Facebook Twitter

საქმე №ას-1283-2022 6 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა–ძე (მოსარჩელე)

მოპასუხე - სს ,,თ.ბ–ი"

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; საოქმო განჩინებების გაუქმება

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ე.ა–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ჩ–ძისა და სს ,,თ.ბ–ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 31 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება მის საკუთრებად აღირიცხოს, ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი ბანკსა და შ.ჩ–ძეს შორის 2019 წლის 27 მაისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მოსარჩელე ე.ა–ძის წარმომადგენელმა, მოპასუხე შ.ჩ–ძემ და სს ,,თ.ბ–ის" წარმომადგენელმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს ამ აქტში მოცემული პირობებით მისი დამტკიცება (იხ. მორიგების აქტი).

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე და მიიჩნევს მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

9. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა განმარტებით, ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის მიღწეულია მორიგება. ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძელზე, მის წარმომადგენელს, რომელიც ხელს აწერს მორიგების აქტს, სრული უფლებამოსილება გააჩნია წარმოდგენილი მორიგება იმ პირობებით დაამტკიცოს (მათ შორის, თანხა გადახდილი იქნეს მის ანგარიშზე), რაც მორიგების აქტშია მითითებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორიგების მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რისი გათვალისწინებითაც, სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების თანახმად (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს; საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით) წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინიადან, წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით, მასში გათვალისწინებული ვალდებულებები მხოლოდ მოპასუხე შ.ჩ–ძეს ეხება, ამასთან, სადავო ქონებაზე შ.ჩ–ძესა და სს ,,თ.ბ–ს" შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება უცვლელად რჩება, დავის საგნის არარსებობის მოტივით სს ,,თ.ბ–ის" ნაწილშიც უნდა შეწყდეს საქმისწარმოება სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ა1" ქვეპუნქტის საფუძველზე.

13. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

14. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, რის გამოც კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

16. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტით შემოთავაზებული პირობის გათვალისწინებით, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნეომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

2.1 მხარეები თანხმდებიან, რომ ქონება რჩება შ.ჩ–ძის საკუთრებაში, რის სანაცვლოდაც ე.ა–ძისათვის გადახდილი იქნება 350 000 აშშ დოლარი წინამდებარე განჩინების 2.2 პუნქტში განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით;

2.2 მოპასუხეს მიერ მოსარჩელისათვის 350 000 აშშ დოლარი გადახდილი იქნება 6 (ექვსი) თვის ვადაში მას შემდეგ, რაც შესრულდება ყველა ქვემოთ მოცემული პირობა:

2.2.1 შეთანხმება დამტკიცდება სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინებით, რომელიც შევა კანონიერ ძალაში;

2.2.2 გაუქმდება სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება, რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე რეგისტრირებულია ქონებაზე;

2.2.3 შესაბამისი განჩინების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში „საჯარო რეესტრი“) ქონებაზე დარეგისტრირდება მეორადი იპოთეკა მოსარჩელის სასარგებლოდ, წინამდებარე განჩინების 2.5 პუნქტის შესაბამისად.

2.3 თანხა გადახდილი უნდა იქნას მოსარჩელეს წარმომადგენლის - გ.მ–ის (პ/ნ ..........) შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით: მიმღების ბანკი: საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000100676264USD.

2.4 მხარეები გამოთქვამენ თანხმობას, სასამართლომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება, რაც სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე რეგისტრირებულია ქონებაზე;

2.5 მხარეები გამოთქვამენ თანხმობას, მოპასუხის მიერ თანხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, მეორადი რიგის იპოთეკით (პირველი რიგის იპოთეკა რეგისტრირებული სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 27 მაისს და რჩება უცვლელი) დატვირთული იქნეს ქონება;

2.6 მხარეები ადასტურებენ, რომ იპოთეკის რეგისტრაცია არ საჭიროებს დამატებითი გარიგებ(ებ)ის გაფორმებას და იპოთეკის რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნება შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს შესაბამისი განჩინება. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრის მიერ იპოთეკის რეგისტრაციის მიზნით დამატებით იქნება მოთხოვნილი რაიმე სახის დოკუმენტი ან/და გარიგება, მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ განახორციელონ შესაბამისი ქმედება მოთხოვნილი ხარვეზის შევსების მიზნით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ხარვეზის შევსებამდე (იპოთეკის რეგისტრაციამდე) უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იქნება ვალდებულება ქონების გასხვისებისა და სამართლებრივი დატვირთვის აკრძალვის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვერ აღმოიფხვრა მითითებულ ვადაში, მოპასუხე იღებს ვალდებულებას, რომ მოსარჩელესთან 10 დღის ვადაში გააფორმებს იპოთეკის ხელშეკრულებას მორიგების აქტში განსაზღვრული გადასახდელი თანხის ვალდებულებასთან დაკავშირებით. მოპასუხის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების 6 თვის ვადის ათვლა დაიწყება 10 დღის ამოწურვის შემდგომ.

2.7 მოსარჩელე წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით გამოთქვამს გამოუხმობად თანხმობას მასზედ, რომ მოპასუხემ თავისი შეხედულებისამებრ გამიჯნოს ან/და მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით: ......., რომელზედაც რეგისტრირებულია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შეზღუდვა) გააერთიანოს ქონება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაერთიანების შემდეგ იცვლება ის სამართლებრივი სტატუსი, რაც ამ შეთანხმების ხელმოწერისას იყო მიწის ნაკვეთებზე), ან/და ქონებას შეუცვალოს ფუნქციური სტატუსი, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელეს არ ექნება პრეტენზია. ქონებაზე ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული პირველი რიგის იპოთეკა და მოსარჩელეს სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა ასევე უნდა გავრცელდეს გამიჯნულ ან/და გაერთიანებულ უძრავ ქონებაზეც, შესაბამისად, მოპასუხეს მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია აუქციონზე სარეალიზაციოდ მიაქციოს დაყოფის ან/და გაერთიანების შედეგად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება/ქონებები, ამასთან, ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული პირველი რიგის იპოთეკის გარდამავალი სტატუსით.

2.8 მოსარჩელე ვალდებულებას იღებს მორიგების აქტით განსაზღვრული თანხის მიღებისთანავე, ცალმხრივი განცხადებით გააუქმოს ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაარღვევს ამ ვალდებულებას, მოპასუხე უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მორიგების აქტში მითითებულ ანგარიშის ნომერზე, დაუყოვნებლივ აიღოს სააღსრულებო ფურცელი სასამართლოდან და დაიწყოს იძულებითი აღსრულება ქონებაზე იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით;

2.9 მოპასუხის მიერ 350 000 აშშ დოლარის მითითებულ ვადაში სრულად და ჯეროვნად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია დაუყოვნებლივ აიღოს სააღსრულებო ფურცელი სასამართლოდან და დაიწყოს იძულებითი აღსრულება ქონებაზე (2.7 მუხლის შესაბამისად ქონების გაერთიანებისა ან/და დაყოფის გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

2.10 შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე.

2.11 მხარეები თანხმდებიან, რომ ქონებაზე 2019 წლის 27 მაისს ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული პირველი რიგის იპოთეკა რჩება უცვლელად, ამასთან, მოსარჩელე ადასტურებს, რომ მას ბანკის, როგორც დავაში მოპასუხის სტატუსის მქონე პირის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება მორიგების აქტში მოპასუხედ მოხსენიებულ - შ.ჩ–ძეს, შესაბამისად, მორიგების აქტი წარმოადგენს ბანკის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

4. შეწყდეს საქმეზე წარმოება (ე.ა–ძესა და შ.ჩ–ძეს შორის მორიგების დამტკიცების საფუძვლით, ხოლო სს ,,თ.ბ–ის" ნაწილში, დავის საგნის არარსებობის გამო) და განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

5. შ.ჩ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 13.07.2022წ. №13852412060 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6000 ლარი.

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით (საქმე №2/25829-19) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.ჩ–ძეს (პ/ნ ............) აეკრძალა ქ.თბილისში, ........ (ს/კ №......) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე