25 მაისი, 2023 წელი,
საქმე №ას-630 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.რ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - პ.ნ–ძე (მოსარჩელე)
თ.ჭ–ას უფლებამონაცვლე მ.ჭ–ია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.რ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც პ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ.ჭ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
პ.ნ–ძის სარჩელი ი.რ–ძის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; ი.რ–ძეს შპს „ი–ის“ სასარგებლოდ - 66 675 ლარის გადახდა დაეკისრა; პ.ნ–ძის მოთხოვნა თ.ჭ–ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ.ჭ–ას შპს „ი–ის“ სასარგებლოდ - 29 709 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში თ.ჭ–ას წინააღმდეგ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საზოგადოების პარტნიორის მოთხოვნა დირექტორის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა უკანონოა, ვინაიდან სარჩელი აღძრული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, სასამართლოს არასათანადო მოსარჩელედ უნდა ეცნო პ.ნ–ძე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში ტექსტში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. შპს „ი–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შპს ან საზოგადოება) გლდანი-ნაძალადევის სასამართლოს მიერ იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 2003 წლის 2 სექტემბრიდან, საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორები არიან პ.ნ–ძე (49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი), თ.ჭ–ა (49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი) და ქ.რ–ძე (2 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი).
4.3.1. 2014 წლის 5 ივნისის მონაცემებით, საზოგადოების დირექტორი მოპასუხეა.
4.4. 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით კი, შპს-ს დირექტორი თ.ჭ–აა, ხოლო პარტნიორები პ.ნ–ძე (49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი) და თ.ჭ–ა (51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი) არიან.
4.4.1. მითითებული დროისთვის საზოგადოებასთან დაკავშირებით რეგისტრირებულია შემდეგი ხასიათის შეზღუდვა:
- ყადაღა 102014222096 05/08/2014, შპს „ი–ი“(ს./ნ ......), საგანი: მოძრავი ნივთი, საფუძველი: მომართვა, NA14057879-005/002, 05.08.2014 თბილისის სააღსრულებო ბიურო;
-საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება 102014250832 16/09/2014) საგანი:მთელი ქონება, საფუძველი: შეტყობინება N0943559, 16/09/2014 შემოსავლების სამსახური;
4.5. 2014 წლის 26 სექტემბრის მონაცემებით, შპს-ს დირექტორი თ.ჭ–აა, ხოლო საზოგადოების პარტნიორები პ.ნ–ძე (49%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი) და თ.ჭ–ა (51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი) არიან.
4.5.1. მითითებული დროისთვის საზოგადოებასთან მიმართებით რეგისტრირებულია:
- ყადაღა 102014222096 05/08/2014, შპს „ი–ი“(ს./ნ ..........), საგანი: მოძრავი ნივთი, საფუძველი: მომართვა, NA14057879-005/002, 05.08.2014 თბილისისსააღსრულებო ბიურო;
- აკრძალვა: 102014278435 25/09/2014, შპს „ი–ი“(ს./ნ ......), საგანი: არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შპს „ი–ი“(ს./ნ .......), პარტნიორთა 100% თანხმობის გარეშე, დავის დასრულებამდე აიკრძალოს საბანკო ანგარიშებიდან და სალაროდან ფულადი სახსრების განკარგვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფულადი სახსრები მიიმართება ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის ან/და მიმდინარე საბანკო სესხებისა, თუ სხვა ვალდებულებების დასაფარავად. ქონების განკარგვა, რაიმე სახით გარიგების დადება, რომელიც უზრდის ან ახალ ვალდებულებებს აკისრებს საზოგადოებას. საფუძველი: განჩინება N602290-14 24/09/2014, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
4.6. 2014 წლის 18 აგვისტოს საზოგადოებამ სარჩელი აღძარა თ.ჭ–ას წინააღმდეგ 44 273 ლარის, 11033 ლარისა და 11369 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი ს.ფ. 21-37). საჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განჩინება).
4.6.1. სარჩელის თანახმად, 44 273 ლარი საწარმოს ყოფილი დირექტორის - თ.ჭ–ას მიერ ზედმეტად მიღებულ ხელფასი, 11033 ლარი, კომპანიიდან შეძენილი სხვადასხვა ტექნიკის საფასურის დავალიანება, ხოლო 11369 ლარი - კომპანიიდან დანიშნულებისამებრ მიღებული თანხებიდან არამიზნობრივად დახარჯულ თანხაა.
4.7. კასატორმა/ი.რ–ძემ, როგორც შპს „ი–ის“ დირექტორმა სასამართლოში საქმის წარმოებისას უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნებზე, რაც მხარეთა შორის სადავო არ არის, შესაბამისად, ზემოხსენებულ სარჩელზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება.
4.8. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით პ.ნ–ძემ დერივაციული სარჩელის წარადგინა ი.რ–ძის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი ნორმის რედაქცია) 9.6 (შპს-ს დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ), სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. განსახილველი დავის ძირითადი საკვანძო საკითხი დირექტორის მხრიდან საწარმოს მიმართ არსებული ფიდუციური მოვალეობების დარღვევის შემოწმება და ამ ასპექტში დირექტორის ქმედების მართლზომიერების შეფასებაა.
7. საკასაციო სასამართლომ დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის მიხედვით, „კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები, და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)…“ (შდრ. სუსგ #ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ #ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი).
8. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი დასკვნები ჩამოაყალიბა იმის შესახებ, რომ კომპანიის დირექტორის მიერ სარჩელზე უარის თქმა არ ემსახურებოდა საზოგადოების ინტერესებს და დირექტორი ფიდუციური ვალდებულების დარღვევით მოქმედებდა, კერძოდ:
8.1. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3.2 (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი) და 8311 (მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე) მუხლებზე, რომლითაც მოწესრიგებულია სარჩელზე უარის თქმისა და სარჩელის გამოხმობის უფლება, თუმცა ეს ორი ინსტიტუტი შედეგობრივად სრულად განსხვავდება ერთმანეთისაგან;
სარჩელზე უარის თქმისას, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეწყვიტოს საქმისწარმოება და 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ეკრძალება.
რაც შეეხება სარჩელის გამოხმობას, ასეთ შემთხვევაში სასამართლო განუხილველად ტოვებს სარჩელს (სსსკ-ის 275.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი), თუმცა, მხარეს არ ეკარგება უფლება, ამავე მოთხოვნით კვლავ მიმართოს სასამართლოს (სსსკ-ის 278-ე მუხლი).
8.2. დადგენილია, რომ კასატორმა/ი.რ–ძემ, როგორც შპს „ი–ის“ დირექტორმა სასამართლოში საქმის წარმოებისას უარი განაცხადა თ.ჭ–ას წინააღმდეგ 44 273 ლარის, 11033 ლარისა და 11369 ლარის, ჯამურად - 66 675 ლარის, დაკისრების თაობაზე აღძრულ სასარჩელო მოთხოვნებზე და არ გამოიყენა სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტი, თუ დავის გაგრძელება იმ მომენტისთვის არ იყო ხელსაყრელი. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო არგუმენტირებული მოსაზრება მოპასუხეს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად, „კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული“. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, „ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს“. 152-ე მუხლის შესაბამისად კი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
8.4. ამდენად, მოპასუხის/კასატორის ქმედების შედეგად საზოგადოებამ დაკარგა მოთხოვნის უფლება/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (ფულადი ანაზღაურების თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თ.ჭ–ასგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლების დაკარგვით, საზოგადოებას ზიანი მიადგა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, შესაბამისად საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კასატორის არაარსებით არგუმენტებზე (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე