6 აპრილი, 2023 წელი,
საქმე №ას-445 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ფ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ს.ე–მა“ (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ა.კ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 იანვრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სს „ს.ს.ე–მის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს დადებული #60-7-516-940 ხელშეკრულების 2.1.9. პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხემ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოქცეული 835 კვ.მ მიწის ნაკვეთისა ს/კ-ით #........ და 1122 კვ.მ მიწის ნაკვეთისთვის ს/კ-ით #........, კომპესაციის სახით - 13 699 ლარი მიიღო; ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 2016 წლის 26 ოქტომბერს დადებული #60-7-516-940 ხელშეკრულების 2.1.10. პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხემ ელექტროგადამცემი ხაზის ანძის განთავსების არეალში მოქცეული 306 კვ.მ მიწის ნაკვეთისთვის, ს/კ-ით #........ კომპესაციის სახით - 4590 ლარი მიიღო. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 18 289 ლარის გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 72-73 მუხლები არასწორად გამოიყენა და სათანადოდ არ გამოიკვლია სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების შეცილების ვადის საკითხი, რომლის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებებს. ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც გახდა მოპასუხისთვის კომპენსაციის გაცემის საფუძველი შეცვლილი არაა და ეს ფაქტიც გამორიცხავს მოპასუხისთვის გადაცემული კომპენსაციის დაბრუნების დაკისრებას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის #1052 განკარგულების პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს ნება დაერთო, მსოფლიო ბანკის მიერ, ასევე საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით შეთანხმებული „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განეხორციელებინა სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. კომპენსაცია შეეხებოდა მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ დაურეგისტრირებელ, აგრეთვე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) სახელზე რეგისტრირებულ იმ მიწის ნაკვეთებს, რომელთაც სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ფლობს ან/და რომლითაც, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე სარგებლობს მოსახლეობა.
4.3.1. ამავე განკარგულების მეორე პუნქტის მიხედვით, ეთხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაციის გაცემის მიზნით, უზრუნველეყო მოსარჩელისთვის სათანადო გადამოწმებული მონაცემების (მფლობელი/მოსარგებლე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მათ მფლობელობაში/სარგებლობაში მყოფი ფართობების შესახებ ინფორმაციის) მიწოდება.
4.4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 3 ოქტომბრის #178 განკარგულების დანართი #2-ით განისაზღვრა მოსარჩელისთვის მისაწოდებელი, ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „ახალციხე-ბათუმის“ 220 კილოვატიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირების ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ფართობების, მფლობელ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მ–ის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლებში: ქვედა მ–ი, ქვედა ბ..., ნ...., დ....., ჭ...., ჭ..... სიაში 83-ე ნომრად მითითებულია მოპასუხე.
4.5. 2016 წლის 26 ოქტომბერს, მხარეებს შორის გაფორმდა #60-7-516-940 ხელშეკრულება კომპენსაციის გაცემის შესახებ. ხელშეკრულების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის #1052 განკარგულების საფუძველზე, მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია.
კომპენსაცია გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფაქტობრივად ფლობენ და სარგებლობენ დაურეგისტრირებელ, აგრეთვე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს და რომელთა მიერ გაცემული მიწის ნაკვეთების ფლობა/სარგებლობა დასტურდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ.
4.6. შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხემ მოსარჩელისაგან - 28 962 ლარი მიიღო, კერძოდ:
2.1.9. პუნქტით - კომპენსაციის მიმღების ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული და ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების ქვეშ (დაცვის ზონა) მოხვედრილი 3441 კვ.მ. მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის - 24087 ლარი, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს;
2.1.10. პუნქტით - კომპენსაციის მიმღების ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული და ელექტროგადამცემი ანძის განთავსებისათვის განკუთვნილი 325 კვ.მ მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის - 4875 ლარი.
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 19 დეკემბერს, 2016 წლის 19 სექტემბრისა და იმავე წლის 25 ნოემბერის არქივის ცნობების, 1998 წლის 24 თებერვალს დამოწმებული სოფელ დოხოძეების #2 კრების ოქმისა და 2015 წლის 10 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ა.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) საკუთრებაში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე: ქედის რაიონი, სოფელი .........., საკადასტრო კოდით - #.........
4.8. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, 2017 წლის 14 თებერვალს, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ქედის რაიონი, სოფელი ........., საკადასტრო კოდით - #......... უძრავ ნივთზე ა.კ–ძის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: 1998 წლის 24 თებერვალს დამოწმებული სოფელ ...... მეკომურთა #2 კრების ოქმი; 2016 წლის 05 ოქტომბერს დამოწმებული საარქივო ცნობა; 2015 წლის 10 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა.
4.9. ორივე მიწის ნაკვეთზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საკუთრების უფლების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სოფელ ........... მეკომურთა 1998 წლის 24 თებერვლის #2 კრების ოქმი, რომლითაც დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მამას, ი.კ–ძეს, მიწის რეფორმის ფარგლებში გადაეცა საკარმიდამოზე დამატებით 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 0.5 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი.
ი.კ–ძის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა ა.კ–ძემ. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მიერ ფლობის ფაქტი დადასტურებულია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2016 წლის 23 ნოემბრის #00011 და 2016 წლის 24 ნოემბრის #00012 ოქმებით. წარმოდგენილი ოქმების მიხედვით, მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერებას ესწრებოდა მოპასუხეც, რომელმაც ოქმზე ხელის მოწერით დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთებს ა.კ–ძე ფლობს.
4.10. დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებიდან ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია #........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 835 კვ.მ. და #........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 1122 კვ.მ.
ელექტროგადამცემი ხაზის ანძის განთავსების არეალში მოხვდა #........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან 306 კვ.მ.
4.11. ელექტროგადამცემი ხაზის ზემოქმედების არეალში მოქცეული და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი საქმის განხილვისას არ დადასტურებულა.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) დანაწესიდან გამომდინარეობს.
5.1. სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან სადავო თანხა სათანადო საფუძვლის გარეშე გადასცა მოპასუხეს, რითაც ეს უკანასკნელი გამდიდრდა. შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმის (სსკ-ის 976-ე მუხლი) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებია: ა) გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემა. ბ) გადაცემის განხორციელება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და გ) მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადგენა.
6. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ არ არსებობდა გარიგების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, კომპენსაციის სახით მიღებული თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.
7. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ გარიგების ბათილობის ლეგალურ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ განსაზღვრული პირობების დარღვევით დადებულ გარიგებებს ბათილად აღიარებს. ამიტომ ბათილობის ცნება და შინაარსი კანონის ნორმებისა და და ლიტერატურაში არსებული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი5, თბილისი, 2017). ბათილია გარიგება, თუ ის არ იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახულ სამართლებრივი შედეგის დადგომას. გარიგების ბათილობა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგია, ამიტომ გარიგების ბათილობის მიზეზები, მოსალოდნელი შედეგები, გარიგების ნაკლის გამოსწორების ჩათვლით, კანონით განისაზღვრება. ამის შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავდება ბათილი გარიგების სახეები.
7.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საცილო გარიგება. საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას, ე.ი ხდება ბათილი. საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. საცილო გარიგების გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები (შდრ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 54, ველი12, თბილისი, 2017).
7.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 72-ე მუხლის საფუძველზე, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. არსებითი შეცდომა მოცემულია მაშინ, როდესაც პირის რეალური და გამოხატული ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. შეცდომის არსებითობის განსჯისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემთხვევის ყველა გარემოება. შეცდომის არსებითობის შეფასება წარმოადგენს სამართლებრივ კატეგორიას (შდრ. თორნიკე დარჯანია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 72, ველი 6, თბილისი, 2017). შეცდომა უნდა იყოს ნების გამოვლენის განმსაზღვრელი, ანუ იგი უნდა იმყოფებოდეს მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან (ნების გამოვლენასთან). ამას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც შეცდომის შედეგად პირი ავლენს ისეთ ნებას, რომელსაც შეცდომის გარეშე ამ კონკრეტული ფორმით არ გამოავლენდა, ანუ როდესაც შეცდომა შედეგის განმსაზღვრელია. შეცილებაზე უფლებამოსილია დაინტერესებული პირი, ანუ ის, ვინც ნების გამოვლენისას შეცდომას უშვებს და არა ნების გამოვლენის ადრესატი. შეცდომით დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგი, შეცილების შემდეგ გამოიხატება გარიგების ბათილობაში მისი დადების მომენტიდან (ex tunc). არსებითი შეცდომის სახეები გათვალისწინებულია სსკ-ის 73-ე მუხლის დანაწესით.
7.4. ზოგადი თვალსაზრისით, შეცდომა არსებითად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს ასევე მაშინ, როდესაც ზოგადი საბაზრო შეხედულებითა და ნების გამომვლენის გადმოსახედიდან არასასურველ სამართლებრივ ბოჭვაში დარჩენა მიუღებელია.
მაშასადამე, ცალკეული შემთხვევების გათვალისწინებით, ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ კრიტერიუმებს: თუ „რა ზომებს მიიღებდა მსგავს ვითარებაში გონიერი ადამიანი, რომ სცოდნოდა საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ“. ამდენად, შეცდომის არსებითობის განსჯისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემთხვევის ყველა გარემოება, რომელიც ყოველ შემთხვევაში განსხვავებული წინაპირობებიდან უნდა გამომდინარეობდეს. აღნიშნული კი თავის მხრივ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შეცდომის არსებითობის შეფასება სამართლებრივი კატეგორიაა.
7.5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს; საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, ის გარემოება, რომ მოპასუხესთან ხელშეკრულება მხოლოდ მის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის პირობებში დაიდებოდა, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოგვიანებით გაირკვა, რომ მოპასუხე კომპენსაციის მიღებაზე არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა რადგან, მიწის ნაკვეთის ნაწილზე დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის (ა.კ–ძე) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, რასაც ჯერ მისი მამკვიდრებლის, ხოლო შემდგომ უშუალოდ მის მიერ ნივთის ფლობის ფაქტი დაედო საფუძვლად. შესაბამისად, არ არსებობდა გარემოება, რომელიც მოსარჩელის მხრიდან ნების გამოვლენის საფუძვლად შეიძლება განხილულიყო, რაც მას გარიგების შეცილებისა და მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
8. შეცილების სამართლებრივი შედეგი კი, გარიგების სრული ან ნაწილობრივი ბათილობაა. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს განხორციელებული აქვთ შესრულებები, მათი უკან დაბრუნება ხორციელდება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ან ვინდიკაციით. ის, ვინც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს შეცდომის არსებობა, შეცდომის არსებითობა, და მიზეზობრივი კავშირი შეცდომასა და ნების გამოვლენას შორის.
8.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობების შეუქცევადი ნაკლით (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გარკვეული სამართლებრივი სიკეთის გადაცემით) დამდგარი ნეგატიური შედეგის მაკომპენსირებელი ფუნქციითა აღჭურვილი შესრულების კონდიქციის მარეგულირებელი სსკ-ის 976-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული შესრულების უკუქცევის შესაძლებლობას განსაზღვრავს.
„უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.“ (შდრ. საქმე Nას-1193-1122-2015. 31.05.2016წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებები ცხადყოფს რა სსკ-ის 976.1 მუხლის გამოყენების თანმხვედრი წინაპირობების არსებობას და პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის განკარგვის სფეროში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოქცეული თანხების მოსარჩელისთვის დაბრუნება მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი წონასწორობის აღდგენას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.
9. ფ.კ–ძის საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულია მოთხოვნა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, რომლითაც კასატორს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებების გაუქმების მოთხოვნაზე.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა წერილობითი მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ დაკმაყოფილდა და ბუნებრივია მტკიცებულების წარდგენის ნაწილში საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნა ერთმნიშვნელოვნად უსაფუძვლოა (იხილეთ 2021 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმი 11.22.57-11.23.02).
რაც შეეხება ფ.კ–ძის პრეტენზიას მოწმეთა დაკითხვის ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის კუთხით, საკასაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასახელებული პროცესუალური გადაწყვეტილების გაუქმების არგუმენტაციას საერთოდ არ შეიცავს და მასში განჩინების გაუქმებაზე მხოლოდ ფორმალურადაა საუბარი.
ამასთან, დავის საგნის სპეციფიკის და საქმის მასალებში დაცული მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოწმეთა დაკითხვის საფუძველი ვინაიდან გამოკვეთილია მოწმეთა ჩვენებით ჰიპოთეტურად დასადასტურებელი გარემოების დოკუმენტური მტკიცებულებების გამოკვლევის გზით დადგენის შესაძლებლობა.
10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. (შდრ. სუსგ-ები # ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016).
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 914,45 ლარია, თუმცა მითითებული თანხიდან კასატორმა მხოლოდ 457.22 ლარი გადაიხადა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინებით, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 457,22 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფ.კ–ძეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს 914,45 ლარის 30% რაც 274,33 ლარს შეადგენს ხოლო კასატორს საქმესთან დაკავშირებით მიღებული პროცესუალური შედეგის გათვალისწინებით მხოლოდ 182,89 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ფ.კ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გ.ნ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 457.22 ლარიდან (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 30.05.2022წ.) - 182.89 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე