Facebook Twitter

საქმე № ას-67-2022 5 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.თ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იძულებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ა–ძის (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ა.თ–ძისა (შემდგომში „მოპასუხე“) და მესამე პირების, ჯ.ა–ძისა და ც.ც–ძის მიმართ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების (როგორც იძულებით დადებული გარიგების) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება მოპასუხის მხრიდან იძულების შედეგად არ დადებულა. კერძოდ, სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა, ე.წ „უჯრიან ბლოკნოტში“ გაკეთებული ჩანაწერები, რომლებიც ეკუთვნის მის შვილს, მ.ა–ძეს (შემდგომში „მოვალე“) და რომლითაც დგინდება, რომ იგი მოპასუხეს გადასცემდა თანხებს. თანხების გადაცემის მოვალეობა კი მას წარმოეშვა მას შემდეგ, რაც ბიზნესმა (რომელშიც ისინი პარტნიორები იყვნენ) კრახი განიცადა. ჩანაწერებით დგინდება, რომ 2014 წლის თებერვალი არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც მოპასუხე ითხოვდა აღნიშნული საქმისთვის გაღებული თანხებისა და მოგების მიღებას. ამ გარემოებების სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახვა კი არსებითი მნიშვნელობისაა იმის დასადგენად, თუ საიდან წარმოიშვა ვალი, გადაიხადა თუ არა ის მოვალემ და რაც მთავარია, რა ვალი აღიარა მან. ანუ აღიარა ვალი, რომელიც ბიზნესსაქმიანობიდან წარმოეშვა, რომელიც გადაიხადა და თუ არა იძულება ვალის აღიარებაზე, გარიგება არ დაიდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არარსებული ვალის სანაცვლოდ ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მესამე პირების კერძო საკუთრება კაბალური პირობებით, რის შედეგადაც, მათი ქონება დღეს მოპასუხის საკუთრებაა.

3. სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც დამაჯერებლად განაცხადეს, რომ მოპასუხის მხრიდან იძულების გამო მოვალე იყო შეშინებული და დათრგუნული - იგი მეუღლეს და შვილებს აფრთხილებდა არ გასულიყვნენ სახლიდან განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, ხოლო თავად არაერთხელ ჰქონია სუიციდის მცდელობა.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

8.1. მოსარჩელე არის 2014 წლის 1 დეკემბერს გარდაცვლილი მ.ა–ძის დედა და მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე;

8.2. 2014 წლის 27 მარტს მოპასუხესა და მ.ა–ძეს შორის გაფორმდა გარიგება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვით, მ. ა–ძემ მოპასუხის მიმართ აღიარა ვალი, 40 000 აშშ დოლარი და 2014 წლის 27 აპრილამდე იკისრა მისი სრულად დაფარვის ვალდებულება. ამ ვადაში ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ ვალის დაბრუნების ვადის ავტომატურად, ორი თვით გაგრძელების შესახებ, რა დროსაც ვალს დაერიცხებოდა ყოველთვიური სარგებელი 2.5% და პირგასამტეხლო 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

8.3. მოვალემ იკისრა ვალდებულება აღიარებული ვალი უზრუნველეყო იპოთეკით. კერძოდ, იპოთეკით დაეტვირთა მესამე პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

8.4. ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ დამოწმებულია სანოტარო ფორმით;

8.5. იპოთეკის დადგენის შესახებ 2014 წლის 27 მარტის სანოტარო აქტების მიხედვით, მოვალის მიერ მოპასუხის მიმართ აღიარებული ვალის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მესამე პირთა საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურში, სოფელ წ–ში მდებარე, ორი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდებით: ........; .......);

8.6. 2014 წლის 27 აგვისტოს მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დადგინდა დავალიანების ამოღება იპოთეკის საგნების (ს/კ: ........ და ს/კ .........) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოპასუხე აღირიცხა მესამე პირთა სახელზე არსებულ უძრავ ქონებათა მესაკუთრედ;

8.7. 2014 წლის 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა მ. ა–ძე;

8.8. 2015 წლის 4 ნოემბერს გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზე, გარდაცვლილის კანონისმიერ მემკვიდრედ გამოცხადდა მოსარჩელე;

8.9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ვალის აღიარების შესახებ გარიგების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ გარიგება ვალის აღიარების შესახებ გაფორმდა მოპასუხის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული იძულების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად;

8.10. თავად მ.ა–ძეს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება საცილოდ არ გაუხდია.

9. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად არ მიიჩნიეს დადგენილად ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების დადებისას მოპასუხის მხრიდან გამოვლენილი იძულებისა და მუქარის ფაქტი.

10. ვინაიდან სადავოა იძულებისა და მუქარის შედეგად გარიგების დადების ფაქტი, უნდა შემოწმდეს, შესრულებულია თუ არა სსკ-ის 85-ე მუხლის წინაპირობები. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

11. სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, პ. 211).

12. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე. პირზე გავლენას ახდენს ისეთი იძულება, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები (იხ. სუსგ N ას-132-124-2015, 29.04.2015 წ.)

13. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს მუქარით განხორციელებული იძულება წარმოადგენს.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების/მუქარის შესაძლო რეალიზაციით გამოწვეული შიში აიძულებს პირს სხვისი ნების შესატყვისი ნება გამოავლინოს. იძულების ფაქტის განხორციელებულად მიჩნევისათვის, არსებითი მნიშვნელობისაა, თავად იძულების ობიექტი პირის სუბიექტური დამოკიდებულება იძულების (მუქარის) ფაქტის მიმართ და არა მუქარის განმახორციელებელი პირის განზრახვის რეალურობა, სისრულეში მოიყვანოს მუქარის შინაარსი. გარიგების დადება უშუალოდ მუქარის სამართლებრივ პროდუქტს/შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ თავის მხრივ, იძულება როგორც ასეთი, არის არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N ას-664-635-2016, პუნქტი 207).

15. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს“ (იხ.სუსგ #ას-89-83-2015, 23.10.2015 წელი). ამრიგად, ამ საფუძვლით გარიგების საცილოობისას, ამა თუ იმ კონტრაჰენტი მხარის მიმართ გარიგების დადების იძულების საკითხი სასამართლომ უნდა შეაფასოს სამართლებრივად. სამართლებრივი შეფასების პროცესში პირზე განხორციელებული ზემოქმედების სსკ-ის 85-ე მუხლის კონტექსტით იძულებად შეფასებისთვის, განმსაზღვრელია იძულების ფაქტზე მიმთითებელი პირის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართალწარმოების პროცესში გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები, რამდენად ქმნის იძულების რაიმე ფორმის გამოყენების გარეშე, ხელშეკრულების დაუდებლობაზე დასაბუთებულ ვარაუდს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ იძულებით დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება).

18. განსახილველ დავაში, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეულმა „შიშმა“ მოვალე აიძულა მისი ნების საწინააღმდეგოდ ეღიარებინა „არარსებული ვალი“, სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით, კასატორმა ვერ დაადასტურა, რაც სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, გადამწყვეტია გარიგების ბათილად ცნობისათვის.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მითითება მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ჩანაწერებზე, ვერ გამოდგება მოპასუხის მიმართ არსებული ვალის დაფარვის ან/და მოპასუხის მხრიდან მ. ა–ძის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტის დასადასტურებლად. როგორც მითითებული ჩანაწერებით ირკვევა, მ. ა–ძე მიუთითებს სხვადასხვა დროს გარკვეული რაოდენობის თანხების გაცემაზე (იხ. ტ. 1. ს.ფ 34-35), თუმცა ამ ჩანაწერებით არ დგინდება აღნიშნული თანხები ნამდვილად გადაეცემოდა თუ არა მოპასუხეს ან იგი გაიცემოდა თუ არა სადავო ხელშეკრულების (ვალის აღიარების შესახებ გარიგების) ფარგლებში.

20. რაც შეეხება გარიგების დადებისას მოპასუხის მხრიდან იძულებისა და მუქარის გამოვლენის ფაქტის დადასტურებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მითითებული ფაქტის დასადასტურებლად ასევე მართებულად არ გაიზიარა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები, ვინაიდან, ჯერ ერთი, რომ თითოეული მოწმე მოსარჩელის ოჯახის წევრი და მასთან დაახლოებული პირია და, მეორეც, არცერთი მათგანი გამოვლენილი ფსიქოლოგიური ძალადობის (მუქარის) უშუალოდ თვითმხილველი არ ყოფილა. სხვა რაიმე რელევანტური მტკიცებულება კი, რაც გაამყარებდა სარჩელით წარდგენილ პოზიციას საქმეში არ მოიპოვება.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად შეაფასა გარიგების ბათილობის საკითხი, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე