Facebook Twitter

საქმე №ას-50-2023 17 მაისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ე.ნ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ–ვი (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე.ნ–ის (შემდეგში „მოპასუხე“, „დედა“ „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე.გ–ვის (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მამა“) სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა მოსარჩელისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის ნაწილში, ალიმენტის გადახდის ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების საზიანოდ. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ თითქოსდა, ჰიპოთეტურად უფლების ბოროტად გამოყენება პერსპექტივაში ვერ იქნება მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი. მაშინ როდესაც, თუ სასამართლო ყურადღებით გაეცნობოდა საქმეში არსებულ მასალებს აღმოაჩენდა, რომ ბავშვების მამა არათუ საზღვარგარეთ ბავშვების გაყვანის, არამედ მათი ქვეყნის შიგნით ზღვაზე დასასვენებლად წასვლის წინააღმდეგიცაა იმ არგუმენტით, რომ არასრულწლოვნებისთვის ჰაერის გამოცვლა შეიძლება ჩაანაცვლოს კვებამ და ვიტამინებმა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კასატორი საქართველოში ერთ-ერთი რესტორნის მმართველია და აქვს სოლიდური ხელფასი, შესაბამისად, იგი არ აპირებს ქვეყნის დატოვებას და ჩვეული გარემო-პირობების შეცვლას.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

7.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 2015 წლის 12 ივნისს;

7.2. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2016 წლის 12 სექტემბერს - ნ.გ–ვა და 2018 წლის 20 ივნისს - მ.გ–ვი;

7.3. ამჟამად, მხარეები განქორწინებული არიან, ხოლო ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან;

7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და გაუქმდა მხარეთა შორის 2015 წლის 12 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერი;

7.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა მამის შვილებთან ურთიერთობის წესი, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი: მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის სახით თითოეული შვილის მიმართ 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2022 წლის 11 თებერვლამდე 225-225 ლარის (სულ 450 ლარის), ხოლო 2022 წლის 11 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანობამდე - თითოეულის სასარგებლოდ 350-350 ლარის (ჯამურად 700 ლარის) გადახდა; ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ და მოსარჩელეს (მამას) შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნების, ამიერკავკასიის ქვეყნების, თურქეთისა და რუსეთის რესპუბლიკებში) გაყვანის ნაწილში; დადგინდა დედის მიერ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის პირობები, ასევე, ბავშვების ქვეყნიდან გაყვანის შემთხვევაში, არასრულწლოვნების მამასთან ურთიერთობის განსხვავებული წესი.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის გაუქმების კანონიერება, რომელიც სსკ-ის 1205-ე (მშობლის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, ამასთან მშობელს შეიძლება შეეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების საზიანოდ და უსაფუძვლოდ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მამას შეზღუდული ჰქონდა არასრულწლოვნებისთვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ მათი გაყვანის უფლება.

9. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა" და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

10. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

11. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

12. აღნიშნული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთაგან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

13. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

14. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორის არის არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (იხ. მაგ., Sahin v. Gernamy, 08.04.2003, §66; Krasicki v. Poland, 15.04.2014, §83).

16. აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ხოლო, 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

17. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და ოჯახური გარემოს შექმნა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

18. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლით (მშობლის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, ამასთან მშობელს შეიძლება შეეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება) განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის დამტკიცების ვალდებულება (იხ. სუსგ საქმე №ას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი), რაც მოცემულ დავაში ბავშვების დედამ სათანადოდ ვერ დაადასტურა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სავარაუდო და ჰიპოთეტური დასკვნები ბავშვების უფლებების მომავალში დარღვევის პოტენციური რისკის შესახებ ვერ გახდება მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი. კასატორს სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მშობლის უფლებით მანიპულირებას, უფლების ბოროტად გამოყენებას და ბავშვების ინტერესების საზიანოდ საზღვრის კვეთის მოთხოვნაზე უარის თქმას. გარდა შეგებებულ სარჩელში მითითებული ერთადერთი შემთხვევისა - რუსეთის ფედერაციაში ბავშვების გამგზავრებასთან დაკავშირებული შეუთანხმებლობისა, კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ შემთხვევაზე, როდესაც მას ყოფილმა მეუღლემ უარი უთხრა ქვეყნიდან შვილებთან ერთად გამგზავრებაზე. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ბავშვების მამა წინააღმდეგია არასრულწლოვნების არათუ საზღვარგარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით დასასვენებლად გამგზავრებაზე, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. მეტიც, ამავე საქმეში კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა დედის მიერ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის წესი და პირობები, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საფუძვლიანია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ არ არსებობს არასრულწლოვნებისთვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ მათი გაყვანის უფლებამოსილების მამისთვის შეზღუდვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. კასატორი ვერც ისეთ საპროცესო დარღვევაზე მიუთითებს, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-№ას-1285-1205-2017, 30 იანვარი, 2018 წელი; საქმე №ას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი; საქმე №ას-733-2020 , 29 მარტი, 2022 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ე.ნ–ს (6.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №15658425433, გადახდის თარიღი 05.01.2023), 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე