაწილი არ შესრულებულა. საქმეში წარმოდგენილ დათვალიერების აქტებში, რომლებიც სატყეო სამსახურის თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს ადგილზე დათვალიერების შედეგად არის შედგენილი, არ არის აღნიშნული გაჩეხილი ხე-მცენარეების დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების შეუძლებლობის მიზეზი.
28. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებების მიხედვით, კონტრაქტორები ვალდებული იყვნენ სახელშეკრულებო ვალდებულების რომელიმე ნაწილის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მეორე მხარისთვის ეცნობებინათ აღნიშნულის მიზეზის თაობაზე. კერძოდ, ხელშეკრულებების 11.1. პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
29. საგულისხმოა, რომ კონტაქტორებისთვის ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ წერილობითი შეტყობინება მოთხოვნილი არ ყოფილა. შესაბამისად, ასეთი სახის დოკუმენტები საქმეშიც არ არის წარმოდგენილი. მხოლოდ მეორე მოსარჩელის მიერ მომზადებულ სამსახურებრივ ბარათებშია მითითებული, რომ ხე-ტყის ადგილიდან გამოტანა რელიეფური პირობების გამო, ვერ განხორციელდა.
30. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე მოსარჩელის მიერ მომზადებული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, კონტრაქტორების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებად ჩაითვალა, შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტები და კონტრაქტორებს შესრულებული სამუშაოს ღირებულება აუნაზღაურდათ.
31. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეორე მოსარჩელის მიერ მომზადებულ სამსახურებრივ ბარათებში ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების შეუძლებლობის მიზეზად მითითებულია მხოლოდ რელიეფური პირობები. სამსახურებრივ ბარათებში არ არის მითითებული, რომ კლიმატურმა პირობებმა, არსებული რელიეფის გათვალისწინებით, კონტრაქტორების მიერ ვალდებულების ამ ნაწილის შესრულება შეუძლებელი გახადა. გამომდინარე იქედან, რომ სამუშაოები შემოდგომის ბოლოს მიმდინარეობდა, ასეთი დაშვების გაკეთება შესაძლებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მეოთხე ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 09 იანვარს, კონტრაქტორის მიერ გამოზიდული იქნა 77,29 მ3 ხე-მცენარე.
32. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად ვერ დაასკვნა კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული რელიეფის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო თუ არა მოჭრილი ხე-მცენარეების გამოზიდვა. ამასთან, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების მიერ კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სათანადო გულმოდგინებით არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იყო თუ არა შესაძლებელი მოჭრილი ხე-მცენარეების გამოზიდვა, რაც მათ მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. შედეგად, დამსაქმებელს წაერთვა შესაძლებლობა კონკრეტულ ვითარების გათვალისწინებით მიეღო ინფორმირებული გადაწყვეტილება კონტრაქტორებთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის და ვალდებულების შესრულების გადავადებასთან დაკავშირებით.
33. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის ივნისის მდგომარეობით ხე-ტყის გამოზიდვის ღირებულება გაიზარდა და 1 მ3-ზე 85 ლარი შეადგინა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 211-213).
34. მოპასუხის შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, მოცემულია რეკომენდაცია სატყეო სამსახურის მიერ სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად, რელიეფური პირობების გამო, გამოუზიდავი ხე-მცენარეებისთვის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის წესის“ შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის გადახდის მიზნით პროცედურის მაქსიმალურად დროულად დაწყების თაობაზე (არ ეხება „ქსანი-სტეფანწმინდის“ მონაკვეთს).
35. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეების დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული დანაყოფის მიერ საკომპენსაციო თანხის გადახდის მიზნით ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პროცედურა არ იქნა გონივრულ ვადაში დაწყებული. მოგვიანებით გამოირკვა, რომ მოჭრილი ხე-მცენარეების ნაწილის გამოზიდვა და ამ გზით საკომპენსაციო თანხის შემცირება შესაძლებელი იყო, თუმცა, დათვალიერების შედეგად ხე-მცენარეების უმეტესი ნაწილი ადგილზე არ აღმოჩნდა. აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეების მიერ შრომითი მოვალეობების შესაძლო დარღვევა გამოყენებულ დისციპლინურ სახდელს საფუძვლად არ დადებია. მათ შორის, მოპასუხის მიერ მოყვანილი ფაქტები გამოვლენილი იქნა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, არ იქნა კონკრეტულად მითითებული სამუშაოების დასრულებიდან საკომპენსაციო თანხის გადახდის პროცედურის დაწყების მიზნით, რა ვადა მიიჩნეოდა გონივრულად და კონკრეტულ შემთხვევებში რა ვადაში უნდა დაეწყო სატყეო სამსახურს აღნიშნული პროცედურები.
36. დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, საფუძვლად დაედო ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ახალციხესა და ბათუმში პროექტების ნებართვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბინების დაქირავებისას პირველი მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, ანგარიშის თანახმად, პირველი მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოპასუხეს და გამქირავებლებს შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქირის თანხა გაცილებით აღემატება ბაზარზე არსებულ საშუალო ფასებს. ამასთან, კომპანიის მიერ ერთი თანამშრომლის ღამისთევისთვის გადახდილი თანხა მეტია დამსაქმებლის 2016 წლის 15 მარტის №131 შიდა ბრძანებით განსაზღვრულ თანხაზე, რაც ერთი ღამისთვის ერთ პიროვნებაზე 50 ლარს შეადგენს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 35-37). აღნიშნულთან დაკავშირებით პირველმა მოსარჩელემ თავის 2019 წლის 22 აპრილის სამსახურებრივ ბარათში მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფართების იჯარის ღირებულება დათვლილი იქნება პროექტის დაწყებიდან და დაჯამებული თანხა გადანაწილდება პროექტის მიმდინარეობის მთლიან პერიოდზე თითოეული ადამიანისთვის, გამოჩნდება, რომ ერთ თანამშრომელზე გაწეული ხარჯი არ აღემატება კომპანიის მიერ დადგენილ ლიმიტს. პირველი მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლების იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. მოპასუხე მხარის მითითებით, პირველი მოსარჩელის მოთხოვნითა და ინიციატივით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის თანხა თითოეულ თანამშრომლებზე გაანგარიშებით, საგრძნობლად აღემატება კომპანიის მიერ განსაზღვრულ თითოეული თანამშრომლის ღამისთევისთვის გასაწევი ხარჯის მაქსიმალურ ლიმიტს. გარდა ამისა, პირველი მოსარჩელის მიერ, თვითნებურად, ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, ქირის თანხაში შეყვანილი იქნა დამატებითი მომსახურების, კერძოდ, საკვების ყიდვა/მომზადების, დალაგების და თანამშრომელთა პირადი მომსახურების ღირებულება. ქირის თანხაში შედიოდა მივლინების პერიოდში თანამშრომელთა კვების ხარჯები, მაშინ როდესაც იგივე ტიპის დამატებითი ხარჯებისთვის კომპანიის თანამშრომლებზე გაიცა 23 175 ლარი (სამივლინებო). ამან კი გამოიწვია ქირის თანხის მნიშვნელოვანი გაზრდა და ამ ნაწილში ადგილი ჰქონდა კომპანიის ფულადი სახსრების კომპანიასთან შეუთანხმებელი მიზნობრიობით გახარჯვას, რაც პირველი მოსარჩელის ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენდა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 209; 136).
37. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (იჯარის ხელშეკრულებები, სამსახურებრივი ბარათები), მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია და სადავო არ გამხდარა, რომ დამსაქმებელსა და მესამე პირებს შორის იჯარის ხელშეკრულებები მოპასუხე კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის მიერ მომზადდა და გაფორმდა პირველი მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
38. დადგენილია, რომ ცალკეულ შემთხვევაში პირველი მოსარჩელის, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის და რეაბილიტაციის მმართველის სახელზე წარდგენილ სამსახურებრივ ბარათებში მითითებულია მესამე პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები (ქირის ოდენობა) და საგანი (ქირავნობა). პირველ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ თითოეული ხელშეკრულების გაფორმება მისი კონტროლით ხდებოდა. დადგენილია, რომ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მესამე პირებთან ქირავნობის ხელშეკრულებები გაფორმდა და აღნიშნულ ხელშეკრულებებში დამატებითი მომსახურების შესახებ მითითებული არ არის. მოსარჩელე სადავოდ არ გაუხდია, რომ იმავე პერიოდში კომპანიის მიერ თანამშრომლებზე სამივლინებო ხარჯების სახით გაცემული იქნა 23 175 ლარი (იხ. ტომი 3 ს.ფ.29-50).
39. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები დასკვნის გასაკეთებლად, მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ოდენობა აღემატებოდა თუ არა საშუალო საბაზრო ქირის ოდენობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადებული ხელშეკრულებები, გარდა ფართების დაქირავებისა, დამატებით მომსახურებასაც მოიცავდა. საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, შეუძლებელია ასევე დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ ბინის დაქირავებისთვის დადგენილი ლიმიტის (ერთი ღამე 50 ლარი) და სამივლინებო თანხის (ერთი ადამიანისთვის ერთი დღისთვის 15 ლარი) ფარგლებში მოხდებოდა თუ არა მივლინებაში მყოფი თანამშრომლების საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფა, ახალი დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე. მიუხედავად ამისა, დგინდება, რომ დამსაქმებელმა, ჰქონდა რა ნდობა პირველი მოსარჩელის (როგორც პასუხისმგებელი პირის) მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორისადმი, იმ ვარაუდით, რომ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ხდებოდ მხოლოდ თანამშრომლების ბინით უზრუნველყოფა, ცალკე გასწია სამივლინებო ხარჯი. შესაბამისად, დამსაქმებელს არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შედეგად, კონკრეტული გარემოებების შეფასების გზით, მიეღო გადაწყვეტილება.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველმა მოსარჩელემ არ მიაწოდა რა მოპასუხეს სრული ინფორმაცია, დაარღვია შრომითი მოვალეობა. აღნიშნული დასკვნის გაკეთებამდე სასამართლომ შეაფასა ასევე მოწმე გ.შ–ვის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ის, როგორც მმართველთა საბჭოს წევრი, ინფორმირებული იყო მესამე პირებთან დასადები ქირავნობის ხელშეკრულებების პირობების თაობაზე და იწონებდა ამ პირობებს. ამასთან, მოწმის ჩვენებით, მას არ ახსოვს აღნიშნული საკითხი იქნა თუ არა მმართველთა საბჭოზე განხილული (იხ. სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი).
41. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დადგენილი ფორმის შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის სახელზე წარდგენილი სამსახურებრივი ბარათები, სადაც დამატებითი მომსახურების შესახებ მითითებული არ არის და მოწმის ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ ის პიროვნულად დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმირებული იყო. ამ პირობებში, სასამართლომ მოწმის ჩვენება არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ პირველმა მოსარჩელემ კომპანიის სახელით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხე დამსაქმებელმა უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სარჩელის განმაპირობებელი გარემოებების უტყუარობის გაქარწყლება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დგინდება, რომ მოსარჩელეების მხრიდან, „ქსანი-სტეფანწიმინდის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროცესში, ხელშეკრულებების დადებისას, შემდეგ კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კონტრაქტორების მხრიდან შესრულების კონტროლი არასათანადოდ იქნა განხორციელებული. აღნიშნულით დამსაქმებელს კონტრაქტორების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადო შესრულების შემოწმების და შესაბამისი წინაპირობების არსებობისას პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობა დაუკარგა. პირველი მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალოების დარღვევად იქნა მიჩნეული ასევე მის მიერ ახალციხესა და ბათუმში თანამშრომლებისთვის ბინების დაქირავების პროცესში დამსაქმებლისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდება. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელეები წარმოადგენდნენ კომპანიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ დამსაქმებელს მოსარჩელეების და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორის მიმართ განსაკუთრებული ნდობა გააჩნდა. დადგენილია, რომ მოსარჩელეების სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაფორმების და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების კონტროლის პროცესში დამსაქმებლის ინტერესების დაცვა. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეების მიერ შრომითი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოპასუხეს წაერთვა შესაძლებლობა სათანადო და ინფორმირებული დასკვნა გაეკეთებინა კონტრაქტორების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კი, თუ გამოიკვეთებოდა კონტრაქტორების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, გამოეყენებინა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები. მართალია, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, მოსარჩელეების ქმედების შედეგად მოპასუხეს ზიანი მიადგა თუ არა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღნიშნული ქმედებები ზიანის მიყენების მაღალი რისკის შემცველი იყო, რის გამოც, მოსარჩელეების ქმედება შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევად შეფასდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, დასაქმებულების მიმართ ნდობის დაკარგვის გამო, დამსაქმებლის მიერ მათთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა მართლზომიერად იქნა მიჩნეული.
43. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტებმა (მოპასუხეები) გაასაჩივრეს საკასაციო საჩივრით. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
44. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
45. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ არ არის ნამსჯელი, რა სახის ზიანი მიადგა დამსაქმებელს იმ ქმედებების შედეგად, რასაც დამსაქმებელი ედავებოდა დასაქმებულებს. დამსაქმებელი მიუთითებდა ოთხ მომსახურების ხელშეკრულებაზე, თუკი შემსრულებელთა მხრიდან ადგილი ქონდა ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, აღნიშნული დამსაქმებელს წარმოუშობდა სარჩელის აღძვრის უფლებას კონტრაქტორთა მიმართ. დავის წარმოწყებისა და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, დამსაქმებელს შეეძლო რეგრესის წესით მოეთხოვა დასაქმებულებისათვის ზიანის ანაზღაურება. კასატორებისთვის გაუგებარია, თუ რატომ მივიდა სააპელაციო სასამართლო იმ მსჯელობამდე, რომ მოპასუხემ დაკარგა შესაძლებლობა მოეთხოვა კონტრაქტორებისთვის პირგასამტეხლოს გადახდა, მაშინ როდესაც დარღვევის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც კი, მოპასუხის მოთხოვნა არ იქნებოდა ხანდაზმული.
46. კასატორთა მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მჯელობა მივლინების პერიოდში საყოფაცხოვრებო ხარჯების თითქოსდა კომპანიასთან შეუთანხმებელ გაზრდასთან დაკავშრებით, მაშინ როცა თავად სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (გადაწყვეტილების მე-18 გვერდი) უთითებს: „მართალია, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, მოსარჩელეების ქმედების შედეგად მოპასუხეს ზიანი მიადგა თუ არა, თუმცა, სასამართლოს აზრით, აღნიშნული ქმედებები ზიანის მიყენების მაღალი რისკის შემცველი იყო“. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ პირველი მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობებში არ შედიოდა მესამე პირებთან ქირავნობის ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება. გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ აღნიშნული მოქმედება „ზიანის მიყენების მაღალი რისკის შემცველად“ და პირის გათავისუფლების კანონიერ საფუძვლად.
47. კასატორებმა აღნიშნეს, რომ დამსაქმებელმა თავისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, აუდიტის დასკვნის გარდა, კონკრეტულად, რა მოვალეობები დაარღვია დასაქმებულმა და რაში გამოიხატა სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, დასაბუთება ვერ წარმოადგინა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მსჯელობა მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, ახსნა-განმარტებებზე და მოწმის გამოკითხვის დროს მიღებულ განმარტებებზე. ამასთან, მოსარჩელეთა მხრიდან რაიმე ტიპის გადაცდომა რეალურად ჩადენილიც რომ ყოფილიყო, სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რატომ იქნებოდა მათი განთავისულფება პროპორციული სახდელი და არა მაგალითად უფრო მსუბუქი სანქცია, თუნდაც შენიშვნა, საყვედური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით.
49. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, პირველი მოსარჩელის მოთხოვნის - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2019 წლის 02 მაისის ბრძანების ბათილად ცნობისა და მეორე მოსარჩელის მოთხოვნის - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2019 წლის 02 მაისის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუციის ნაწილში კი უკან უნდა დაუბრუნდეს განსახილველად იმავე სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
50. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებებისარასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
51. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაშვები, დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
52. 2015 წლის 06 ივლისს მოპასუხესა და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო უვადო შრომის ხელშეკრულება, რომლითაც პირველი მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. 2018 წლის 03 მარტის ბრძანებით კი, ცვლილება შევიდა შრომით ხელშეკრულებაში და პირველი მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 6019 ლარით განისაზღვრა, ყოველთვიურად. 2018 წლის 06 ნოემბრის ბრძანებით პირველი მოსარჩელე გადაყვანილი იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 6019 ლარით განისაზღვრა. მოპასუხის 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედომო პასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 26 მარტს მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები (იხ., ამ განჩინების პ.9).
53. 2018 წლის 06 ნოემბერს მოპასუხესა და მეორე მოსარჩელეს შორის დაიდო ვადიანი შრომის ხელშეკრულება (2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით), რომლითაც მეორე მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მეორე მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარით განისაზღვრა. მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით მეორე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მეორე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 26 მარტს მომზადებულ ანგარიშ შიმოყვანილი ფაქტები (იხ., ამ განჩინების პ.9).
54. განსახილველ დავაში, მოსარჩელეების მიერ სადავოადაა გამხდარი მათ მიერ შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი. დამსაქმებლის განმარტებით, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრის ზ.ა–ის 2019 წლის 01 მაისის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის კონტრაქტების შედგენისა და მონიტორინგის სფეროს აუდიტის 2019 წლის 26 მარტის ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში მითითებულია იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც გახდა მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი (იხ. შესაგებელი, ტ.1. ს.ფ.90-103; ტ.2. 91-104). მოსარჩელეები არ ეთანხმებიან დამსაქმებლის განმარტებას მოსარჩელეების მიერ შრომითი მოვალეობების უხეშად დარღვევის შესახებ: პირველი მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საკითხის შესწავლის პროცესში, წარდგენილი სამსახურებრივი ბარათით პასუხი გასცა აუდიტის ანგარიშში დასმულ საკითხებს, შესაბამისად, მის მიერ შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, უკანონოა. მეორე მოსარჩელეც მიიჩნევს, რომ მის მიერ შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მოპასუხის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, უკანონოა (იხ. ამ განჩინების პ.5).
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება კანონდარღვევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;
56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
57. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
60. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი).
61. ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, 411-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, ხოლო 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
62. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი).
63. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
64. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).
65. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
67. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,„იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
69. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის და უფლებრივი რესტიტუციის მოთხოვნა სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითიხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
70. საკასაციო პალატა კასატორების საკასციო საჩივრის ფარგლებში თავდაპირველად შეამოწმებს მოსარჩელეებთან მოპასუხის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას, რაც შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად ( შდრ: სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; სუსგ №ას-416-399-2016,29.06.2016წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (შდრ: სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).
71. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულები სამუშაოდან გათავისუფლდნენ სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე (იხ.ტ.1.ს.ფ.19).
72. იმ ვითარებაში, როდესაც სადავოა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანებების კანონიერება, გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურება, რაც დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილებაში მდგომარეობს.
73. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259.).
74. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დამსაქმებელია (მოპასუზე) ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს დასაქმებულების ( მოსარჩელეები) მიერ, მათზე ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
75. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო, მოპასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 26 მარტს მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები, კერძოდ, დადგენილია, რომ „ქსანი–სტეფანწმინდის“ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებარე მონაკვეთზე ხე-მცენარეების გაჩეხვასთან დაკავშირებით მოპასუხე დაწესებულების (დამსაქმებელი) მიერ გაფორმდა ოთხი ხელშეკრულება: 2017 წლის 03 ოქტომბერს №60–7–117–2118 ხელშეკრულება ი.მ. გ.ხ–თან; 2017 წლის 04 ოქტომბერს №60–7–117–2129 ხელშეკრულებაშპს„ოთხძმასთან“; №60–7–117–2128 ხელშეკრულება შპს „ს–თან“; 2017 წლის 27 დეკემბერს №60–7–217–3025 ხელშეკრულება ი.მ. გ.ხ–თან.
76. მოპასუხეს და კონტრაქტორებს შორის 2017 წლის 03 და 04 ოქტომბერს დადებული სამი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 500 კილოვატიანი „ქსანი–სტეფანწმინდის“ ელექტროგადამცემი ხაზის მონაკვეთის (133–163 მალების ფარგლებში) დაცვის ბუფერულ ზონაში მოხვედრილი ხე–მცენარეების გაჩეხვის და მოჭრილი ხე–ტყის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებით მომსახურება (იხ.ხელშეკრულების დანართი№1).
77. ხელშეკრულებების საფუძველზე სამუშაოს შესრულება, შესრულებული სამუშაოს შემოწმება და ანაზღაურება ხორციელდებოდა შემდეგი პროცედურით: შემსრულებელი ხე–მცენარეების გაჩეხვის სამუშაოებს ასრულებდა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ხე–ტყის გაჩეხვის ნებართვის შესაბამისად, რომელშიც მითითებული იყო გასაჩეხი ხე–მცენარეების რაოდენობა, სახეობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 54, 57, 58, 61-63); შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან დაკავშირებით დგებოდა დათვალიერების აქტი (იხ. ტომი 2, ს.ფ.151), რომლის საფუძველზეც მეორე მოსარჩელე სამსახურებრივ ბარათს წარუდგენდა შესყიდვების დეპარტამენტს (იხ. ტომი 2, ს.ფ.150), რის შემდეგაც, დგებოდა მიღება–ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 2, ს.ფ.149) და მოპასუხე მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას უნაზღაურებდა. 2017 წლის 03 ოქტომბრის №60–7–117–2118 ხელშეკრულების საფუძველზე ი.მ გ.ხ–მა პირველ ეტაპზე განახორციელა 608,7მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ. 146-148), მეორე ეტაპზე - 687,24 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2,ს.ფ.149-151). 2017 წლის 04 ოქტომბრის №60–7–117–2129 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ო.ძ–მ“ პირველ ეტაპზე განახორციელა 583,3მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ. 160-162), მეორე ეტაპზე - 1073,52 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ.163-165). 2017 წლის 04 ოქტომბრის №60–7–117–2128 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს–ამ“ პირველ ეტაპზე განახორციელა 621,4 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება–ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ.173-175), მეორე ეტაპზე - 875,31 მ3 ხე–მცენარის მოჭრის და ბუფერს გარეთ გატანის სამუშაო (იხ. დათვალიერების აქტი, სამსახურებრივი ბარათი, მიღება– ჩაბარების აქტი, ტომი 2, ს.ფ176-178).
78. ამ გადაწყვეტილების პპ: 12-16-ით დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელეს ეკავა პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, ხოლო მეორე მოსარჩელეს - ამავე დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიცია. პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის დებულების მე–2 მუხლის თანახმად, დეპარტამენტის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენდა „ელექტროგადამცემ ქსელებთან, მათ შორის, მაღალი/საშუალო ძაბვის საჰაერო ხაზებთან და ქვესადგურებთან დაკავშირებით მიმდინარე/დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების და მშენებლობის პროექტების ნებართვების მიღების ორგანიზება და უზრუნველყოფა, სანებართვო პირობების განხორციელების/შესრულების პროცესის მონიტორინგი“ (იხ. ტომი 2, ს.ფ.108-111). დეპარტამენტის დებულების 3.1.12 პუნქტის მიხედვით „სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით (როგორიცაა მშენებლობის ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, სახელმწიფო ტყის ფონდში და მის გარეთ განაკაფის წარმოების ნებართვა და ა.შ.) შესაბამის სამინისტროებთან და სხვადასხვა სახის ნებართვის გამცემი უწყებების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა. დეპარტამენტის დებულების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, დანაყოფის საქმიანობის ხელმძღვანელობას, კოორდინაციას და მისი საქმიანობის წარმართვას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსი. გარდა ამისა, პირველი მოსარჩელის როგორც დეპარტამენტის უფროსის, სამუშაო აღწერის (თანამდებობრივი ინსტრუქციის) მე–5 მუხლის თანახმად, მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა: დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია, მართვა და ხელმძღვანელობა (5.1. პუნქტი); თანამშრომლებზე შემოსული კორესპონდენციის განაწილება, მათ საფუძველზე დავალებებისა და მითითებების გაცემა და მათი შესრულების კონტროლი (5.4. პუნქტი) (იხ. ტომი 2, ს.ფ.112-113).
79. პროექტების ნებართვებისა და ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობის მიხედვით, მის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა მიღებული ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშის წარდგენა ზემდგომი ხელმძღვანელობისთვის (5.5. პუნქტი). სამსახურის გამართული მუშაობა (5.13. პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ.112-113).
80. საქმეზე დადგენილია, რომ მეორე მოსარჩელის მიერ შედგენილ სამსახურებრივ ბარათებში ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების შეუძლებლობის მიზეზად მითითებულია მხოლოდ რელიეფური პირობები. სამსახურებრივ ბარათებში არ არის მითითებული, რომ კლიმატურმა პირობებმა, არსებული რელიეფის გათვალისწინებით, კონტრაქტორების მიერ ვალდებულების ამ ნაწილის შესრულება შეუძლებელი გახადა. გამომდინარე იქედან, რომ სამუშაოები შემოდგომის ბოლოს მიმდინარეობდა, ასეთი დაშვების გაკეთება შესაძლებელია, თუმცა სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მეოთხე ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 09 იანვარს, კონტრაქტორის მიერ გამოზიდული იქნა 77,29 მ3 ხე-მცენარე.
81. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობენ იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დასაქმებულმა მოსარჩელეებმა უხეშად დაარღვიეს მათზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები, კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს წინამდებარე გადაწყვეტილების პ.32 -ზე, სადაც სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „აღნიშნულ ეტაპზე შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნი დასკვნის გაკეთება, კონკრეტული ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული რელიეფის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა მოჭრილი ხე-მცენარეების გამოზიდვა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების მიერ კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სათანადო გულმოდგინებით არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იყო თუ არა შესაძლებელი მოჭრილი ხე-მცენარეების გამოზიდვა, რაც მათ მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. შედეგად, დამსაქმებელს წაერთვა შესაძლებლობა კონკრეტულ ვითარების გათვალისწინებით მიეღო ინფორმირებული გადაწყვეტილება კონტრაქტორებთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის და ვალდებულების შესრულების გადავადებასთან დაკავშირებით. ( იხ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების პ.4.41.).
82. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხის შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, მოცემულია რეკომენდაცია სატყეო სამსახურის მიერ სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად, რელიეფური პირობების გამო, გამოუზიდავი ხე-მცენარეებისთვის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის წესის“ შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის გადახდის მიზნით პროცედურის მაქსიმალურად დროულად დაწყების თაობაზე (არ ეხება „ქსანი-სტეფანწმინდის“ მონაკვეთს). მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელეების დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული დანაყოფის მიერ საკომპენსაციო თანხის გადახდის მიზნით ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პროცედურა არ იქნა გონივრულ ვადაში დაწყებული. მოგვიანებით გამოირკვა, რომ მოჭრილი ხე-მცენარეების ნაწილის გამოზიდვა და ამ გზით საკომპენსაციო თანხის შემცირება შესაძლებელი იყო, თუმცა, დათვალიერების შედეგად ხე-მცენარეების უმეტესი ნაწილი ადგილზე არ აღმოჩნდა. აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეების მიერ შრომითი მოვალეობების შესაძლო დარღვევა გამოყენებულ დისციპლინურ სახდელს საფუძვლად არ დადებია. მათ შორის, მოპასუხის მიერ მოყვანილი ფაქტები გამოვლენილი იქნა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, არ იქნა კონკრეტულად მითითებული სამუშაოების დასრულებიდან საკომპენსაციო თანხის გადახდის პროცედურის დაწყების მიზნით, რა ვადა მიიჩნეოდა გონივრულად და კონკრეტულ შემთხვევებში, რა ვადაში უნდა დაეწყო სატყეო სამსახურს აღნიშნული პროცედურები.
83. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დადგენილი გარემოებები, კერძოდ, გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია კონტრაქტორების მიერ 2017 წლის 03-04 ოქტომბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან ან არაჯეროვან შესრულებასთან, შესაძლებელია განხილული იქნეს სხვა სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში კრედიტორის პირველადი თუ მეორადი ინტერესის დაკმაყოფილების საფუძვლებად და განსახილველ დავაში ვერ მიიჩნევა მოსარჩელეების შრომითი მოვალაეობების უხეშ დარღვევად, შესაბამისად, გასაზიარებელი კასატორების მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პ.45-ში მითითებული საკასაციო პრეტენზია.
84. საქმეზე დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის ბრძანებას , საფუძვლად დაედო ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია ახალციხესა და ბათუმში პროექტების ნებართვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბინების დაქირავებისას პირველი მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, ანგარიშის თანახმად, პირველი მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოპასუხეს და გამქირავებლებს შორის დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ქირის თანხა გაცილებით აღემატება ბაზარზე არსებულ საშუალო ფასებს. ამასთან, კომპანიის მიერ ერთი თანამშრომლის ღამისთევისთვის გადახდილი თანხა მეტია დამსაქმებლის 2016 წლის 15 მარტის №131 შიდა ბრძანებით განსაზღვრულ თანხაზე, რაც ერთი ღამისთვის ერთ პიროვნებაზე 50 ლარს შეადგენს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 35-37). აღნიშნულთან დაკავშირებით პირველმა მოსარჩელემ თავის 2019 წლის 22 აპრილის სამსახურებრივ ბარათში მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფართების იჯარის ღირებულება დათვლილი იქნება პროექტის დაწყებიდან და დაჯამებული თანხა გადანაწილდება პროექტის მიმდინარეობის მთლიან პერიოდზე თითოეული ადამიანისთვის, გამოჩნდება, რომ ერთ თანამშრომელზე გაწეული ხარჯი არ აღემატება კომპანიის მიერ დადგენილ ლიმიტს. პირველი მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლების იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. მოპასუხე მხარის მითითებით, პირველი მოსარჩელის მოთხოვნითა და ინიციატივით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის თანხა თითოეულ თანამშრომლებზე გაანგარიშებით, საგრძნობლად აღემატება კომპანიის მიერ განსაზღვრულ თითოეული თანამშრომლის ღამისთევისთვის გასაწევი ხარჯის მაქსიმალურ ლიმიტს. გარდა ამისა, პირველი მოსარჩელის მიერ, თვითნებურად, ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, ქირის თანხაში შეყვანილი იქნა დამატებითი მომსახურების, კერძოდ, საკვების ყიდვა/მომზადების, დალაგების და თანამშრომელთა პირადი მომსახურების ღირებულება. ქირის თანხაში შედიოდა მივლინების პერიოდში თანამშრომელთა კვების ხარჯები, მაშინ როდესაც იგივე ტიპის დამატებითი ხარჯებისთვის კომპანიის თანამშრომლებზე გაიცა 23 175 ლარი (სამივლინებო). ამან კი გამოიწვია ქირის თანხის მნიშვნელოვანი გაზრდა და ამ ნაწილში ადგილი ჰქონდა კომპანიის ფულადი სახსრების კომპანიასთან შეუთანხმებელი მიზნობრიობით გახარჯვას, რაც პირველი მოსარჩელის ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენდა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 209; 136). საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (იჯარის ხელშეკრულებები, სამსახურებრივი ბარათები), მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია და სადავო არ გამხდარა, რომ დამსაქმებელსა და მესამე პირებს შორის იჯარის ხელშეკრულებები მოპასუხე კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის მიერ მომზადდა და გაფორმდა პირველი მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დადგენილია, რომ ცალკეულ შემთხვევაში პირველი მოსარჩელის, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის და რეაბილიტაციის მმართველის სახელზე წარდგენილ სამსახურებრივ ბარათებში მითითებულია მესამე პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები (ქირის ოდენობა) და საგანი (ქირავნობა). პირველ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რომ თითოეული ხელშეკრულების გაფორმება მისი კონტროლით ხდებოდა. დადგენილია, რომ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მესამე პირებთან ქირავნობის ხელშეკრულებები გაფორმდა და აღნიშნულ ხელშეკრულებებში დამატებითი მომსახურების შესახებ მითითებული არ არის. მოსარჩელე სადავოდ არ გაუხდია, რომ იმავე პერიოდში კომპანიის მიერ თანამშრომლებზე სამივლინებო ხარჯების სახით გაცემული იქნა 23 175 ლარი ( ტომი 3 ს.ფ.29-50). (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.36-38).
85. ამ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურდღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პპ: 4.45 და 4.49-ში მითითებულ დასკვნებს, კერძოდ, საპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები დასკვნის გასაკეთებლად, ქირის ოდენობა აღემატებოდა თუ არა საშუალო საბაზრო ქირის ოდენობას, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დადებული ხელშეკრულებები, გარდა ფართების დაქირავებისა, დამატებით მომსახურებასაც მოიცავდა. საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, შეუძლებელია ასევე დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ ბინის დაქირავებისთვის დადგენილი ლიმიტის (ერთი ღამე 50 ლარი) და სამივლინებო თანხის (ერთი ადამიანისთვის ერთი დღისთვის 15 ლარი) ფარგლებში მოხდებოდა თუ არა მივლინებაში მყოფი თანამშრომლების საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფა, ახალი დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გარეშე. მართალია, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, მოსარჩელეების ქმედების შედეგად მოპასუხეს ზიანი მიადგა თუ არა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღნიშნული ქმედებები ზიანის მიყენების მაღალი რისკის შემცველი იყო, რის გამოც, მოსარჩელეების ქმედება შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევად შეფასდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, დასაქმებულების მიმართ ნდობის დაკარგვის გამო, დამსაქმებლის მიერ მათთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა მართლზომიერად იქნა მიჩნეული.(იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.39; 41).
86. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების პ.73-ში აღინიშნა, შრომით სამართლებრივ დავებზე დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება.
87. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ პირველმა მოსარჩელემ ამ ნაწილში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია( იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.46), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რომელიც მითითებულია ამ გადაწყვეტილების პ. 10; პ. 42-ში, გასაზიარებელი არაა და შრომითი მოვალეობების დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის მართლზომიერად მიჩნევას, საფუძვლად ვერ დაედება (იხ. სუსგ №ას-1114-2022,23 დეკემბერი, 2022 წელი).
88. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ-ები: №ას-1101-2022, 17 ნოემბერი, 2022; №ას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ., პ.23;№ას-416-399-2016, 29.06.2016წ.). შესაბამისად, გასაზიარებელია კასატორების მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პ.47-ში მითითებული საკასაციო პრეეტნზია.
89. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც, მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, თავდაპირველად გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (შდრ: სუსგ №ას-816-782-2016, 2016 წლის 6 დეკემბრისგანჩინება). ყოველგვარი დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებას სამსახურიდან გათავისუფლება არ წარმოადგენს. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებელ ორგანიზაციათა შინაგანაწესის მიხედვით დამსაქმებელი შეუზღუდავი იყოს არათანმიმდევრული პრინციპით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების უფლებაში, თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასა და საკადრო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებამოსილებისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეუზღუდავი არ არის და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად (იხ. სუსგ- ები: Nას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ სამსახურიდან გათავისუფლება ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელია (იხ.,სუსგ-ები №ას-776-733-2015, 02 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-1028-970-2015, 03 თებერვალი, 2016 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).
90. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებათა ბათილად ცნობის ნაწილში, კასატორებმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია წარმოადგინეს. შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელეების მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების იმგვარ უხეშ დარღვევას, რაც უპირობოდ წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
91. სსსკ-ის 393-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
92. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ლ–ძესთან და თ.დ–ნთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 2019 წლის 02 მაისის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები
93. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებები, ამიტომაც საერთოდ არ იმსჯელა უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულების ( მოსარჩელეები) უფლებრივი რესტიტუციის საკითხზე, ხოლო აღნიშნული კი მოითხოვს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების საფუძველეზე გარემოებების კვლევასა და დადგენას, რის სამართლებრივ შესაძლებლობასაც საკასაციო პალატა სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუციის განსასაზღვრად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
94. საპროცესო ხარჯი: სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ს.ს.ე–მის“ 2019 წლის 02 მაისის N04/კ-პ ბრძანება ელექტროსისტემის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ლ.ლ–ძესთან და ელექტროსისტემის პროექტების ნებართვების დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსთან თ.დ–ნთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
5. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის უფლებრივი რესტიტუციის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე