Facebook Twitter

18 მაისი, 2023 წელი,

საქმე №ას-218-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.კ.უ–ნი’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.კ.უ–ნსა“ (შემდეგში - მოპასუხე, მზღვეველი ან კომპანია) და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, დამზღვევი, სააგენტო) შორის 2020 წლის 30 დეკემბერს დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც დამზღვევმა სააგენტოს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებები დააზღვია.

2. დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების ყველა დანართი და სადაზღვევო პოლისი მისი განუყოფელი ნაწილია.

3. ხელშეკრულების დანართის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტით სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომი მოქმედების გეგმა დადგინდა, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების უფლებამოსილი მძღოლებისა და მგზავრების ზიანის ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებით მესამე პირებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი შემთხვევის შესახებ შეტყობინების შემდეგ ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებსა და მზღვეველს.

იმავე პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებულია მზღვეველის უფლებამოსილება, არ მიავლინოს წარმომადგენელი შემთხვევის ადგილზე და მხოლოდ სატელეფონო ინსტრუქტაჟით შემოიფარგლოს. ხოლო მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, მზღვეველის საინფორმაციო სამსახურთან დაკავშირების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ზარალების რეგულირების ექსპერტი ან/და მენეჯერი გადის, რომელიც ვალდებულია დაათვალიეროს არსებული დაზიანებები, მათ შორის, მესამე პირები და მოიძიოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემთხვევასთან დაკავშირებით.

თუ მზღვევლის წარმომადგენლის გამოცხადება შემთხვევის ადგილზე გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია ან გამოცხადებისთვის საჭიროა 1 საათი ან მეტი ან მზღვევლის გადაწყვეტილებით გამოცხადება მიზანშეწონილი არ არის, მზღვეველი მხოლოდ სატელეფონო ინსტრუქტაჟით შემოიფარგლება. აღნიშნულ შემთხვევაში დამზღვევი უფლებამოსილია, არ დაელოდოს მზღვეველის წარმომადგენლის გამოცხადებას, მასთან გაიაროს სატელეფონო ინსტრუქტაჟი და დაზღვეული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება შემთხვევის ადგილიდან საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით გადაიყვანოს. ასეთ ვითარებაში, თუ სადაზღვევო შემთხვევა დადასტურდა, სადაზღვევო თანხის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის ხარჯებს მზღვეველი გაიღებს, თუმცა დამზღვევს რჩება ვალდებულება - უზრუნველყოს დაზიანებული ქონების შენარჩუნება ისეთ მდგომარეობაში, რომ ზიანის ოდენობის შემდგომი ზრდა თავიდან იქნეს აცილებული.

იმავე პუნქტის მე-7 ქვეპუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მძღოლების ახსნა-განმარტება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი; მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი; საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი; საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დაკავშირებული დოკუმენტები.

4. დანართის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტით გამონაკლისებიც განისაზღვრა, რომელთა არსებობისას მზღვეველი ანაზღაურების ვალდებულებისგან თავისუფლდება, მათ შორის, თუ შემთხვევა/ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების არაუფლებამოსილი პირის მიერ მართვისას ან თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა თუ მის გარეშე.

5. ხელშეკრულების ფარგლებში მზღვეველმა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისი გასცა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განისაზღვრა, მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ გაჩერებულ მდგომარეობაში იყო.

6. 7 485 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელის მითითებით, ავტოსაგზაო შემთხვევა 2021 წლის 2 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ........ ა–ის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოხდა, რის შედეგადაც სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანა („TOYOTA HILUX“, სახელმწიფო ნომრით „.......“) დაზიანდა, იგი მოცურდა და ხეს შეეჯახა. გ.კ–ძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეატყობინა გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112-სა“ და მზღვეველს. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახური მივიდა, რომელმაც დაზიანებული ავტომანქანა სათანადო ადგილას გადაიყვანა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

გარდა ზემოაღნიშნულისა სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ:

- შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი არ გამოცხადებულა. შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) არ შედგენილა, ავტომობილის მძღოლი სიმთვრალე-სიფხიზლეზე არ შემოწმებულა.

- 2021 წლის 25 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე. უარის საფუძვლად სადაზღვევო კომპანიამ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ დამზღვევმა ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, სახელდობრ:

შემთხვევის ადგილი მიტოვებულია;

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოძახებული არ არის;

დაუდგენელია, უშუალოდ შემთხვევის დროს ვინ მართავდა ავტომანქანას და რომელი რისკის რეალიზებაა სახეზე, აქედან გამომდინარე, უფლებამოსილი პირი შემთხვევის ადგილზე იდენტიფიცირებული არ არის;

არ არის შემოწმებული სიმთვრალე-სიფხიზლე;

დაუდგენელია სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

- მოსარჩელე სააგენტოს დაკვეთით შპს „ა–მა“ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის მიზნით შესრულებული სამუშაოს აქტი გასცა, რომლითაც ზიანის ოდენობა 7 485 ლარითაა განსაზღვრული.

9.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 799.1 მუხლზე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მიუთითა და განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევა სადაზღვევო რისკის რეალიზების შედეგია და, დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება ისეთი ზიანი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგადაა წარმოშობილი. ამიტომ მზღვეველისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისთვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს.

9.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მხარეთა შორის 2020 წლის 30 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ზოგადი პირობების მეორე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისებს, რომელთა არსებობისას მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს:

ა. შემთხვევა თუ ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ბ. შემთხვევა, რომელიც მოხდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა, ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა თუ მის გარეშე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების დანართის I-ის მე-3 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა მზღვეველისათვის მნიშვნელოვანი იყო, რათა საგამონაკლისო პირობების არსებობა გამორიცხულიყო.

ამდენად, საჭირო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მომხდარი ფაქტის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციაზე და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

10.1. მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, კერძოდ, საუბარია: მესამე პირის (მძღოლის) და მოსარჩელის ახსნა-განმარტებებზე, ადმინისტრაციის წერილზე, მძღოლის მოხსენებით ბარათზე. ხსენებულ ბარათში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე (ტყეში) მისვლას პოლიცია ვერ შეძლებდა და მანქანის წამოსაყვანად სახანძრო-სამაშველო სამსახური გააგზავნეს. დასახელებულ მტკიცებულებების გამოკვლევის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დაადგენდა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობების დაუცველობაში მოსარჩელის ბრალი არ არსებობდა.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გ.კ–ძემ გადაუდებელი დახმარების ცენტრსა („112“) და მზღვეველს შეატყობინა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მივიდა და დაზიანებული ავტომანქანა გადაიყვანა. შემთხვევის ადგილას პოლიცია არ გამოცხადებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დამზღვევმა ხელშეკრულების არსებითი პირობები დაიცვა,

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

15. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

16. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

17. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

18. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად უპასუხა, რისი დამასაბუთებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.

ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციისათვის საჭირო მტკიცებულებები დამზღვევმა ვერ წარმოადგინა, რაც მომხდარი ფაქტის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს, გამომდინარე სსკ-ის 799.1 მუხლიდან (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების ზოგადი პირობების მეორე პუნქტის შინაარსიდან (მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს: ა. შემთხვევა თუ ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ; ბ. შემთხვევა, რომელიც მოხდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა, ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა თუ მის გარეშე). ამდენად საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს კასატორის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (ს/ნ - .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 374.25 ლარის (საგადახდო მოთხოვნა - 05534, გადახდის თარიღი - 6.04.2023) 70% - 261.97 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე