Facebook Twitter

1 ივნისი, 2023 წელი,

საქმე №ას- 534-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს.შ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე ან ბანკი) სარჩელი აღძრა ს.შ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსის მიმდებარედ .........) #41 ბინა, ს/კ-ით #....., (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება), 2018 წლის 27 მარტიდან აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ #180323273 განკარგულების საფუძველზე, მისი საკუთრებაა, რომელსაც მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

2.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ-ის, 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული გზავნილი 2022 წლის 4 აპრილს პირადად ჩაჰბარდა მოპასუხეს, რომელსაც შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოუმართავს სასამართლოსთვის.

2.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

2.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 170-ე-172-ე მუხლების საფუძვლებიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები კი, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

3. მოპასუხემ საჩივარი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სარჩელისა დათანდართული დოკუმენტების ჩაბარების შემდგომ დაუკავშირდა ბანკის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ სარჩელი ფორმალურად იყო წარდგენილი სასამართლოში, სწორედ ამიტომ არ შეიტანა შესაგებელიც.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდთ 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

6.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102–ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ დაადასტურა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ ბანკი კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით არ მოქმედებდა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

12. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა.

სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები;

მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით.

მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).

14. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ზეპირსიტყვიერად მიუთითებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებაზე იმის შესახებ, რომ სასარჩელო განცხადება ბანკის მხრიდან მხოლოდ ფორმალურად იყო სასამართლოში შეტანილი და მას ნეგატიური სამართლებრივი შედეგი არ მოყვებოდა.

14.1. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 215.3 მუხლზე, რომელიც ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, კერძოდ, ასეთად შეიძლება, ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

14.2. დადგენილია, რომ სარჩელთან და თანდართულ მასალებთან ერთად მოსარჩელეს სასამართლო გზავნილიც ჩაჰბარდა, სადაც მითითებული იყო შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა და განმარტებული იყო შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგებიც, შესაბამისად, მისი აპელირება მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის ჰიპოთეტურ მითითებაზე სარჩელის ფორმალური მოტივით წარდგენის შესახებ დაუსაბუთებელია.

15. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

15.1. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

15.2 სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სსსკ-ის 230.1 (თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება) მუხლი და მართებულად მიიჩნია დამტკიცებულად სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, ვინაიდან ასეთი დასკვნა პირდაპირ გამომდინარეობს ხსენებული ნორმის შინაარსიდან, კერძოდ,

15.3. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. საკასაციო სასამართლო, დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს.

ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოიკვლევა, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

17. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები, სრულადაა გასაზიარებელი.

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ს.შ–ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის (გადახდის თარიღი 22.04.2023წ) და 100 ლარის (გადახდის თარიღი 11.05.2023წ), ჯამურად 150 ლარის, 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.შ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.შ–იას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს ს.შ–ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის (გადახდის თარიღი 22.04.2023წ) და 100 ლარის (გადახდის თარიღი 11.05.2023წ), ჯამურად 150 ლარის, 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე