გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-160-35-გ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა ... კავშირის (... კავშირის) სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
... კავშირმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის მერიის და სს “... კომპანიის” მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ოქტომბრის ¹20.30.1186 დადგენილების ბათილად ცნობა, ამავე დადგენილების მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა; ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ, ქ. თბილისში, ... მდებარე 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთის სს “... კომპანიის” სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობა და მხატვართა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის ქ. თბილისში, ... 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ოქტომბრის განჩინებით მხატვართა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის სასარჩელო განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 23 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. თბილისში ... მდებარე 4600 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა განსახილველი საქმის განსჯადობით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე ჩატარდა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა და 2002წ. 9 ოქტომბრის განჩინებით საქმის მოსმენა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაინიშნა 2002წ. 24 ოქტომბერს.
2002წ. 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეზე მესამე პირად ჩართული იქნა შპს “ს. მ.” და საქმის მასალების გაცნობის მიზნით საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის.
სასამართლოს 2003წ. 26 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განსჯადობით საოლქო სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონების ფასი, რომლის მესაკუთრედ ცნობასაც ითხოვდა მოსარჩელე, წარმოდგენლი აუდიტის დასკვნის თანახმად შეადგენდა 1087900 ლარს და სსკ-ს მე-14 მუხლის საფუძველზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია 2003წ. 6 ივლისის განჩინებით არ დაეთანხმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განსახილველი საქმის განსჯადობის თაობაზე და სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადლო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო საოლქო სასამრათლოს პირველი ინსტანციით განსჯადი ადმინისტრაციული დავები. ამ მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის ფასთან (500000) დაკავშირებული იყო იმ სარჩელთა განსჯადობა, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებას და მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელი არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსახღვრულ ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რის გამოც ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხატვართა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის სარჩელი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიებს, რომელიც სსკ-ს მე-14 მუხლისაგან განსხვავებულ, საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა ჩამონათვალს ადგენს. კერძოდ, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სარჩელს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;
ბ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე;
გ) ქალაქების – თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, სოხუმის, ბათუმის და ფოთის საკრებულოსა და მერიების (მერების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე;
დ) ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს;
ე) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა განსჯადობა უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით, ვინაიდან იგი სსკ-ს მე-14 მუხლისაგან განსხვავებულ წესს ადგენს.
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს: 1. მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების ბათილად ცნობა, რომელიც ინდივიდიალურ სამართლებრივი აქტია და არ წარმოადგენს ადმინისტრაციული-საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ნორმატიულ-ადმინისტრაციულ აქტს, 2. საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და 3. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელი მისი დეფინიციიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ქონებრივ დავას და იგი არ არის დაკავშირებული სარჩელის ფასთან.
ამდენად, “... კავშირის” სასარჩელო მოთხოვნები არ განეკუთვნება რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულ საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსჯად სარჩელთა კატეგორიას, იგი ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს განსჯადია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მე-6 და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... კავშირის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს;
2. მხატვართა კავშირის სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.