საქმე №ას-293-2023 17 მაისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მეორე კასატორი - ა.ც–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 იანვრის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ასევე დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა.ც–ძე (შემდგომში „მოსარჩელე“, „ყოფილი დასაქმებული“ ან „პირველი კასატორი“) 2012 წლის 22 ნოემბრიდან დასაქმებული იყო სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში (შემდგომში „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „სკოლა“ ან „მეორე კასატორი“) უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი იყო 1274.25 ლარი (დარიცხული).
2. 2021 - 2022 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში დასაქმებული იყო ინგლისური ენის 15 პედაგოგი და მათ გადანაწილებული ჰქონდათ 154 საგაკვეთილო საათი. მეორე სემესტრიდან 154 საგაკვეთილო საათს ემატებოდა პირველკლასელების ინგლისური ენის 5 საათი.
3. ინგლისური ენის 15 პედაგოგიდან მენტორი იყო - 0, წამყვანი - 1, უფროსი - 13, პრაქტიკოსი -1. მოსარჩელე იყო უფროსი მასწავლებელი.
4. 2021 წლის 5 ივლისს სოციალურ ქსელში, სკოლის ფეისბუკ გვერდზე აიტვირთა სურათები, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ სკოლის პედაგოგები: თ.თ–ია, ნ.კ–ძე, თ.ბ–ი, ე.გ–ძე, ნ.ს–ია, თ.დ–ი, ქ.ნ–ი, დ.გ–ნი, ლ.ა–ძე, მ.ა–ძე და ე.კ–ი და მოსარჩელე. სურათები გადაღებული იყო სკოლაში, ინგლისური ენის კაბინეტში. ფოტოზე გამოსახულ მასწავლებლებს არ ეკეთათ პირბადე და არ ჰქონდათ დაცული სოციალური დისტანცია.
5. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 6 ივლისის წერილით სკოლის დისციპლინურ კომიტეტს ეთხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევის წარმოება და შესაბამისი დასკვნის შედგენა.
6. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2021 წლის 19 ივლისის N10 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სხდომაზე განიხილებოდა დისციპლინური კომიტეტის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტების გაცნობის, მოკვლევისა და დასკვნის გაკეთების საკითხი. დისციპლინურ კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს ფოტოზე ასახული პედაგოგები, თუმცა მათი ნაწილი, მათ შორის მოსარჩელე, სხდომაზე არ გამოცხადებულა. მან სკოლას გაუგზავნა წერილობითი ახსნა-განმარტება, (ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ ფოტოები გადაღებულია მარტის ბოლოს, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, პანდემიის გამო უცხო ენის კაბინეტში გაკვეთილები არ ტარდებოდა მისი მცირე მოცულობის გამო, კაბინეტი გამოიყენებოდა კათედრის საჭიროებისამებრ, კრებების ჩასატარებლად და მოსასვენებლად შესვენების დროს. ფოტო-სურათი გადაღებულია ერთ-ერთი შესვენების დროს, როდესაც პედაგოგებმა ისადილეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტო).
7. კენჭისყრის შედეგად დისციპლინური კომიტეტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სკოლის შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილის „ზ“ პუნქტის (დისციპლინური სახდელის გამო საყვედურიი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევისას) შესაბამისად, პედაგოგების, თ.თ–იას, ნ.კ–ძის, თ.ბ–ის, ე.გ–ძის, ნ.ს–იას, ი.დ–ის, ქ.ნ–ის, დ.გ–ნის, ლ.ა–ძის, მ.ა–ძის, ე.კ–ისა და მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით „საყვედურის“ გამოცხადების შესახებ.
8. სკოლის დირექტორის 2021 წლის 26 ივლისის N1/კ-60 ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური (სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო).
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელზე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2021 წლის 14 აპრილით დათარიღებული წერილით ირკვევა, რომ სკოლის ვაუჩერული დაფინანსება არ არის საკმარისი სკოლის ყველა ხარჯის დასაფარად, რის გამოც აპრილში სკოლას შეექმნა ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდის პრობლემა. დავალიანების, 3998 ლარის, დაფარვის მიზნით სკოლამ სამინისტროს სთხოვა აღნიშნული თანხის გამოყოფა.
10. დამსაქმებლის 2021 წლის 13 აგვისტოს შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა რეორგანიზაციის საფუძვლით მასთან შრომითი ურთიერთობის სავარაუდო შეწყვეტის შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ პანდემიის გამო სკოლას არასაბიუჯეტო შემოსავლები აღარ აქვს, რამაც გამოიწვია ინგლისურ ენაში ამ დაფინანსების ფარგლებში არსებული განყოფილების გაუქმება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა მასწავლებლებისთვის საათობრივი დატვირთვა. კათედრაზე ეს საკითხი განიხილეს, ვერ შეთანხმდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საათები გაენაწილებინა დირექტორს. სამი პედაგოგი, რომლებსაც დადასტურებული ჰქონდათ უფრო მაღალი კომპეტენცია და გაწეული ჰქონდათ სკოლისთვის მნიშვნელოვანი ღვაწლი, მიიღებდნენ 15-15 საათს, რაც მათ მისცემდათ შესაძლებლობას სრულად მიეღოთ სახელმწიფოსაგან დადგენილი კვალიფიკაციის დანამატი. გამოითქვა აზრი იმის შესახებ, რომ დანარჩენ პედაგოგებზე თანაბრად გადანაწილებულიყო დარჩენილი საათები, მაგრამ ამ საკითხზე ვერ შეთანხმდენ. მოსარჩელე მოხვდა შესამცირებელ მასწავლებელთა სიაში შედეგების მიხედვით, ვინაიდან მან სასწავლო წლის ბოლოს მიიღო საყვედური უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რაც გამოიხატებოდა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ვალდებულების უგულებელყოფაში.
11. მოსარჩელემ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სკოლის სამეურვეო საბჭოში, თუმცა საბჭოს 2021 წლის 24 სექტემბრის N13 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული ბრძანება.
12. სკოლის დირექტორის 2021 წლის 14 სექტემბრის N1/კ-74 ბრძანებით, სკოლასა და მოსარჩელეს შორის 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული N5-35 შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1-ე (შემდგომში „სშკ“) მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, სკოლის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო და მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცის, 1 თვის შრომის ანაზღაურება.
13. სასარჩელო მოთხოვნა:
13.1. ყოფილმა დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა მისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, ასევე სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ გაცემული ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
14. მოპასუხის (დამსაქმებლის) შესაგებელი:
14.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი დაეკისრა კანონიერად, ასევე კანონიერია გადაწყვეტილება მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის, 3000 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური თვეში 1 274.25 ლარი (დარიცხული) 2021 წლის 14 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე.
16. სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები:
16.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
16.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
16.3. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
17.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სშკ-ის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სკოლაში მართლზომიერად ჩატარდა რეორგანიზაცია, რადგან არსებობდა ეკონომიკური გარემოებების გამო შტატების შემცირების აუცილებლობა, თუმცა მოპასუხემ ვერ დაადასტურა, თუ რატომ დატოვა კვალიფიკაციით უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი პრაქტიკოსი პედაგოგი სამსახურში და გაათავისუფლა უფროსი პედაგოგი - მოსარჩელე, რაც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების მართლსაწინააღმდეგოდ და შესაბამისად, ბათილად ცნობის კანონიერ საფუძველს ქმნიდა.
17.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 48.8-ე და 48.9-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლწინააღმდეგობა დადასტურდა, ხოლო მოსარჩელის მიერ დათხოვნამდე დაკავებული პოზიცია აღარ არსებობს (გაუქმდა ინგლისურ ენაში განაყოფები), რის გამოც მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა შეუძლებელია, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიაკუთვნა მას კომპენსაცია. ასევე, მოსარჩელის გათავისუფლების არამართლზომიერებისთვის მოპასუხეს მართებულად დააკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა.
17.4. სასამართლომ შეაფასა საყვედურის გამოცხადების შესახებ სკოლის დირექტორის N1/კ-60 ბრძანების კანონიერებაც და მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დაასაბუთა უსაფრთხოების წესების დარღვევის (კოვიდ პანდემიისა და ქვეყანაში არსებული კოვიდ შეზღუდვების მოთხოვნებიდან გამომდინარე) გამო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
18. პირველი კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
18.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
18.2. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ეკონომიკური გარემოებების ცვლილების გამო სკოლაში მართლზომიერად ჩატარდა რეორგანიზაცია და არსებობდა შტატების შემცირების აუცილებლობა. სინამდვილეში კი, სკოლას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ „ფინანსური შეფერხება“ (ვერ გასცემდა კვალიფიკაციის შესაბამის დანამატებს), რაც არ ქმნიდა რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების წინაპირობას. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის იმავე თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, არასწორად მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
19. მეორე კასატორის (მოპასუხის) მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
19.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დამსაქმებელმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეს შესაბამისი დრო არ მისცა, რათა სრულად წარედგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არასწორად შეაფასა და მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა სკოლის დირექტორის ქმედებების სამართლებრივი საფუძველი და არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ მოსარჩელის შემცირების (სამუშაოდან გათავისუფლების) მიზეზი გახდა სამსახურეობრივი მოვალეობების უგულებელყოფა.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ როდესაც შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს დამსაქმებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში (მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში) მითითებული სამართლებრივი საფუძველი და დადგინდეს ბრძანების კანონიერება.
24. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სკოლაში რეორგანიზაციის ჩატარება, რაც ემყარება სშკ 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას).
25. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. სუსგ საქმე№ას-1444-1364-2017, 9 მარტი, 2018 წელი). ამასთან, სშკ 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ საქმე№ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).
26. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
27. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომელიც წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს და რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმა სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და, ხშირ შემთხვევაში, მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“, ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (იხ. სუსგ საქმე Nას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი), რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა) (იხ. სუსგ საქმე №ას-1513-2019, 16 დეკემბერი, 2019 წელი).
28. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის გამო, სკოლას შეუწყდა არასაბიუჯეტო შემოსავლები, რამაც გამოიწვია ამ დაფინანსების ფარგლებში შექმნილი ინგლისური ენის განყოფილების გაუქმება და შესაბამისად, ინგლისური ენის პედაგოგების (რომელთა შორისაც იყო მოსარჩელე) შემცირების საჭიროება. უდავოდ დადგენილია ისიც, რომ შემცირებული შემოსავლების გამო, სკოლა ვერ ახერხებდა კომუნალური (მაგ. ბუნებრივი აირის გადასახადის) და სხვა ხარჯის დროულად დაფარვასაც. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სკოლაში ნამდვილად არსებობდა იმგვარი ფინანსური სირთულეები, რაც რეორგანიზაციის დაწყების (ჩატარების) აუცილებლობას ქმნიდა. პირველი კასატორის (მოსარჩელის) მოსაზრება კი იმის შესახებ, რომ სკოლის „ფინანსური შეფერხება“ მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლებისთვის დანამატების გაცემის შეფერხებაში ვლინდებოდა, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
29. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა, თუ რატომ დატოვა სამსახურში კვალიფიკაციით უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი პრაქტიკოსი პედაგოგი და გაათავისუფლა უფროსი პედაგოგი - მოსარჩელე (რომელიც 2012 წლიდან უვადო შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად, მას ჰქონდა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, იყო ინგლისური ენის კათედრის წამყვანი პედაგოგი და სახელმწიფოსგან იღებდა სერთიფიცირების დამადასტურებელ დანამატს), აღნიშნული სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების მართლწინააღმდეგობაზე მეტყველებს, რაც შესაბამისად, ქმნიდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას.
30. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა ვერც მეორე კასატორის (დამსაქმებლის) განცხადება იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური ღონისძიება (სკოლაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე), სწორედ ეს ქმნიდა შესაძლებლობას რეორგანიზაციის პროცესში სკოლას მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საზიანოდ.
31. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეუსაბამობას რეორგანიზაციის შემდგომ არსებულ მოთხოვნებსა და საჭიროებებთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დადგინეს დასაქმებულის უფლებების დარღვევა.
32. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველს მოკლებული იყო და მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერება, საპირისპიროდ, ვერც მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების წარმატებით მტკიცება, რომ სამსახურში, მისი გათავისუფლების შემდეგ არსებობდა იგივე, ან ტოლფასი თანამდებობა, რომელზეც, ამ უკანასკნელის აღდგენა იქნებოდა შესაძლებელი.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
34. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლისა, და ა.ც–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ თბილისის 24-ე საჯარო სკოლას (202055462) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №5217893, გადახდის თარიღი 28.02.2023 და საგადახდო დავალება 5267719, გადახდის თარიღი 27.03.2023), 400 ლარისა და 769.4 ლარის 70% - 818.58 ლარი;
3. ა.ც–ძეს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ქ–ძის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №16517780932, გადახდის თარიღი 26.03.2023), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე