Facebook Twitter

საქმე №ას-1611-2022 28 თებერვალი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.უ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.ს–თი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრება

ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.უ–ძესა (შემდეგ - მოსარჩელე, დასაქმებული, კასატორი) და შპს „ვ.ს–თს“ (შემდეგ - მოპასუხე, დამსაქმებელი, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2017 წლის 8 აპრილს, დაიდო კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებულს დაევალა სს „ს. ბ.“ ლ–ოს ობიექტის დაცვა ყოველ მესამე დღეს 24-საათიანი ცვლის რეჟიმში.

2. მოსარჩელე 2019 წლის 7 აპრილს არ გამოცხადდა სამსახურში, რაზედაც თბილისის ცოცხალი ძალების დაცვის ორგანიზაციის ზონის ინსპექტორმა ნ.პ–ძემ შეადგინა მოხსენებითი ბარათი.

3. 2019 წლის 10 აპრილს განუმარტეს, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა 2019 წლის 7 აპრილიდან შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგომ - სშკ) 37.1 მუხლის ,,ზ“ პუნქტის საფუძველზე.

4. მოსარჩელის მიერ 01.01.2018 წლიდან - 31.08.2018 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 2270 ლარს, ყოველთვიურად მოსარჩელისათვის ჩარიცხული დასაბეგრი ხელფასი კი - 282 ლარს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 თებერვლის №2/17997-19 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 07.04.2019 წლის №1 ბრძანების ბათილად ცნობა; მცველის თანამდებობაზე აღდგენა; გათავისუფლებამდე შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის დასაბეგრი 1350 ლარის დაკისრება, ანაზღაურების დაყოვნების გამო პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის 0.07% - 07.04.2019 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე და კუთვნილი 2 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება - 451.20 ლარის ოდენობით; 2018 წლის ივნისის კუთვნილი ხელფასიდან დაკლებული თანხის - 25 ლარის ანაზღაურება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.02.2020 წლის №2/17997-19 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 07.04.2019 წლის №1 ბრძანება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა მცველის პოზიციაზე; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის გათავისუფლებამდე შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის დასაბეგრი 1350 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა 2 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის, ასევე, დაყოვნების პირგასამტეხლოსა და სახელფასო დავალიანების - 25 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

7. დამსაქმებლის 2020 წლის 18 ნოემბრის №330/1 ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს №2/17997-19 გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 7 აპრილის №101 ბრძანება. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით გამოიცა მოსარჩელის მცველად აღდგენის შესახებ ახალი ბრძანება.

8. მოპასუხის 2021 წლის 8 იანვრის №08 ბრძანებით, მოსარჩელე 2021 წლის 8 იანვრიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან.

სარჩელის საფუძვლები:

9. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა განაცდური ხელფასის 2019 წლის 7 აპრილიდან 2020 წლის 18 ნოემბრამდე ყოველთვიურად დასაბეგრი - 282 ლარის (19 თვისა და 10 დღის), სულ - 5452 ლარის, ასევე, მორალური ზიანის - 3 ლარის, მატერიალური ზიანის - 4000 ლარისა და 2021 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების - 350 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

10. მოსარჩელის მითითებით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებიდან 2020 წლის 18 ნოემბრამდე (სამსახურში აღდგენამდე) პერიოდისათვის (19 თვის და 10 დღის განმავლობაში) დამსაქმებელს არ გადაუხდია კუთვნილი ხელფასი. ამასთან, მოსარჩელეს უკანონო გათავისუფლებით მიადგა მორალური ზიანი, კერძოდ, განიცადა დიდი სულიერი ტკივილი, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა. ასევე, აიღო სესხი, რაც გამოწვეული იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლებით. მოსარჩელემ ვერ ისარგებლა კანონმდებლობით გათვალისწინებული კუთვნილი შვებულებითაც.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და იძულებითი ანაზღაურების დაკისრებასთან მიმართებით სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

12. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას არც მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და მიუთითა, რომ, მართალია, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობის შედეგად (მათ შორის - შრომითი ურთიერთობებში) შეიძლება იკვეთებოდეს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება არა ამ, არამედ მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2019 წლის 7 აპრილიდან 2020 წლის 18 ნოემბრამდე იძულებითი განაცდურის - 5452 ლარის (დაბეგრილის) ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მოსარჩელემ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო სასამართლომ იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე არ გაიზიარა დამსაქმებლის არგუმენტი ხანდაზმულობაზე და მიუთითა, რომ იძულებითი მოცდენის საფუძველზე დაგროვებული დავალიანების ანაზღაურებაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 129-ე მუხლით დადგენილი, სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლოს მითითებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2021 წლის 25 თებერვალს, ხანდაზმულობის 3-წლიან პერიოდში, რის გათვალისწინებითაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში მართებულად დააკმაყოფილდა სარჩელი.

17. მოსარჩელის (დასაქმებულის) სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, რომელიც მატერიალური ზიანის - 4 000 ლარის ანაზღაურებას ეხება, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის უკანონო გათავისუფლებით - ამ უკანასკნელისათვის მიყენებული ზიანი - იძულებითი განაცდურის სახით მოპასუხეს დაკისრებული აქვს, რისი გათვალისწინებითაც მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

18. მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 413-ე მუხლზე მითითებით გამარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანი ან ისეთი მორალური ზიანი, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველია შრომითი კანონმდებლობიდან გამომდინარე დავა, რასთან დაკავშირებითაც კანონი მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს.

19. სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სშკ-ის 44-ე, 31-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ დასახელებული ნორმების მიხედვით, დამსაქმებელი გამოუყენებელ შვებულებას აუნაზღაურებს დასაქმებულს, თუ შრომითი ურთიერთობა შეწყდება დამსაქმებლის ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ დასაქმებულმა თავისი ინიციატივით შეწყვიტა დამსაქმებელთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, არ არსებობს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლებიც.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ (დასაქმებულმა) შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

22. კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებზე, რომ მოპასუხის უკანონო ქმედებების გამო, ჯანმრთელობა შეერყა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა განცხადებები და ბანკის ცნობა, რითაც მტკიცდება, რომ კასატორი იძულებული გახდა სამსახურიდან გათავისუფლების გამო სესხი აეღო.

23. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია შრომის ინსპექციის დასკვნასაც, რომელიც სამსახურიდან მისი იძულებითი წამოსვლის შემდეგ დაიწერა. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თითქოს მოპასუხემ მას შესთავაზა შვებულებაში 2 კვირით ეტაპობრივად წასვლა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან დამსაქმებელს (მოპასუხეს) განაცდური ხელფასის მისთვის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებია, საკასაციო პალატა დასაქმებულის (კასატორის) პრეტენზიების გათვალისწინებით იმსჯელებს მხოლოდ მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე - გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურების შესახებ უარის თქმის კანონიერებაზე.

29. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის თაობაზე მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან გათავისუფლების გამო მან იკისრა სასესხო ვალდებულება, რაც მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის - 4000 ლარის დაკისრების საფუძველია.

30. პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობა სშკ-ის 58-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

31. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: მხარეთა შორის ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა, ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და ზიანს შორის. დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს.

32. საკასაციო პალატა, მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს მსგავს დავებში, მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამას არ მოჰყვეს რომელიმე მხრის უსაფუძვლო გამდიდრება. ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მოვალე არ არის ვალდებული, კრედიტორი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოს, ვიდრე იგი ზიანის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა.

33. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებით/განჩინებით, მოპასუხეს დაკისრებული აქვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის (19 თვის და 10 დღის განმავლობაში, ჯამში 5452 ლარი) (აღნიშნულ ნაწილში როგორც უკვე აღინიშნა სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრებულა), შესაბამისად, იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრების გზით, რაც ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანს წარმოადგენს, მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს ის რეალური ზიანი, რაც მან განიცადა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებიდან - სამსახურში აღდგენამდე პერიოდში, რაც შეეხება დამატებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანის დამსაქმებლისათვის დაკისრებას, კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული წინაპირობების არსებობა არ დასტურდება. ზიანის არსებობის ფაქტი, აგრეთვე ის, რომ სესხის აღება, მოპასუხის არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების უშუალო შედეგი იყო, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, ის მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რომ სამსახურის გარეშე დარჩენას მოჰყვა სესხის აღება, რაც არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.

34. მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას სამსახურიდან გათავისუფლების შედეგად ნეგატიური სულიერი განცდებით ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებას აფუძნებს. პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის არსებობისას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევებში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი, ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს.

35. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც.

36. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არის ქცეული დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების დაკისრების ნაწილშიც, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოუყენებლი შვებულების ანაზღაურების უფლება ვრცელდება მხოლოდ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაზე და დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს არ აქვს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაიის მოთხოვნის უფლება, რადგან ამ შემთვევაში აღარ არსებობს შვებულების რეალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა - შრომით სამართლებრივი ურთიერთობა (გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი ისეთი საფუძველი, რომლის არსებობისას დამსაქმებელი თავისი ინიციატივით წყვეტს დასაქმებულთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობას“ (იხ. საქმე №ას-698-655-2012, 2012 წლის 28 მაისის განჩინება).

37. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, მოპასუხის 2020 წლის 18 ნოემბრის №330/1 ბრძანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს №2/17997-19 გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 7 აპრილის №101 ბრძანება. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით გამოიცა მოსარჩელის მცველად აღდგენის შესახებ ახალი ბრძანება, ხოლო მოპასუხის 2021 წლის 8 იანვრის №08 ბრძანებით მოსარჩელე 2021 წლის 8 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს 2021 წლის საშვებულებო კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.

38. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რაც საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.

39. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

40. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-698-655-2012, 2012 წლის 28 მაისის განჩინება; საქმე №ას-960-2020, 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; საქმე №ას-445-2019, 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინება; საქმე №ას-1203-2022, 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება).

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.უ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე