6 ოქტომბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-890-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ე.პ.კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ც.ქ–ას უფლებამონაცვლე მ.ქ–ია (მოსარჩელე)
გსაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო.ჩ. ..“ - ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ამხანაგობა) სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს (დამფუძნებლებს) წარმოადგენენ: შპს „ე.პ.კ–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან შპს) და ც.ქ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი, მესაკუთრე ან მამკვიდრებელი).
2. ამხანაგობის მიზანს თბილისში, .........., #10-ში მდებარე #1 შენობა-ნაგებობის არსებული პროექტის კორექტირება, კორექტირებული და დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ამ ნაგებობებზე დაშენება, აშენებულ სახლში ინდივიდუალური საკუთრების (საცხოვრებელი ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების) განაწილება და მონაწილეებს შორის წილების განსაზღვრა შეადგენდა.
3. შეთანხმების 10.1. პუნქტის მიხედვით, ამხანაგობა საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების ვადით შეიქმნა. დამფუძნებელთა შეთანხმებით, სახლი საექსპლოატაციოდ 2013 წლის 15 აგვისტოს მზად უნდა ყოფილიყო.
4. მოსარჩელის მიერ შეტანილი 604 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული №1 შენობა-ნაგებობის (რომელიც იპოთეკით სამჯერ იყო დატვირთული) სანაცვლოდ, ამხანაგობამ იკისრა უძრავ ქონებაზე არსებული უფლებრივი ნაკლის გამოსწორების ვალდებულება ისე, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ამხანაგობის დარეგისტრირების შემდეგ, უარს იტყოდა ყოველგვარ მოთხოვნაზე მოსარჩელის მიმართ (იხ. შეთანხმების 3.1. მუხლი).
5. კასატორმა ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის სახით იკისრა ვალდებულება, პირადი ან მოძიებული თანხებით უზრუნველეყო ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის პროექტის კორექტირება, კორექტირებული პროექტის თანახმად, შენობის აღმართვა (დაშენება-გადაკეთება) და მისი ექსპლუატაციაში მიღება, რაც გულისხმობდა: ა) მშენებლობის პასპორტის მიღებას; ბ) შენობის აღმართვისთვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა ნებართვისა და დოკუმენტის მიღებას, შემუშავებას, შეთანხმება ან/და დამტკიცებას, თუნდაც ეს არ ყოფილიყო მითითებული ამ ხელშეკრულების „ა“ ქვეპუნქტში; გ) შენობის აღმართვას (სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას) მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ყველა სამშენებლო ნორმისა და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტის დაცვით; დ) პროექტის თანახმად, განსაზღვრული შენობის აღმართვის (სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების) მთლიანი პროცესის სრულ დაფინანსებას პირადად მოზიდული თანხებით ან სესხით; ე) შენობის აღმართვის სრულ უზრუნველყოფას მასალით, მოწყობილობებითა და მუშახელით, აგრეთვე, სხვა ობიექტებითა და ინვენტარით ხელშეკრულების „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყაროებით; ვ) პროექტის თანახმად, გათვალისწინებული შენობის ექსტერიერის (ფასადის) დასრულებას, კიბის უჯრედების დასრულებას, წყალ-კანალიზაციის და ელ. დგარების, აგრეთვე, ბუნებრივი აირის დგარების დამონტაჟებას; ზ) პროექტის შესაბამისად აღმართული შენობის ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას; თ) ყველა სხვა ქმედების განხორციელებას, რაც აუცილებელი იქნებოდა პროექტის შესაბამისად შენობის აღმართვისა (აშენების) და მისი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებისათვის (იხ. შეთანხმების 3.2. მუხლი).
6. სადამფუძნებლო ხელშეკრულების 3.7 მუხლით, დამფუძნებელთა განცხადებით, მათ მიერ ამხანაგობაში შენატანის ღირებულება - 109 000 აშშ დოლარია (53 000 აშშ დოლარი მესაკუთრის ქონებრივი შენატანის ღირებულება, 55 000 აშშ დოლარი – დამფინანსებლის მიერ განხორციელებული სამუშაოების დასრულების ღირებულება).
7. დამფუძნებელთა მიერ ამხანაგობაში შენატანები სრულად უზრუნველყოფს მათ მიერ მისაღებ ქონებას (ფართებს). მხარეთა შეთანხმებით, ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, ო.ჩ. ..-ში აშენებულ საცხოვრებელ სახლში დამფუძნებელთა წილები განაწილდება შემდეგი პროპორციით: კასატორი წილის სახით მიიღებს დასრულებულ საცხოვრებელ სახლში არსებული მთელი ფართის 51% -ს, შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მოსარჩელე დასრულებულ საცხოვრებელ სახლში მიიღებს არსებული მთელი ფართის 49%-ს შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (იხ. 6.1. პუნქტი).
8. თბილისში, ო.ჩ. I.. მდებარე 604 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 1157 კვ.მ #1 მშენებარე შენობის საერთო ფართის (მათ შორის, საცხოვრებელი ფართი _ 728.6 კვ.მ, საზაფხულო ფართი _ 133,7 კვ.მ, ავტოსადგომების ფართის _ 86,7 კვ.მ სარდაფის ფართი _ 115,1 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართი _ 93,2 კვ.მ) მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იბა „ო.ჩ. I, #10“. მითითებული შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.
9. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ის უთითებდა, რომ ამხანაგობის მშენებარე ფართზე რეგისტრირებულია სს ”ბ.ბ–ის” იპოთეკა, 180 000 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად. ამხანაგობის დარეგისტრირებამდე იპოთეკით მიღებული სესხი დამფინანსებელს ხარჯებში არ შეუყვანია.
შპს-ს მიერ მშენებლობაზე გაღებული ხარჯები არის ამ სუბიექტის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ხარჯი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაში, რომელშიც დამფინანსებლის ვალდებულება ამ მოცულობით ხარჯების გაწევაზე არ ყოფილა გათვალისწინებული.
სესხის ერთი ნაწილით მოპასუხემ გაისტუმრა წინა იპოთეკარი და მეორე ნაწილით დაიწყო მშენებლობა. ამდენად, დამფინანსებელ სუბიექტს საკუთარი ხარჯით ძველი ფინანსური ვალდებულებანი არ გაუსტუმრებია.
ამხანაგობაში შეიტანეს მიწის ნაკვეთი საძირკვლით, სარდაფებითა და პირველი სართულის სარტყელამდე აშენებული შენობა-ნაგებობა, დამტკიცებული ორსართულიანი სახლის პროექტითა და სამშენებლო ნებართვებით. მას და ბანკს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით მსესხებელზე გასაცემი საკრედიტო ხაზი განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით, რაც ადასტურებს შენატანი ქონების რეალურ ღირებულებას. ამ ხარჯების თაობაზე ინფორმაცია 2013 წლის 17 იანვრამდე არ უცნობებია. ასეთი ინფორმაციის დროულად მიღების შემთხვევაში, ის გამოიყენებდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.
მოსარჩელის მტკიცებით, მის შენატანს წარმოადგენდა მხოლოდ უძრავი ქონება და სხვა ვალდებულება არ ეკისრებოდა. შპს-ს მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის თანახმად, მას ეკისრება უფლებრივად თავისუფალი ფართების განაწილება არჩევითობის და რიგითობის დაცვით.
10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე თავადაა წინააღმდეგი, შეასრულოს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულებები, რის შემდგომაც გადასცემს კიდეც კუთვნილ წილს.
11. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც შეგებებული მოპასუხისთვის - 262 909 ლარისა და ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტამდე ამ საქმიანობიდან წარმოშობილი დამატებითი ხარჯის 49%-ის დაკისრება ითხოვა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, როგორც ძირითადი - ისე შეგებებული სარჩელები უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 930-ე, 935-ე, 937-ე და 939-ე მუხლები გამოიყენა.
13. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მ.ქ–ია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე) იქნა ცნობილი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
18. სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მოსარჩელის უფლებამონაცვლემ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოითხოვა:
18.1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო.ჩ. ..“-ის (ID ნომერი 20531..) საცხოვრებელ სახლში ს/კ-ით N .... ცნობილ იქნეს მესაკუთრედ ბინების, რომელთა მონაცემებია: N3, სართული I, ოთახის რაოდენობა - 3, საერთო ფართით - 95.4 მ2; N4, სართული II, ოთახის რაოდენობა - 1, საერთო ფართით - 41.3 მ2; N5, სართული II, ოთახის რაოდენობა - 2, საერთო ფართით -77,1 მ2; N10, სართული IV, ოთახის რაოდენობა - 3, საერთო ფართით - 123,1 მ2; N11, სართული IV, ოთახის რაოდენობა - 2, საერთო ფართით 92.4 მ2;
18.2. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო.ჩ. ..“-ის (ID ნომერი .....) საცხოვრებელ სახლში ს/კ -ით N ...... ცნობილ იქნეს 25.6 მ2 N3 და N4 25.7 მ2 ავტოფარეხების მესაკუთრედ.
18.3. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო.ჩ. ..“-ის (ID ნომერი .....) საცხოვრებელ სახლში ს/კ-ით N ........ ცნობილ იქნეს N2 16.52 კვ.მ; N6 13.26 კვ.მ და N7 13.94 კვ.მ სარდაფების მესაკუთრედ.
18.4. შესაბამისი ცვლილებები შევიდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო.ჩ. I N10“-ის (ID ნომერი .....) საცხოვრებელ სახლში, ს/კ-ით N ....., მოსარჩელის უფლებამონაცვლე (პ/ნ .........) ცნობილ იქნა შემდეგი ბინების მესაკუთრედ:
1. N3 . სართული I, ოთახის რაოდ. 3, საერთო ფართით 95.4 მ2;
2. N4, სართული II, ოთახის რაოდ. 1, საერთო ფართით 41.3 მ2;
3. N5, სართული II, ოთახის რაოდ. 2, საერთო ფართით 77,1 მ2 ;
4. N10, სართული IV, ოთახის რაოდ. 3, საერთო ფართით 123,1 მ2;
5. N11, სართული IV ოთახის რაოდ. 2, საერთო ფართით 92.4 მ2;
შესაბამისი ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში;
19.1.ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო.ჩ. ..“-ის(ID ნომერი .....) საცხოვრებელ სახლში ს/კ-ით N ..... მოსარჩელის უფლებამონაცვლე (პ/ნ ........) ცნობილ იქნა N3 25.6 მ2 და N4 25.7 მ2 ავტოფარეხების მესაკუთრედ;
შესაბამისი ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში;
19.2. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ო.ჩ. ..“-ის (ID ნომერი .....) საცხოვრებელ სახლში ს/კ-ით N.....მოსარჩელის უფლებამონაცვლე (პ/ნ ......) ცნობილ იქნა N2 16.52 კვ.მ; N6 13.26 კვ.მ და N7 13.94 კვ.მ სარდაფების მესაკუთრედ;
შესაბამისი ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
19.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით, ამხანაგობამ პასუხისმგებლობა აიღო, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა უძრავ ქონებაზე არსებული უფლებრივი ნაკლი ისე, რომ საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ ამხანაგობის დარეგისტრირების შემდეგ იგი უარს იტყოდა ყოველგვარ მოთხოვნაზე მოსარჩელის მიმართ, შესაბამისად, ქონების საკუთრებაში მიღების შემდგომ, მისი იპოთეკისგან გათავისუფლებისათვის გადახდილი თანხების მოსარჩელის მიერ ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის პოზიციაც დაუსაბუთებელი იყო.
19.4. სააპელაციო პალატის დასკვნით, ამხანაგობის ვალდებულებების (ვალების) გასტუმრებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსარჩელეს ვერ დაეკისრებოდა, ვინაიდან, შეგებებული მოპასუხისთვის - 262 909 ლარისა და ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტამდე ამ საქმიანობიდან წარმოშობილი დამატებითი ხარჯის 49%-ის დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
20. მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
20.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მიწის ნაკვეთის ამხანაგობის სახელზე დარეგისტრირების შემდგომ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე აპელანტი პასუხს არ აგებდა ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული სიკეთის ხარჯზე; ასევე დაუსაბუთებელია წილობრივი მონაცემების შესაბამისად ფართზე სამომავლო უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა.
20.2. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მესამე პირების წინაშე ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის დამადასტურებელი გარემოებები არ ვლინდებოდა.
20.3. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, არასწორად დადგინდა მხარეების მიერ ფართების განაწილების წესზე შეთანხმებაც, რომლის მიხედვით, დამფუძნებლების მიერ ამხანაგობაში შეტანილი სიკეთე სრულად უზრუნველყოფდა მათ მიერ მისაღებ ქონებას და ამხანაგობის თავმჯდომარემ იკისრა ვალდებულება, წილის განაწილების შესახებ სანოტარო აქტი საჯარო რეესტრისთვის წარედგინა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391.5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ამხანაგობის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მისი წილის შესაბამის ფართებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა სსკ-ის 930-ე (ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად) 935.1 (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად) და 935.2 (თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთობლივი საქმიანობა მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ურთიერთობაა და ის მოითხოვს მისი მონაწილეებისაგან ისეთ მოქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთო მიზნის რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად.
ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისთვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს, ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი.
საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე. ამხანაგობისთვის დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანების (კორპორაციული სტრუქტურის) ისეთი თვისებები, რომლებიც მოიცავს როგორც ორგანიზაციულ, ასევე - ქონებრივ ელემენტებს, რაც საბოლოოდ დასახული მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს.
25. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმით ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით (შდრ. სუსგ #ას-482-458-2013, 16.01.2014წ.).
26. საკასაციო სასამართლოს არერთი განმარტებით - „ამხანაგობის ხელშეკრულება, მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და იგი დადებულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმის დაცვით (სსკ-ის 327.1 მუხლი).
მართალია, სამოქალაქო კოდექსი ადგენს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც სამართალსუბიექტებს არა მარტო ხელშეკრულების დადების, არამედ ამ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ეს პრინციპი არ არის აბსოლუტური და იგი ლეგიტიმურ ბოჭვას სწორედ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმაში პოვებს, კერძოდ, ხელშეკრულება კანონის ფარგლებში უნდა იყოს დადებული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას.
სახელშეკრულებო დავის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ხელშეკრულებაში გადმოცემული მხარეთა რეალური ნების დადგენა, მისი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან და სწორედ ამ გზით უნდა დადგინდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძლიანობა“ (შდრ. სუსგ. №ას-1003-964-2014, 17.12.2015წ; ას-137-129-2017, 18.12.2017წ).
27. ამხანაგობა, მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, საკანონმდებლო ბოჭვის ფარგლებში (სსკ-ის 319.1 მუხლი) დასაშვებად მიიჩნევს კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელ პირობებზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობას, რომლის მიმართაც სრულად ვრცელდება შესრულების კეთილსინიდისიერი მოვალეობა (სსკ-ის 361.1 მუხლი).
28. ამასთან, მართალია, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება გამოდიოდნენ, როგორც კრედიტორი და მოვალე.
ეს ვითარება წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლომ უნდა გამიჯნოს საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრების უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები იმ უფლება-ვალდებულებებისაგან, რომელიც შემდეგ მათ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ.
კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან (სსკ-ის 935-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არა უშუალოდ თავისი, არამედ მხოლოდ საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა სასარგებლოდ.
მეორე შემთხვევაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (სსკ-ის 937.1 მე-2 წინადადება). ასეთ ვითარებაში, კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ.
საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების განაწილება (მაგალითად, საერთო საქმიანობის შედეგად აშენებული მრავალბინიანი სახლის ბინები) წარმოადგენს საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა იმ უფლებების დაკმაყოფილებას, რომლისთვისაც იქმნება ამხანაგობა. ანალოგიურად, ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ამხანაგობის მონაწილეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება ერთმანეთთან მიმართებით და სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად.
ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება წარმოადგენს საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ხდება ყველა მონაწილის უფლებების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევებში ამხანაგობის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ გამოდიან, როგორც კრედიტორი და მოვალე და მონაწილეობენ სასამართლოში არა ამხანაგობის, არამედ საკუთარი სახელით (იხ. სუსგ საქმე №ას-482-458-2013, 2014 წლის 16 იანვარი).
29. ერთობლივი საქმიანობა, მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, წარმოადგენს სამოქალაქო გარიგებას, რომლის დადებულად მიჩნევისა და იურიდიული ძალმოსილების განსაზღვრისათვის სავალდებულოა, შემოწმდეს აკმაყოფილებს თუ არა ხელშეკრულება გარიგების დადებისათვის სახელშეკრულებო სამართლით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებს.
სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით დეფინირებული ამხანაგობის მცნებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ იგი ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა და, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით, დადებულად მიიჩნევა, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
30. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელშიც მითითებულია, თუ რა საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადებისას, ანუ რას უნდა შეიცავდეს ამ სახის ხელშეკრულება.
კერძოდ, მასში უნდა იყოს მითითებული: ა) მონაწილეთა დასახელება და მისამართი; ბ ) მონაცემები ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ ) მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები; დ ) მართვის ორგანოთა სტრუქტურა და ფუნქციები; ე ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესი და პირობები; ვ ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესი; ზ ) საქმიანობის ხანგრძლივობა; თ ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესი.
სწორედ აღნიშნულ პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების არსებით პირობებს.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
32. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.
33. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 935.1 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვით, საერთო სარგებელი, შემოსავალი, რომელიც მიიღება ამხანაგობის საქმიანობის განხორციელების შედეგად, მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი შენატანების პროპორციულად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავალი შეიძლება გამოიხატოს როგორც ფულადი სახით, ისე ნატურით, მაგალითად, ნაყოფის მიღება, საცხოვრებელი ბინით ან სხვა სახის ფართით დაკმაყოფილება და ა.შ.
იმავე მუხლის მეორე ნაწილით, ამხანაგობის საქმიანობის დროს თუ თითოეულ მონაწილეს ეკისრება რაიმე მოქმედების შესრულება, რაც პირდაპირ უკავშირდება შედეგის მიღწევას, მაშინ ამ კონკრეტული დავალების კეთილსინდისიერი შესრულებაც მოეთხოვება, მართალია, მითითებული ნორმა ხელშეკრულების მონაწილეს ანიჭებს უფლებას, მოსთხოვოს წევრს ვალდებულების არა საკუთარი, არამედ საერთო მიზნის მისაღწევად შესრულება, თუმცა, წევრთა ურთიერთმოთხოვნის არსებობის შესაძლებლობას ერთობლივი საქმიანობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა არ გამორიცხავს.
34. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული შეთანხმებით დგინდება, რომ ამხანაგობის მიზანი - თბილისში, .........., #10-ში მდებარე #1 შენობა-ნაგებობის არსებული პროექტის კორექტირება, კორექტირებული და დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ამ ნაგებობებზე დაშენება, აშენებულ სახლში ინდივიდუალური საკუთრების (საცხოვრებელი ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების) განაწილება და მონაწილეებს შორის საერთო კუთვნილებაში წილების განსაზღვრა შეადგენდა, ხოლო შენობის სართულები, ბინების რაოდენობა, თითოეული ბინის ფართი და სხვა მახასიათებლები კორექტირებული საამშენებლო პროექტის მიხედვით დადგინდებოდა (იხ. შეთანხმების 2.1. და 2.2. პუნქტები).
35. დადგენილია, რომ, სსკ-ის 932-ე მუხლის შესაბამისად, მონაწილეებმა შეიტანეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები, რომელიც, ერთ შემთხვევაში, ქონებით, ხოლო მეორე შემთხვევაში - მომსახურების გაწევით განისაზღვრა.
სახელდობრ, მოსარჩელის შენატანს წარმოადგენს - 604.კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობები;
მოპასუხემ კი - მომსახურების გაწევით, კერძოდ, პირადი ან მოძიებული თანხებით უზრუნველყო ამხანაგობის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის პროექტის კორექტირება, კორექტირებული პროექტის თანახმად, შენობის აღმართვა (დაშენება-გადაკეთება) და მისი ექსპლუატაციაში მიღება.
36. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე მოსარჩელემაც უნდა აგოს პასუხი, ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული სიკეთის ხარჯზე, საკასაციო სასამართლო ამ შეხედულებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსკ-ის 937.1 მუხლის მეორე წინადადებით (ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს), განსაზღვრული პასუხისმგებლობა მესამე პირთა უფლებადამცავი ნორმაა და ამავე ნორმის გამოყენების პირობები მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.
37. დადგენილია, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო მოთხოვნის საერთო მოცულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო დატვირთული ამხანაგობის ქონება და უფლებრივი ნაკლის გამოსწორების ვალდებულებაც იკისრა, ამასთან, იმგვარად, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ამხანაგობის დარეგისტრირების შემდეგ, იგი უარს ამბობდა ყოველგვარ მოთხოვნაზე მოსარჩელის მიმართ (იხ. შეთანხმების 3.1 მუხლი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების მიზნით გადახდილი თანხების ანაზღაურების თაობაზე კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა.
38. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.1 მუხლის მიხედვით, მხარეები ერთობლივი საქმიანობის შედეგად შექმნილი ფართების განაწილების წესზეც შეთანხმდნენ, კერძოდ, კასატორი წილის სახით მიიღებდა დასრულებულ საცხოვრებელ სახლში არსებული მთელი ფართის 51%-ს, შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მოსარჩელე კი, დასრულებულ საცხოვრებელ სახლში არსებული მთელი ფართის 49%-ს, შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.
საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მოსარჩელისთვის მიკუთვნებული ნივთის მოცულობა სრულად შეესაბამება სახელშეკრულებო პირობით გათვალისწინებულ წილობრივ მონაცემებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ მიმართებითაც კანონშესაბამისია.
ასევე ხაზგასასმელია, რომ შეგებებული მოპასუხისთვის - 262 909 ლარისა და ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტამდე ამ საქმიანობიდან წარმოშობილი დამატებითი ხარჯის 49%-ის დაკისრების მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.
გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში (სსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), შესაბამისად, დადგენილია ის გარემოება, რომ ამხანაგობის ვალდებულებების (ვალების) გასტუმრებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა მოსარჩელეს ვერ დაეკისრება და კასატორის ეს პრეტენზია ერთმნიშვნელოვნად დაუსაბუთებელია.
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, შესაბამისად საკასაციო პალატა გაანალიზებს კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
40. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
41. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე.პ.კ–ას“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე